რომელი ფირმის თვითმფრინავებით დაფრინავენ რუსი ოლიგარქები

რომელი ფირმის თვითმფრინავებით დაფრინავენ რუსი ოლიგარქები

სანაოსნო და საფრენი ტექნიკის დიდი მოყვარულის, საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელ რომან აბრამოვიჩის მსგავსად, რუსი ოლიგარქების უმეტესობის ავიაფარეხებში ორი-სამი საფრენი აპარატი დგას. რუს მილიარდერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს კანადური „ბომბარდირ ჩელენჯერ 604“. ეს ფრთიანი მანქანა ტიუმენის სანავთობო კომპანიის, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის – ვიქტორ ვექსელბერგის საკუთრებაა. ამ თვითმფრინავების ფასი 20-დან 40 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ტყავის დივნები და სავარძლები, მცირე სამზარეულო, კონდიცირების სისტემა, პლაზმური ტელევიზორები და უმაღლესი კლასის პილოტის კაბინა... – ეს კანადური „ბომბარდირის“ აღჭურვილობის მცირე ჩამონათვალია.

რუს მილიარდერებს შორის ასევე დიდი მოთხოვნით სარგებლობს ფრანგული ზებგერითი „ფალკონ 900“ და „ფალკონ 2000“. ამ საფრენი აპარატის კაბინაში 15-მდე ადამიანი ეტევა და მას 6-8 ათასი კილომეტრის დაფარვა შეუძლია საწვავის დამატების გარეშე. „ფალკონი“ ერთ-ერთ ყველაზე უხმაურო თვითმფრინავადაც ითვლება და საჰაერო გადაადგილებისთვის მას ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენი სერგეი პოლონსკი იყენებს. „ფალკონების“ ყველაზე დიდი ვიპ-ავიაპარკი კი „გაზპრომავიას“ განკარგულებაშია და „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიაა. ამერიკულ „გოლფსტრიმს“, რომლის საბაზრო ფასი 45 მილიონი დოლარია, საწვავის ჩამატების გარეშე 12 ათას კილომეტრზე შეუძლია ფრენა. მილიარდერი ოლეგ დერიპასკა და „სურგუტნეფტეგაზის“ გენერალური დირექტორი ვლადიმირ ბოგდანოვი სწორედ ამ ფირმის თვითმფრინავების მფლობელები არიან.

უზარმაზარი თვითმფრინავი „ეირბას ა380“ სპეციალურად ოლიგარქების შეკვეთებისთვის დაპროექტდა. ეს აერობუსები ყოველი კლიენტისთვის ინდივიდუალურად პროექტდება და, თუ გამოჩნდება მსურველი, რომ „ეირბასს“ პატარა საოპერო დარბაზიც ჰქონდეს, ესეც არ იქნება პრობლემა. ჩუკოტკის ყოფილი გუბერნატორის, რომან აბრამოვიჩის საჰაერო ლაინერი 500 მილიონამდე დოლარი დაჯდა და მისი ინტერიერის მოწყობაზე შვეიცარიელი დიზაინერების ჯგუფი მუშაობდა. აბრამოვიჩის ავიაპარკიდან კიდევ „ბოინგ ბიზნეს ჯეტის“ გამორჩევა შეიძლება, რომლის ფასი 45 მილიონი დოლარია.

სხვათა შორის, მსგავსი თვითმფრინავით რუსეთის დუმის წევრი და ცნობილი მექალთანე, მილიარდერი სულეიმან ქერიმოვი დაფრინავს.

კერძო თვითმფრინავების კიდევ ერთი ცნობილი რუსი კოლექციონერი, „როსნეფტის“ მფლობელი სერგეი ბოგდანჩიკოვია. იგი ამერიკული „ჩესნა სითეიშენ იქსით“ დაფრინავს, რომელიც ზებგერითი თვითმფრინავების კატეგორიას მიეკუთვნება და ავიაკონსტრუქტორები მას მოფერებით საჰაერო „ფერარის“ უწოდებენ.

სხვათა შორის, მინი-თვითმფრინავები სულ მალე უფრო სწრაფები გახდებიან. ფრანგი და იაპონელი ავიაკონსტრუქტორები ბიზნესმენებისთვის განკუთვნილ ახალ, ზესწრაფ ავიალაინერების შექმნის მოდელებზე მუშაობენ. მათი გათვლებით, უახლოეს მომავალში, ტოკიოდან პარიზში გადაფრენა, 11 საათის ნაცვლად, 6 საათში გახდება შესაძლებელი, ხოლო პარიზიდან ნიუ-იორკში – სულაც 4,5 საათში.