როგორი მეთოდებით ებრძვიან მსოფლიოში ტერორისტებს და მოიცვეს თუ არა კავკასია რადიკალმა ისლამისტებმა?! ამის შესახებ For.ge-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე ესაუბრა.
ერთი შეხედვით, რუსეთი ანტიტერორიზმის საფარველით გამოდის და ცდილობს, კოალიციურ ძალებთან ერთად ტერორიზმის საფრთხე ააცილოს მსოფლიოს. ამის მიუხედავად, ტერორიზმის საშიშროების კუთხით საქართველოში შექმნილი დაძაბულობა რამდენად შეიძლება იყოს რუსეთის ინტერესი?
- ზოგადად რომ ვთქვათ, რუსეთის ინტერესებში ნამდვილად შედის ის, რომ საქართველოში არ იყოს სიწყნარე, იყოს არეულობა. აქ შეიძლება ტერორიზმიც ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად მოვიაზროთ. სულ ახლახანს საქართველოში აღმოჩენილი და განეიტრალებული დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავშირება რუსეთთან რთულია, მაგრამ არალოგიკური სულაც არ არის. სავარაუდოდ, სწორედ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ უნდა ყოფილიყვნენ ეს პირები დაკავშირებულნი.
იმთავითვე ვარაუდობდნენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ არსებობა როცა დასრულდებოდა, ცხელი კერები უკვე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში გადაინაცვლებდა. ამ კონტექსტში კავკასიის, როგორც დერეფნის, საკითხიც აქტუალობას არ კარგავდა. რამდენად შეიძლება იყოს ტერორისტთა ინტერესის ქვეშ კავკასია და, კონკრეტულად, ჩვენი ქვეყანა?
- ვფიქრობ, აქ მთლიანობაში უფრო კავკასიის საკითხია წინა პლანზე. უფრო მეტი ინტერესია ჩრდილოეთ კავკასიისადმი, რადგან ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეულ მიზეზთა გამო ისლამურ რადიკალიზმს საკმაოდ მყარი პოზიციები აქვს. იმ რადიკალებს შორის, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში ცოტანი ნამდვილად არ არიან, „ისლამური სახელმწიფო“ ძალზე პოპულარულია. რაც შეეხება ზოგადად ტერორისტების გადინებას, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ აღარ არსებობს, იქ მაინც დარჩა რაღაც წერტილები, მაგრამ საკუთრივ სირიაში ისეთი სიტუაციაა, რომ მარტო „ისლამური სახელმწიფო“ იქ ერთადერთი ძალა არ ყოფილა. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ქვეყნიდან სირიაში გადინებული მოქალაქეები, ხშირ შემთხვევაში, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგებში ეწერებოდნენ, მაგრამ არსებული ინფორმაციით, ისინი, ასევე, იყვნენ სხვა რადიკალურ დაჯგუფებებშიც წარმოდგენილნი.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოდან წასულები ასადის მხარეზეც იბრძოდნენ. საქართველოს შემთხვევაში, მასშტაბურ ციფრებზე საუბარი არ არის, მაგრამ რთული დასადგენია, რა მიზნით წავიდნენ ეს ადამიანები სირიაში. ფულის შოვნის გარდა, ამის მიზეზი იყო რადიკალიზაცია, რაც კომპლექსური და მრავალფაქტორიანი მოვლენაა, თუ რატომ მოხდა მუსლიმანი ახალგაზრდობის ნაწილის რადიკალიზაცია. ხშირ შემთხვევაში, მიდიან არა მებრძოლებად, არამედ იმისთვის, რომ, უბრალოდ, სირიაში იცხოვრონ და მოხვდნენ იმ გარემოში, რომელიც შუა საუკუნეების დრომოჭმული კანონებით იმართება. თვითრეალიზაციას ამაში ხედავენ. შესაძლოა, იარაღი ხელში საერთოდ არ აიღონ. ეს გლობალური პრობლემა ეხება დასავლეთსაც, რადგან ძალიან ბევრი მუსლიმანი ახალგაზრდა სწორედ დასავლეთიდანაა წასული და იქ იბრძოდა.
აქ მეორე მნიშვნელოვანი საკითხიცაა, რომ ტერორიზმმა გამოიწვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, გადაადგილებისა და სხვა უფლებების შეზღუდვა. თუ ე.წ. რადიკალი ისლამისტი რომელიმე ქვეყნის მოქალაქეა, ის ბრუნდება საკუთარ სახელმწიფოში, ეს იქნება საქართველო თუ საფრანგეთი. ამის შემდეგ რა ხდება, როგორ იქცევა კონკრეტული სახელმწიფო და რა ზომებს ატარებს, ამას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. დასავლურ ქვეყნებში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ძლიერი პროგრამები არსებობს, სპეციალური ძალებია ამისთვის შექმნილი, მაგრამ ყოველთვის მაინც ვერ ხერხდება ამ საფრთხის უვნებელყოფა. ეს იმის გამო ხდება, რომ ტერორიზმის არსი, პრინციპი მოულოდნელობაა. თავდასხმა იქ და იმ დროს, როდესაც არ ელი. ეს იქნება მანქანით შევარდნა ბრბოში, თუ პატარა დანით მშვიდობიანი მოსახლეობის დევნა ლონდონის ქუჩებში. ამის პრევენცია ძალიან რთულია. სახელმწიფო ასეთი გამოწვევებისთვის მუდმივად მზად უნდა იყოს.
თქვენ ახსენეთ კავკასიაში ისლამისტების განსაკუთრებული ინტერესის შესახებ. დაახლოებით 20 წელია, აქტიურად საუბრობენ კავკასიაში აღზევებულ ვაჰაბიზმზე, ვაჰაბისტურ ცენტრებზე. ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს გულში რა უდევს, არავინ იცის, მაგრამ სიტყვიერად იგი პუტინის მზეს ფიცულობს და პუტინის ერთგულებისთვის ისლამისტების სამიზნედაც გაიხადა თავი. გვესმის, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, ოკუპანტია, მაგრამ ტერორიზმი ის გამონაკლისი ხომ არ არის, როდესაც რუსეთაც არ უნდა აწყობდეს თავის სამხრეთ ტერიტორიაზე ასეთი ცხელი კერების არსებობა? მათ შორის, საქართველოშიც?
- მარტივი პასუხია, რუსეთს აწყობს თუ არა ისლამისტების დაპირისპირება? შესაძლოა, ეს იყოს პოლიტიკური თამაში გარკვეული ჯგუფების დაპირისპირებისთვის, მაგრამ ფაქტია, რუსეთი ბოლომდე ვერ აკონტროლებს ჩრდილოეთ კავკასიას. რუსეთი საკუთარ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს. რაც შეეხება კადიროვის მოღვაწეობას, კადიროვი იმავე მეთოდებს იყენებს, რა მეთოდებსაც ზოგადად ტერორისტები იყენებენ. უბრალოდ, ის დაწინაურებულია რუსეთის ხელისუფლების მიერ, რადგან რუსულ ინტერესებს ემსახურება. შესაძლოა, პირდაპირ ტერორისტად კადიროვის მოხსენიება არ შეიძლება, მაგრამ არის ასეთი გამოთქმაც, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ყველაზე კარგად შეუძლია ყოფილ ტერორისტს.
ისევე, როგორც ქურდულ სამყაროს ყველაზე წარმატებულად ყოფილი ქურდები ანადგურებენ.
- დიახ, ეს ასეა.
კადიროვი, რომელიც ემუქრება ისლამიტებს და პუტინის მტრებს, სინამდვილეში, რადიკალი ისლამისტების არსებობას ჩეჩნეთში მალავს?
- რეალურად, კავკასიაში ისლამისტები რომ არსებობენ, ამას ვერც კადიროვი და ვერც პუტინი ვერ უარყოფენ. უზარმაზარ ფულს ხარჯავს რუსეთი ჩეჩნეთზე, რომ გარკვეული სტაბილურობის იმიჯი შექმნას ამ ავტონომიურ წარმონაქმნში, მაგრამ რეალურად იქ არსებობენ ისლამისტებიც და კადიროვის მომხრეებიც. არა მარტო ისლამისტები არიან კადიროვის მოწინააღმდეგეები, არამედ ის ჩეჩნებიც, რომლებიც იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის და დღეს მიიღეს ასეთი ფორმის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ჩეჩნეთის სახით. ეს გრძელი ისტორიაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, თუ 90-იანი წლების ჩეჩნურ წინააღმდეგობრივ მოძრაობაში, ნაციონალიზმში, ანუ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ისლამისტური ელემენტი როგორ და რატომ შემოიჭრა. საფუძვლიანად არის დამტკიცებული, რომ, გარკვეულწილად, ისლამიზაციას ხელი შეუწყო რუსეთის ხელისუფლებამ იმისთვის, რომ რელიგიური რადიკალიზმი ჩეჩნური ნაციონალისტური განწყობების წინააღმდეგ გამოეყენებინა. თუმცა ბუმერანგის ეფექტი მოხდა და, პირიქით, უარყოფითად დაუბრუნდა რუსეთს. რუსი პოლიტოლოგებიც აღიარებენ ამას, რომ ეს შეცდომა თავის დროზე რუსეთის ხელისუფლებამ დაუშვა.
მსოფლიოს უჭირს ისლამისტურ საფრთხესთან გამკლავება, მაგრამ, თუ არსებობს რაიმე რეკომენდაცია ან გამოცდილება, რომ ეს საფრთხე შევამციროთ?
- უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ბევრი ტერაქტი და ტერორისტული ჯგუფი ისეა უვნებელყოფილი დასავლეთში, რომ ამის შესახებ პრესაში არც მჟღავნდება. გარკვეულწილად, ტერაქტი ხომ ქმედებით პროპაგანდაა და ტერორისტების საქმის პიარს ემსახურება. რაც თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მოხდა, ესეც რეალურად ტერორიზმის პრევენცია იყო, მაგრამ სერიოზული კითხვები დარჩა იმასთან დაკავშირებით, დიდძალი იარაღი როგორ აღმოჩნდა შემოტანილი? ეს მსჯელობის საგანი უნდა იყოს.
ერთი კვირის წინ თბილისის აეროპორტშიც დაფიქსირდა ზარი ბომბის არსებობის თაობაზე, რაც ცრუ განგაში აღმოჩნდა. ესეც შემთხვევითობა იყო?
- აეროპორტის ზარი მაინც უფრო სატელეფონო ხუმრობა მგონია. ასეთი ზარები ისე მოდაშია დღეს რუსეთში, რომ უკვე სამი თვეა, სატელეფონო ტერორის ქვეშაა მთელი რუსეთის მოსახლეობა. ძალიან კარგია, რომ პრევენციული ანტიტერორისტული ოპერცია განხორციელდა თბილისში და საშინელება არ მოხდა, თუ არ ჩავთვლით, რომ ერთი სპეცნაზელი დაიღუპა. უნდა ველოდოთ თუ არა მომავალში მსგავს სცენარებს, უცნობია. ტერორიზმის არსი სწორედ ის არის, რომ მოულოდნელობაზეა დამყარებული.