საზოგადეობის უსაფრთხოება საკუთარი სიცოცლის ფასად

საზოგადეობის უსაფრთხოება საკუთარი სიცოცლის ფასად

„როცა ტერორისტები სახლიდან 100 მეტრში არიან, ფიქრობ რა გააკეთო, ვისგან დაიწყო გამომშვიდობება, რადგან შეიძლება ერთ წამში გარდაიცვალო, უბრალოდ გაქრე“, - ასე აღიქვა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებმა ადამიანების ნაწილმა ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი პირების ქმედება, თუმცა სპეცრაზმელს, რომელსაც საზოგადოების დაცვა საკუთარ სიცოხლედ დაუჯდა, ალბათ, გამოშვიდობებაზე ფიქრიც ვერ მოასწრო.

41 წლის სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელი ინგოროყვას საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ექიმმა განაცხადა, სპეცრაზმელს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შემოსვლის მომენტში და მკურნალობის პერიოდში იყო კრიტიკული, უკიდურესად მძიმე. გამოხატული იყო ქალა ტვინის მძიმე ტრამვა,“ - აღნიშნა ექიმმა.

გარდაცვლილ სპეცრაზმელზე გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებნი დიდი ტკივილით საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს ტრაგედია არა მარტო სპეცრაზმელის ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს ტკივილია.

„მთელი ღამე არ გვეძინა, აფეთქებების ისეთი ხმა იყო, გვეგონა თავზე დაგვენგრეოდა ყველაფერი. მსგავსი რამ რომ კიდევ მოხდეს, არ ვიცი, რა გვეშველება. ჩვენი ერთი სპეცრაზმელი გარდაცვლილა და ვწუხვარ, გული მტკივა, ვიზიარებ მისი ოჯახის ტრაგედიას, რისთვის გვიხოცავენ შვილებს, რა უნდათ!“ - აღნიშნავს გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრები.

„არ ვჩივი იმ შიშსა და ალიაქოთს, რაც გადავიტანეთ, ოღონდაც ის ბიჭი არ შეწიროდა ამ გაუგებრობას. მე ომში დავკარგე შვილი და ვიცი ეს რამხელა ტკივილია. არ ვიცი, როგორ ვანუგეშო მისი ოჯახი. რა ხდება, რა უნდათ, რას გვერჩიან, ვინ არიან, რა დავუშავეთ!“ – ამბობს იმავე ქუჩის მკვიდრი.

შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჩატარებულ სპეცოპერაციაზე განაცხადა, რომ საქმე საერთაშორისო ტერორიზმთან გვაქვს და აუცილებელია დაველოდოთ გამოძიებას.

„იყო ნათქვამი, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ“,- განაცხადა გახარიამ.

...აუცილებლად დაველოდებით, თუმცა როგორი დასკვნაც არ უნდა დაიდოს, ფაქტია, რომ მთელი საზოგადების და მსოფლიოს პრობლემას, დღეს საქართველოში, ერთი ოჯახი განსაკუთრებული ტკივილით გლოვობს და ამ ოჯახს სპეცრაზმელის ოჯახი ჰქვია.