გიორგობის დღესასწაულზე პატრიარქმა თავისი თანამოსაყდრე დაასახელა

გიორგობის დღესასწაულზე პატრიარქმა თავისი თანამოსაყდრე დაასახელა

23 ნოემბერს ქაშუეთის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და სწორედ ამ დღეს დაწერილი ბრძანება წაიკითხა. ილია მეორის ბრძანებით, მის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი. შიო მუჯირი, ამავდროულად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია.

სრულიად ნეიტრალური პიროვნების დასახელებით დასრულდა სპეკულაციები იმის შესახებ, თუ ვის დაასახელებდა პატრიარქი თავის მემკვიდრედ. „ციანიდის“ საქმის შემდეგ პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლას გამოეთიშა ყველაზე რეალური კანდიდატი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი, მისი უწმინდესობის ძმისშვილი, რომელიც ბავშობიდან საკუთარი ბიძის, ანუ ილია მეორის მეთვალყურეობით იზრდებოდა. „ციანიდის საქმის“ შემდეგ მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, რომ არ აპირებს პატრიარქის მემკვიდრის სტატუსისთვის ბრძოლას და სინოდის წარდგინების შემთხვევაშიც, მოხსნის საკუთარ კანდიდატურას. ეს მაშინ, როცა მეუფე დიმიტრი საპატრიარქოში ერთ-ერთ გავლენიან მიტროპოლიტად ითვლებოდა და დეკანოზი გიორგი მამალაძეც სწორედ მისი ხელდასხმული იყო.

ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად ითვლებოდა, ასევე, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი. მის გარდა საუბრობდნენ ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილზეც, თუმცა მეუფე იაკობის სახელიც შორენა თეთრუაშვილის სკანდალთან გადაიკვეთა.

პატრიარქის მოსაყდრედ დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ პატრიარქის გადადგომის, გარდაცვალების, ან სხვა მიზეზთა გამო, როცა იგი ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას, მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე. მას შემდეგ, რაც ილია მეორემ მოსაყდრედ შიო მუჯირი დაასახელა, ანდერძით მოსაყდრის დატოვების საკითხი აქტუალური აღარ არის.

მოსაყდრეს შეუძლია მოიწვიოს სხდომა და პატრიარქის პოზიციაზე წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა. მას აქვს ერთი, ანუ თავისი ხმა.

საინტერესოა, რით გამოარჩია უწმინდესმა შიო მუჯირი თავის მოსაყდრედ? შესაძლოა, იმით, რომ ეს პიროვნება პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლაში შემჩნეული არ ყოფილა. იმ პერიოდში, როდესაც შიო მუჯირი წმინდა სინოდმა განაჩინა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპოსკოპოსად, მან თავმდაბლად განაცხადა „საკუთარი ადამიანური სისუსტისა და უღირსების შესახებ“, თუმცა იქვე დასძინა, რომ საკუთარი თავის სანუგეშოდ ხშირად იხსენებდა უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს პავლე მოციქულის ეპისტოლედან, სადაც უფალი ამბობს, რომ მისი ძალა უძლურებაში აღსრულდება. შიო მუჯირმა არც ის დამალა, რომ მას სულიერად ამხნევებდა დიდი მამების ცნობილი გამონათქვამები, რომ „ადამიანი თვითონ არ უნდა ცდილობდეს უფრო მძიმე ჯვრის აღებას, მაგრამ არც უარს უნდა ამბობდეს ამ ჯვარზე, თუ ამას ეკლესიის საჭიროებიდან გამომდინარე შესთავაზებენ და აკურთხებენ“. შესაძლოა, სწორედ ეს იყო შიო მუჯირის გამორჩევის მიზეზიც.

***

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ილია მეორეს საკუთარმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა შიომ (ძიძავა) პატრიარქობა უწინასწარმეტყველა. იმ პერიოდში ილია მეორე ბათუმ-შემოქმედის მღვდელმთავარი იყო. ილია მეორის მოძღვარი მამა შიო უაღრესად თავმდაბალი პიროვნება ყოფილა, ამ თავმდაბლობის გამო ზოგიერთები მას დასცინოდნენ კიდეც. შიო ძიძავა სალოსობდა და ღარიბულად ცხოვრობდა. იგი თეკლათის მონასტერში მსახურობდა და იქვე განისვენებს (მამა შიო მუჯირიც თეკლათის მონასტერში ცხოვრობს). ილია მეორე იხსენებდა საკუთარი მოძღვრის უკანასკნელ დღეებს, როცა მომაკვდავი მოძღვარი - შიო ძიძავა ილია მეორის მისვლას ითხოვდა. ილია მეორე სწრაფად ჩასულა მოძღვართან, სასწრაფოდ უზიარებია იგი, თურმე ოფლში გაწურული უკითხავდა ლოცვებს, რათა უზიარებელი არ მომკვდარიყო მამა შიო. მოასწრო თუ არა მოძღვრის ზიარება, მამა შიო ძიძავამ ხელი შეახო მუხლზე და უთხრა, „ჩემო პატრიარქო“. იმ პერიოდში ილია მეორე მხოლოდ მიტროპოლიტი გახლდათ და შეუსწორა მოძღვარს, მიტროპოლიტი ვარო, თუმცა მამა შიო იმეორებდა: „პატრიარქო, პატრიარქო“ და იმ ღამესვე გარდაიცვალა.

***

ნიშნავს თუ არა ეს ფაქტი, რომ პატრიარქი თავის მემკვიდრედ სწორედ შიო მუჯირს ასახელებს?! თეოლოგებსა და ეკლესიის მკვლევარებს ამის დაზუსტებით თქმა უჭირთ. თუმცა ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, მისი აზრით, პატრიარქმა შიო მუჯირი სწორედ თავის მემკვიდრედ დაასახელა.

„ჩემი გაგებით, თანამოსაყდრედ გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ მიტროპოლიტი შიო უწმინდესს გამორჩეული ჰყავს და საპატრიარქოს მხარდაჭერა მომავალში სწორედ შიო მუჯირის მიმართ იქნება. პირადად მამა შიოს არ ვიცნობ, მაგრამ კარგის მეტი არაფერი გამიგია მასზე. პატრიარქს ჩვენზე უკეთ მოეხსენება, ყველაზე მეტად ვინ არის ღირსი, გააგრძელოს ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელობა“, - აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა.

თუკი მიტროპოლიტი შიო პატრიარქის მემკვიდრე იქნება, ხომ არ შეექმნება მას პრობლემები იმ პროცესთა გათვალისწინებით, რაც პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლას უძღოდა?

გიორგი ოთხმეზურს უჭირს ამ თემაზე საუბარი. მისი თქმით, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს პატრიარქი, მაგრამ, თუკი უწმინდესის სიცოცხლეშივე მოხდება შიო მუჯირის პატრიარქად აღსაყდრება, რა თქმა უნდა, პატრიარქის სიტყვას და ავტორიტეტს დიდი მნიშვნელობა ექნება და შიო მუჯირსაც ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდება. ხოლო, თუკი პატრიარქის შემდეგ დაიწყება ეს პროცესი, მაშინ, ცხადია, იქნება ხელისშემშლელი ფაქტორები. შესაძლოა, ეს არც ჩანდეს და დაპირისპირება ქვედა დინებების დონეზე იყოს, მაგრამ ჩვენი პატრიარქის სიტყვა და ავტორიტეტი საბოლოოდ ყველაფერს გადაწონის.

„წინა სიტუაციებიდანაც გამოჩნდა, რომ ზოგიერთებს პრეტენზია აქვთ, დაიკავონ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელობა, თუმცა ჩვენი პატრიარქის ავტორიტეტიდან გამომდინარე, მის მიერ დასახელებულ მიტროპოლიტ შიოს პატრიარქობის ყველაზე მეტი შანსი ექნება“.

თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თავისთავად, თანამოსაყდრეობა კანონით არ ნიშნავს პატრიარქის მემკვიდრეობას, მაგრამ, რეალურად და ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ შიო მუჯირი შეიძლება პატრიარქის მემკვიდრე გახდეს.

„პატრიარქის შემდეგ თანამოსაყდრე დროებით ასრულებს პატრიარქის მოვალეობას და ამის შემდეგ ხდება პატრიარქობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი. დიდი ალბათობით, შიო მუჯირის შანსები დღეს უფრო დიდია, ვიდრე იყო გუშინ. რით გამოარჩია მიტროპოლიტი შიო პატრიარქმა? ალბათ, იმითაც, რომ შიო მუჯირი უარღესად პატიოსანი, თავმდაბალი, განათლებული ადამიანია. მას პირადად ვიცნობ და დადებითად ვახასიათებ“,-აღნიშნა ლევან აბაშიძემ.

***

ვინ არის შიო მუჯირი, რომელიც პატრიარქმა თანამოსაყდრედ დაასახელა?! იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტია. ცხოვრობს ზემო თეკლათის დედათა მონასტერში.

ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი 1969 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში დაიბადა, დაამთავრა თბილისის 53-ე სკოლა (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. გაიმარჯვა კიდეც ვიოლონჩელისტთა პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე, თუმცა 1991 წელს მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. მისი ანგელოზის სახელი სწორედ ღირს მამა შიო მღვიმელს უკავშირდება. შიო მუჯირი ბერად 1993 წლის 5 იანვარს აღიკვეცა. 1996 წელს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე განაგრძო. 1998 წელს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია 2001 წლიდან მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

2003 წელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად. 7 სექტემბერს სვეტიცხოველში შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა წმინდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით, 2009 წელს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, მიტროპოლიტი კი 2010 წელს გახდა.