„ახალაიას ჩართვა ბოლო შანსი იყო, დაემტკიცებინათ, მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობა“

„ახალაიას ჩართვა ბოლო შანსი იყო, დაემტკიცებინათ, მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობა“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დავით კაკოიშვილის მოთხოვნით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, დათა ახალაია „სკაიპის“ საშუალებით დაიკთხა, ვინაიდან საქართველოში არ იმყოფება. გირგვლიანის საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მიხეილ სააკაშვილი კუდ-ის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას დაჰპირდა, რომ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს შეიწყალებდა, რაც მან 2008 წელს გააკეთა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს.

კუდ-ის ყოფილმა უფროსმა სასამართლოში „სკაიპით“ დაკითხვისას განაცხადა, რომ შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ის ინფორმაცია, რაც დაეხმარება სასამართლოს სიმართლის დადგენაში. დათა ახალაიამ კატეგორიულად უარყო საქმეში არსებული ის გარემოება, რომლის თანახმადაც ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების დაპირება მიიღო. ამასთან, ახალაიას თქმით, სააკაშვილს არც ოლეგ მელნიკოვთან ერთად არ შეხვედრია.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მქონდა მხოლოდ სამსახურეობრივი ურთიერთობა, ისეთი როგორიც ჩემი რანგის თანამდებობის პირს უნდა ჰქონოდა. არასდროს სანდრო გირგვლიანის თემაზე მიხეილ სააკაშვილთან საუბარი არ მქონია არც 2006, 2007, 2008 ან 2009 წელს. ოლეგ მელნიკოვთან ერთად სააკაშვილთან ცხოვრებაში არ მივსულვარ. თუ სააკაშვილთან დავდიოდი, ეს სახელმწიფო საკითხებს და საქმეს ეხებოდა. სააკაშვილს არ განუცხადებია, რომ გირგვლინის საქმეზე დაკავებულებს შეიწყალებდა.

არასდროს ამ თემაზე სააკაშვილთან არ მქონია საუბარი. არ განმიცხადებია მელნიკოვისთვის და გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის, რომ შეწყლების დაპირება პრეზიდენტისგან იყო. მელნიკოვთან საქმიანი ურთიერთობა მქონდა - ჩემი დეპარტამენტის თანამშრომელი იყო, მე მისი ხელმძღვანელი, ის გაცილებით დაბალი რგოლის ადამიანი იყო და საქმის კურსში არ ვაყენებდი“, - განაცხადა ახალაიამ.

ამასთან ახალაიამ აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზედენტთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. პრეზიდენტთან შეხვედრებზე და იქ განხილულ საკითხებზე, საქმის კურსში აყენებდა მის უშუალო ხელმძღვანელს, მინისტრს. ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტთან ჰქონდა საუბარი და ურთიერთობა სახელმწიფო საიდუმლოებებზე და სახელმწიფო უშიშროებაზე.

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრას, რაზეც ოქრუაშვილმა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, ახალაია ამბობს, რომ ოქრუაშვილს 2006 წელს საერთოდ არ შეხვედრია და მით უმეტეს კანცელარიაში. შესაბამისად, ახალაია აცხადებს, რომ ოქრუაშვილი ცრუობს.

სასამართლო დაკითხვაზე, კუდ-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა უპასუხოდ დატოვა საქმის პროკურორის კითხვა - მიაყენა თუ არა სანდრო გირგვლიანს ან სხვა რომელიმე პირს ფიზიკური შერაცხყოფა. მან დაკითხვისას მოწმის უფლება გამოიყენა, არ მისცეს ჩვენება საკუთარი ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ახალაიამ აღნიშნა, რომ კითხვებს, რომელიც მის სისხლის სამართლის საქმეს ეხება, პასუხს არ გასცემს. მან უარყო ის ინფორმაცია, რომ ოლეგ მელნიკოვთან, გერონტი ალანიასთან და კუდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

სასამართლო პროცესზე პროკურორი დაინტერესდა, ვინ გაუწია მას რეკომენდაცია კუდ-ის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მას არ ჰქონდა არავითარი გამოცდილება და ასევე იყო მე-5 კურსის სტუდენტი იმ დროისთვის. ახალაიამ განაცხადა, რომ მან იმედები გაამართლა და იმუშავა საკმაოდ წარმატებულად.

„ვანო მერაბიშვილმა გამიწია რეკომენდაცია. მე გავამართლე. გაიხსენეთ რამდენი მაღალჩინოსანი დავიჭირე ქრთამით ხელში. დიპლომიც მქონდა და დამთავრებული მქონდა სწავლა. მე უდანაშაულო ვარ და ვარ პოლიტიკური მოტივაციით დევნილი. ყველა საქმე პოლიტიკური არგუმენტაციით არის გაჯერებული და პოლიტიკური დევნის იარაღია. დამნაშავე ვარ იმაში, რომ ძალიან მიყვარს, ერთგული ვარ ჩემი ქვეყნის. ეს თქვა საბერძნეთის სასამართლომაც, რომ ჩემს მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა დათა ახალაიამ.

სასამართლო პროცესზე პროკურორი დაინტერესდა, 2006 წლის 30 იანვარს, სანდრო გირგვლიანის მიმართ განხორციელებული დანაშაულიდან სამი დღის შემდეგ რისთვის და რა დამსახურებისთვის მიიღო პრემია 4000 ლარის ოდენობით, რაზეც ახალაიამ უპასუხა, რომ არ ახსოვს, რატომ აიღო პრემია. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ასევე განაცხადა, რომ 2006 წლის 27-28 იანვარს დათა ახალაიასა და თაკო სალაყაიას შორის 67 ზარი და მოკლე ტექსტური შეტყობინება განხორციელდა.

„ბატონო დავით, ამონაწერის თანახმად, 2006 წლის 27-28 იანვარს თქვენსა და თაკო სალაყაიას შორის 67 ზარი და მოკლე ტექსტური შეტყობინება განხორციელდა. ამათგან 28 იანვარს ღამის თორმეტი საათის შემდეგ განხორციელდა 12 მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლებიც გრძელდებოდა დილის 07:32 წუთამდე. შეგიძლიათ, აგვიხსნათ, რაზე საუბრობდით სანდრო გირგვლიანის გატაცების მომენტიდან თქვენ და შს მინისტრის ცოლი თაკო სალაყაია გათენებამდე?“, - მიმართა ბრალდების მხარემ ახალაიას.

ამ შეკითხვაზე დაცვის მხარემ პროტესტი გამოთქვა, ახალაიამ კი შეკითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა. პროკურორის კითხვები ასევე ეხებოდა მასსა და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შორის ურთიერთობას. ახალაია ამბობს, რომ საკრებულოში მუშაობისას ყოფილ პრეზიდენტთან შეხება არ ჰქონია, მუშაობდა დავით ბერძენიშვილთან და კავშირი მასთან ჰქონდა. ახალაიას არ აქვს ინფორმაცია, სამეგრელოში ყოფნისას, სტუმრობდა თუ არა ყოფილი პრეზიდენტი მის მამისეულ სახლს.

საქმის პროკურორის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც ბრალი მიხეილ სააკაშვილს აქვს წაყენებული, კუდ-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვერც ერთ კითხვას ვერ უპასუხა.

„დათა ახალაიას მთელი ჩვენების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ მას უარეყო პრეზიდენტის მიერ შეწყალების შეპირების მიცემა, მაგრამ ერთადერთი, რაც მთელი ამ დაკითხვიდან გახდა ნათელი, ყოფილმა პრეზიდენტმა იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ 2013 წელს დათა ახალაია მხოლოდ სამჯერ ყავს ნანახი.

პროცესზე კი დათა ახალაიამ დაადასტურა, რომ მას სამჯერ კი არა არაერთხელ ყავდა ნანახი მიხეილ სააკაშვილი, იმყოფებოდა როგორც შავნაბადას რეზიდენციაში, ისე სახელმწიფო კანცელარიაში. რაც შეეხება სხვა გარემოებებს, დათა ახალაიამ პროკურორის არც ერთ კითხვაზე არ გასცა პასუხი და ამას ხსნიდა იმ მოტივით, თითქოსდა მისი პასუხები გამოყენებული იქნებოდა მისსავე წინააღმდეგ“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, დათა ახალაიას ჩართვა დაცვის მხარის ბოლო შანსი იყო დაემტკიცებინათ მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობა, რაც, პროკურორის განცხადებით, არადამაჯერებელი იყო, ვინაიდან დათა ახალაია სწორედ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აღნიშნულ და არაერთ სხვა საქმეზეა ბრალდებული.

„მარტივი ლოგიკაა, როდესაც ორი ადამიანი ერთ საქმეზეა ბრალდებული, ერთმანეთის სასარგებლო ჩვენების მიცემა, მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნითაა განპირობებული. ახალაიას ჩვენების სანდოობა ბრალდებისთვის და საზოგადოებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ვინაიდან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ორგანიზატორი, შემკვეთი და ბრძანების გამცემია“, - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.

სკანდალურ საქმეს და ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის დაკითხვას, შეფასებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში. უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძეს განცხადებით, ის რაც დათა ახალაიას ჭირს, ნერვოლოგიაში შერჩევითი მეხსიერება ჰქვია. ზოიძეს განცხადებით, დათას სამედიცინო შემოწმება სჭირდება.

„ეს არის საქმე, რომელმაც განსაზღვრა ამ ქვეყნის პოლიტიკური დღევანდელობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნას მიყვანილი და ყველა ის ადამიანი - დაწყებული რიგით შემსრულებიდან უმაღლესი თანამდებობის პირით დასრულებული, ყველა აგებს პასუხს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციის კუთხით, რომ არც ერთ ხელისუფლებას აზრადაც არ მოუვიდეს ის, რაც გირგვლიანის საქმეზე მოხდა“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

გირგვლიანის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელსაც მაშინ სახალხო დამცველის თანამდებობა ეკავა. სუბარის განცხადებით, უშუალოდ იყო ჩართული საქმის გამოძიებაში და ხედავდა რაც ხდებოდა გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, როგორ ხდებოდა გზადაგზა გაყალბება სასამართლო პროცესების. როგორ იცვლებოდა კანონები ერთი სასამართლო პროცესიდან მეორე სასამართლო პროცესამდე, რომ ამით შეემცირებინათ ბრალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იხდიდნენ სასჯელს.

„როგორ ისხდნენ ისინი ერთ საკანში, მაშინ როდესაც ეს კანონით აკრძალული იყო და როგორ შეცვალეს ამასთან დაკავშირებით წესები; როგორ მოხდა, რომ ისინი იყვნენ აბსოლუტურად პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ერთ-ერთი მინისტრი სააკაშვილის მთავრობის მაშინ ჩემთანაც მოდიოდა და მეუბნებოდა, როგორ მართავდნენ ისინი ბიზნესებს და ატერორებდნენ ადამიანებს ციხიდან.

როგორ უშვებდნენ მათ პერიოდულად ოჯახებში, თითქოს მათ დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი და როგორ იყო ამ ყველაფერის გვირგვინი სააკაშვილის მიერ მათი შეწყალება. გირგვლიანის საქმეზე მაღალი თანამდებობის ძალიან ბევრ პირზე არის განაჩენი დამდგარი და დღეს მიმდინარეობს სასამართლო იმ ადამიანის, ვისგანაც ეს ყველაფერი მოდიოდა - ეს არის რეჟიმის შემქნელი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც იმ პირობით დაითანხმა ესენი ციხეში წასვლაზე, რომ შეიწყალებდა და ექნებოდათ ყველანაირი პრივილეგიები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება დათა ახალაიას, როგორც სუბარმა განაცხადა, ახალაიას გადადგომა მოხდა მაშინ, როდესაც მან, როგორც სახალხო დამცველმა გააკეთა განცხადება მისი და მისი მეგობრების ბრალის შესახებ.

„ამაზე ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს. ჩემთან ვერ დარეკა პირდაპირ და ჩემს მძღოლს დაურეკა, მძღოლმა მომაწოდა ტელეფონი. იქ ამბობდა, რომ პრეტენზიები ჰქონდა და ზუსტად ერთ საათში დათა ახალაიამ და მისმა მეგობრებმა გააკეთეს განცხადება გადადგომის შესახებ.

ამ საქმეზე პრაქტიკულად განაჩენის ტოლფასი შეფასება გააკეთა ევროპულმა სასამართლომ, როდესაც თქვა, რომ საქართველოში ამ საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტი, პროკურატურა, მთავრობა და სასამართლო იყო მხარე, რომლებიც აწყობდნენ შეთქმულებას, რომ როგორმე არ დასჯილიყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც ეს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.