„რატომ გაგრძელდა ამდენი ხანი სპეცოპერაცია? - რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები, ძალოვანები...“

„რატომ გაგრძელდა ამდენი ხანი სპეცოპერაცია? - რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები, ძალოვანები...“

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ტერორიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ მიმდინარე 20-საათიანი სპეცოპერაცია დასრულდა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი 1 წევრი, ხოლო 3 ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის 1 თანამშრომელი, დაიჭრა 2. ასევე დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი.

სპეცოპერაციის დროს დაჭრილები რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა, რომელმაც მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა. პრემიერის განცხადებით, ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს.

„დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი - სპეცრაზმის ერთი თანამშორმელი დაიღუპა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო ოჯახს. ეს ადამიანი ნამდვილად გმირია. დანარჩენი ბიჭები კი მკურნალობენ, - მოგეხსენებათ, სამი დაჭრილია. მინდა მათ ვუსურვო გამონაჯმრთელება. ჩვენმა გმირმა ბიჭებმა გაანეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ცუდი შედეგით დასრულებულიყო“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი ასევე გამოეხმაურა ოპონენტების და ექსპერტის შენიშვნებს, თუ რატომ გაგრძელდა სპეცოპერაცია 20 საათზე მეტ ხანს და როგორ შეძლეს მათ საცხოვრებელ სახლში იარაღის არსენალის შეტანა ისე, რომ ამის აღკვეთა შს სამინისტრომ ვერ შეძლო.

„პოლიტიკოსები თუ ექსპერტი გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებებს. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ასეთ სიტუაციებში არ არის გამართლებული ასეთი ტიპის სპეკულაციები და მე მგონი, უნდა იყოს რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ. რა თქმა უნდა, შეკითხვები შეიძლება დაისვას. ბუნებრივია, არსებობს ინსტიტუციური ფორმატები, რომლებშიც ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, მაგრამ არ შეიძლება ასეთი დონის საჯაროობით, ასეთი ტიპის ოპერაციების დეტალებზე საუბარი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ტერორიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ მიმდინარე ხანგრძლივ სპეცოპერაციაზე განმარტება გააკეთა სუს-ის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა, რომლის განცხადებით, სპეცოპერაცია ამდენი ხანი იმიტომ გაგრძელდა, რომ მოქალაქეები და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები არ დაშავებულიყვნენ.

„ყველაფერი გაკეთდა რომ სპეცოპერაციას მსხვერპლი არ მოყოლოდა, თუმცა სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. ღმერთს მადლობა, რომ ჩვენი თანმამშრომლები მსუბუქად არიან დაჭრილები. კითხვები იყო იმაზე, თუ რატომ გაგრძელდა ამდენი ხანი სპეცოპერაცია, ზუსტად იმიტომ, რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები, ძალოვანები, პოლიციელები.

აქედან გამომდინარე იყო ყველაფერი, რომ ნაკლები დანაკარგები ყოფილიყო. იყო საფრთხე, რომ მოსახლეობა მძევლად აეყვანათ. თუ შევხედავთ დღევანდელ დღეს, მათ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს საქართველოში... თითქმის, 18 საათიან ბრძოლას აწარმოებდნენ ძალოვან სტრუქტურებთან“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სპეცოპერაციის დეტალებზე არ საუბრობს სუსი, რომელიც ანტიტერორისტულ ოპერაციას ხელმძღვანელობდა. არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. ვახტანგ გომელაურის უწყებაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით.

სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია პირი, რომელმაც ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილებს თბილისში ბინა დააქირავებინა. ის რიზვან გორნაკაშვილია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ტელეფონით დაუკავშირდა მის სიძეს, ასლანბეგ ჯაბრაილოვს, რომელსაც უთხრა, რომ თბილისში არსებული ბინა, რომელიც ავსტრიაში მცხოვრები დედის, თინა გაურგაშვილის სახელზეა რეგისტრირებული, 300 ამერიკულ დოლარად უნდა ექირავებინათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რასაც ეს უკანასკნელი დასთანხმდა.

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი, ზელიმხან წუწაშვილი აცხადებს, რომ თინა გაურგაშვილმა არც კი იცოდა, რომ მის კუთვნილებაში არსებული ბინა ჩეჩნებზე იყო გაქირავებული. მისივე თქმით, გორნაკაშვილი მისი მეზობელია, მას კარგად იცნობს, შესაბამისად, კატეგორიულად გამორიცხავს მის კავშირს ტერორისტულ დაჯგუფებასთან.

„გორნაკაშვილის ოჯახი სოფელ ომალოში ცხოვრობს. თავად რიზვან გორნაკაშვილი ხეობას პერიოდულად სტუმრობდა, ბოლოს კი დაახლოებით ერთი კვირის წინ იყო. მე ვიცნობ ამ ბიჭს და კატეგოირიულად გამოვრიცხავ მის კავშირს ტერორისტებთან და ტერორიზმთან“, - აცხადებს ზელიმხან წუწაშვილი.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ისინი შემთხვევის ადგილს სწავლობენ. ტერიტორიიდან გაიყვანეს ავტომანქანა, რომელიც სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისას დაზიანდა. ავტომანქანას ჩამსხვრეული აქვს მინები და ეტყობა ნატყვიარები.

ადგილზე რჩება სამართალდამცავთა ნაწილი, ასევე სასწრაფო და სახანძრო ბრიგადები. სპეცოპერაციის ადგილზე კახა კალაძე მივიდა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ამჟამად მას არ აქვს ინფორმაცია, რამდენი ოჯახია დაზარალებული. როგორც მერი აცხადებს, თბილისის მერია და შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან სიტუაციას და შესაბამისად იმოქმედებენ.

კახა კალაძე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის ტერიტორიიდან გაყვანილ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფრის საჭიროების შემთხვევაში, ისნის რაიონის გამგეობას და თბილისის მერიას დაუკავშირდენენ შემხეგ ნომრებზე - 2 375029, 599 537040 ; ასევე დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 722222.

„ამ ეტაპზე რაც ყველაზე მთავარია, სრულად არის დაცული და უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ოჯახები, რომლებიც ცხოვრებენ გაბრიელ სალოსის გამზირზე, გვინდა დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება ყურადღების გარეშე და საჭიროების შემთხვევაში, მერია მათ აუცილებლად უზრუნველყოფს საცხოვრებელ ფართებით. ვთხოვთ მოსახლეობას, ვისაც აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართების საჭიროება, დროულად მიმართოს ისნის გამგეობას, რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და საცხოვრებელ ფართებში გადაყვანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.