ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც 20 საათზე მეტია სპეცოპერაცია მიმდინარებს, ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან. სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი უკვე დაკავებულია, რომელიც არსებული ინფორმაციით პანკისის ხეობის მკვიდრია. რაც შეეხება საცხოვრებელ კორპუსში გამაგრებულ პირებს, სუს-ის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფების დანარჩენი წევრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები, წარმოშობით ჩეჩნები არიან.
ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული პირების ვინაობის სრული იდენტიფიკაცია. მათი სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილია სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გარდა ამისა, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია იმ კორპუსის სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია, და, ასევე, მიმდებარე ტერიტორიიდან. სუს-ი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითითებებს.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს დიდი ოდენობით იარაღი კორპუსის სხვენში ჰქონდათ შენახული. შემთხვევის ადგილზე, სადაც უწყვეტ რეჟიმიში მიმდინარეობს სპეცოპერაცია, ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმელები, ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების სხვადასხვა ქვედანაყოფები, სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ადგილზე უსაფრთხოების უპროცედენტო ზომებია მიღებული. კორპუსი, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებიან, სამართალდამცველებს ალყაში აქვთ მოქცეული.
არაოფიციალური ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ეროვნებით ჩეჩნები არიან, ბინა ნაქიარები ჰქონდათ დუისის მკვიდრი, ასლან ჟაბრალოევისგან, რომელმაც საკუთარი საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვის წინ გააქირავა. მამაკაცი ახმეტაში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს. ასლან ჟაბრაილოევი ამ დრომე დუისის პოლიციის შენობაში იკითხება. ჯერჯერობით უცნობია გახდება თუ არა ის ბრალდებული.
ასლანბეგ ჯაბრაილოვმა ბინა ცოლის ძმის თხოვნით გააქირავა. არსებული ინფორმაციით მას ცოლის ძმისთვის დამქირავებლების ვინაობა არ უკითხავს.
ასლანბეგ ჯაბრაილოვის მეუღლე, მარიამ ჯაბრაილოვა აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, გააქირავა თუ არა მისმა მეუღლემ ბინა და ასევე, მისთვის უცნობია ვინმე ცხოვრობდა თუ არა იქ.
„მე როგორც ვიცი, იქ არავინ ცხოვრობდა. მე საიდან უნდა ვიცოდე, ეგ პირები ვინ არიან?“, - აღნიშნა მარიამ ჯაბრაილოვამ.
სახლი, სადაც ტერორიზმთან კავშირში ბრალდებულები არიან გამაგრებული, დუისის მცხოვრებ ასლანბეგ ჯაბრაილოვის დედას, თინა გაორგაშვილს ეკუთვნის, რომელიც წლებია უკვე ავსტრიაში ცხოვრობს. ასლანბეგ ჯაბრაილობვის დეიდა, სარა გაორგაშვილი აცხადებს, რომ ბინა ბოლოს მაისში დაცალეს და მას შემდეგ იქ არავინ ცხოვრობდა.
„ამ ბინასთან დაკაშირებით მე ვიცი, რომ ცარიელი იყო და არავინ არ ცხოვრობდა. წლებია, რაც ჩემს დას ეს ბინა აქვს. გაქირავებული იყო, თათიაშვილი მერაბი ცხოვრობდა, მაისში გავიდა იქიდან და იმის მერე ცარიელია ბინა“, - განაცხადა სარა გაორგაშვილმა.
დამატებითი ინფორმაცია სპეცოპერაციის დეტალებზე მას შემდეგ გაკეთდება, რაც სპეცოპერაცია დასრულდება. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციას ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი გამოეხმაურა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.
„ყველაზე მეტად, რაც გვაღელვებს, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესს და ვიცით, რომ გარკვეული ზომები იქნა მიღებული იმისთვის, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს და არ დაზარალდეს ამ სპეცოპერაციის დროს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათი უსაფრთხოება არის ყველაზე უმნიშვნელოვანესი.
აქ ორი საკითხია, პირველი ის, რომ სპეცოპერაციის პერიოდში არ უნდა მოხდეს ვინმეს დაშავება. მეორე ის, რომ როდესაც დასრულდება ოპერაცია თვითონ კანონაღმასრულებელმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებას უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოსახლეობის უსაფრთხოება“, - განაცხადა იან კელიმ.
ხელისუფლებისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია, რომლის განცხადებით, საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე.
„ამ დრომდე არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ახლა დასკვნები გავაკეთოთ, მით უმეტეს სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ველით ინფორმაციას ხელისუფლებისგან. ეს სერიოზული ამბავია და საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა რურუას განცხადებით, სახეზეა როგორც დაზვერვის, ასევე დაგეგმვის ჩავარდნა, რადგან, როგორც რურუა აცხადებს, ერთი ბინის ნეიტრალიზაციას 18 საათზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს.
„პირები, რომელთა წინააღმდეგაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, აღნიშნულ ბინაში ორ წელზე მეტია იმყოფებიან. საცხოვრებელ სახლში კონცენტრირებულია დიდი რაოდენობით იარაღი და ეს ყველაფერი შესაბამისი სამსახურების გვერდის ავლით მოხდა. აღნიშნული იმას ადასტურებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არის ძალიან დაბალ ნიშნულზე და ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემებია.
ბუნებრივია, არსებობს კითხვები ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც 18 საათია მიდის. სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ერთი განცხადება გავრცელდა. სამწუხაროდ, სახეზეა როგორც დაზვერვის, ასევე დაგეგმვის ჩავარდნა. არ შეიძლება ასეთი ოპერაცია ამდენი ხანი გრძელდებოდეს. გამოიკვეთა უსაფრთხოების სერიოზული პრობლემა, რომელიც ქვეყანაშია“, - აცხადებს ნიკა რურუა.
ერთადერთი ვინც მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განცხადება გააკეთა, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარია, რომლის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არც ერთი მოქალაქე არ დაზიანდეს.
„სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები აკეთებენ განცხადებებს იმ დოზით, რა დოზითაც ეს შესაძლებელია ამ ეტაპზე, რომ მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას. ამ ეტაპზე მე მეტს ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არც ერთი მოქალაქე არ დაზიანდეს. სპეცოპერაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ განცხადებას“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მინისტრმა განცხადება გააკეთა სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში გადაცემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც პირდაპირ ეთერში ხდებოდეს დეტალებზე ლაპარაკი, როგორ მიმდინარეობს სპეცოპერაცია. სოზარ სუბარის განცხადებით, მოსახლეობას არ ემუქრება საფრთხე და ამ მიზნით კეთდება ყველაფერი.
უმარვლესობის წევრი, შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, ძალიან მძიმე სანახავია, რომ სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში მიდის. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას არ აქვს, პასუხისმგებლობა აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პასუხისმგებლობა ხშირად გააზრებული არ არის. პერიმეტრი დიდია და ყველა არხის გადაკეტვა შეუძლებელია. ეს პასუხისმგებლობა პირადად უნდა მომდინარეობდეს და სხვათა პასუხისმგებლობაზეც არის დამოკიდებული. რაც შეეხება უშუალოდ სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საქმეს, შეფასებების გაკეთება ამ ეტაპზე ნაადრევია და ყველა უსაფრთხოების სამსახურების განცხადებას უნდა დაველოდოთ“, - განახადა ჟურნალისტებთან საუბრისას კობა ნარჩემაშვილმა.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ამბობს, რომ სპეცეაზმელებისა და ტექნიკის გადაადგილების მუდმივ ცქერას თავად ტერორისტები მიჰყავს დაძაბულობის ზღვრამდე. ბევრი მათგანი ამას ვერ უძლებს და, შესაბამისად, ან ნებდებიან, ან თავს იფეთქებენ.
„მესმის, რომ გაჭიანურებული დაძაბულობა ყველას გვქანცავს, მაგრამ მსგავს სპეცოპერაციებს, რამდენადაც ვიცი, მნიშვნელოვანი სპეციფიკა აქვს. ჯერ ერთი, თუ საქმე ჯიჰადისტებთან გვაქვს, არ არის გამორიცხული, ბინა დანაღმული იყოს და მაშინ შტურმი ჩვენი ბიჭებისათვის მახე აღმოჩნდება. მოგეხსენებათ, ჯიჰადისტებს სიკვდილი არ უჭირთ. ეს წინასწარ უნდა იქნას გათვლილი.
გარდა ამისა, რამდენადაც ვიცი, სპეცეაზმელებისა და ტექნიკის გადაადგილების მუდმივ ცქერას თავად ტერორისტები მიჰყავს დაძაბულობის ზღვრამდე. ბევრი მათგანი ამას ვერ უძლებს და ან ნებდებიან, ან თავს იფეთქებენ. ამდენად. ტექნიკისა და მებრძოლების გადაადგილების ტელევიზიით ჩვენება არ არის ცალსახად ცუდი. მთავარია, სტრატეგიულმა ინფორმაციამ არ გაჟონოს და ოპერაცია შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ ჩატარდეს.
ჩვენ ხომ ახლა საფეხბურთო მატჩს არ ვუყურებთ, როცა უფლება გვაქვს, სასწრაფოდ გოლის გატანა მოვითხოვოთ. მით უმეტეს, როგორც მგონია, თავი უნდა შევიკავოთ სპეცოპერაციის მონაწილეთა განქიქებისაგან. მით უმეტეს, პოლიტიკური მოტივებით. ისინი ახლა ყოველ წამს ტყვიას ელიან და გულს ნუ გავუტეხავთ“, - წერს ზაზა ფირალიშვილი.