„ხელისუფლება აძლევს ქვეყანას ვექტორს და ბუნებრივია, ეს უპირველესად ამ ხელისუფლების მხარდაჭერაა“

„ხელისუფლება აძლევს ქვეყანას ვექტორს და ბუნებრივია, ეს უპირველესად ამ ხელისუფლების მხარდაჭერაა“

2008 წლის აგვისტოს ომამდე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება აშშ-ისგან ანტისარაკეტო კომპლექსი Javelin-ის შეძენას ითხოვდა, თუმცა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის მოთხოვნა, თავდაცვითი უსაფრთხოების სისტემის შეძენაზე, არ დააკმაყოფილა. სააკაშვილის მთავრობამ ანტისარაკეტო კომპლექსის შეძენა განმეორებით, აგვისტომის ომის შემდეგაც მოითხოვა, მაგრამ ეს მოთხოვნაც უშედეგო აღმოჩნდა - სააკაშვილის მთავრობას აშშ-მა ანტისარაკეტო კომპლესის მიწოდებაზე უარი განუცხადა.

ამჯერად ვითარება შეიცვალა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მილიონის დოლარის ღირებულების Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის მიწოდების მოთხოვნა დააკმაყოფილა. აშშ-ის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ გამოთქვა სურვილი შეეძინა Javelin-ის კომპლექსების 410 რაკეტა, სამიზნე და გამშვები მოწყობილობის 72 ბლოკი, 10 სასწავლო კომპლექსი და მათთვის 70 ჭურვი. გარდა ამისა, ამერიკელი სამხედროები ამ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების ტექნიკურ მომსახურებას და ტრანსპორტირებას განახორციელებენ.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს პროცესი საქართველოს უსაფრთხოების გაზრდის შედეგად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გამყარებას შეუწყობს ხელს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შესახებ გარიგება დასრულებული არ არის და მისი გადახედვა კონგრესს შეუძლია.

„საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების ხარჯზე იარაღის ეს მიწოდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას გააძლიერებს. შეიარაღების გაყიდვა რეგიონში არსებულ ძალების სამხედრო ბალანსს არ შეცვლის“, - ნათქვამია ამერიკული მხარის განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ლელა ჩიქოვანის განმარტებით, ეს გარიგება ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესებას, Javelin-ის სისტემები კი, ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

„ფაქტი ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობების არსებობას და ხაზს უსვამს ურთიერთნდობის მაღალ ხარისხს. ამასთან, ცალსახად ეს არის აღიარება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის მიმართულების სისწორისა. ჯავშანსაწინაღმდეგო სისტემები ატარებს თავდაცვით ხასიათს, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ვერ გამოიყენება ვერც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.

Javelin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მობილური ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსია. ის ანადგურებს ყველა სახის ჯავშანტექნიკას. ასევე, წარმატებით გამოიყენება დაბალ სიმაღლეზე მფრინავი და საშუალო სიჩქარის მქონე საფრენი აპარატების წინააღმდეგ, მათ შორის, ვერტმფრენების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და გარკვეული კატეგორიის თვითმფრინავების გასანადგურებლადაც კი.

აღნიშნული სისტემა აშშ-ის შეიარაღებული ძალებში 1996 წლიდან მოხვდა, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ერაყსა და სხვა სამხედრო კონფლიქტებში. გარდა ამისა, Javelin-ის რაკეტა კლასიკური აეროდინამიკური სქემით არის აგებული. სროლის დროს ის ფრთებს შლის.

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ - „არსენალის“, მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, რაკეტა აღჭურვილია თვითდამიზნების ინფრაწითელი ქობინით. მუშაობს პრინციპით „გაისროლე და დაივიწყე“.

„ამ გადაწყვეტილებას შეიძლება ეწოდოს რევოლუციური გადაწყვეტილება, რადგან საქართველო ამ შეიარაღებას დაახლოებით 10 წელზე მეტია ითხოვს. აგვისტოს ომამდეც და აგვისტოს ომის შემდგომაც მოითხოვა სააკაშვილის ხელისუფლებამ, მაგრამ არავითარი წინ გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა. ტრამპის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, კონგრესმა არ დაბლოკა, რაც ნიშნავს, რომ ქართული არმიის თავდაცვითი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ეს გახლავთ მესამე თაობის ტანკსაწინააღმეგო სარაკეტო კომპლექსი, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქმედებს პრინციპი - გაისროლე, დაივიწყე, მოარტყი. ანუ, მას გასროლის შემდეგ აღარ უნდა ოპერატორის მიერ მართვა, ავტომატური დამიზნების სისტემით მიდის, ეს არის მისი პირველი და ყველაზე დიდი პლუსი. მეორე ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ მას შეუძლია როგორც წინიდან, ასევე ზემოდან სახურავის მხრიდან დაეცეს მოწინააღმდეგის ტანკს, რაც იძლევა მისი მწყობრიდან გამოსვლის ძალიან დიდ ალბათობას“, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

მისივე თქმით, ასეთი მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები რუსეთის არმიასაც კი არა აქვს. რაც ალადაშვილის განცხადებით ნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეთი ბრიგადები აღიჭურვება თანამედროვე და ეფექტიანი თავდაცვითი საშუალებებით, თუმცა არ გამორცხავს, რომ ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შეძენას რუსეთის გაღიზიანება მოჰყვეს.

„რუსეთი ყველაფერზე ღიზიანდება. საქართველოს ნებისმიერ გაძლიერებაზე აქვს საპირისპირო რეაქცია. ამაზეც ექნება გარკვეული შენიშვნა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ Javelin პირველ რიგში არის თავდაცვითი საშუალება. ანუ, ის არ არის განსაზღვრული ვინმეზე თავდასხმისთვის, მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო დანაყოფების შემოტევის შემთხვევაში, მოგერიებაზეა ორიენტირებული.

თვითონ რუსეთი ძალიან ბევრ ქვეყანაზე ყიდის იგივე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს და თვით შეტევის იარაღით. მათ შორის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკურ რაკეტებსაც. ასე რომ, რუსეთს არავითარი მორალური უფლება არ აქვს საქართველოსთან მიმართებაში რამე თქვას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ეს არის ახალი სიტყვა ქვეყნის თავდაცვის სფეროში, იმდენად, რამდენადაც Javelin არის თანამედროვე და ამავე დროს ერთ-ერთი საუკეთესო ეფექტური ტანკსაწინააღმდეგო საშუალება, რაც საქართველოს ძალიან სჭირდება.

„ეს გახლავთ აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის და მოკავშირეობის გამოხატულება, რაც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად მომავალშიც კიდევ უფრო ეფექტურ ნაბიჯებს გადავდგამთ, მათ შორის რეფორმებთან მიმართებაში, რაც, საერთო ჯამში, აისახება ქვეყნის მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ეს ასევე უკავშირდება ინვესტორებს, სამუშაო ადგილების შექმნას, მეტ დასავლურ ინტერესებს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება რუსულ ფაქტორს, ჩვენ ღიად გვაქვს გაცხადებული და ამ პრინციპის სრული დამცველები ვართ, რომ ჩვენ არავის არ ვებრძვით. ეს იარაღი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. გვჭირდება იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, ან პრევენციულად - მოწინააღმდეგემ იცოდეს, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი საშუალებები, რაც ეფექტურად დაიცავს ამ ქვეყანას. ეს არის მეტი სტაბილურობა და მშვიდობა სამხრეთით, რაც რუსეთს უნდა აწყობდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია განმარტავს, რომ აშშ-ს მთავრობამ საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მშვიდობის დასაცავად ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ბოკერია განმარტავს, საქართველოს ტერიტორიულ თავდაცვაზე გადასვლაში დახმარების პროცესი 2011 წელს, საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ დაიწყო.

„ანტისატანკო კომპონენტი თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა. სამწუხაროა, რომ ჩვენს დღევანდელ მთავრობას ქვეყნის შიგნით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ხედვა არა აქვს. ეს არის გამოწვევა. ყველა შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება არის უაღრესად მნიშვნელოვანი აშშ-ს მთავრობის მხრიდან.

რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს სუვერენიტეტის მთავარი საფრთხე და აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მათი რეაქცია საზომი არ უნდა იყოს. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, რომ შევამციროთ რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხე და რისკი. ნებისმიერ ნაბიჯი, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს, ჩვენი გრძელვადიანი მშვიდობის შანსებს ამყარებს“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებას, პარტნიორი სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერად აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი რომლის განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების სტრატეგია არ გააჩნია.

„სამწუხაროა ის, რომ ჩვენ ჩვენი ხელისუფლების, კერძოდ კი, თავდაცვის უწყების მხრიდან დღემდე ვერ მოვისმინეთ, თუ რას აკეთებს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისათვის. ეს არის გრძელი პროცედურა და მხოლოდ ჩვენი პარტნიორების დახმარება საკმარისი არ არის. აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს სტრატეგია და სამწუხაროდ, ეს სტრატეგია სახელმწიფოს არა აქვს. ჩვენ ამაზე კითხვა არაერთხელ დავსვით და პასუხი ვერ მივიღეთ“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ოპონენტებისგან განსხვავებით, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკა ამბობს, რომ მხარს უჭერს არა მარტო ქვეყანას -საქართველოს, არამედ საქართველოს განვითარების მიმართულებას და მის ორიენტაციას. როგორც საყვარელიძე ამბობს, განვითარების მიმართულებასა და ორინტაციას ქვეყანა იღებს მოქმედი ხელისუფლების პირობებში.

„ხელისუფლება აძლევს ქვეყანას პოლიტიკურ მიმართულებას, ვექტორს. ბუნებრივია, ეს უპირველეს ყოვლისა ამ ხელისუფლების მხარდაჭერის გამოხატულებაა. რაც შეეხება იმ ოპონენტების შეფასებას, რომელთა ძირითადი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობას“ წარმოადგენს და ვინც 2008 წლის უცნაური ომის შედეგად მთელი შეიარაღება რუსეთს დაუტოვა, მათი განცხადების შეფასება არც ღირს. მე მგონია, რომ სააკაშვილის უკრაინაში მოღვაწეობა, ამყარებს კიდეც იმ მოსაზრებას, რომ რუსული ორიენტაციის სწორედ ის ხელისუფლება იყო თავიანთი ლიდერით“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება რუსული ფაქტორს, როგორც საყვარელიძე აცხადებს, უდავოა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტის გადაწყვეტილებას მოჰყვება რუსული გაღიზიანება. თუმცა, როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ამერიკის ეს ძალისხმევა მოჰყვა ცნობილი ფორმულას, რომ საჭიროა იმ ქვეყნების მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც რუსეთიდან საფრთხეს ელიან.

„ეს ქვეყნებია საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც საფრთხეს განიცდიან და ელიან ამ საფრთხის კიდევ უფრო გაძლიერებას. ასე რომ, ამერიკის მთავრობის ეს ნაბიჯი სრულიად შეგნებულად და განცხადებულად არის რუსეთთან დაპირისპირება. ოღონდ რუსეთთან დაპირისპირება იმ შემთხვევაში, თუ თვითონ რუსეთი აღმოჩნდა აგრესორი.

საქართველოს ზომის ქვეყანა აგრესიული ვერ გახდება, მაგრამ თავდაცვის უნარი რომ ჰქონდეს, ამისთვის ზრუნავენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ეს ზრუნვა მათი პოლიტიკის ნაწილია. როგორც იქნა გააცნობიერა დასავლეთმა, რომ რუსეთი თუკი გადააბიჯებს მეზოებლ ქვეყნებს, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირში შედიოდნენ, მერე დაიძრება თვითონ დასავლეთისკენ და საფრთხე გახდება უკვე დასავლეთის სახელმწიფოებისთვის. ასე რომ, ეს მარტო საჩუქარი არ არის, ეს არის პარტნიორობის განსახიერება აშშ-ის მხრიდან“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.