თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი გახდა, იგი 24 წელია კარიერული დიპლომატია. მსახურობდა სხვადასხვა საერთაშორისო მისებში - ეუთოში, კიევში, მოსკოვში. რაც შეეხება ყოფილ ელჩს, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს, რომელმაც საქართველო უკვე დატოვა, დიპოლომატიურ კარიერას საქართველოდან ბრიუსელში გააგრძელებს. ყოფილი ელჩი ამბობს, რომ საქართველო მისი მეორე სამშობლოა და თავისუფალ დროს ისევ ესტუმრება საქართველოს.
for.ge ზექი ლევენთ გუმრუქჩუს ესაუბრა.
ბატონო ელჩო, 4 წელი იყავით თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში. ტოვებთ საქართველოს, როგორია თქვენი ხედვა საქართველოს მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით?
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ: დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წლიდან მოყოლებული 26-წლიანი პერიოდის განმავლობაში, საქართველომ ეფექტური ნაბიჯები გადადგა როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის გაჯანსაღების თვალსაზრისით. განსაკუთრებით, 2003 წელს მომხდარმა ძირეულმა ცვლილებებმა დააჩქარა მისი განვითარება და იგი აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი ქვეყნის დღევანდელი წინსვლის კუთხით. განსაკუთრებით, 2012 წელს ხელისუფლების დემოკრატიულმა და მშვიდობიანმა ცვლილებამ აჩვენა საქართველოს დემოკრატიული სიმწიფე და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ერთგულება.
მომავალში, თუ საქართველო სწორ გაკვეთილებს გამოიტანს განვლილი 26-წლიანი პერიოდიდან, გააგრძელებს იმ პრაქტიკას, რომელიც დადებითად აისახება მის განვითარებაზე, არ გაიმეორებს წარსულში დაშვებულ შეცდომებს, მჯერა, რომ იგი გახდება ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, საიმედო ხიდის როლს შეასრულებს ევროპასა და აზიას შორის და ამგვარად, დაადგება პოლიტიკური და ეკონომიკური აღმავლობის ნათელი მომავლისაკენ მიმავალ გზას.
თუმცა, საქართველოს დიდი გზის გავლა სჭირდება ეკონომიკური შედეგების მისაღებად...
- რა თქმა უნდა, ეკონომიკური აღორძინება არ და ვერ მიიღწევა ერთ დღეში, მაგრამ სწორ გზაზე მიზანდასახული სიარული, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოიტანს შედეგს. საქართველოს მომავლის რეცეპტს, ან საგზაო რუკას ვერ მოგცემთ ვერც მე და ვერც სხვა რომელიმე უცხოელი დიპლომატი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ოთხ პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარადგინა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მყარ საფუძველს შექმნის ქვეყნის სამომავლო განვითარებისათვის.
როგორც ვხედავ, ამ მიზნის მისაღწევად, ყველას მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება: ხელისუფლებასა და ოპოზიციას, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორს, ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს. თურქეთი მზადა არის ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს ამ გზაზე, მის სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს.
ვფიქრობ, რომ საქართველოს სტაბილური ეკონომიკური აღმავლობის უზრუნველსაყოფად ქვეყნისათვის პრიორიტეტული - ენერგეტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში ინვესტიციების მოზიდვასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია განათლების, ტრანსპორტისა და მრეწველობის აღმავლობა, ციფრული და მაღალი ტექნოლოგიების უმოკლეს დროში განვითარება.
რაც შეეხება თქვენს დიპლომატიური კარიერას, მოგვიყევით თქვენს შესახებ და ამ გზაზე რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ყოფილიყავით საქართველოში ელჩი?
- 1990 წელს დავიწყე მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მეოთხედ საუკუნეზე მეტია ვაგრძელებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას. ორი წლის წინ აღვნიშნე დიპლომატური კარიერის დაწყების 25 წლის იუბილე და ძალიან მიხარია, რომ მეგობარ ქვეყანაში - საქართველოში მომიწია სამსახური. აქამდე ვმუშაობდი ვაშინგტონში, თეირანში, რომში, ბრიუსელში, ნიუ-იორკში არსებულ თურქეთის მისიებში. 2014 წელს კი, დავინიშნე საქართველოში ელჩად.
ასევე, ანკარაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვმუშაობდი მინისტრის აპარატში და პოლიტიკური დაგეგმვის გენერალური დირექტორის მოადგილის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო თბილისში ჩამოსვლამდე ერთი წლის განმავლობაში ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი. ვინაიდან, ამ წლის ბოლოს, სრულდება ჩემი საქართველოში სამსახურის ვადა, დავინიშნე ბელგიაში, ბრიუსელში ელჩად.
აქამდე სადაც მიმუშავია, ყველა ქვეყანასთან მაკავშირებს ძალიან სასიამოვნო მოგონებები. მათ წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ საქართველოში გატარებული თითქმის 4 წელიწადი, ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის მართლაც გამორჩეულია. პროფესიულ გამოცდილებას ემატება ისიც, რომ ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა სფეროში კიდევ უფრო განვითარდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ასევე, აქ შევიძინე ნამდვილი მეგობრები, რომლებთანაც მსურს ცხოვრების ბოლომდე გავაგრძელო ურთიერთობა და ეს იქნება ჩემთვის საქართველოს ყველაზე დიდი საჩუქარი და მემკვიდრეობა.
როდესაც ამ ქვეყანაში პირველად ჩამოხვედით, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე საქართველომ?
- დავდგი თუ არა ფეხი საქართველოს მიწაზე, პირველივე წუთიდან ვიგრძენი ჩვენს ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება და ურთიერთსიყვარული. აქ ჩამოსვლიდან მეორე დღეს, ქალაქში სეირნობისას, გავიცანი ერთი ქართველი რესტორნის მეპატრონე, რომელსაც ვუთხარი, რომ თურქეთის ელჩი ვიყავი და მე არასოდეს დამავიწყდება მისი ღიმილი და ჩვენდამი გამოჩენილი ყურადღება. იმ დღიდან მოყოლებული ქართული საზოგადოებისაგან მხოლოდ ყურადღებასა და სითბოს ვგრძნობ.
ასევე, ჩემი ელჩად დანიშვნიდან ძალიან მალე, 2014 წლის მაისის თვეში, მოეწყო თურქეთის პრეზიდენტის აბდულაჰ გულის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რა დროსაც ორმა პრეზიდენტმა ფეხით გაისეირნა რუსთაველის პროსპექტზე. ხალხის მიერ ჩვენი პრეზიდენტისადმი გამოხატულმა სიყვარულმა დამარწმუნა იმაში, რომ თურქეთ-საქართველოს შორის მეგობრობა ემყარება არა მხოლოდ სამთავრობო ურთიერთობებს, არამედ იგი სათავეს იღებს ისტორიიდან და ეყრდნობა ისეთ მტკიცე საძირკველს, როგორიც ხალხთაშორისი ურთიერთობებია.
საქართველოში ოჯახთან ერთად ჩამოხვედით და როგორც ცნობილია, თქვენი მეუღლე ბევრ სოციალურ პროექტს ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მოგვიყევით მათ შესახებ...
- ჩემმა მეუღლემ და შვილებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იმაში, რომ მე მივაღწიე ჩემი პროფესიული განვითარების ამ წერტილს. გარეშე თვალისათვის დიპლომატის ცხოვრება შეიძლება ძალიან მომხიბვლელია, მაგრამ ამ პროფესიას ახლავს თავისი სირთულეებიც. იგი მოითხოვს საცხოვრებელი ადგილის სისტემატიურ ცვლილებას, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს ოჯახურ ცხოვრებაზე. განსაკუთრებით, მეუღლეებსა და შვილებს უწევთ ძალიან დიდი მსხვერპლის გაღება.
მეორე მხრივ, ფრიად რთულია მარტომ შეძლო შენი ქვეყნისა და კულტურის სრულყოფილი პრეზენტაცია იმ ქვეყანაში სადაც მსახურობ. ამ საქმეში, მეტად მნიშვნელოვანია მეუღლის მხარდაჭერა. თბილისში, საელჩოში მე თუ ვმუშაობდი ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებზე, ჩემმა მეუღლემ იტვირთა კულტურული ღონისძიებების ორგანიზების პასუხისმგებლობა. აგრეთვე, იგი არის საერთაშორისო ქალთა ასოსიაციის (IWA) პრეზიდენტი, რომელიც ბევრ სოციალურ პროექტს ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
რაც შეეხება ჩემს შვილებს, მყავს 22 წლის ვაჟი, რომელმაც დაამთავრა უნივერსიტეტი, თურქეთში ჟურნალისტად მუშაობს. 14 წლის ჩემი გოგო კი ჩვენთან ერთად ცხოვრობს და სწავლობს საქართველოში. ჩვენი ოჯახის წევრებიდან ყველაზე მეტად მან განიცადა ჩემი ბრიუსელში დანიშვნა. მან თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდი გაატარა აქ, საქართველო მისთვის თურქეთის შემდეგ მეორე სახლი გახდა და ახლა, ძალიან წუხს, რომ უნდა დაშორდეს აქაურ მეგობრებს.
რას იტყვით ქართულ სამზარეულოზე?
- წარმოუდგენელია არ გიყვარდეს ქართული კერძები. შეუძლებელია რომელიმეს გამორჩევა, მაგრამ ხინკალი, ხაჭაპური, ბადრიჯნის ფხალი, აჯაფსანდალი, მწვადი, ჩაქაფული, შოთის პური და სულგუნი შემიძლია დღის ნებისმიერ დროს მივირთვა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ოთხ თვეში უცებ მოვიმატე სამი კილო და ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება გადაიქცა ერთგვარ პერმანენტულ ბრძოლად ჩემს გონებას, კუჭსა და გულს შორის. მეორე მხრივ, თურქული და ქართული სამზარეულო ჰგავს ერთმანეთს, რაც ერთ-ერთი დამატებითი ფაქტორი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მე აქ ისე მეგრძნო თავი, როგორც საკუთარ სახლში. როდესაც ჩავალ ბრიუსელში პირველს რასაც გავაკეთებ, ქალაქში მოვძებნი ქართულ რესტორანს.
როგორ ატარებდით საქართველოში თავისუფალ დროს?
- ისეთ მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რა თქმა უნდა, თურქეთის ელჩის პროგრამა ძალიან დატვირთულია. ასევე, ძალიან ბევრია ვიზიტორიც, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ საკმაო თავისუფალი დრო მრჩებოდა. თუ მქონდა, სიამოვნებით ვატარებდი სახლში წიგნის კითხვასა და ფილმის ყურებაში. რა თქმა უნდა, ისეთ ლამაზ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, შეუძლებელია არ ეცადო, რომ ხშირად გახვიდე ქალაქიდან, დაათვალიერო მისი ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობები.
შეიძლება მეტის ნახვა გვინდოდა, მაგრამ მაინც მოხარულები ვართ, რომ ბევრი ადგილის მონახულება შევძელით. მაგალითად, ენით აღუწერელი სიამოვნებაა - გაიღვიძო დილით ყაზბეგში და დაინახო მყინვარწვერი, მთელი თავისი დიდებულებით. ასევე, არასდროს დამავიწყდება, ბორჯომის ეროვნულ პარკში, ბათუმში და ბოტანიკურ ბაღში სეირნობისას მიღებული შთაბეჭდილებები. იმ ადგილების დათვალიერება, რომელიც ჯერ არ მინახავს, დამატებითი მოტივაცია იქნება ჩემთვის, რომ კვლავ ჩამოვიდე საქართველოში.
რაც შეეხება პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილს, თურქეთი ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია საქართველოსთვის. როგორ შეაფასებდით ამ სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, პერსპექტივებს, არსებულ საინვესტიციო და ბიზნეს გრემოს?
- ინვესტიციის თვალსაზრისით, საქართველო თურქული ბიზნეს-სექტორისათვის ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა, ამიტომ წლიდან წლამდე იზრდება და თანდათან უფრო მრავალფეროვანი ხდება თურქული ინვესტიციები. ჩემი აზრით, ბიზნესმენების საქართველოსადმი ინტერესს განაპირობებს არა იმდენად ეკონომიკური ფაქტორები, რამდენადაც ჩვენს ხალხებს შორის არსებული პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება. ეს ყოველივე კი, განაპირობებს იმას, რომ საქართველო უფრო მიმზიდველი ხდება სხვა პოტენციურ საინვესტიციო ადგილებს შორის.
ასევე, აღსანიშნავია, რომ იოლია თურქეთსა და საქართველოს შორის მგზავრობა და გადაადგილება. ეს კი, მნიშვნელოვანი ფაქტორია აქ ინვესტიციების განსახორციელებისათვის. ანუ, ჩვენს ქვეყნებს შორის არის სამი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. აგრეთვე, ბათუმსა და თბილისში, დღეში სრულდება 8 ავიარეისი, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია. მხოლოდ სარფ-სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი წელიწადში 6 მილიონზე მეტ ადმიანს ემსახურება. ეს რიცხვი საკმარისია იმისათვის, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ, თუ როგორ დინამიკაზეა საუბარი.
ჩვენს ქვეყნებში მგზავრობისათვის არა თუ ვიზა, პასპორტიც კი არაა საჭირო, ხოლო ჩვენ მოქალაქეებს აქვთ გრძელვადიანი ცხოვრების უფლება, ამიტომ ტერიტორიული საზღვარი გამყოფ კედელზე უფრო მეტად, ერთგვარი ხიდისა და შემაკავშირებლის ფუნქციას ასრულებს, რაც კიდევ ერთი დამატებითი წამახალისებელი ფაქტორია ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.
თურქი ბიზნესმენებისათვის, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია საქართველოს საინვესტიციო გარემო, რაც მათთვის ძლიერ მიმზიდველს ხდის ქვეყანას. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ, ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს და/ან უცხოური ინვესტიციების წახალისებისა და მხარდაჭერის პოლიტიკას. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, მაგრამ საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სასამართლო სისტემის გამართულობა და საიმედოობაა. აქედან გამომდინარე, თურქი ინვესტორები თავისუფლად ჩამოდიან აქ, ვინაიდან იციან, რომ მათ ინვესტიციებს იცავს სამართალი და კანონი.
ცოტა ხნის წინაც აღვნიშნე, რომ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისას სამი ძირითადი კრიტერიუმით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ, ესენია - ქვეყნისა და განსაკუთრებით, საინვესტიციო სექტორის ეკონომიკური პოტენციალი, მთავრობის მიერ ინვესტორების წახალისების პოლიტიკა და ქვეყანაში არსებული სამართლებრივი სისტემის გამართულობა. ამ სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით, საქართველო მიმზიდველია არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ინვესტორებისათვისაც.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბევრ სფეროს აქვს მნიშვნელოვანი განვითარების პოტენციალი. აქედან გამომდინარე, უცხოური ინვესტორებისათვის საინტერესოა: ენერგეტიკის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, საფეიქრო და სამშენებლო სექტორები. საქართველო არ უნდა განვიხილოთ, როგორც მხოლოდ 3, 7 მილიონიანი მცირე ბაზარი, არამედ იგი შეიძლება იყოს ერთგვარი ჰაბი, რომელიც მოემსახურება ევროკავშირიდან ჩინეთამდე არსებულ ვრცელ ტერიტორიას, ამ ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
უცხოური ინვესტიციების წახალისებისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მრავალი უცხოური სარეიტინგო ორგანიზაციების მიერ ფასდება, როგორც საკმაოდ კრეატიული და პოზიტიური. დღევანდელ მსოფლიოში, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან დიდი თუ მცირე ქვეყნები. სხვასთან შედარებით, საქართველოს პოზიტიური ფაქტორებია - კრედიტის ხელმისაწვდომობა, ფირმის რეგისტრაციის სიმარტივე, ოფიციალურ უწყებებთან კომუნიკაციის საშუალება და სხვ., რაც განმსაზღვრელი შეიძლება აღმოჩნდეს უცხოელი ინვესტორისათვის.
ბოლო 15 წლის განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და საკმაოდ კარგ შედეგებს მიაღწია, რაც უცხოელი ინვესტორის მოზიდვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პირობაა.
საელჩო ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია ინვესტორსა და ადგილობრივ უწყებებს შორის, როგორია თქვენი საელჩოს როლი თურქი ინვესტორების წახალისების საკითხში?
- თურქ ინვესტორებს, როდესაც ჩამოდიან საქართველოში და მოდიან საელჩოში, ჩვენ უპირველეს ყოვლისა ვაცნობთ ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და გულდამშვიდებულად ვურჩევთ ინვესტიციის ჩადებას. ასევე, ვუწევთ რეკომენდაციას ისარგებლონ არსებული საინვესტიციო პირობებით. საქართველოში ჩამოსული ბიზნესმენების შემდეგი გაჩერება თურქული ბიზნეს ასოციაციაა. ბუნებრივია, ინვესტორისათვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო უცხო ქვეყანაში მოღვაწე სხვა ბიზნესმენების გამოცდილებაა. აქედან გამომდინარე, ახალი ინვესტიციების მოზიდვის საქმეში ქვეყნის ყველაზე ძლიერი მოკავშირე, უკვე შემდგარი და წარმატებული ინვესტორები არიან. უფრო მეტს გეტყვით, ვერავითარი საელჩოს რეკომენდაცია, ან ოფიციალური მოწვევა ვერ იქნება ისეთი ეფექტური, როგორც წარმატებული ინვესტიციის რეალური მაგალითი.
თბილისში არსებული „ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია“ (GÜRTİAD) ერთ-ერთი ყველაზე ძველი ორგანიზაციაა. ასევე, მსოფლიოში წარმატებულმა „დამოუკიდებელ მეწარმეთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (MÜSİAD) ფილიალები გახსნა თბილისსა და ბათუმში. ასევე, ბათუმში არსებული „საერთაშორისო ინვესტორთა კავშირი“ ძალიან აქტიურად თანამშრომლობს თურქეთის ბიზნეს წრეებთან. ჩვენი საელჩოც მჭიდროდ თანამშრომლობს ზემოხსენებულ ბიზნეს ორგანიზაციებთან, რომლებსაც თავისთავად სისტემატიური კავშირი აქვთ სამთავრობო სტრუქტურებთან. ჩვენც ვცდილობთ შევიტყოთ მათი შეხედულებები და მოსაზრებები საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ.
ჩვენ ასევე, ვცდილობთ პოტენციური ინვესტორები შევახვედროთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება პირველწყაროდან მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. ამ თვალსაზრისით, ყველაზე ახლო კონტაქტი გვაქვს და ჩვენი ბიზნესმენებიც აქტიურად ხვდებიან ეკონომიკის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლებს.
თუ ვისაუბრებთ თურქულ-ქართულ ერთობლივ მნიშვნელოვან პროექტებზე, მათ ჯერ კიდევ 1990-იანი წლებში ჩეყარათ საფუძველი. მართალია, მაშინ ეს სიზმარს ჰგავდა, მაგრამ ახლა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენი მსოფლიო ენერგეტიკულ რუკაზე ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელია. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რითაც თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი გახდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ნამდვილი ხიდი. მჯერა, რომ ამ სამი ქვეყნის პოზიტიური თანამშრომლობა, ყველა თვალსაზრისით სანიმუშო იქნება მსოფლიო თანამეგობრობისათვის.
ბოლო პერიოდში თურქეთმა გიგანტური ნაბიჯები გადადგა ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. შესაძლებლად გეჩვენებათ თუ არა, რომ საქართველომაც აიღოს მისგან მაგალითი?
- როგორც ადრე აღვნიშნე, საქართველოს ბევრ სფეროში აქვს სერიოზული ეკონომიკური პოტენციალი. ფინანსურ და საბაზრო სექტორებში გადადგმულმა ნაბიჯებმა შეიძლება დააჩქარონ მისი სწრაფი რეალიზება. პირადად ვთვლი, რომ საკუთარი პოტენციალის რეალიზაციის თვალსაზრისით თურქეთის მიერ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნებოდა საქართველოსათვის.
არ მინდა ძალიან ტექნიკურ დეტალებს ჩავუღრმავდე, მაგრამ თურქეთის მიერ განსაკუთრებით საბანკო სექტორში, ფინანსური დისციპლინისა და წარმოების ხელშეწყობის სფეროებში გადადგმული ნაბიჯები შეიძლება შეფასდეს, როგორც ყველასათვის სანიმუშო პრაქტიკა. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიულ-პარტნიორული ურთიერთობა განაპირობებს იმას, რომ თურქეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მათ რიცხვში, ვისაც ყველაზე მეტად გაეხარდება საქართველოს აღმავლობა და წარმატება. აქედან გამომდინარე, იგი ყოველთვის მზადაა საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ქართველ პარტნიორებს.