საზოგადოებრივი მაუწყებელი შერეული ტიპის - კომერციულ-სახელმწიფორებრივი ტელევიზია გახდება?

საზოგადოებრივი მაუწყებელი შერეული ტიპის - კომერციულ-სახელმწიფორებრივი ტელევიზია გახდება?

პარლამენტში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დებატების ფონზე წარიმართა, რომელშიც კომიტეტის წევრებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

„მაუწყებლის შესახებ“ კანონსა და კიდევ სამ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება საპარლამენტო უმრავლესობის 13-დეპუტატის მიერ მოხდა. პროექტის ავტორები არიან: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, რომან კაკულია, გიორგი ხატიძე, ნინო გოგუაძე, სოფიო კილაძე, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, მერაბ ქვარაია, ლევან კობერიძე და ენძელა მაჭავარიანი.

ამ ეტაპზე, საზოგადოებრივ მაუწყებლთან დაკავშირებით საბიუჯეტო კოდექსსა და ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ინიციატორებმა უკან გაითხოვეს.

საუბარია ცვლილებებზე, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერი სიახლის, ინოვაციის შესახებ ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, მისი ეთერში გასვლამდე საჯარო არ იქნება და მასზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი არ გავრცელდება, ხოლო ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იღებს.

რაც შეეხება საბიუჯეტო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს, პროექტის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც განსაკუთრებული ტიპის ორგანიზაციაზე საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის საბიუჯეტო პროცესის მართვისა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება.

„აღნიშნული საკითხები საკანონმდებლო პაკეტიდან ამოღებულია. მას აღარ ვიხილავთ და დღის წესრიგიდან მოვხსენით, რადგან იყო აზრთა სხვადასხვაობა“, - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა გიორგი ხატიძემ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს შენიშვნების გათვალისწინების პირობით დაუჭირა მხარი.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები მოგვყავს, ის უნდა იყოს ამომწურავი. უნდა ვიცოდეთ, რამდენია თანხა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, როგორია სარეკლამო ბაზარი იქ, როგორია თითოეული კერძო ტელევიზიის საერთო ბიუჯეტი. თუ ეს ციფრები არა გვაქვს, მაგალითები არ არის ჩვენთვის საინტერესო.

„ჩვენ დღევანდელ კონტექსტში კერძო ტელევიზიებისადმი მხარდაჭერის პრიმატი უნდა შევინარჩუნოთ. უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ რას ვითხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან. კონცეპტუალურ ხედვაში გვაქვს აცდენები. უნდა დადგეს დრო, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის გაშვების შესაძლებლობა ექნება. დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე, ვაყენებ ეჭვქვეშ, თუ რამდენად სამართლიანია ეს გადაწყვეტილება დღეს. იმისათვის, რომ დებატები საპარლამენტო განხილვების ფორმატში გავშალოთ, ჩვენ შეგვიძლია პროექტის სესიაზე გატანას მხარი დავუჭიროთ მხოლოდ იმ დათქმით, რომ მეორე მოსმენამდე პრინციპული საკითხები რეკლამასთან, ბორდის ფუნქციებთან, სტარტაპებთან დაკავშირებით შეჯერდება. თუ პოზიციები არ იქნება შეჯერებული და არ იქნება ჩვენი კომიტეტისათვის მისაღები ფორმულირება, კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარს აღარ დავუჭერთ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვები საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე არ გავრცელდება.

კანონს ასევე ემატება მუხლი, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერი სიახლის, ინოვაციის შესახებ ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, მისი ეთერში გასვლამდე საჯარო არ იქნება და მასზე „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მესამე თავი არ გავრცელდება. ამასთან, ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი მიიღებს.

პროექტით იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგენებით იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხს, როგორც ცნობილია, სადღეისოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სპონსორობა და კომერციული რეკლამა დასაშვებია მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალების და კონკურსის ფარგლებში, რომლის მოცულობაც დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო საათში - 6 წუთს. მომზადებული ცვლილებებით, მაუწყებელს ეძლევა შესაძლებლობა, განათავსოს კომერციული რეკლამა, რომლის შეზღუდვის მაქსიმუმი არის საათში სამი წუთი.

კიდევ ერთი სიახლეა ისიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას ემატება.

ასევე ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც განსაკუთრებული ტიპის ორგანიზაციაზე, საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის საბიუჯეტო პროცესის მართვისა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვები არ გავრცელდება.

„აბსოლუტურად გაუგებარია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფულით რაღაც სტარტაპს აფინანსებდეს“, - განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან კობერიძემ, რომელმაც კანონპროექტიდან შესაბამისი პუნქტის ამოღების საკითხი დასვა.

„მეორე მოსმენისთვის საზოგადეობრივ მაუწყებელთან და მხარეებთან უნდა შევჯერდეთ, რომ ეს პუნქტი საერთოდ იყოს ამოღებული, ხოლო თუ არ ამოიღებენ - მხარი არ დავუჭიროთ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ. მან ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი მაუწყებლის არსის მკაფიოდ განსაზღვრის საჭიროებას.

კანონში დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა).

კერძო ტელეკომპანიები თვლიან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელს უნდა, გახდეს ჩვეულებრივი კომერციული ტელევიზია, ოღონდ საჩუქრად ბიუჯეტიდან 50-მილიონი ლარი მიიღოს.

ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმღვანელის ნინო ჯანგირაშვილის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებებით სარეკლამო ბაზარზე არასწორი წესები შემოდის.

„ეს წარმოუდგენელია არა მხოლოდ ზოგადად, არამედ კომერციულ ტელევიზიებთან მიმართებაში, რომელთაც თითოეული თეთრის შოვნაზე დიდი შრომა უწევთ. როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი იმით სპეკულირებს, რომ მისი იდეა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას უნდა შემოვევლოთ ყველა, აქვე ვიტყვი, რომ დამოუკიდებელი მედიის ფინანსური მდგრადობაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ამას საფრხეს უქმნის, პარლამენტმა არ უნდა გაიზიაროს“, - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

როგორც ჩანს, კანონპროექტის ინიციატორებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურებად ტელევიზიად გადაქცევა სურთ, თუმცა რამდენად შენარჩუნდება კონკურენტუნარიანობის პარიტეტი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ჯერ კიდევ საკამათო თემაა, რომელზეც ფართო მსჯელობებსა და დებატებს უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, დიდი დრო დაეთმობა.