მტერთან ნაძალადევი მეგობრობა სრულდება

მტერთან ნაძალადევი მეგობრობა სრულდება

უკრაინამ შესაძლოა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს. როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იტყობინება, მომავალ კვირას მოსალოდნელია, უკრაინის პარლამენტმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას უყაროს კენჭი.

უფრო ზუსტად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ პუნქტი დამატებით პუნქტად შევა დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონში, რომელიც უკრაინის პარლამენტმა მეორე მოსმენით 16 ნოემბერს უნდა განიხილოს.

ამ პროცესის მომდევნო ეტაპად კი სახელდება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შესაბამისი განკარგულება, რის შემდეგაც უკრაინაში რუსული, ხოლო რუსეთში უკრაინული დიპლომატიური წარმომადგენლობა დაიხურება.

უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ მოსკოვში უკრაინის ინტერესებს ბელარუსი ან შვეიცარია წარმოადგენს.

თავის დროზე ქართველ ექსპერტთა გარკვეული ნაწილი გაოცებით საუბრობდა უკრაინის ქმედებაზე, რომელმაც რუსეთთან დაპირისპირების მიუხედავად, სძლია საკუთარ თავს და მტრულ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა მაინც არ გაწყვიტა. უკრაინის მაგალითის ფონზე ქართველი ექსპერტები მოუწოდებდნენ ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ, თუ საომარ მდგომარეობაში მყოფმა უკრაინამ არ გაწყვიტა კავშირი რუსეთთან, ქართველებსაც ურთიერთობის ნორმალიზებაზე ეფიქრათ და დესპანები გაეგზავნათ მოსკოვში. თუმცა, როგორც ჩანს, უკვე უკრაინაც მიხვდა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შენარჩუნებამ არაფერი მოუტანა. ამდენად, მტერთან ნაძალადევი მეგობრობა დასრულდა.

რა სარგებელს მოუტანს უკრაინას დაგვიანებული ნაბიჯის გადადგმა - ანუ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა?!

„სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის“ დირექტორი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძნელია იმის თქმა, რა სარგებელს მოუტანს ამგვარი გადაწყვეტილება უკრაინას. საქართველოს შემთხვევაში, ეს იყო სრულიად ერთმნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მაშინ გადადგა, როცა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე მის მიერვე ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო და მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. რუსეთის ამ აგრესიული ქმედების საპასუხოდ, საქართველოს გადაწყვეტილება, რომელიც თავის ტერიტორიაზე რუსეთის სამი საელჩოს პარალელურ რეჟიმში ფუნქციონირებას ვერ შეეგუებოდა, სრულიად გასაგები იყო.

რაც შეეხება უკრაინას, რატომ დაისვა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის საკითხი მაინცდამაინც ახლა, ეს დამატებით ინფორმაციას მოითხოვს. ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, რუსეთის ნაბიჯი, რომელმაც ყირიმის ოკუპაცია და შემდგომ მისი ანექსია, ანუ შეერთება მოახდინა, მკაცრი შეფასების საფუძველს იძლევა უკრაინის მხრიდან. თუმცა ყველა ნაბიჯი მაშინ იძენს აზრს, როდესაც იგი არა მხოლოდ უბრალო შეფასების აქტია, არამედ მიმართულია პრობლემის დაძლევის პერსპექტივისკენ.

„აქ საინტერესოა, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა გამოიწვევს თუ არა დაკარგულის დაბრუნებას, მიყენებული ზიანის მინიმიზაციას უკრაინისთვის?! ამაზე პასუხი შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ, ყველა საერთაშორისო სამართლებრივი და მორალურ-ეთიკური განზომილებით უკრაინას შეუძლია, ეს ნაბიჯი გადადგას. არავის ექნება უფლება, მას ამის გამო უსაყვედუროს და ეს ნაბიჯი უსამართლოდ ჩაუთვალოს. რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეზობელი ევროპული სახელმწიფოს საზღვრები პირველმა შეცვალა ძალადობით. დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს უამრავი ფაქტორი, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, ისეთი სტრატეგიული პარტნიორის ჩართულობით, როგორიც ამერიკაა.

მოგეხსენებათ, უკრაინაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელიც დაინიშნა, ბატონი კურტ ვოლკერი, რომელიც ზუსტად ამ საკითხებზე მუშაობს. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მწვავე რეაქცია მისცა რუსეთის მიერ ჩადენილ საქციელს იმ სანქციების სახით, რომელიც რუსეთს დაედო. არაერთხელ გაცხადდა, რომ ეს სანქციები დამძიმდება, თუკი რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებას დონბასში და არ დააბრუნებს ანექსირებულ ყირიმს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შემიძლია გამოვთქვა იმედი, რომ უკრაინის მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება პარტნიორებთან სათანადო კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული. ვგულისხმობ უცხოელ პარტიონრებს, რომლებიც უკრაინას ამ კრიზისის პირობებში ეხმარებიან“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.

მანვე მწუხარებით შენიშნა, რომ საქართველოს შემთხვევაში, რუსეთის მოქმედების აღსაკვეთად საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია არ იყო ასე აქტიური, განსხვავებით უკრაინისგან. მისი აზრით, ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ ევროატლანტიკურ თანამეგობრობას სათანადო რეაქცია რომ მოეხდინა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, უკრაინის მოვლენების თავიდან აცილებაც გახდებოდა შესაძლებელი. ამდენად, საქართველოს მხრიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ეს იყო ინსტრუმენტი საიმისოდ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიგვექცია ჩვენს ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ვერანაირად ვერ იმოქმედებს უკრაინის საზიანოდ. უბრალოდ, თუ უკრაინა ასეთ ნაბიჯს გადადგამს, ის აღარ იქნება სამარცხვინო მდგომარეობაში. ამ ქვეყანას ტერიტორიები წაართვეს, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა მაინც ვერ გაწყვიტა რუსეთთან, რაც სამარცხვინო იყო ამ 50 მილიონიანი ქვეყნისთვის, რომელმაც თავისი ტერიტორია -ყირიმი უბრძოლველად გაატანა რუსებს.

„ამ სამარცხვინო სიტუაციას უკრაინელები დღემდე ინარჩუნებენ, თორემ აქამდეც უნდა გაეწყვიტათ დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურ მოსკოვთან ყირიმის ანექსიის შემდეგ. იმდენად სუსტი ქვეყანაა, ისეა შეშინებული და იმდენად არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ ამისიც კი შეეშინდათ უკრაინელებს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ რომ არ გაგვეწყვიტა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაშინ რა გამოვიდოდა? რუსეთს ექნებოდა საელჩოები ცხინვალში, სოხუმსა და თბილისში და ჩვენს ტერიტორიაზე სამი ელჩი ეყოლებოდა. ეს ხომ იმის აღიარებას ნიშნავდა, თითქოს სოხუმი და ცხინვალი არ იყო ჩვენი ტერიტორია.

რუსეთთან დიალოგის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, პირიქით, რუსეთს უნდა ველაპარაკოთ, მაგრამ უნდა ველაპარაკოთ არაოფიციალურად და არა ელჩებითა და დიპლომატიური ურთიერთობით“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.