„სირიაში კონფლიქტი სამხედრო გზით არ უნდა გადაიჭრას“,-ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთობლივ განცხადებაში. ორი ქვეყნის ლიდერმა დადაასტურა, რომ კონფლიქტის საბოლოო პოლიტიკური დარეგულირების გზა ჟენევის პროცესის ფარგლებში უნდა გამოინახოს და ეს დარეგულირება გაერო-ს უშიშროების საბჭოს №2254 რეზოლუციის შესაბამისად უნდა მოხდეს.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, ასევე, შეთანხმდნენ სირიაში მოქმედი სამხედრო არხების შენარჩუნების თაობაზეც, რათა ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების უსაფრთხოება უზრუნველყოფილ იყოს და სახიფათო ინციდენტთა თავიდან აცილება მოხდეს კონფლიქტის ზონაში.
ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სირიაში მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების პერიოდი დასრულდა. შესაძლოა, ახლა ამ ტერიტორიაზე პარტიზანული ომები დაიწყოს, რადგან „დაიში“ ასე იოლად არ დათმობს პოზიციებს.
„შედეგებიდან გამომდინარე, სირიაში, ფაქტობრივად, ამერიკის მხრიდან პოზიციების დათმობა იკვეთება. თუ რამდენიმე წლის წინ მკაფიო პოზიციაზე იყო აშშ, რომ ასადის რეჟიმი უნდა წასულიყო, დღეს უკვე საუბრობენ სხვადასხვა ფორმატსა და ახალი გზების ძიებაზე. ეს გამოიწვია იმ შედეგმა, რომელიც დადგა. ასადის ჯარებმა რუსეთის დახმარებით მოახერხეს ძირითადი საყრდენი კერების გათავისუფლება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებებისგან. ცხადია, ისევ დარჩება მცირე კერები, რომელთაც შეეძლებათ, პარტიზანული ბრძოლების წარმოება. თუმცა ეს ბრძოლები ისეთი ეფექტის აღარ იქნება, როგორც ადრე. საბრძოლო მოქმედებების ის მასშტაბიც არ იქნება, რადგან „დაიშის“ ბოლო საყრდენი აბუ-ქემალი, ფაქტობრივად, გათავისუფლებულია. „დაიშს“ ის ძალა უკვე აღარ აქვს, მაგრამ გამორიცხული არ არის სხვა რეგიონებში მათი გააქტიურება“,-აცხადებს ამირან სალუქვაძე.
მისივე განმარტებით, სირიაში ვითარება წყნარდება, თუმცა შესაძლოა, ამ ტერიტორიაზე სულ სხვა პროცესები დაიწყოს. კერძოდ, რეგიონში მწვავედ დგას ქურთული საკითხი, რაც რამდენიმე სახელმწიფოსთვის სერიოზული გამოწვევაა. სირიის გარდა, ესენია ერაყი, ირანი და თურქეთი.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სირიის კონფლიქტი პრაქტიკულად უკვე გადაჭრილია სამხედრო გზით და ახლა უშუალოდ სირიის შიგნით აღარ შეიძლება სამხედრო გზის გამოყენება.
„როდესაც ბაშარ ასადი ეომებოდა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს, მაშინ სამხედრო გზა აუცილებელი იყო, მაგრამ ახლა, როცა ასადს თავის შიდა ოპოზიციასთან, თავის სირიელ მოქალაქეებთან აქვს დაპირისპირება, უკვე აღარ შეიძლება, სამოქალაქო ომამდე მიიყვანო საქმე და სამხედრო მანქანა გამოიყენო. რასაკვირველია, პარტიზანული მოქმედებები მაინც გაგრძელდება სირიის ტერიტორიაზე და პუტინსაც ეს უნდა. სანამ ასადს უჭირს და ქვეყნის შიგნით დიდი წინააღმდეგობა აქვს, მანამ მას სჭირდება რუსეთი თავისი არმიით. პუტინს ეს აწყობს, რადგან მან უკვე ფეხი დადგა ლატაკიაში (სირიული ამბოხის ეპიცენტრში) და იქ სურს თავისი გავლენის გაფართოება. ამერიკელებს იქ არავინ შეუშვებს, სირიის ტერიტორიაზე ამერიკელების ჭაჭანებაც ვერ იქნება. როგორ შეიძლება, გვერდიგვერდ ამერიკელებისა და რუსების ბაზები იყოს?!
მაგრამ რად გინდათ, ახლა კონგრესი იღებს კანონს, 4,5 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. ძირითადად ეს ეხება ფეისბუკში, ტვიტერში, სოციალურ ქსელებში გამოვლენილ რუსულ აგრესიას. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ უკრაინა მიიღებს 350 მილიონს, ხოლო საქართველო რას ღებულობს, ვერსად ვნახე. მგონი, არაფერს არ ღებულობს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ სირიიდან რუსეთი აღარ წამოვა, ყოველ შემთხვევაში, სანამ პუტინი არსებობს, რუსები ამ ტერიტორიას ვერ შეელევიან. სოსო ცინცაძე იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ დაახლოებით ასე მოხდა 1967 წლის ომის შემდეგაც, როცა ეგვიპტეში ჩასული თავად გახდა ამ ქვეყანაში რუსული გავლენის მომსწრე.
„ქაიროში დავდიოდი და ყოველ მაღაზიაში რუსული ლაპარაკი მესმოდა. ადგილობრივმა გამყიდველებმა და ოფიციანტებმა საყველპურო რუსული ხელად ისწავლეს, რადგან მათ ტერიტორიაზე 26 ათასი რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა“.