ხელისუფლება ირწმუნება, რომ სულ მალე პრემიებს შეელევა. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი თანდათან გადავლენ შრომითი ანაზღაურების ფიქსირებულ სისტემაზე და პრემიების განაწილებას მაქსიმალურად შეზღუდავენ.
მისივე თქმით, სახელმწიფო სახსრების ხარჯვა ეფექტურად და რაციონალურად უნდა ხდებოდეს. ამ მიზნით პარლამენტში შესაბამისი პროექტია წარდგენილი შრომითი ანაზღაურების თაობაზე, რომლის მიღების შემდეგაც სრულად მოწესრიგდება ეს სისტემა.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ეს საკითხი უკვე მოწესრიგებულია, სადაც არც ერთი დეპუტატი არ იღებს პრემიას. ანალოგიურად, კანონის საფუძველზე პრემიების საკითხი მოწესრიგდება საჯარო სამსახურის სხვა სფეროებში, მათ შორის, აღმასრულებელ განშტოებაში. აქ საუბარია მხოლოდ შრომით ანაზღაურებაზე, რომელიც შედგება სარგოსა და დანამატისგან.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ახლა მთავარია აღსრულების პროცესი. მით უმეტეს, რომ ჩვენს ჩინოვნიკებზე ისეთი მასშტაბის პრემიები რიგდება, რაც საზოგადოების განწყობაზე ცუდად აისახება. ჩვენ ვისმენთ, რომ წელიწადში რამოდენიმეჯერ რომელიღაც ჩინოვნიკი რამდენიმე ათას ლარს იღებს. ეს ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, კორუფცია უკვე სახელმწიფოს დონეზეა აყვანილი, ანუ ქრთამს უკვე ოფიციალურად ბიუჯეტიდან იღებენ და ვერავინ შეედავება ჩინოვნიკს, რომ მას ტყულად ურიგებენ პრემიებს. ეს მართლაც მახინჯი სისტემაა.
ექსპერტის თქმით, ამას ემატება ისიც, რომ ხშირად არასწორად შუქდება პრემიების საკითხი. შესაძლოა, ჩინოვნიკი წელიწადში 12 ან 14 ათასი ლარის ოდენობით პრემიას იღებს, მაგრამ რიგით მოქალაქეს ჰგონია, რომ პრემიის ოდენობა ყოველთვიურად 12 ათას ლარს შეადგენს. ამდენად, რისხვა მიდის პრემიის ამღებამდე.
„პირველ რიგში, პრემიის საკითხი ეხება თანაბარ პოზიციაზე მყოფ ადამიანებს, რომლებიც იკავებენ თანამდებობებს სახელმწიფო სამსახურებში, მინისტრები იქნება ეს, მინისტრის მოადგილეები, თუ დეპარტამენტის თავმჯდომარეები, ანუ ვინც იღებს ამ პრემიებს. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ისინი ყველანი უკლებლივ მუშაობენ თანაბრად და იხარჯებიან თანაბრად. თუმცა, რეალურად, მათ შორის განსხვავებაა.
ამდენად, ფიქსირებულ ხელფასებზე გადასვლა იმდენად აღარ გააღიზიანებს საზოგადოებას, მაგრამ გააჩნია, რამდენი ხელფასი ექნებათ ჩინოვნიკებს. თუ მათი ხელფასი რამდენიმე ათასი ლარი იქნება, მაშინ იგივე გამოდის. უბრალოდ, მას პრემია არ დაერქმევა და დაერქმევა სოლიდური ხელფასი. მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, პრემიას დავარქმევთ, დანამატს, თუ თანამდებობრივ სარგოს? ეს ხომ უბრალოდ ტერმინების შეთამაშებაა? ზოგადად, ადამიანებს პრემიებს აძლევენ კარგი მუშაობისთვის, მაგრამ, როდესაც რიგითი მოქალაქეები ხედავენ, რომ ჩინოვნიკი თუ უბრალო მოხელე არაფერს აკეთებს და მაინც ღებულობს პრემიას, მათი გულისწყრომა უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული“,-აცხადებს პაატა აროშიძე, რომლის აზრითაც, მთავარია, რამდენად დიდია დისპროპორცია საშუალო ხელფასსა და ჩინოვნიკის ხელფას-პრემია-დანამატს შორის.
მისივე განმარტებით, უკვე განსაზღვრულია, რომ საშუალო ხელფასი 600-700 ლარის ოდენობითაა. რასაკვირველია, ესეც საკამათოა, მაგრამ, როცა ჩინოვნიკის ხელფასი, პრაქტიკულად, ზემოაღნიშნულზე ხუთჯერ მეტია და პენსიონერის პენსიას 20-30-ჯერ აღემეტება, ეს უკვე პრობლემებს ქმნის.
ექსპერტი სხვა პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას. თუკი მაღალ ხელფასებსა და პრემიებს მიჩვეულ ჩინოვნიკებს ყოველთვიური თუ ყოველწლიური შემოსავალი შეუმცირდებათ, ეს ხომ არ გამოიწვევს კორუფციის ისევ აყვავებას? ვთქვათ, ზედამხედველობის სამსახურის რომელიმე ხელმძღვანელს შეუმცირდა ყოველთვიური დანამატი და პრემია, იგი ხომ არ დაუბრუნდება ძველ სისტემას? ამიტომ პრემიების ოდენობა მხოლოდ ციფრობრივი მაჩვენებლით არ გამოიხატება, აქ ცხოვრების დონეც გასათვალისწინებელია.
„პრემირების სისტემის დაწესებისას თავს იმართლებენ, რომ ეს იმიტომ კეთდება, ჩინოვნიკებს ხელი არ გაექცეთ სხვა შემოსავლისკენ. ამიტომ საჭიროდ მიიჩნევენ სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირებას. ეს გასაგებია, მაგრამ, რეალურად, როდესაც ცხოვრების დონე დაბალია ქვეყანაში, შენს ათეულ თუ ასეულ ჩინოვნიკს ძალიან მაღალი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს. ამის მიზეზით ხდება, რომ ყველა ისწრაფვის პოლიტიკისკენ, სახელმწიფო სამსახურებისკენ. უმაღლეს სასწავლებელდამთავრებულებს შორის ძალიან მცირეს აქვს სურვილი, კერძო სტრუქტურაში წავიდეს და საკუთარი ბიზნესი აკეთოს. მათ იციან, რომ სახელმწიფო უწყებაში ბევრად უფრო მაღალი ანაზღაურებაა, ვიდრე კერძო უწყებაში.
უცხოეთში ეს სისტემა სხვაგვარადაა აგებული. სახელმწიფო სამსახურში ძირითადად მიდიან იდეური პიროვნებები, რომელთა სურვილია, საკუთარ ქვეყანას ემსახურონ. დასავლეთში პრემიების საკითხი იმის მიხედვითაა გადაწყვეტილი, ვის რა სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის და არა ისე, ყველას ერთნაირ თარგზე მოეჭრას ხელფასი თუ პრემია“.
ყოფილი დისიდენტი, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ პრემია იქნება, დანამატი თუ ჯილდო, ხელისუფლების მხრიდან ამ ფუფუნებაზე უარის თქმა მხოლოდ პიარია, რათა მოატყუონ ქართული საზოგადოება და დაარწმუნონ, როგორ ზრუნავენ მათზე.
სინამდვილეში, ეს ადამიანები საკუთარი კეთილდღეობისთვის არიან ხელისუფლებაში და ცდილობენ, ისეთი მექანიზმის მოფიქრებას, რათა ხალხის ხარჯზე როგორმე დააფინანსონ საკუთარი არსებობა. რეალურად, თუ რამის გაკეთება უნდათ, ამ პრობლემის გადაჭრა ძალზე მარტივია. მათ უნდა დაადგინონ, რომ არ შეიძლება, ჩინოვნიკმა მიიღოს გარკვეულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ანაზღაურება.
„თუკი ფიქრობ, რომ საარსებო მინიმუმით და მინიმალური პენსიით უნდა იცხოვროს შენმა თანამემამულემ, მაშინ შენც იმყოფინე ასეთი შეფარდება, ანუ საარსებო მინიმუმსა და პენსიაზე ათჯერ მეტი ხელფასი. კი ბატონო, საარსებო მინიმუმთან შედარებით, თუნდაც ათჯერ და ოცჯერ მეტი ხელფასი მიიღე, მაგრამ არა უზომო რაოდენობის. ჯერ მსოფლიოში არ ყოფილა შემთხვევა, ადამიანს ეთქვას, რომ მე მეყოფა ესა თუ ის თანხა. ამის მრავალი მაგალითი გვაქვს საქართველოშიც, რომ სწორედ მდიდრები ყიდულობენ ერთ ლარად ქონებას და ლოიალობისთვის ხელისუფლება ვიღაცას ჩუქნის მიწებს. ჩვეულებრივი ადამიანისთვის არა მგონია, ვინმეს რამე ეჩუქებინოს.
რაც შეეხება მოსაზრებას, თითქოს შემცირებული პრემიების გამო ჩინოვნიკს კორუფციისკენ გაექცევა თვალი, ეს არ არის არგუმენტი. ჩინოვნიკს ისედაც გაექცევა თვალი და ხელფასი ვერ დააკავებს. ამიტომ მორალური კლიმატი უნდა შეიქმნას ქვეყანაში, რომ ჩინოვნიკს კორუფციისკენ თვალი არ გაექცეს. ისეთი ხალხი უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელთაც ქვეყნის ბედი აინტერესებთ. ცხადია, ყველა ადამიანს კომფორტში სურს ცხოვრება, მაგრამ ეს კომფორტი შინაგანად, სინდისით უნდა იყოს გაკონტროლებული და არა მხოლოდ დემაგოგიით. ამიტომ ესეც ხალხის მორიგი მოტყუებაა. ეს არის ხელისუფლების ქმედება, რათა ააყვიროს ტაშის დამკვრელები, ვითომ როგორ ზრუნავენ საზოგადოებაზე და გადაფარონ ის, რაც ხდება ქვეყანაში. ქვეყანაში კი ლარის კურსი დაცემულია და ხელისუფლება გვიმტკიცებს, არანაირი ხიფათი არ არის, მხოლოდ შოკია, ანუ ყველაფერი გეჩვენებათო. მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდათ? თუ შოკია, ნუ შექმნიან ამ შოკს“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.
მანვე განმარტა, რომ, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება საბჭოთა კავშირი, როცა პირადად მან პატარაობისას ტელევიზორში მოისმინა დღემდე აუხსნელი ფრაზა: „ხალხზე ზრუნვით, ხალხის მოთხოვნით, ხალხის კეთილდღეობისთვის პარტიამ გააძვირა შაქარი“.