მეგის ქარდავა ნაცემია. მიყენებული ფიზიკური დაზიანებების მოტივით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც უკრაინული მხარე საქართველოში ექსტრადიციისთვის ამზადებს, სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე ვერ გამოცხადდა. როგორც ქარდავას უკრაინელი ადვოკატი მიხეილ ლოტოცკი აცხადებს, მეგის ქარდავას დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე გაუსწორდნენ და აღენიშნება დაზიანებები სახის არეში.
„მეგის ქარდავა ნაცემი იყო დაკავებამდე. მას დარჩა ამ ცემის კვალი. შესაბამისად, ის არ უცემიათ დაკავებისას ან იზოლატორში ყოფნისას. როგორც აღვნიშნე, ის ნაცემი იყო დაკავებამდე, თუმცა ინფორმაციას იმის თაობაზე თუ ვინ ცემა, არ ვფლობ და თვითონ მეგის ქარდავა არ ამბობს.
მეგის ქარდავა აღნიშნულ სხდომაზე არ იმყოფებოდა, ვინაიდან ჩვენ შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს, რომ მეგის ქარდავას იზოლატორი არ დაეტოვებინა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. ამიტომაც ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით მოხდა მასთან დაკავშირება“, - განაცხადა მიხეილ ლოტოცკიმ.
ივანო-ფრანკოვსკის ოლქის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება მეგის ქარდავასთვის 40-დღიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო, ძებნილი პირის დაკავებიდან 40 დღეში ამოწმებს, მიღებულია თუ არა ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნიდან შესაბამისი საექსტრადიციო დოკუმენტაცია.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში უკვე გადაგზავნილია დოკუმენტაცია საერთაშორისო ძებნაში მყოფი მეგის ქარდავას ექსტრადიციის თაობაზე. ვინაიდან საქართველოს პროკურატურამ აღნიშნული მასალები უკვე მიაწოდა უკრაინულ მხარეს, ადგილობრივი სასამართლო სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტს ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობის გაგრძელების საკითხს.
მეგის ქარდავა უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს. ყოფილი მაღალჩინოსანი ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 13 თებერვლიდან იძებნებოდა. ქარდავა თავს თურქეთს და საბერძნეთს აფერებდა. ბოლო კი, თურქეთში იმყოფებოდა.
მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მეგის ქარდავა ბრალდებულია ადამიანების წამებაში, რამდენიმე მკვლელობაში, ასევე პატიმრების გაუპატირების ორგანიზებაში. გარდა ამისა, ქარდავა მსჯავრდებულია: ციხის ბუნტის, პატიმართა წამების, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის, ე.წ. „კასრების“, ბ.რ.-ს წამებისა და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და მკვლელობის საქმეებზე.
გარდა ამისა, ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება ქარდავას ბრალდების ოთხი სისხლის სამართლის საქმე, კერძოდ: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე; ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე; მალხაზ არქანიას წამების საქმე; ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე. მიუხედავად ამისა, ქარდავა ბრალს არ აღიარებს.
for.ge-სთან საუბრისას ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფმა ქარდავამ უკრაინული მხარისგან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, როგორი იქნება უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება.
მალხაზ ველიჯანაშვილი: რამდენადაც ვიცი მან მიმართა უკრაინულ მხარეს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით. ვერ გეტყვით როგორი იქნება უკრაინული მხარის გადაწყვეტილება. არ ვიცი რა სიმაღლეზეა უკრაინაში სასამართლო, რა განწყობა არის. რაც შეეხება ექსტრადირებას, იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინა არ გადმოსცემს საქართველოს მეგის ქარდავას. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
რაც შეეხება ქარდავას ცემის ფაქტს, თქვენთვის თუ არის ცნობილი, ვისი მხრიდან მოხდა ძალადობა ქარდავაზე?
- ჩემი უკრაინელი კოლეგისგან ვიცი, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე სცემეს და აქვს დაზიანებები. დეტალები არ ვიცი, არ ვიცი ვინ იძალადა მასზე. პროცესზე უკრაინელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მას დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე გაუსწორდნენ და აღენიშნება დაზიანებები სახის არეში. დაზუსტებით ამ ეტაპზე არ იციან, თუ ვინ სცემა. მეგის ქარდავა პროცესზე ვერ მივიდა და ციხიდან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ჩაერთო. მას სასამართლოზე ჩართვისას უთქვამს, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
რა საფრთხე ემუქრება მას და ვისგან?
- თავად აცხადებს, რომ უკრაინის ციხეში საფრთხე მომდინარეობს რუსული სპეცსამსახურების და კრიმინალების მხრიდან. რაც შეეხება საქართველოს, ვერ გეტყვით რამდენად მოწვდებიან რუსული სპეცსამსახურები, მაგრამ კრიმინალებისგან რომ საფრთხე ემუქრება, ეს აშკარა არის.
ბაჩო ახალაიას შემთხვევაშიც ანალოგიური განცხადებები კეთდებოდა, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა კრიმინალებისგან, მაგრამ რეალურად საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არც ერთ ბრალდებულ ყოფილ მაღალჩიონოსანს არ შექმნია საფრთხე, ქარდავასთან მიმართებაში რატომ შეიძლება დადგეს ეს საფრთხე?
- იმიტომ, რომ ქარდავასთან მიმართებაში უფრო არის აგრესია, ვიდრე ახალაიასთან მიმართებაში. საქართველოში მას საფრთხე ემუქრება, იმის მიხედვით, სად მოხდება მისი განთავსება, როგორ და რა ვითარებაში. ბაჩო ახალაია თავდაპირველად მოათავსეს გლდანის ციხეში, სადაც 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ყოველდღიური სტრესი იყო. ადვოკატთთან შევხედრაზე ყოველდღიური შეხება ჰოქნდა კრიმინალებთან, რაც სერიოზული საფრთხის შემცველი იყო.