„ეს ქალაქი მარტო ჩემი და მარტო ჩემი პასუხისმგებლობა არ არის“

„ეს ქალაქი მარტო ჩემი და მარტო ჩემი პასუხისმგებლობა არ არის“

რეფორმები, რომლის გატარებას ახალი მერი აპირებს, როგორც ჩანს, ბევრისთვის მტკივნეული იქნება. კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიუროკრატიული მანქანა მერიაში დაინგრეს. აშკარაა, რომ ახლად არჩეული მერი მისი წინამორბედის საქმიანობით უკამყოფილოა. თბილისის მერმა „თბილსერვისის“ ხელმღვანელთან ერთად თბილისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები დაათავლიერა.  

ამ თვალსაზრისით, რომ დედაქალაში უმძიმესი მდგომარეობაა და, მით უფრო, ღამის საათებში რომ უსაფრთხო არ არის, ამ პრობლემის შესახებ წლებია თბილისის მოსახლეობა ღიად საუბრობს. კახა კალაძე გმირთა მოედანზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში იმყოფებოდა. კალაძე არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ნანახი კრიტიკას ვერ უძლებს.

თბილისის მერმა „თბილსერვისის“ ხელმღვანელს, ლევან ჯღარკავას პირველი დავალებაც მისცა. კონკრეტულად, დღესვე დაიწყოს სამუშაოების შესრულება, მორეცხვა, ელექტროგაყვანილობა და განათება, რაც თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში არ არსებობს.

„აქ არაფერი არ არსებობს. სხვათა შორის იყო განათება, თუმცა მოგლეჯილი დაზიანებული და გაუბედურებულია. ყველაფერი, რაც შეიძლება მწყობრში უნდა მოვიყვანოთ და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, როდესაც ისარგებლებენ გადასასვლელით, ელემენტარული სისუფთავე იყოს და კომფორტულად შეეძლოთ გადაადგილება.

ჩვენ შევიმუშავებთ საკრებულოსთან ერთად, რომ მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა იყოს ადამიანისთვის კომფორტული და არ იყოს ის სიტუაცია, რაც დღეს ვნახეთ. შეუძლებელია, პირბადის გარეშე გაიარო გადასასვლელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერმა ასევე მიმართა ახალგაზრდებს, გამოიყენოს მათი ნიჭი და მონაწილეობა მიიღონ გვირაბების მოხატვაში. შესაბამისად, მომდევნო დღეების  განმავლობაში, მერია ახალგაზრდებს შესთავაზებს კონკრეტულ ადგილებს, სადაც უნდა განხორციელდეს მოხატვითი სამუშაოები. გარდა ამისა, თბილისის არჩეულმა მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას 10 დღის ვადაში, მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით, ერთიანი სტანდარტის შემუშავებაც დაავალა.

„ჩვენ ვიცით, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები ქალაქში ზოგი არის გასხვისებული, ზოგი იჯარით გაცემული. ჩვენ არავის საკუთრებას არ ვეხებით. მინდა, უბრალოდ, გთხოვოთ, რომ ერთიანი სტანდარტი იყოს შემუშავებული. სრული სურათი წარმოადგინოთ 10 დღის განმავლობაში და ყველა ადამიანმა, მესაკუთრემ თუ ვისაც იჯარით აქვს აღებული, კეთილი უნდა ინებოს და ერთიან სტანდარტში უნდა მოიყვანოს არსებული სიტუაცია მიწისქვეშა გადასასვლელებში, რადგან გადასასვლელებით უამრავი ადამიანი სარგებლობს. ბევრ კონკრეტულ ადგილზე არის მძიმე მდგომარეობა და ეს უნდა მოვაგვაროთ ძალიან სწრაფად“, - აღნიშნა კალაძემ.

კიდევ ერთი თემა, რომელიც ასევე თბილისის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებულ იმ რეგულაციების არსებობას ეხება,  რომლის აღსრულება არ ხდება. თბილისის არჩეულმა მერმა კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობას მოუწოდა, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

„ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან უამრავი ადამიანი მგზავრობს ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსით, მას ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში.

შესაბამისად, მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა არის ძალიან პრინციპული, ძალიან მნიშვნელოვანი და ის, რომ ზაფხულში კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხრჩობოდა, ვეღარ იქნება და აღარ იქნება - ეს დასრულდება. კეთილი ინებოს კომპანიამ და მისმა ხელმძღვანელობამაც და ის რეგულაციები, რაც არის, აღასრულოს. ამასთან დაკავშირებით მექნება შეხვედრები და კონკრეტულ ხედვებს გავაჟღერებ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმის გაზრდას, თბილისის არჩეული მერი საჭიროდ მიიჩნევს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრების დაწესებული 5-ლარიანი ჯარიმის გაზრდას.

„ეს საჭიროა! ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცაზე და ბევრი მიმართულებით მოგვიწევს მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ჩართულობა და მათი თანადგომა იქნება ძალიან მაღალი. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ეს ქალაქი მარტო ჩემი და მარტო ჩემი პასუხისმგებლობა არ არის.

რა თქმა უნდა, მე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, ვარ ხალხის მიერ არჩეული მერი, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქალაქის მოწესრიგებაში, აღმშენებლობაში, განვითარებაში და ამის პლატფორმას ჩვენ შევქმნით - მივცემთ ადამიანებს ამის შესაძლებლობას. სირცხვილი უნდა იყოს, თუნდაც, ქუჩაში ნაგვის გადაყრა, სიგარეტის გადაგდება და ა.შ. მესმის, რომ ეს რთული გვეჩვენება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ შესაძლებელია“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კალაძემ.