შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზა შეიქმნას

შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზა შეიქმნას

საქართველოში შესაძლოა, სისტემური ელექტრონული ფორმით მოთამაშეთა ერთიანი რეესტრი და თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნას. ამის შესახებ „ლატარეების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ შემუშავებულ კანონპროექტშია აღნიშნული.

პროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა და პროექტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული. სამომავლოდ ყველა სათამაშო ბიზნესდაწესებულებას ვალდებულება ექნება, სათამაშოდ დაშვებამდე მოთამაშეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში.

დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანილი მოთამაშე აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) აღარ დაიშვება. აკრძალვა შეეხება სისტემური ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან თამაშობასაც. ორგანიზატორის მიერ დამოკიდებულ პირთა აზარტულ ან მომგებიან თამაშობაზე დაშვება 5000 ლარით დაჯარიმებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.  

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა ერთიან მონაცემთა ბაზის შექმნა შეამცირებს თუ არა იმ ლეტალურ შემთხვევებს, რაც ზოგჯერ სამორინეებთან მეგობრობას მოჰყვება?!

არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აზარტული სენით დაავადებული ადამიანი არ შეიძლება განვსაზღვროთ იმით, დღეს ათი ათას დოლარს წააგებს, თუ ე.წ. პოკერკლუბში 20 ლარს დატოვებს. ერთი საწამლავითაა ყველა მოწამლული და ბევრად მეტი ფული რომ მისცე, 20 ლარიდან „გადაჯდება“ და 2 ათასს დახარჯავს კაზინოში. ამ ადამიანების სამკურნალო ფორმა არ არსებობს, რადგან დამტკიცებულია, რომ შეიძლება ნარკომანი განკურნო, მაგრამ მოთამაშე არ განიკურნება. შესაბამისად, ლოგიკური კითხვა ჩნდება, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა ერთიანი ბაზის შექმნა რას მოგვიტანს? ხომ არ მოგვიტანს იმას, რომ მაქსიმალურად გაკონტროლდებიან ის პიროვნებები, რომლებიც კაზინოებში დიდ ფულს იგებენ, მაგრამ კაზინოს არ სურს ამ ფულის გადახდა?! 

„ერთს ფაქტს გავიხსენებ, ერთ-ერთი პიროვნება -კახა მ.. ლაივში, ანუ პირდაპირ ეთამაშა „აჭარაბეთს“ და მას 74 ათასი ლარი მოუგო. კახა მ..მ ღამის სამ საათზე აიღო მოგებული 20 ათასი ლარი, დანარჩენი 53 ათასი ლარი კი ახლაც ასაღები აქვს. რა გააკეთა ამ დროს კაზინო „აჭარამ“? „აჭარაბეთმა“ რომ წააგო, ეს ბიჭი გამოაცხადა კრიმინალად და მას სისხლის სამართლის საქმეც აღუძრეს, თითქოს იგი შულერი იყო, რაც ვერ დაამტკიცეს. გამოაცხადა იგი თაღლითად და განაცხადა, არ ვაძლევ ამ ფულსო. მანამდე კი ამ ბიჭმა გაყიდა ბინები, რათა წაგებული თანხა მიეტანა „აჭარაბეთში“. ამიტომ ვფიქრობ, ახალი ინიციატივაც კაზინოების სასარგებლოდაა. სწორედ ასეთ ადამიანებს შეიყვანენ შავ სიაში, რითაც ისინი შეიზღუდებიან. უამრავი ასეთი შემთხვევაა, დაწყებული ბათუმიდან, დამთავრებული პლეხანოვის პოკერ კლუბებით, როდესაც იგებს მოთამაშე, მილიონიც მოუგიათ, 50 ათასიც, მაგრამ არ იძლევა კომპანია არაფერს, აცხადებს რა, თითქოს მოგებული პირი შულერია. 12 ასეთი დაზარალებული მყავდა, რომელიც მეუბნებოდა, კაზინოში ფული მოვიგე, მაგრამ არ მაძლევენ თანხას. თუმცა წაგებისას 200 ათასი ლარი რომ მივიტანე და ჩავაბარე, მაშინ ხომ კარგი ბიჭი ვიყავი? ახლა გამაშავეს“, - აცხადებს გიორგი ბურჯანაძე და მიიჩნევს, რომ არასასურველი კლიენტურის ჩამოცილების შემდეგ ახალი არიფებით შეივსება ეს სისტემა და სამორინეები ახლებისგან ამოიღებენ თანხებს.

საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი ზურაბ ვახანია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აზარტული თამაშები საქართველოსთვის ერთ-ერთი დიდი უბედურებაა და მისგან თავდაცვის ყველანაირი საშუალება მისასალმებელია. თუმცა გასაკვირია, მოთამაშის გვარი და სახელი თუ არ იციან, მაშინ როგორ აკონტროლებენ ამ პროცესს?!

ზურაბ ვახანია მიიჩნევს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა ერთიან მონაცემთა ბაზის შექმნა არასაკმარისია, გაცილებით მეტი რადიკალური ღონისძიებების მიღებაა საჭირო, რასაც არ აკეთებენ.

„თქვენ გახსოვთ, პარლამენტარი კობა დავითაშვილი რამდენს ცდილობდა, ლამის შიმშილობაც გამოაცხადა, რომ ეს საკითხი მოეგვარებინა. იმ პერიოდში კაზინოების აკრძალვაზე არც იყო საუბარი, უბრალოდ, ტოტალიზატორების შეზღუდვას ცდილობდა, მაგრამ ვერ მიაღწია. არადა, ტოტალიზატორის რეკლამა მაინც ნუ გავა ეთერში და სკოლის გვერდით ნუ განათავსებენ ასეთ დაწესებულებას. ზოგიერთ სახელმწიფოში გართობის ეს სახეობა მთლიანად აკრძალულია, ზოგან ქალაქგარეთაა გატანილი და გარკვეული შეზღუდვებიც არსებობს. ჩვენთან სრული თავისუფლებაა.

რატომ უჩნდებათ მოზარდებს სურვილი, ჩაერთონ კაზინოების სქემაში და თავი უაზროდ დაიღუპონ? ეს არასწორი აღზრდის ბრალია. საბოლოოდ ყველაფერი მიდის არასწორ აღზრდამდე. ნარკომანიის მიზეზი რა არის? აგრესიულობისა და ძალადობის მიზეზი რა არის? მიზეზი საერთოა - არასწორი აღზრდა და ფსიქოლოგიის უგულებელყოფა აღზრდის დროს. რაც ხდება ოჯახში, შემდეგ- სკოლასა და მთელ საზოგადოებაში, ამით მახინჯდება ბავშვი. ამაში სცოდავენ მშობლებიც და სკოლაც. თანაც, წვრილმანებზე კი არ არის აქ საუბარი, არამედ ბავშვის აღზრდისას დაშვებულ უხეშ შეცდომებზე.

კაზინოზე დამოკიდებულებას ცალკე ვერ ვუმკურნალებთ, ზოგადად უნდა იყოს ჯანსაღი აღზრდა, რადგან უხეში შეცდომები აუცილებლად გამოიწვევს ბავშვის გადახრას.  თანაც, ინდივიდუალურ ტიპს გააჩნია, ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში, ეს გამოვლინდება ძალადობაში, ზოგისთვის აზარტში, ზოგისთვის ნარკომანიაში. ზოგი კი ქუჩაში მიდის და ქურდი და დამნაშავე ხდება. ამიტომ ბავშვი ჯანსაღი ფსიქიკით უნდა გაიზარდოს“, - აღნიშნა ზურაბ ვახანიამ.