საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის უმაღლესი განათლება სავალდებულო იქნება. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი თემურ თორდინავა აცხადებს, ეს სიახლე 2024 წლის სექტემბრიდან შევა ძალაში. ხოლო 2024 წლამდე აღმზრდელი პედაგოგისთვის ვალდებულებას არ წარმოადგენს ბაკალავრის ხარისხი.
„რატომ 2024 წლიდან? იმიტომ, რომ უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით აღმზრდელი პედაგოგის სასწავლო პროგრამები დანერგონ. მანამდე კი პრობლემები რომ არ შეიქმნას, პედაგოგთა გადამზადება მოხდება“, - აცხადებს თემურ თორდინავა, რომლის თქმითაც, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში დღეს 2500 აღმზრდელი მუშაობს, რომელთაგან შესაძლოა, ყველამ აღმზრდელი პედაგოგის სტატუსი ვერ მიიღოს, მაგრამ მათი გადამზადება აუცილებლად მოხდება.
საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის უმაღლესი განათლების დაუფლებას არსებით საკითხად არ მიიჩნევს საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, ექსპერტი განათლების საკითხებში, პროფესორი ზურაბ ვახანია. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ საბავშვო ბაღის აღმზრდელს მაინდამაინც არ სჭირდება უმაღლესი განათლება, მაგრამ აღმზრდელებისთვის ტრენინგები აუცილებელია. უფრო მეტიც, უმაღლესი განათლება ტრენინგს ვერ შეცვლის, რადგან ტრენინგის დროს აღმზრდელებს ასწავლიან ზუსტად იმას, რაც მათ ბავშვებთან ურთიერთობისას სჭირდებათ.
„მთავარია, ვიცოდეთ, რა მიზანი აქვს საბავშვო ბაღს. სამწუხაროდ, დღეს არ ვიცით, რა არის ეს მიზანი. მშობლებისთვის მთავარია, სადღაც ატარონ ბავშვი. თუ ჩვენ გვინდა, საბავშვო ბაღი განათლების ნაწილი გახდეს, მაშინ ცოტა სხვაგვარი სისტემის შექმნაა აუცილებელი. 5 წლის ბავშვისთვის აუცილებლია განათლების მიცემა შესავლის სახით, რაც სწორედ საბავშვო ბაღში უნდა მოხდეს. ვიმეორებ, ეს ეხება მხოლოდ საბავშვო ბაღის ბოლო წელიწადს, ანუ 5 წლის ასაკის ბავშვს. ამ დროს რატომღაც ჩვენთან 5 წლის ბავშვები სკოლებში შეჰყავთ, ეს საშინელი შეცდომა და დანაშაულია. რატომღაც საბავშვო ბაღის აღმზრდელები არასწორად იქცევიან, როცა ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიან, გაუგებარ სიტყვებს აზეპირებინებენ.
ბავშვებს ასწავლიან ინგლისურს, რუსულს. ეს დიდი უაზრობაა და ამას იმიტომ აკეთებენ, რომ არ იციან, როგორ მოიქცნენ ბაღში. ჩემი აზრით, ბაღის აღმზრდელთა ტრენინგიც არ არის საჭირო, სანამ მეცნიერულად დასაბუთებული კონცეფცია არ შემუშავდება. მთავარია, ამ კონცეფციაში მიზნები ჩაიწეროს და ამის შემდეგ დაკონკრეტებული პროგრამა შემუშავდეს. ამის ნაცვლად, დღევანდელი პროგრამა რომ ნახოთ, სულ ზოგადი ფრაზებია ჩაწერილი და როგორ განავითარონ ბავშვი, არ იციან“, - აცხადებს ზურაბ ვახანია.
მისივე აზრით, ბავშვი ეგრევე პირველ კლასში კი არ უნდა შევიყვანოთ, არამედ ნული კლასი უნდა იყოს და პატარამ თავი იგრძნოს საბავშვო ბაღის გარემოში. ამასთან, კიდევ ერთი საკითხია მოსაგვარებელი, საბავშვო ბაღის ჯგუფებში აუცილებელია ბავშვების რაოდენობის შეზღუდვა. ამ პრობლემის მოგვარების გარეშე ვინმეს აღზრდაზე საუბარი ზედმეტია. იმდენი ბავშვია თავმოყრილი საბავშვო ბაღში მცირე ფართობზე, რომ ვერანაირი პროგრამა ვერ იმუშავებს. თუმცა ეს ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება და რთულია ამის განხორციელება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ თავის დროზე თბილისში სპეციალური სამსახური არსებობდა, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგებს ამზადებდა. დღეს კი ეს ინსტიტუტი მოიშალა.
„როგორ ფიქრობთ, საბჭოთა წყობის დროს გაუნათლებელი, პრაქტიკის არმქონე ადამიანები გვასწავლიდნენ? პირიქით, სკოლამდელი აღზრდის სისტემა მოწესრიგებული იყო. რა თქმა უნდა, პატარებთან ურთიერთობისას შესაბამისი განათლება, კვალიფიკაცია უნდა გააჩნდეს ამ სისტემაში მომუშავე ადამიანს. ეს აპრობირებული მეთოდია, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობს. მით უმეტეს, საქართველოსთვის არანაირ პრობლემას არ არის იაკობ გოგებაშვილის სახელობის ინსტიტუტების გახსნა და იქ სპეციალისტების აღზრდა. შეგახსენებთ ბოლო დროს მომხდარ ფაქტს, როცა ინკლუზიურ ჯგუფში ერთ-ერთი ბავშვი გადმოვარდა და ამ ფაქტის გამო ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ეს ზუსტად იმის ბრალია, რომ აღნიშნულ ჯგუფებში არ ჰყავთ კვალიფიციური სპეციალისტები და იქ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს ნიშნავენ“,-აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.
მისივე თქმით, თორდინავასნაირები იცვლებიან, მაგრამ საბოლოოდ არაფერი კეთდება, რადგან ბაღების სამმართველოში შექმნილი კორუფციული სისტემა რეკომენდაციების შესრულებას და თავიანთი ჯიბეების დაცარიელებას არ ითვალისწინებს. ამიტომაცაა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ პროექტს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო არ ახორციელებს. ბაგა-ბაღებში ხორცისა და რძის პროდუქტები ფალსიფიცირებულია და ნატურალური პროდუქტების ნაცვლად, ფალსიფიცირებულ რძის ფხვნილზე დამზადებულ ყველს, არაჟანს ვთავაზობთ ბავშვებს.
„ის, რომ 2024 წლისთვის აღმზრდელი პედაგოგებისთვის უმაღლესი განათლება სავალდებულო იქნება, ვერაფერს შეცვლის. ამ პრობლემის მოგვარება სულ რაღაც 4-5 თვეში შეიძლება, არსებობს საბაზისო მექანიზმები, რომლითაც შეიძლება კვალიფიციური სპეციალისტები მივიღოთ“.