იყო დრო, როდესაც საქართველოში ხელბურთი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საერთაშორისო შეჯიბრებებზე, ასევე ყოფილი სსრკ-ის ჩემპიონატის შეხვედრებისას თბილისის სპორტის სასახლე ბოლომდე ივსებოდა. ქართული ხელბურთი ქვეყანაში წამყვან პოზიციებზე იმყოფებოდა.
სპორტის ამ სახეობაში ბოლო წარმატებები წინა საუკუნის 70-80-იან წლებს უკავშირდება, როდესაც თბილისის „ბურევესტნიკმა“ სსრკ-ის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა. ამავე პერიოდში ქვეყნის თასის დაუფლებაც შევძელით.
დღევანდელი წერილის მთავარი გმირი გამოჩენილი ხელბურთელი ალექსანდრე ანპილოგოვი იქნება, რომელიც საკუთარ კარიერას თავადვე გაიხსენებს.
„სიმაღლეში ზრდის პრობლემა არ მქონია, თუმცა წონას ვერ ვიმატებდი - 194 სანტიმეტრი სიმაღლის ვიყავი, მაგრამ მხოლოდ 46 კილოს ვიწონიდი. ექიმები მშობლებს ეუბნებოდნენ, დისტროფია სჭირს და მისგან სპორტსმენი არ გამოვა, იმაზე იზრუნეთ ჯანმრთელი გაიზარდოსო.
ჩემი უფროსი და, რაისაც სპორტსმენი იყო - ხელბურთს თამაშობდა. ბავშვობაში რაისა ჩემზე ფიზიკურად ძლიერი იყო და ყოველთვის მშურდა მისი. რაია ჩემზე ცხრა წლით უფროსი იყო... ერთხელ, მორიგი ტურნირიდან შინ დაბრუნებულმა, სახლში ხელბურთის ბურთი მოიტანა. მაშინ პირველად ავიღე ეს ბურთი ხელში. მეორე დილით ჩემმა დამ მთხოვა, ეზოში გამოდი, უნდა ვივარჯიშო და დამეხმარეო - კარში ჩამაყენა და ბურთის სწროლა დამიწყო. პირველი გამიტანა, მეორე კი თავში მომარტყა და კინაღამ გონება დავკარგე! გავბრაზდი, განახებ ვინაა ოჯახში კაცი-მეთქი და ვარჯიში დავიწყე. პირველად „ჩაჯდომა" ვცადე - ჩემი და ამ ვარჯიშს 50-ჯერ ასრულებდა, მე კი მეთორმეტეზე გული წამივიდა... მოკლედ, ძალიან სუსტი ვიყავი.
ხელბურთზე მეგობრებთან ერთად მივედი - გარი მაჭავარიანს მივაკითხეთ. მწვრთნელმა შემომხედა, სამედიცინო ცნობა მომთხოვა, არ მქონდა და თავი გააქნია - უარი მითხრა, მეგობრები კი მიიღო. ძალიან დამწყდა გული, ტრიბუნაზე მჯდარს ცრემლიც მომერია. ეტყობა ბატონ გარის შევეცოდე და მოედანზე მიხმო, თუმცა მითხრა: იცოდე, შენნაირს მოედანზე რომ ვუშვებ, ამის გამო შეიძლება დამიჭირონო... 14 წლის ვიყავი მაშინ და იმ დღის შემდეგ ხელბურთისთვის არ მიღალატია.
პირველ წლებში მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზე ვზრუნავდი, აბა სიმაღლე, ხომ გითხარით, არ მაკლდა. 1970 წელს, სკოლას რომ ვამთავრებდი, მოსწავლეთა საკავშირო ჩემპიონატში გავიმარჯვეთ. ეს ჩემი პირველი გასვლა იყო საქართველოს გარეთ - ლიტვაში ვითამაშეთ. მე მხოლოდ სამ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და ერთი გოლი გავიტანე, ერთხელაც პენალტი ვერ გამოვიყენე. მალე პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი - „ბურევესტნიკში" მიმიწვიეს. იქ დიდებული ხელბურთელები ჯემალ ცერცვაძე, იმედო ფხაკაძე და ანზორ ექსეულიძე მავარჯიშებდნენ, რომლებიც კარიერას ასრულებდნენ. თავდაპირველად მათი კეთილგანწყობა ვერ მოვიპოვე, არადა იმ დროს ორ მეტრზე მაღალი ვიყავი.
1973 წლის ზაფხული ბიძაშვილთან ერთად ზღვაზე გავატარე - აფხაზეთში ვისვენებდი. ის კარგი მოკრივე იყო და დილაობით სანაპიროზე ვარჯიშობდა. მეც ავყევი: ქვიშაში სირბილში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, ზღვაში ქვის შორს გადაგდებაზე, ცურვაში... მოკლედ, ლამის ორთვიანი შეკრება გამომივიდა. თბილისში რომ დავბრუნდი, გუნდთან ერთად სპორტის სასახლეს მივაშურე, მაგრამ ეტყობა ჩემზე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული - ყურადღებას არავინ მაქცევდა. შევნიშნე, რომ მოედნის ცენტრთან რამდენიმე ბურთი ეგდო. ერთ-ერთს დავწვდი და კარისკენ ვისროლე. ავაცილე. მეორედ და მესამედ უკეთ გამომივიდა. უცებ ვიგრძენი, რომ დარბაზში სიჩუმე გამეფებულიყო - მოვიხედე და თურმე ყველა მე არ მიყურებს! ერთ-ერთი მწვრთნელი მომიახლოვდა და მთხოვა კიდევ დამერტყა. ვიგრძენი, რომ სხვა თვალით მიყურებდნენ და ამან ძალა შემმატა. ის დღე იყო და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა - სხვა საშა ანპილოგოვი გავხდი. მალე „ბურევესტნიკის" ძირითადშიც დავმკვიდრდი.
სხვათა შორის, „ბურევესტნიკში" რომ მივედი, ქართულად კარგად ვერ ვლაპარაკობდი. ბიჭები დამეხმარნენ და ნელ-ნელა ენა ამოვიდგი.
1975 წელს, საკავშირო ჩემპიონატის მორიგი ტურის წინ ზაპოროჟიეში შევიკრიბეთ. სასტუმროში ნაკრების ხელმძღვანელებიც მოვიდნენ და გუნდის კანდიდატებზე ისაუბრეს. ცსკა-ს მწვრთნელმა იური პრედეხამ თქვა, ჟენია ჩერნიშევი ორ მეტრზე მაღალია და გუნდში უნდა ავიყვანოთო. იმ დროს ორ მეტრზე მაღლები ხელბურთში იშვიათობა იყო. იქვე ჩემმა მწვრთნელმა იმედო ფხაკაძემ დასძინა, თუ ერთი ორმეტრიანი აგყავთ, მეორემ რა დააშავა, აგერაა ანპილოგოვი და მასაც უხმეთო. ამის თქმა იყო და დარბაზში ხარხარი გაისმა. დაცინვა ვითაკილე და დარბაზიდან გავედი. ბატონი იმედო, რომელიც მაშინ „ბურევესტნიკის" მწვრთნელი იყო, გამომყვა და ჩემს გამხნევებას შეეცადა. მითხრა, შენ ოღონდ გული არ გაიტეხო, მოინდომე, ბევრი იმუშავე, ნახე, ნაკრებში მალე თავად დაგიძახებენო.
იმ ზაფხულს ლესელიძეში ვისვენებდი, თუმცა ვარჯიში არ შემიწყვეტია: ისევ ქვიშაში სირბილი, სიმძიმეების აწევა... სხვათა შორის, რბენას და ხტომას ვიქტორ სანეევი მასწავლიდა, რომელიც იქვე, სოხუმში ცხოვრობდა. „დინამოს" ბაზაზე ჩვენთან ერთად ვარჯიშობდნენ მოჭიდავეები. ლეგენდარულმა გივი კარტოზიამ იმედო ფხაკაძეს უთხრა, ამდენი ვარჯიშით საშას მოკლავ ან საუკეთესო სპორტსმენად აქცევო.
თბილისში დაბრუნებული ვგრძნობდი, რომ ფიზიკურად უკეთ ვიყავი მომზადებული. მალე საქართველოს რესპუბლიკის ნაკრების სახელით საკავშირო სპარტაკიადაზე ვიასპარეზეთ, სადაც მესამე ადგილზე გავედით. მე ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მაღიარეს. ამას თბილისის საერთაშორისო ტურნირი მოჰყვა გაზეთ „ზარია ვოსტოკას" პრიზზე. პირველ შეხვედრაში, თუ არ ვცდები, ცხრა ბურთი შევაგდე, მომდევნოში 11. საბოლოოდ ბომბარდირთა შორის მეორე ვიყავი - მხოლოდ პოლონელმა ეჟი კლემპელმა მაჯობა. არ გასულა ერთი თვეც და მოსკოვიდან დამირეკეს - ნაკრების ხელმძღვანელობა მეძახდა.
ნაკრებში პირველი შეხვედრა ავსტრიასთან ჩავატარე. მთელი პირველი ტაიმი სათადარიგოთა შორის ვიყავი, შესვენების შემდეგ კი მწვრთნელებმა მოედანზე შემიშვეს, მაინც ვაგებთ და მიდი, გვაჩვენე რა შეგიძლიაო. დავიწყე ტყორცნები და გოლი გოლზე გავიტანე. ერთ მომენტში მეტოქე მეუხეშა, მაგრამ ტრავმის მიუხედავად მაინც ვერ გამაჩერეს. საბოლოოდ ოთხი ბურთით მოვიგეთ. მას შემდეგ წლების მანძილზე გუნდის წევრი ვიყავი.
1976 წელს, მონრეალის ოლიმპიური თამაშების წინ მთავარ ფავორიტებად რუმინელები ითვლებოდნენ, იმ დროისთვის მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონები. ოლიმპიადამდე მათ ოთხჯერ ვეთამაშეთ ამხანაგურად და ყველა შეხვედრა წავაგეთ. მიუხედავად ამისა, გვჯეროდა, რომ იქ, ოლიმპიადაზე ჩემპიონობის ძალიან კარგი შანსი გვქონდა. ჯგუფური ტურნირის სტარტზე ორჯერ იოლად გავიმარჯვეთ - იაპონიას 26:16, კანადას კი 25:9 მოვუგეთ. მომდევნო შეხვედრაშიც თავდაჯერებულები გავედით, მაგრამ იუგოსლავიელებმა ორი ბურთით მოგვიგეს - 18:20. მერე გერმანელებსაც ვაჯობეთ და დანიელებსაც... ფინალში ჩვენს „კარგ ნაცნობებს" - რუმინელებს დავუპირისპირდით. კარგად ვითამაშეთ, მთელი შეხვედრის მანძილზე ჩვენ ვფლობდით უპირატესობას, თუმცა უკანასკნელ ხუთ წუთში სიტუაცია შეიცვალა - მეტოქემ იძალა და ანგარიში გაათანაბრა. სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი, როცა ჩვენი მწვრთნელი ანატოლი ევტუშენკო მოვიდა და მითხრა, ეხლა მოედანზე გახვალ, ბიჭებს დააწყნარებ და გოლს გაიტან! იცოდე, ვინც პირველი შეაგდებს, ჩემპიონიც ის გახდებაო... მეც მეტი რა მინდოდა?! თამაშში ჩართულმა მალე ბურთი ეფექტურად შევაგდე, საბოლოოდ კი 19:15 მოვიგეთ და ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით!
ვერ ვიტყვი, რომ ოქროს მედლების მოგება დიდი ზარ-ზეიმით აღვნიშნეთ. მსგავსი არაფერი ყოფილა. ისე, სამი ღამე ოლიმპიურ მედალთან ერთად მეძინა - მეშინოდა არ დამკარგვოდა.
თბილისში დაბრუნებულს მამამ გამარჯვება მომილოცა, თუმცა იქვე მირჩია, ეხლა მეტი თავმდაბლობა გმართებს და ეცადე ეს გამარჯვება დაივიწყო, ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ შენ ბევრისთვის სამაგალითო ხარ და არ შერცხვეო. ის სიტყვები ამდენი წლის შემდეგაც მახსოვს.
მედლებთან დაკავშირებულ ერთ სახალისო ამბავს გავიხსენებ, რომელიც ირიბად, მაგრამ მამის დარიგებასთანაცაა კავშირში. 1976 წლის სექტემბერში თბილისში „დინამოს" სტადიონი გაიხსნა და როგორც ოლიმპიური ჩემპიონი, მეც მიმიპატიჟეს. ვიფიქრე, ოლიმპიური მედალი როგორ არ უნდა გამოვაჩინო-მეთქი და მასთან ერთად თუ რამე ჯილდო მქონდა მოგებული, სამი-ოთხი მედალი, ყველაფერი ჩამოვიკიდე. მივედი სტადიონზე და ვიქტორ სანეევს შევხვდი, მთელი მკერდი ჯილდოებით აქვს სავსე! გავეხუმრე, სახლში მედლები არ დატოვე-მეთქი?! ვიქტორმა სერიოზულად მიპასუხა, ამათ გარდა 40 კილომდე ჯილდოები ჩემოდანში მაქვს ჩალაგებულიო... შემრცხვა. ვიფიქრე, ჩემი რამდენიმე მედალი ამ კაცის ტიტულებთან რა მოსატანია-მეთქი და მას შემდეგ მსგავს შეხვედრებზე ჯილდოებით მკერდდამშვენებული არასდროს მივსულვარ.
მონრეალის ოლიმპიური თამაშების მერე მსოფლიოს საუკეთესო ხელბურთელთა შორის მასახელებდნენ. სხვათა შორის, ორჯერ მსოფლიო ნაკრებშიც ვითამაშე!
1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე უკვე მთავარი ფავორიტები ვიყავით. ეს ორი მიზეზით იყო განპირობებული: ჯერ ერთი რომ თამაშები საბჭოთა კავშირში ტარდებოდა, მეორეც - იმ დროისთვის მართლა ძალიან ძლიერები ვიყავით. მიუხედავად ამისა, მაინც მეორე ადგილზე გავედით, რაზეც დღემდე გული მწყდება. მაშინაც ვთვლიდი და ეხლაც იმ აზრზე ვარ, რომ ფინალში ჩვენი წაგება მთავარი მწვრთნელის ანატოლი ევტუშენკოს ბრალია. ის ნიჭიერი სპეციალისტი კი იყო, მაგრამ განდიდების მანიით გახლდათ შეპყრობილი. ამის გამო ხშირად ექმნებოდა პრობლემები.
მონრეალის მსგავსად, მოსკოვის ოლიმპიადაც ძლიერად დავიწყეთ. ჯგუფში მხოლოდ ერთხელ წავაგეთ - რუმინეთთან 19:22, თუმცა ფინალის საგზური მაინც ჩვენ დაგვრჩა. გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებს ვხვდებოდით. პირველ ტაიმში მართლა უნაკლოდ ვითამაშეთ, შვიდი თუ რვა ბურთით მოვიგეთ და შესვენებაზე გულდამშვიდებულები გავედით. ამ დროს კი ევტუშენკო გასახდელში აღელვებული შემოვიდა, თან პარტაქტივი ახლდა. ბიჭებს შავი დღე გვაყარა, იცოდეთ, ჩემი ტაქტიკით თუ არ ითამაშებთ, ციმბირი უკან დაგრჩებათო! გაგვთათხა და დაგვემუქრა! მწვრთნელის ასეთმა საქციელმა ხასიათი წაგვიხდინა. მეორე ტაიმში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მწვრთნელის „გონივრული დარიგების" შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ, ამის შედეგად უპირატესობა თვალსა და ხელს შუა შემოგვეცალა და საბოლოოდ ფინალი 22:23 წავაგეთ.
მწვრთნელმა ვერც ბანკეტზე მოისვენა, კვლავ საყვედურებით აგვავსო. ერთ მომენტში ვერ მოვითმინე და შევეპასუხე. ამას მოჰყვა ის, რომ მწვრთნელმა გუნდიდან ამომაგდო, თან, ჩემს გარდა ყველამ მიიღო სახელმწიფო ჯილდო. ევტუშენკო არც შემდგომში აპირებდა ნაკრებში ჩემს მიწვევას, მაგრამ მწვრთნელთა საბჭომ უკან დახევა მოსთხოვა და 1982 წელს კვლავ გუნდში მიხმო. იმ წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ!
ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაც მოვიგე და მსოფლიო ჩემპიონატიც, მაგრამ „ბურევესტნიკის" შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონი ვერ გავხდი. გული როგორ არ მწყდება, მაგრამ იცით რა არის? მიუხედავად არაერთი მიპატიჟებისა, თბილისიდან წასვლა არ მიფიქრია - მეგობრების, ოჯახის, ჩემი მშობლიური ქალაქის მიტოვება მიჭირდა.
შეეძლო თუ არა „ბურევესტნიკს" მეტის მიღწევა? როგორ გითხრათ, ალბათ კი. კარგი შემადგენლობა გვყავდა: გია ნარიმანიძე, ზაზა დოლიძე, ვახტანგ და გიორგი ბერიაშვილები, ამირან კომახიძე, ალექსანდრე ნავროზაშვილი, ამბერკი ტაბიძე, ჯემალ ბარამიძე... სამჯერ გავხდით საკავშირო ჩემპიონატის პრიზიორები - მესამე ადგილზე გავედით, თასიც მოვიგეთ, აი ჩემპიონობამდე კი ვერ მივედით. იცით რატომ? მთელი სეზონი რვა-ცხრა კაცის მხრებზე გადადიოდა, ეს კი პირველობის მიწურულს საქმეს გვირთულებდა. მოწინავე კლუბებს თითქმის სრულფასოვანი სათადარიგო შემადგენლობა ჰყავდათ.
„ბურევესტნიკის" შემადგენლობაში უამრავი თამაში მაგონდება, ბევრი გამარჯვება, მაგრამ იმ თამაშს გავიხსენებ, რომელშიც დავმარცხდით - ალიტუსში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბოლო ტური იყო, კიევის არმიელებს ვეთამაშებოდით. იმ გუნდის ორივე მეკარე, იშჩენკო და კოჩერგინიც საბჭოთა კავშირის პირველი ნაკრების წევრები იყვნენ. მე მხოლოდ პირველ ტაიმში ვითამაშე, შესვენების შემდეგ ტრავმის გამო ვეღარ გავედი. ტაიმი 21:22 წავაგეთ. ამ 21 გოლიდან 19 მე გავიტანე! იშჩენკო და კოჩერგინი ლამის ყოველ ორ წუთში ცვლიდნენ ერთმანეთს, მაგრამ არაფერმა უშველათ. ისე, იშჩენკო ყველაზე ძლიერ მეკარედ მიმაჩნია მათ შორის, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. თუმცა, მე ის ბევრჯერ გამიმწარებია.
ხშირად მეკითხებოდნენ ცხრამეტრიანიდან გოლი როგორ გაგაქვთო. პატარა საიდუმლო მქონდა: ცოცხალ კედელში ყოველთვის ფსიქოლოგიურად სუსტს ვეძებდი, მას, რომელიც თავის გუნდს უმტყუნებდა. დავინახავდი თუ არა ასეთს, მეც იქით ვუშვებდი ბურთს. როგორ ვარჩევდი მსხვერპლს? თვალის ერთი შევლებით, გუმანით ვგრძნობდი, ვინ გატყდებოდა.
დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი, თუმცა ცხოვრებამ მალე კვლავ ხელბურთს დამაკავშირა. ერთხელ, რაღაც საქმეზე მოსკოვში ჩასული, გერმანელ მენეჯერს გერდ ბუცეკს შევხვდი. წლების წინ ის საკავშირო ნაკრებში მუშაობდა. ერთმანეთის ამბები რომ გავიგეთ, მე კი იმ დროს ორივე მუხლზე მენისკი მაწუხებდა, ბუცეკმა გერმანიაში მიმიწვია საოპერაციოდ. ჩავედი, თუმცა მარტო და ამის გამო მოგვიანებით ძალიან ვინანე. სანამ ოპერაციის დრო მოვიდოდა, ბუცეკმა ადგილობრივ კლუბში „ლანდცხუტში" თამაში შემომთავაზა - ძველ ხელობას გაიხსენებო. გერმანელებთან შესაძლო კონტრაქტის შესახებ მეუღლეს რომ ვუთხარი, დამემუქრა, იცოდე, ხელშეკრულებაზე უარს თუ იტყვი, ფანჯრიდან გადავხტები და ცოცხალს ვეღარ მნახავო. 90-იანი წლების დასაწყისია, ხომ გახსოვთ რა სიტუაცია იყო მაშინ საქართველოში? ერთი სიტყვით, ხელბურთს დავუბრუნდი, თუმცა ოპერაციის შემდეგ თამაში დავასრულე.
ცოტა ხანში მეექვსე ლიგის ერთ-ერთი კლუბი „მილბერჰოფენი" ჩავიბარე. გერმანიაში ხელბურთის 12 ლიგაა და ხუთ წელიწადში იმდენი მოვახერხე, რომ ჩემი კლუბი მესამე ლიგაში აღზევდა. მერე სპონსორი დავკარგეთ და ფინანსური პრობლემები შეგვექმნა. 2000 წელს საბერძნეთში გადავედი დროებით - ქალთა ნაკრები ჩავიბარე. იქ დიდხანს არ გავჩერებულვარ და ისევ გერმანიაში დავბრუნდი. ასე, ნელ-ნელა დავმკვიდრდი ამ ქვეყანაში. მალე ოჯახიც ჩამოვიდა და მას შემდეგ გერმანიაში ვცხოვრობ, ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს“.