„ერთ-ერთი შვეიცარიელი ექსპერტის მიერ საიდუმლოდაა გამხელილი მსოფლიოსთვის, რომ 2017 წელი იქნება ბოლო წელიწადი, როცა მეტ-ნაკლებად სტაბილური კლიმატი გვექნება. შემდეგი წლიდან კი უკვე ცვლადი პროგნოზია“,-აცხადებს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბარში და განმარტავს, რომ არსებული ინფორმაციით, გოლფსტრიმმა უკვე შეიცვალა მიმართულება.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ატლანტის ოკეანეში არსებული გოლფსტრიმის თბილ დინებათა სისტემა დიდ გავლენას ახდენს ატლანტისპირა ევროპული ქვეყნების კლიმატზე, ხოლო გოლფსტრიმის თბილი წყლები ათბობს ჰაერის მასებს, რომლებიც დასავლეთის ქარებს გადააქვს ევროპის სანაპიროებისკენ, გოლფსტრიმის მიმართულების შეცვლა, ცხადია, აისახება ევროპაზეც. ეს ნიშნავს, რომ გამყინვარება დაიწყება ევროპის კონტინენტზე.
უფრო მეტიც, სომხეთის ჰიდრომეტეოროლოგიურმა ცენტრმაც ამ ზამთრისთვის ძალზე არასახარბიელო პროგნოზი გააკეთა, რომ ერევანში -30 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა.
ნინო ჩხობაძის თქმით, როგორც წესი, ჩვენთან მინუს 10 გრადუსია სომხეთთან შედარებით. ასე რომ, გამორიცხული არ არის, თბილისში -20 გრადუსს ველოდოთ ზამთრის პერიოდისთვის.
„თუ გოლფსტრიმმა მართლაც შეიცვალა მიმართულება, ამ შემთხვევაში, ევროპას სერიოზული გამყინვარება ემუქრება. წინასწარი პროგნოზით, ევროპაში დაბალი ტემპერატურა იქნება ზამთარში, სომხებიც ემზადებიან ცივი ზამთრისთვის“,-აცხადებს ნინო ჩხობაძე.
მისივე თქმით, მინუს 20 გრადუსი თბილისისთვის იშვიათი პროგნოზი არ არის, რადგან მეოცე საუკუნეში თბილისს ახსოვს დაბალი ტემპერატურები, როცა მტკვარიც გაყინულა.
რაც შეეხება ევროპის მომავალს, ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ შვეიცარიელი მეცნიერების ინფორმაციით, 2018 წლიდან კატაკლიზმებს უნდა ველოდოთ და სტიქიური მოვლენები არაპროგნოზირებადი, არასეზონური გახდება. ეს შეიძლება გახდეს სერიოზული პრობლემების წინაპირობა. რაც ახლა ხდება ევროპაში ციკლონთან დაკავშირებით, დაიტბორა ბერლინი და სხვა, დაახლოებით ეს იყო ნავარაუდევი. ცვლადობა ძალზე სერიოზულია და თითქმის ყველა სახელმწიფო ამისთვის ემზადება, რადგან არაპროგნოზირებადი, რეგიონისთვის არადამახასიათებელი ამინდებია მოსალოდნელი.
„არავინ იცის, 2018 წლიდან მართლაც დაიწყება თუ არა გამყინვარება. მთავარია, რომ კონტინენტური კლიმატი ყალიბდება. ეს არის კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ინდიკატორი, როცა ზაფხული ძალიან ცხელია, ხოლო ზამთარი ცოტათი მკაცრი. როგორც წესი, ამის გამოვლენა შეიძლება მოხდეს თებერვალ-მარტში, რადგან საქართველოსთვის ასეა დამახასიათებელი. თუმცა დეკემბერიც და იანვარიც ზამთრის თვეებია და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დაბალი ტემპერატურა იქნება. გლობალური კლიმატი იცლება და თუ ეს ვინმეს არ სჯერა, შეუძლია იმ ლიტერატურით იხელმძღვანელოს, რომელიც ზოგადად, მსოფლიოში არსებობს“, - აცხადებს for.ge -სთან საუბრისას ნინო ჩხობაძე.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს, როგორც ჩანს, არა თუ ჩხობაძის ვარაუდის, არამედ, არც „მსოფლიოში არსებული ლიტერატურის“ სჯერა, რადგან მათი თქმით, ამ ეტაპზე, მომავალი ზამთრის ანომალიურობის დადასტურების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ წინასწარ ძნელია იმის თქმა, ერევანში იქნება თუ არა -30 გრადუსი და, შესაბამისად, თბილისშიც მოსალოდნელია თუ არა -20 გრადუსი ტემპერატურა.
„ასეთ პროგნოზს ჩვენ არც ვადასტურებთ, არც უარვყოფთ. ის, რომ ევროპაში გამყინვარება იწყება, ალბათ, ცალკეულ მეცნიერთა ვარაუდია. ნოემბრის ბოლოს დაიდება ზამთრის სეზონის ოფიციალური პროგნოზი, რომელსაც, როგორც წესი, სინოპტიკოსების ფორუმზე ადგენენ. ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ყოველ წელიწადს ტარდება სინოპტიკოსთა ფორუმი და იქ გადაწყდება, როგორი ზამთარი იქნება. საერთოდ, ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ასეთ ინფორმაციებს“, - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.
ჩხობაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა დაიწყოს მზადება ზამთრისთვის, მაგალთად, მარილის მარაგი, თუ არსებობს ქვეყანაში? გზები, რომ გაიყინოს უცებ, ტრანსპორტი ხომ არ იქნება პარალიზებული? გარე განათებების სისტემები უნდა იყოს მწყობრში, ასევე გაზის კორპორაცია, რომელიც არის კერძო, ახლა უნდა დადიოდეს და ამოწმებდეს გაყვანილობას, რადგან ყველა მილი გარეთ გვაქვს და ა.შ. ყველაფერი ეს კომპლექსურად უნდა იყოს შეფასებული და შემოწმებული.
„მაგალითად, ქუთაისი რომ დაიტბორა, უცებ მოვიდა უხვი ნალექი და ვერ გავთვალეთ, რომ არხები შესაბამისად უნდა ყოფილიყო გაწმენდილი, სადაც მდინარე მიედინება და მოხდა ის რაც მოხდა. სწორედ ამიტომაა საყურადღებო ეს პროგნოზი, რადგან ეს ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ასეთი ექსტრემალური სიტუაციები გახშირდება.
ასევე იყო ამერიკაშიც, როდესაც „ირმას“ ქარიშხალი პროგნოზირებადი არ იყო, მაგრამ კლიმატოლოგებმა თქვეს, რომ შესაძლებელი იყო ასეთი ქარიშხლები გაძლიერებულიყო და ახლა ასეთივე სიტუაციაა ციკლონთან დაკავშირებითაც. იგივე მეცნიერები ამბობენ, რომ ეს პროგნოზირებული აქვთ და უგზავნიან სახელმწიფოებს, რომ ისინი მზად იყვნინ ამ მოსალოდნელი პროცესებისთვის.
ამ კლიმატური ცვლილებებით დაინტერესებული უნდა იყოს, როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალიტეტები, რომ მერე ისე არ მოხდეს, რომ თურმე მოთოვა და ვაიმე, დედა! თურმე მოთოვა და ვეღარ ვმოძრაობთ“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე ჩვენთან საუბრისას.
For.ge დაინტერესდა რა ინფორმაცია აქვთ მუნიციპალიტეტებს ევროპელი ექსპერტების პროგნოზზე და რამდენად არსებობს მზადყოფნა მოსალოდნელი ცივი ზამთრისთვის.
ამ თემასთან დაკავშირებით კახეთის მუნიციპალიტეტებში აღნიშნეს, რომ არც ერთ შესაბამის უწყებას მათთვის ინფორმაცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით არ მიუწოდებია და შესაბამისად, ზამთრისთვის მზადება ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„როდესაც რაიმე კლიმატური ცვლილებები ხდება საგანგებო სიტუაციების სამსახური, ან გარემოს დაცვის სამონისტროს შესაბამისი უწყება გვატყობინებს, რომ მოსალოდნელია მაგალითად, ქარიშხალი და ა.შ. ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით, მოსალოდნელი განსაკუთრებული ყინვიანი ზამთრის შესახებ ინფორმაცია არავის მოუწოდებია, შესაბამისად ისე ვემზადებით ზამთრისთვის, როგორც ყოველ წელს,“ -აღნიშნეს კახეთის მუნიციპლაიტეტში.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, რომ კვირას ნინო ჩხობაძესთან შეხვედრა იგეგმება და ამ თემის გავლა და შესწავლა ამ დროისთვის მოხდება. ხოლო, რაც შეეხება თბილისის მერიას, ამბობენ, რომ მოსალოდნელი ყინვებისთვის მზად არიან.
ინფრასტრუქტურულად რამდენად მომზადებული ხვდება დედაქალაქი ცივ ზამთარს, ამის შესახებ For.ge ტექნოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, ორგანიზაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელ ანზორ საკანდელიძეს დაუკავშირდა. მან განმარტა, რომ შენობების გაანგარიშება ყინვამედეგობაზე საერთოდ ამოიღეს სამშენებლო ნორმატივებიდან. ამას არავინ აქცევს ყურადღებას, არადა, ყინვამედეგობაზე გაანგარიშება ბეტონის სიმტკიცესა და დეფორმაციულ მახასიათებლებთან ერთად საბჭოთა სამშენებლო ნორმის ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრი იყო. ძირითად საშენ მასალად ჯერ ისევ რჩება ბეტონი, ბეტონში კი არის ცემენტის 85%-ის შემცველობა, ხოლო რკინა-ბეტონში ცემენტი სადღაც 97-98%-ია.
„სხვათა შორის, საშენ მასალებში ორი ცნება არსებობს-ყინვაგამძლეობა და ყინვამედეგობა. ყინვაგამძლეობა ნიშნავს მინუს ტემპერატურაზე გაძლებას, ხოლო ყინვამედეგობა- მრავალჯერად გაძლებას. ყინვასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზა მთლიანად გადასაანგარიშებელია, რაც ახალი ნორმატივების შექმნას მოითხოვს. თუმცა ვინ არის პატრონი? არსებობს დანამატები, რომლებიც მინუს ტემპერატურას უძლებს, მაგრამ ეს დანამატები ძალზე ძვირია. ალბათ, მათი გამოყენება სავალდებულო გახდება. ეს კი ნიშნავს მშენებლობის გაძვირებას, რადგან ძირითად საშენ-მასალად მაინც ბეტონი და რკინა-ბეტონი რჩება“, - აღნიშნა ანზორ საკანდელიძემ.