უკრაინა–თბილისი–მატროსოვი

უკრაინა–თბილისი–მატროსოვი

უკრაინის შიდა კანონმდებლობის მიხედვით, ექსტრადიციის პროცესი შეიძლება ერთ წლამდე გაგრძელდეს. თუმცა, ქართული მხარე ელოდება უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავას ექსტრადიცია საქართველოში.

საქართველოს პროკურატურამ უკრაინის შესაბამის ორგანოებში უკვე წარადგინა ექსტრადიციის დადებითად გადაწყვეტისთვის საჭირო ყველა სამართლებრივი დოკუმენტი. ქარდავას წითელი ცირკულარით, ინტერპოლით ძებნა 2013 წელს გამოცხადდა. პროკურორის განმარტებით, თავდაპირველად, ქარდავას ძებნა სერგო თეთრაძის საქმეზე დაიწყო, შემდეგ კი დაემატა სხვა გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას სამშობლოში ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებისას მეგის ქარდავას თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის 2, ლატვიის – 2 და ბელიზის 2 ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის უკრაინის და სხვა ქვეყნების საზღვრებს კვეთდა. ივანო–ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, ქარდავას 40 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

მეგის ქარდავას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, უკრაინული მხარის იურისდიქციაშია, ყალბი საბუთების ქონის გამო დააყენებს თუ არა მეგის ქარდავას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. როგორც ველიჯანაშვილი აცხადებს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება ხდება იმ ქვეყნის მიერ, სადაც სამართალდარღვევას აქვს ადგილი.

„ამ შემთხვევაში სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. შესაძლოა, უკრაინულმა სასამართლომ მიიჩნიოს, რომ თუ ახალი გარემოება გამოვლინდება, დაკისრებული სასჯელი მოიხადოს ამავე ქვეყანაში, ან მხოლოდ ჯარიმა შეუფარდოს, ან მოახდინოს ექსტრადირება საქართველოში და იქ გამოვლენილი გარემოებისთვის სასჯელი მოიხადოს აქ“, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

შვილის დაკავების შესახებ ტელევიზიით შეიტყო, მეგის ქარდავას მამამ, სერგო ქარდავამ და შვილის შესახებ მხოლოდ ის იცის, რაც მედიამ. აცხადებს, რომ მისთვის უცნობია შვილის ადგილსამყოფელი და არც ის იცოდა, რომ უკრაინაში იყო.

„მეგისი იშვიათად გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რასაც ჩემზე ამბობენ, სისულელეა და ყველაფერი გაირკვევაო. დაკავებამდე კავშირი არ მქონდა. ის ბრალდებები, რაც მას აქვს, სულელების მოგონილია. ჩემი შვილი დამნაშავე არ არის და ამას ყველა გაიგებს“, – აცხადებს სერგო ქარდავა, რომლის განცხადებით, მეგის ქარდავა თავად იტყვის რატომ გაიქცა საქართველოდან.

სერგო ქარდავასგან განსხვავებით, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს მოკლული რომან სურმანიძის დედამ, ფატი სურმანიძემ ზუსტად იცის, რომ მისი შვილი მეგის ქარდავამ მოკლა. მოკლულის დედა არა მარტო მეგის ქარდავას, არამედ მთლიანი სისტემის დასჯას ითხოვს.

„მეგის ქარდავას დაკავებას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ დროის განმავლობაში საქმის გამოძიება არ მოხდა. ყველა ზომები მივიღეთ, ვის არ მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ. მთლიანი სისტემის დასჯას ვითხოვდით და არა მარტო მეგის ქარდავასი“, – აცხადებს ფატი სურმანიძე.

ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს მოკლული მურად გორგაძის მეუღლე მადონა მურმანიძე ამბობს, რომ ქარდავას დაკავება გაჭიანურდა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც კი სამართლიანობა ვერ აღდგა.

„რატომ ჩაცხრილეს ეს უდანაშაულო ბიჭები? ქარდავას და ახალაიას ღმერთი აგებინებს პასუხს. 17 წლის ბავშვი მოკლეს - სპეცოპერაციის დროს გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ დათა ახალაიამ სისხლის გუბეში სიამოვნებით წიხლი ჰკრა. სამი ახალგაზრდა მიწაში ჩააწვინეს. სააკაშვილის პერიდოში ახალაიებისა და ქარდავების დრო იყო. ახლა მოვიდა „ქართული ოცნება“, თუმცა მაინც სად არის სამართალი? დამნაშავეები სათანადოდ არ არიან დასჯილი. ახალაიას ციხეში ყველა კომფორტი აქვს შექმნილი, ეს არის დასჯა? სათანადოდ უნდა დასაჯონ ეს მკვლელები“, – აცხადებს მადონა მურვანიძე.