საქართველო ისტორიული მომენტის მოლოდინში

საქართველო ისტორიული მომენტის მოლოდინში

გიორგი მარგველაშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად შესაბამის ისტორიულ მომენტს ელის.

როგორც მან „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რუსეთში აგრესიული განვითარებისა და შედარებით კონსტრუქციული პერიოდები ერთმანეთს ენაცვლება. ამიტომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად შესაბამის ისტორიულ მომენტს უნდა დაველოდოთ.

თუ რას ნიშნავს „ისტორიული მომენტი“, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს ბერლინის კედლის დაცემის მაგალითი მოჰყავს, როცა ევროპელებს გაუჩნდათ შანსი, ხელოვნურად გავლებული საზღვრები მოეშალათ. მისი აზრით, მავთულხლართებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბერლინის კედლის ანალოგიაა. ამდენად, სანამ ისტორიული მომენტი დადგება, ქვეყნის ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ, განვავითაროთ კონტაქტები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან და უზრუნველვყოთ სტაბილურობა იმ ისტორიული მომენტისთვის, რომელსაც ჩვენ ველოდებით.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ისტორიული მომენტები ზოგჯერ საუკუნეების შემდეგ დგება ხოლმე და ამ მხრივ გამონაკლისი ბერლინის კედელის 28-წლიანი ეპოპეაა (1961-1989), საინტერესოა, როდის დადგება ეს მომენტი საქართველოსთვის?!

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დღესდღეობით რთულია იმის წინასწარმეტყველება, როდის დადგება ისტორიული მომენტი და რა შემთხვევაში იტყვის რუსეთი უარს აგრესიულ პოლიტიკაზე. ამ ეტაპზე ისიც უცნობია, გამოიძებნება თუ არა თანამშრომლობის სხვა მოდელი და როგორ გადაიჭრება ეს გეოპოლიტიკური ამოცანა მსოფლიოს ჭრილში. თუმცა ჩვენ არ უნდა დავკარგოთ რწმენა, რომ ეს დრო უსათუოდ დადგება. სავარაუდოდ, პუტინის შემდეგ, თორემ პუტინის პირობებში ეს ძნელად წარმოსადგენია. ასე რომ, რუსეთს ძალზე სერიოზული ცვლილებები ელის. ასეთი მოლოდინის მიუხედავად, მთლად რუსეთში ცვლილებების იმედად არ უნდა იყოს საქართველო და თავისი აქტიური პოლიტიკა აწარმოოს.

„ბერლინის კედლის დაცემა საბჭოთა სისტემის დანგრევის მაუწყებელი იყო. 30 წლის წინ არც არავის წარმოედგინა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, თან ისე სწრაფად მოხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ გეოპოლიტიკური ჩიხი, მაშინდელი ორპოლუსიანი სისტემა შეიცვალა. ასეთ ხელსაყრელ ისტორიულ მომენტს ჩვენც უნდა ველოდოთ და სწორად თქვა მარგველაშვილმა, რომ ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია.

დღევანდელ მოცემულობაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოუდენელია. ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის მანევრის უნარი შეზღუდულია. საქართველო არ არის ისე, როგორც სააკაშვილს ჰქონდა წარმოდგენილი, ანუ მსოფლიო მოთამაშე და მსოფლიო პოლიტიკის შემცვლელი. არც უნდა გვქონდეს ამის პრეტენზია, რადგან საქართველო რეგიონალური დონის პოლიტიკური სუბიექტია. კავკასიას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პოზიციები, მაგრამ ის, რომ მან შეცვალოს გეოპოლიტიკა, როგორც სააკაშვილი აპირებდა ამის გაკეთებას და ტრაბახობდა, ლამის მესამე მსოფლიო ომი დავიწყეო, ასეთი რამ საქართველომ არ უნდა სცადოს. რა არის ამის შედეგი, ჩვენ უკვე ვნახეთ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და საკუთარ ოპტიმიზმს საქართველოსთვის სასარგებლო ისტორიული მომენტის დადგომის შესახებ იმით ამართლებს, რომ თანამედროვე მსოფლიოს განვითარების გზა სულ სხვა არის.

ახლა იმპერიების აღორძინების და მგლური პოლიტიკის დრო აღარ არის. თუმცა როდის დადგება ეს დრო, რთული სათქმელია.

„სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ისტორიული მომენტი მართლაც ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს, რადგან ჩვენი დაუძინებელი მტერი რუსეთი და, ტერიტორიული თვალსაზრისით, ყველაზე სახიფათო მტერი თურქეთი კოლექტიურად მარცხდებიან. ეს უკვე აშკარაა. კერძოდ, ერაყის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფო შეიქმნა, რაც თურქეთისთვის უმძიმესი დარტყმაა. თურქეთშიც არსებობს უზარმაზარი „ქურთისტანი“, რომელიც იმ ტერიტორიაზე ავტოქტონურია, ანუ თურქებამდელ პერიოდს განეკუთვნება და ბევრად უფრო ისტორიულია. ქურთები დამოუკიდებლობას ითხოვენ და აუცილებლად მიიღებენ.

„გარდა ამისა, დასავლეთის ცნობიერებაში, რომელსაც განვითარების ფსიქოლოგიური და ლოგიკური ფაქტორები აქვს, ნაციონალიზმის, პატრიოტიზმის აღდგენა ხდება და ქურთების მოთხოვნებსაც ევროპელები ლოგიკურად დასაბუთებულ ფაქტად ცნობენ. ასე რომ, იმის პერსპექტივა არ არის, რომ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს, განსაკუთრებით, ცხინვალს მსოფლიო როდისმე რაიმე ფორმით უფლებამოსილად ცნობს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ისტორიული პერიოდი, რომელიც დღეს ჩვენს სასარგებლოდ ვითარდება. ამიტომ, თუ ქართველი მოსახლეობა, როგორც ამომრჩეველი, ოდნავ უკეთესად იმოქმედებს, ჩვენი ქვეყანა გადარჩება. ხოლო, თუ ამას ვერ მოვახერხებთ, ჩვენი ქვეყანა ვერ გადარჩება. ჩვენი ისტორია ახლა დამოკიდებულია ქართველი ერისა და მის მოქალაქეთა ქცევის ხარისხზე“, - აცხადებს ნოდარ ნათაძე და გვიმხელს, რომ მას სრულიად სხვა საკითხი აფიქრებს.

საუბარია იმაზე, რომ შევარდნაძემ თავის ერთ-ერთ პირველ საკანონმდებლო აქტში იმდროინდელ პარლამენტს, რომელშიც თავადაც იყო წარმოდგენილი, ყარსის ხელშეკრულების რატიფიკაცია შესთავაზა. სამწუხაროდ, მაშინდელმა პარლამენტარებმა ამას ხმა მისცეს მხოლოდ იმიტომ, რომ შევარდნაძემ მათ რეალური ინფორმაცია დაუმალა. კერძოდ, ყარსის ხელშეკრულებაში ფარული მუხლები იყო ჩადებული რუსეთსა და თურქეთს შორის. უფრო ზუსტად, ამ ხელშეკრულებაში შესაძლოა, ეს მუხლები არც იყო, მაგრამ სწორედ ამ ხელშეკრულებით დამოწმებულ რუსულ-თურქულ 1921 წლის 16 ოქტომბრის ხელშეკრულებაში ნამდვილად იყო ეს მუხლები და ყარსის ხელშეკრულება ამ მუხლებს ცნობდა.

„რატიფიკაცია შევარდნაძემ დეზინფორმაციის საფუძველზე მოახდინა და, მაშასადამე, ის ხელშეკრულება ბათილია“,-აცხადებს ნოდარ ნათაძე და ეჭვობს, საკმარისია თურქეთის პოზიციები გაუმჯობესდეს, რომ ჩვენთვის ეს უვადო ხელშეკრულება ძალზე სახიფათოდ იქცევა. ასე რომ, ჩვენ ახლა უნდა მივაღწიოთ ამ ხელშეკრულების დასაბუთებულ დენონსაციას და ამის განხორციელებისას მსოფლიოც უნდა მივიმხროთ.