ელიზაბედ ბლექველის სახელობის ჰოსპიტალს პაციენტები გაურბიან, კლინიკას ხელმძღვანელობა კი საკუთარ პრობლემებს სხვა უწყებებს აბრალებს

ელიზაბედ ბლექველის სახელობის ჰოსპიტალს პაციენტები გაურბიან, კლინიკას ხელმძღვანელობა კი საკუთარ პრობლემებს სხვა უწყებებს აბრალებს

საზოგადოების განწყობის გასაგებად სოციალური ქსელები რომ ერთ-ერთი უნივერსალური საშუალებაა, ამაში ეჭვი უკვე არავის ეპარება. აქ ადამიანები ღიად წერენ ყველაფერზე, რაც აწუხებთ ან ახარებთ, რა მოწონთ თუ რის გამო არიან აღშოთებულები. როგორც წესი, განსაკუთრებით ემოციურები ვხდებით მაშინ, როდესაც საქმე ჩვენს ან ახლობლების ჯანმრთელობას ეხება. შესაბამისად, ამა თუ იმ ექიმის თუ კლინიკის შესახებ გამოხმაურებებს სწორედ სოციალურ ქსელებში ვხვდებით ყველაზე ხშირად.

ამ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე საბურთალოს რაიონში მდებარე ელიზაბეტ ბლექველის სახელობის ჰოსპიტალის შესახებ საკმაოდ მწვავე კომენტარებს გადავაწყდით. „უვარგისი კლინიკა“, „კლინიკა, რომელმაც საბურთალოზე მთელი ქუჩა ამოხოცა“, „ამაზე საშინელი სასაკლაო არ არსებობს“, „ინსულტიანი მამა საწოლიდან ჩამომიგდეს, უვიცები ერთად არიან შეყრილები ამ კლინიკაში“, - ეს არის ბრალდებების  არასრული ჩამონათვალი, რომელიც ამ კლინიკის შესახებ იყო დაწერილი.

For.ge დაინტერესდა, რა კლინიკაა ასეთი, სადაც პაციენტებს მისვლა არ სურთ  და სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ნებისმიერ კლინიკაში გადაყვანას სთხოვენ, „ბლექველის“ კლინიკის გარდა.

რატომ უფრთხიან პაციენტები ელიზაბედ ბლექველის სახელობის კლინიკას

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ისევ და ისევ ფეისბუკმომხმარებლის რეაქციას გადავავლეთ თვალი. როგორც უკვე ვთქვით, დამოკიდებულება ამ კლინიკის მიმართ უაღრესად კრიტიკულია.  ასე მაგალითად, ფეისბუკმომხმარებელი ნანო ჯორჯაძე მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ამ კლინიკის შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებდა: „საშინელი ჰოსპიტალია. ჩემიანი, ვინც მოხვდა, სულ კისრისტეხით გამოიქცა იქიდან. პარდონ, ექიმი ვარ და არ უნდა ვწერდე, ალბათ, მაგრამ მაინც ვწერ“...

ნანო ჯორჯაძის სულისკვეთებას იზიარებს სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი ნანა სახელაშვილიც: „მქონდა შეხება ამ კლინიკასთან, და არა მარტო მე, ჩემს ახლობლებსაც არ ვურჩევ მანდ ავადმყოფის მიყვანას. უვარგისი კლინიკაა. ჩემს მეუღლეს ფარული სისხლდენა ჰქონდა, ენდოსკოპი არ გვაქვსო და უკან გამომატანეს შუაღამეს. კიდევ კარგი, ახლოს ვცხოვრობ და მერე სხვა კლინიკაში წავიყვანე. სისხლის ანალიზი გაუკეთეს და 100 ლარზე მეტი გამომართვეს. ძალიან გაფუჭებული ხალხია“.

„ბლექველით“ უკმაყოფილოა ფეისბუქმომხმარებელი ინგა გრიგოლავაც: „არ გჯერათ და არ დაიჯეროთ. თავად თუ მოგიწიათ დარწმუნება, მერე გვიან იქნება. მამაჩემი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში გამომატანეს სახლში ოპერაციის შემდეგ, კარგად არისო. ერთ საათში სხვა კლინიკაში გადავიყვანეთ. ჩივილი მინდოდა, მაგრამ სად მქონდა მაშინ ამის ენერგია?! არადა, პერიტონიტი ჰქონდა კაცს, მაინც გამომატანეს სახლში და 3 თვეში გარდაიცვალა“. 

ელისო ჯანაშია კი „ბლექველთან“ დაკავშირებით საკუთარი ახლობლის მძიმე გამოცდილებას გვიზიარებს. „უვარგისი კლინიკაა. ახლობელი გადაიყვანეს გულის სტენოკარდიული შეტევით, იქ არაფერი გაუკეთეს, ამასობაში სასწრაფოს მიერ მიცემული შეტევის მომხსნელით გადაუარა და თავისი ფეხით წავიდა სახლში. იქიდან რამდენიმე დღეში ინფარქტი მიიღო, სასწაულად გადარჩა, იქვე რომ გამოეკვლიათ გული, აცდებოდა ინფარქტს. ვისაც გული აწუხებს, „ბლექველში“ არ გადააყვანინოთ სასწრაფოს, იცოდეთ!“

 „ბლექველთან“ დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს ნინი კიკალიშვილიც, როცა სასწრაფომ იგი ძლიერი თავის ტკივილითა და ღებინებით გადაიყვანა ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალში, სადაც დაუსვეს დიაგნოზი, თითქოს პაციენტს კუჭის მწვავე წყლული ჰქონდა, სისხლდენით. ამის გამო „ბლექველის“ ექიმებმა მას გადააყლაპეს ზონდი, გახეთქილი წყლული მოუწვეს სითხით, მისცეს წამლები, რომელთგან ორს ერთი და იგივე შემადგენლობა ჰქონდა და სულაც არ იყო საჭირო მათი ერთად დანიშვნა. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ არანაირი კუჭის წყლული არ ჰქონია და სისხლდენაც ღებინებით იყო გამოწვეული, ასევე, მოწვაც არ ყოფილა დასაშვები და შეიძლება გულის გაჩერება გამოეწვია.

საავადმყოფოში ტყუილად გატარებულ ოთხს დღეს კი დაემატა პაციენტის მორალური ზიანი და ნერვიულობა, ფინანსური ხარჯები, რაც უკვე შემდგომი მკურნალობისთვის გახდა საჭირო. ნინი კიკალიშვილი დარწმუნებულია, რომ მის მსგავსად ბევრი ადამიანი გაება „ბლექველის“ მახეში. ამდენად, იგი ითხოვს მისი ისტორია მივიდეს კომპეტენტურ პირებამდე და მათ შესაბამისად იმოქმედონ. „ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალი გვქონია... ღმერთი ნუ გამიწყრება და ისე ჟღერს, ვითარცა შოტლანდიის მიყრუებულ მხარეში მიტოვებული ფსიქიატრიული საავადმყოფო“, - ამბობს ძლივს გადარჩენილი პაციენტი. 

როდესაც თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო სასშუალებაა ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული სტილი 

როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, ყოფილი პაციენტები უკმაყოფილონი არიან „ბლექველით“, თუმცა აღმოჩნდა, რომ არც „ბლექველია“ კმაყოფილი მისი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობით და სასწრაფო სამედიცნო სამსახურისგან დაჟინებით ითხოვს პაციენტების მიყვანას. ამ საქმეში მას თანამდგომიც გამოუჩნდა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, რომელმაც სასწრაფოს ახლანდელი ადმინისტრაცია „ბლექველის“ მიზანმიმართულ „ჩაძირვაში“ დაადანაშაულა და შეთქმულების თეორიას მიმართა.

კერძოდ, მიმდინარე წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „რუსთავი 2“-მა სასწრაფოს თემისთვის მოიცალა და აკაკი გოგიჩაიშვილის „კვირის გამოძიებით“ დაასკვნა, რომ სასწრაფო დახმარება სუსის ხელშია.

„როგორც კი სასწრაფო მანქანაში სხდებით, კორუფციული სისტემის მსხვერპლი ხდებით, რადგან სასწრაფოს პაციენტს გარანტირებული შემოსავალი მიჰყვება. სასწრაფოს ახალი დირექცია კი სუსის ფავორიტ კლინიკებში ანაწილებს პაციენტებს“, -ვისმენთ „რუსთავი 2“-ის სიუჟეტით (საუბრის ცალკე თემაა, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, ამ „გამოძიებამ“ ვერანაირად ვერ გაშიფრა წინასწარ დაანონსებული კორუფციული სქემა და მხოლოდ ხმამაღალი ბრალდებებით შემოიფარგლა. ეს გადაცემა მიუკერძოებელ მაყურებელზე გათვლილი „ბლექველის“ ფარული რეკლამა იყო).

ამ გადაცემით „ბლექველის“ დირექტორი და დამფუძნებელი, ხათუნა ჩიხლაძე მოგვითხრობდა, თუ როგორ მიაღწია 5 კაბინეტით დაწყებული საქმიანობის შემდეგ სერთიფიცირებულ კლინიკამდე და ახლა მისი ჰოსპიტალი დახურვის პირასაა;  რომ 2003 წელს გახსნილ მის ჰოსპიტალს პრობლემები 2016 წლიდან შეექმნა, ანუ მას შემდეგ, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მაკა გვარამია დაინიშნა; რომ მისი მოსვლისთანავე „ბლექველში“ თურმე პაციენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა; რომ მათთან მიყვანილ პაციენტებს ხშირად თანაგადახდის საშუალება არ ჰქონდათ, ამიტომ კლინიკას თავად უწევდა თანაგადახდის დაფარვა, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობას ამძიმებდა.

ხათუნა ჩიხლაძის თქმით, მან მაკა გვარამიასგან უშუალოდ მოისმინა, რომ პაციენტები მიზანმიმართულად არ მიჰყავდათ „ბლექველში“, რადგან პაციენტები ამ კლინიკაში გადაყვანაზე უარს თავად ამბობდნენ. მანვე განაცხადა, რომ მიმართა თბილისის მერიას, რომელიც იურიდიულად წარმოადგენს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მაკონტროლებელს, თუმცა „მერიიდან არაფორმალურად გაუმხილეს, რომ ისინი ვერ არეგულირებენ სასწრაფოს მოქმედებებს და მას თურმე რეალურად აკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“. პარალელურად, ხათუნა ჩიხლაძეს სხვადასხვა წყაროთი, როგორც თავად ამბობს, ისიც გაანდეს, რომ „ქალბატონი მაკა გვარამია არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის ოჯახის ახლობელი“.

„რუსთავი 2“-ის სიუჟეტი უფრო მაკა გვარამიას მისამართით ბრალდებების ტონალობაში იყო აწყობილი, მაგრამ არაფერი იყო ნათქვამი „ბლექველით“ უკმაყოფილო პაციენტთა შესახებ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის შესახებ ექსპერტობა სრულიად სხვა პროფილის ადამიანმა, ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან თარხნიშვილმა იკისრა, რომელმაც მაკა გვარამიასა და ცალკეულ კლინიკების ალიანსზე ისაუბრა. ასევე, სიუჟეტში გამოჩნდა ელისო კილაძე, რომელიც სუსისა და სასწრაფოს ახლანდელი ხელმძღვანელობის ურთიერთობის გაშიფვრას შეეცადა. 

ამ სიუჟეტის შემდეგ გაჩნდა ლოგიკური კითხვა - თუკი „ბლექველის“ ბედი მხოლოდ და მხოლოდ სასწრაფოს მიერ მიყვანილ პაციენტებზეა დამოკიდებული და კლინიკა თავად ვერ ახერხებს ავადმყოფების მიზიდვას, იქნებ, პრობლემები საკუთარ თავში უნდა ეძიოს? რატომ ამბობენ იმავე უბანში მცხოვრები  პაციენტები „ბლექველში“ მისვლაზე კატეგორიულ უარს? ხომ არ არის ეს ის შემთხვევა, როცა „ბლექველს“ დაფინანსება მოაკლდა, რადგან პაციენტები იქ თავისი ნებით არ მიდიან და ამიტომ გადავიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მისამართით შეტევაზე, რომელსაც საპასუხოდ ნაკლებად სცალია. წესით, 24-საათიან რეჟიმში მომუშავე სასწრაფოს ინტერესში არც უნდა იყოს ის, რომ ყველა ბრალმდებელს უპასუხოს.

საგულისხმოა, რომ ელიზაბეტ ბლექველის სახელობის კლინიკა ბოლო რვა თვის განმავლობაში 20-მდე შემოწმების ოპბიექტი გახდა. თავად ქ-ნი ჩიხლაძე ამბობს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ მისი კლინიკის ინტენსიური შემოწმება დაიწყო და მაკონტროლებლებს უმასპინძლა სხვადასხვა უწყებიდან, მათ შორის, სუსიდან, ფინანსთა სამინისტროდან, პროკურატურიდან, ჯანდაცვის სამინისტროდან.  თავად ხათუნ ჩიხლაძე დარწმუნებულია, რომ „მაკონტროლებლების რეალური მიზანი არასწორი დასკვნის დადების მცდელობაა, რომლითაც ისინი მის კლინიკას არაადეკვატურ ჯარიმებს დააკისრებენ და მათ საქმიანობას შეაჩერებენ“.

For.ge დაინტერესდა, რატომ ამოწმებენ მარეგულირებლები ამ კლინიკას ასე ინტენსიურად. ჩვენი გამოძიების შედეგებს უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ. წინასწარ კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ დასკვნები კლინიკის სასარგებლოდ ნამდვილად არ იმუშავებს. გარდა ამისა, „რუსთავი 2“-ის გამოძიებაში ამ ადამიანების გამოჩენამ სხვა ეჭვიც დაბადა. რატომ გამოიდო თავი კლინიკის დასაცავად ლევან თარხნიშვილმა? ვინ არიან „ბლექველის“ პოლიტიკური გულშემატკივრები? ამ კითხვებზე პასუხსაც for.ge მალევე შემოგთავაზებთ.

თანამოაზრეთა ძიებაში ისევ მარტოდ დარჩენილი კლინიკა

ბოლო პერიოდში გააქტიურებული ხათუნა ჩიხლაძე მუდამ იმეორებს, რომ სხვა კლინიკებიც ანალოგიურ დღეში არიან. ოღონდ ხმას ვერ იღებენ... შიშისაგან. 

სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა ლოგიკური კითხვა - როგორ თანამშრომლობენ სხვა კლინიკები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან, რადგან სწორედ ამ თანამშრომლობის ეფექტურობაზეა დამოკიდებული კრიტიკულ სიტუაციაში თითოეული ჩვენგანის ჯანრთელობა. ამიტომ, რამდენიმე ცნობილ კლინიკას ერთი და იგივე კითხვით მივმართეთ - როგორ აფასებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მუშაობას და თანამშრომლობას.       

კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელი, კარდიოლოგი ანზორ მელია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სასწრაფოს ხელმძღვანელად მაკა გვარამიას მოსვლის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

„რადიკალურად გამოსწორდა მდგომარეობა. წლების განმავლობაში კორუფციას მიჰქონდა სასწრაფო დახმარება. ამის შესახებ რამდენჯერმე ვისაუბრე კიდეც, რადგან თავიანთი კლინიკები ჰქონდათ, სადაც მიჰყავდათ ავადმყოფები. ხოლო ჩვენთან, ასეთ სტაჟიან და სახელგანთქმულ კლინიკასთან ავადმყოფები არ მოჰყავდათ. მაკა გვარამიას დანიშვნის შემდეგ კი იცავენ რიგითობას და ტერიტორიულ პრინციპს. რაც მთავარია, პაციენტი როცა ითხოვს კლინიკა „გულში“ მოხვედრას, არავითარ წინააღმდეგობას არ უწევენ. ამ მხრივ დღევანდელი სასწრაფოს მუშაობით კმაყოფილი ვარ. ცხადია, სასწრაფო ვერ განსაზღვრავს, რომელი კლინიკა სჯობს და რომელი არა, აქ მთავარია ტერიტორიული პრინციპის დაცვა, რადგან ტერიტორიები უბნად არის დანაწილებული და ლიცენზირებულ კლინიკებს თავიანთი რიგითობა უწევთ. მაგალითად, ქალაქის ქირურგიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე რამოდენიმე კლინიკაა, მაგრამ კვირაში ორი თუ სამი დღის განმავლობაში ჩვენთან მოჰყავთ პაციენტები“,- აცხადებს ანზორ მელია და „ბლექველის“ პრეტენზიებსაც ეხმიანება.

მისი აზრით, სასწრაფოს დღევანდელი ხელმძღვანელობა ასეთი ბრალდებების ღირსი არ არის.

„რაც მთავარია, ამ დღეებში დამირეკა ქალბატონმა მაკა გვარამიამ, რაიმე პრეტენზიები ხომ არ გაქვთო და საკუთარი ტელეფონი მომცა, ღამის ორი საათიც რომ იყოს, აუცილებლად დამირეკეთო. ის დამპირდა, თვეში ერთხელ შეგაწუხებთ და შეგეკითხებით, კმაყოფილი ხართ თუ არა სასწრაფოს მომსახურებითო. სწორედ ეს არის საქმიანი და სახელმწიფოებრივი მიდგომა. მოხარული ვარ, რომ ასეთი ხელმძღვანელი ჰყავს ახლა სასწრაფოს“.     

კლინიკა „ლანცეტის“ გენერალური დირექტორი, დიმიტრი შავდიაც ადასტურებს, რომ სასწრაფოსთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. მისი თქმით, სასწრაფო რომ არა, ალბათ, ჩვენი მოქალაქეების ნახევარზე მეტი ჯანმრთელობის მხრივ რთულ მდგომარეობაში იქნებოდა.

„სასწრაფოს ბრიგადებს ჩვენი პროფილის მიხედვით გადმოჰყავთ ის პაციენტები, რომლებიც „ლანცეტის“ მომსახურებას საჭიროებენ. პირადად ჩვენ და ჩვენს კლიენტებს არანაირი პრობლემა არ გვაქვს ამ სამსახურთან. პროცენტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენს კლინიკაში ყოველდღიურად მოჰყავთ ყველანაირი ჩივილის მქონე პაციენტები. არის მუცლის ტკივილი, პოლიტრავმები, კარდიოლოგიური, თერაპიული, რეანიმაციული შემთხვევები. ის, რომ გამორჩეულად რომელიმე პროფილი იყოს და მხოლოდ ერთი პროფილით მოდიოდნენ ჩვენთან, ასე არ არის. ამის სტატისტიკაც არსებობს, ნებისმიერი კლინიკიდან შეგიძლიათ ამოიღოთ ეს სტატისტიკა და ყველაფერს თვალნათლივ დაინახავთ“, - აღნიშნა დიმიტრი შავდიამ For.ge-სთან საუბარში.

მანვე განმარტა, რომ თავად ექვსი წლის განმავლობაში ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა სასწრაფოში და კარგად ერკვევა ამ სამსახურის შიდა კულინარიაში. როგორც წესი, სასწრაფო მუშაობს დადგენილი გეგმისა და წესების შესაბამისად და, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტი უახლოეს კლინიკაში გადაჰყავს. ამდენად, ვერც ერთი კლინიკა ვერ უსაყვედურებს ამ სამსახურს, გინდა თუ არა, ჩემთან რატომ არ მოიყვანე ესა თუ ის პაციენტიო.

შავდიას თქმით, ცხადია, საბურთალოდან „ლანცეტში“ ვერანაირად ვერ გადაიყვანენ პაციენტს, თუკი მისი მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა, ამიტომ უახლოეს კლინიკაში უნდა მიიყვანონ. ეს დამოკიდებულია კლინიკის მრავალპროფილურობაზე  და კლინიკის უნარზე, მიიღოს ესა თუ ის პაციენტი.

„არ შეიძლება სასწრაფო სამედიცინო სამსახური პოლიტიზირებული იყოს და იგი არც არის პოლიტიზირებული. აქ 97 მანქანა მუშაობს. შესაბამისად, პაციენტები გადაჰყავთ ისე, როგორც უნდა გადაიყვანონ. ხელისუფლების ცვლილება სასწრაფოზე არ აისახება, მთავარია, დროულად გადაიყვანონ პაციენტები კლინიკაში. საქართველოში სასწრაფო კარგად მუშაობს თუნდაც იმ კუთხით, რომ პაციენტი ავტომობილში ადგილზე სტაბილურად არის განთავსებული და კლინიკაში შეჰყავთ ისეთ მდგომარეობაში, რომ მას გართულება არ ჰქონდეს. ადრე გარკვეული პრობლემები ჰქონდა სასწრაფოს, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ აქვს. პირიქით, ძალზე კარგად მუშაობს“.  

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან თანამშრომლობას დადებითად აფასებენ მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრშიც. როგორც კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა ინგოროყვამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა,  ისინი სასწრაფოსთან თანამშრომლობდნენ ადრეც და თანამშრომლობენ ახლაც. იგი ამბობს, რომ ორივე მხარე ავადმყოფს ემსახურება.

„ყველანაირ პირობას ვუქმნით სასწრაფოს, რომ მოსვლისთანავე საწოლი გავუთავისუფლოთ, რათა ბრიგადები სწრაფად დაბრუნდნენ უკან. ჩვენ ყველა ავადმყოფს ვიღებთ. სასწრაფოში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ მდგომარეობა არ გაუარესებულა, პირიქით, წინსვლა შეიმჩნევა. თუმცა მთავარია ხარისხი, თუ როგორ ვუვლით ავადმყოფებს. როგორც კლინიკები, ისე სასწრაფოს ბრიგადები ავადმყოფს ხარისხიანად უნდა მოემსახურონ. ჯერჯერობით, საქმე კარგად მიდის“, - ამბობს კლინიკის გენერალური დირექტორი.  

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან ურთიერთობაში არანირი პრობლემა არ შექმნია მე-5 კლინიკური საავადმყოფოსაც. როგორც ამ სამედიცინო დაწესებულების აღმასრულებელი დირექტორი, დავით მიქელაძე აცხადებს, იგი 2012 წლიდან კლინიკის აღმასრულებელი დირექტორია და ამ პერიოდიდან დღემდე სასწრაფოსთან ნორმალური ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

„არც ქალბატონი მაკას მოსვლის შემდეგ გაუარესებულა სიტუაცია. როგორც ადრე, ისე ახლა სასწრაფოს ბრიგადებს გეგმისა და უბნების მიხედვით გადაჰყავთ პაციენტები. არასდროს მიმიღია ინფორმაცია, რომ პაციენტებს უზღუდავდნენ ჩვენს კლინიკაში მოხვედრას. მიმდინარე საკითხები ყოველთვის არსებობს, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემები არც ქალბატონი მაკა გვარამიას და არც სხვა ხელმძღვანელების დროს არ გვქონია“.

როგორ ხდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ პაციენტების ჰოსპიტალიზაცია - რეალური სქემა

For.ge დაინტერესდა, როგორია სასწრაფოთი პაციენტთა გადაყვანის სქემა და რა პრინციპით ირჩევენ სასწრაფოს ბრიგადები უახლოეს კლინიკებს. მარტივად რომ ვთქვათ, რატომ მიჰყავს სასწრაფოს ბრიგადას კონკრეტული პაციენტი კონკრეტულ კლინიკაში და რა ნორმატიული აქტით რეგულირდება ეს პროცესი. ამის პარალელურად, ვცადეთ გაგვერკვია, რამდენი პაციენტი შეიყვანა სასწრაფომ ისევ და ისევ „ბლექველის“ კლინიკაში. ამიტომ ოფიციალური წერილით მივმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს და ეს ინფორმაცია გამოვითხოვეთ.

როგორც ირკვევა, სამედიცინო მომსახურება იწყება პაციენტის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შესახებ სსიპ „112“-ში გამოძახების  მიღებისთანავე. 112-ის ოპერატორი გამოძახებას გადასცემს თავისუფალ ბრიგადას, ტერიტორიული პრინციპის დაცვით, ბრიგადის სამოქმედო არეალის გათვალისწინებით (აღნიშნული პრინციპი შესაძლოა დაირღვეს, თუ ცენტრის რაიონული სამსახურის სამოქმედო არეალში არ არის თავისუფალი ბრიგადა).

პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ხორციელდება ჰოსპიტალიზაციის სქემისა (განთავსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ. გვერდზე - www.moh.gov.ge) და „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში“ შექმნილი, სტაციონარებში 24/7 ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ მონაცემთა ბაზის ინფორმაციაზე დაყრდნობით, უახლოესი ტერიტორიული პრინციპის დაცვით.

სამედიცინო ბრიგადების მიერ პაციენტთა ჰოსპიტალიზაცია ხორციელდება იმ კლინიკებში, რომლებიც ფლობენ „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილებით განსაზღვრული სტაციონარული დაწესებულების ნებართვას, აწარმოებენ სანებართვო დანართებით განსაზღვრულ სერვისებს და გამოთქვამენ ცენტრთან თანამშრომლობის სურვილს.

სამედიცინო დაწესებულებების მიერ ჰოსპიტალიზაციის სქემაში ჩართვის თაობაზე ცენტრში გაკეთებული წერილობითი განაცხადის შემდეგ, ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი უშუალოდ ადგილზე დათვალიერებით ახორციელებს დაწესებულების მიერ წარმოებული სერვისების შემოწმებას. თუ კლინიკის მიერ წარმოებული სერვისები შეესაბამება კანონმდებლობით დაწესებულ მოთხოვნებს, კლინიკა ერთვება ერთთვიან სატესტო რეჟიმში. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ პაციენტთა  ჰოსპიტალიზაციის პროცესში, არ იქნა გამოვლენილი რაიმე შეფერხება, კლინიკა ერთვება ჰოსპიტალიზაციის სქემაში.

ერთ სამედიცინო კლასტერში განლაგებულ კლინიკებში იდენტური სერვისის წარმოების შემთხვევაში (მაგ. „ელიზაბეტ ბლექველის სახელობის ჰოსპიტალი“ და „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“, წარმოებული სერვისი -ზოგადი ქირურგია), პაციენტთა ჰოსპიტალიზაცია ხორციელდება რიგითობის პრინციპის დაცვით. აღნიშნული პრინციპი შესაძლოა დაირღვეს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის მხრიდან არსებობს კონკრეტული კლინიკის მოთხოვნა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა კლინიკამდე ტრანსპორტირების საშუალებას (ასეთ შემთხვევაში „მოთხოვნილ“ კლინიკას უნდა გააჩნდეს შესაბამისი სერვისის წარმოების შესაძლებლობა), ან ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ხერხდება აღნიშნული პრინციპის დაცვა და ბრიგადა ჰოსპიტალიზაციას ახორციელებს უახლოეს კლინიკაში.

როგორც ირკვევა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი არ არის მაკონტროლებელი ან ნებართვის გამცემი ორგანო. ნებართვის გამცემი ორგანოა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ი, რომელიც უშუალოდ ადგილზევე ამოწმებს სანებართვო პირობების შესრულებას და ამის შემდეგ გასცემს ნებართვებს. მას შემდეგ, რაც კონკრეტული კლინიკა წარადგენს განაცხადს, რომ სურს თანამშრომლობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან, დირექციის შიდა ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი გადის ადგილზე იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეესაბამება კლინიკის რეალური მდგომარეობა კლინიკის განაცხადს. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში აკვირდებიან კლინიკას და, თუ პირობები დამაკმაყოფილებელია, იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის პარტნიორი ხდება.

ასე რომ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ვერანაირად ვერ გასცემდა ნებართვას, ან ვერ აუკრძალავდა სასწრაფოს ბრიგადებს „ბლექველთან“ თანამშრომლობას, რადგან ეს მისი კომპეტენცია არ არის.

რაც შეეხება საბურთალოს სამედიცინო კლასტერში შემავალ „ბლექველის“ კლინიკას, იგი სასწრაფოსგან უყურადღებობას ნამდვილად არ უნდა უჩიოდეს.  სწორედ რიგითობის დაცვის პრინციპით, 2017 წლის იანვრიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში სასწრაფოს ბრიგადებმა ამ კლინიკაში 5019 პაციენტი გადაიყვანეს. შედარებისთვის: იმავე საბურთალოს კლასტერში შემავალ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნვერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) ამავე პერიოდში სასწრაფოს ბრიგადების მიერ ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა რაოდენობა 3859-ს შეადგენს.

ასე რომ, კვლავ პასუხგაუცემელია კითხვა: რატომ შეუტიეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს „რუსთავი 2“-მა და „ბლექველის“ კლინიკის ხელმძღვანელმა, და, საერთოდ, რა ხდება ამ კლინიკაში.

for.ge აგრძელებს გამოძიებას.