ცესკო-მ ოფიციალურად გამოაცხადა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები, თუმცა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დამარცხებას აღიარებენ, მაინც საპროტესტო რიტორიკას მიმართავენ, საუბრობენ დარღვევებზე გაყალბებაზე და ა.შ. „ნაციონალური მოძრაობა“ კი გვპირდება, რომ საზოგადოებას გაყალბების კიდევ მრავალ ფაქტს წარუდგენს. რა სარგებელს ხედავს ოპოზიცია ამ რიტორიკაში და რა სინდრომი იკვეთება ქართულ პოლიტიკაში, ექსპერტი, დავით ზარდიაშვილი გვესაუბრება.
რაში სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ კამპანიის აგორება, რომ არჩევნები გაყალბდა? რა კონკრეტულ შედეგზე შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ორიენტირებული?
- ვერაფერს ვერ მიაღწევს, დარღვევები იყო, მაგრამ ყველა, დამოუკიდებელი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლების დასკვნებში აღნიშნულია, რომ ეს არჩევნები უკეთესია, ვიდრე წინა და იმის წინა - ანუ პროგრესი არსებობს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავი გაიმართლოს - წააგეს, რადგან გაუყალბეს და ა.შ. თუმცა საზოგადოებაში არ არის შთაბეჭდილება და განცდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძემაც აღნიშნა ერთ-ერთი განცხადებისას, რომ თუ ხალხი დაგვიდგება გვერდით, სხვა ფორმით გამოვხატავთ პროტესტსო - როგორც ჩანს, თავადაც ხედავენ პარტიები საზოგადოების განწყობას და იმედი ნაკლებად აქვთ...
- საზოგადოებაში არ არის განცდა, რომ იყო მასობრივი დარღვევები და „ოცნებამ“ ამიტომ გაიმარჯვა. ყველა ელოდა, რომ მმართველი პარტია დიდი უპირატესობით მოიგებდა. ბურჯანაძეს დაახლოებით სამმა პროცენტმა დაუჭირა მხარი - მას შეუძლია ყველაფერზე ისაუბროს, მაგრამ რამაზ საყვარელიძემაც თქვა და ვეთანხმები - არ დადგა დრო, რომ მოვრჩეთ ძახილს, გაყალბდა, გაყალბდაო?!
დარღვევები იყო და არა მხოლოდ ჩვენთან, ყველა ქვეყანაში შეიძლება მოიძებნოს დარღვევები, მაგრამ თუ ამან არ იმოქმედა არჩევნების შედეგებზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დარღვევები.
პოლიტიკური კულტურაც ხომ უნდა გაიზარდოს? შეიძლება წაგებული მუდმივად იმაზე ლაპარაკობდეს, გამიყალბეს და ამიტომ წავაგეო?! - იმიტომ წააგეს რომ მოსახლეობა არ ენდობა.
ნაციონალებს კიდევ ჰყავთ თავისი ამომრჩეველი, მაგრამ ბურჯანაძემ სერიოზულად დაკარგა ელექტორატი და ვინმესთვის გადაბრალება არ არის სწორი, რადგან ასეთ შემთხვევაში უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქრთველოში პოლიტიკური სისტემის განვითარების საკითხი.
თუ პროტესტის საფუძველი არის, ხალხი ამას გრძნობს და სულაც არ სჭირდება ვინმეს მოწოდება, რომ ქუჩაში გამოვიდეს.
თავისი სიმართლის დასადასტურებლად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოგვთავაზა კადრები, სადაც ერთი ადამიანი ორჯერ აძლევს ხმას, თუმცა უმრავლესობას გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც კი იყოს...
- შესაძლოა, პროვოკაციაც იყოს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი, რაც სჭირდებათ იმისათვის, რომ იქნებ რამე ააგორონ და როგორმე გააღვივონ საზოგადოებაში უკმაყოფილების მუხტი, - იქნებ, რევოლუციური სიტუაციაც შეიქმნას - არ გამოვა ახლა ამის გაკეთება, თეორიულადაც კი ძალზე რთულია.
რაც შეეხება გავრცელებულ კადრებს, ყოველი ასეთი შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული და დადგინდეს რასთან გვაქვს საქმე - არის ეს პროვიკაცია და დადგმული სცენარი თუ მართთლაც კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე - დამნაშვემ კი აუცილებლად პაუხი უნდა აგოს.
რაც შეეხება საზოგადოებას, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ სახელისუფლებო გუნდი გაიმარჯვებდა და ეს მოლოდინი გამართლდა, ამიტომაც, რევოლუციური მუხტის გაჩენა ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია.
დროდადრო ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება უკვე გადაწყვეტილი საკითხია. თუ ასეთი რამ მართლაც მოხდა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ალბათ, უპრიანია, ლიდერს ქვეყანაში მღელვარე ფონი დაახვედროს? ამისთვის ხომ არ ცდილობს უკმაყოფილების მუხტის გაღვივებას?
- რაც „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, სულ უკმაყოფილების მუხტის გაჩენას ცდილობს, როცა ოპოზიციაშია. ხელისუფლებაში რა არის - ესეც ვნახეთ. ოპოზიციაში ყოფნისას კი მისი სტილი და ხელწერაა რაც შეიძლება კარგად აამღვრიოს წყალი და ისე დაიჭიროს თევზი. ყველა გზას გამოიყენებს იმისათვის, რომ ხალხი დააბნიოს - დაბნეული ხალხი ბრბოაო, ჯერ კიდევ 90-იანების დასაწყისში ამბობდა რეზო ჩხეიძე.
თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, პოლიტიკურ ველზე დარჩენა, რაღაც სხვა უნდა მოიფიქროს, რევოლუციას ვეღარ მოაწყობს. თავისთავად მარგინალიზდება ეს გუნდი და ბოლოს რაღაც სექტისმაგვარ სახეს მიიღებს.
საქართველოს პრეზიდენტმაც აღნიშნა უცხოელ ჟურნალისტებან საუბრისას, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ და დემოკრატკიულ ვითარებაში, სერიოზული დარღვევების გარეშე, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატია და კონკურენცია გულისხმობს ქვეყანაში სულ მცირე, სამი ან ოთხი ძლიერი პარტიის არსებობას და რაკი საქართველოში ეს არ არის, როგორც მარგველაშვილი თვლის, ეს საარჩევნო სისტემის პრობლემაა. საარჩევნო სისტემის შეცვლით გაძლიერდებიან პარტიები?
- ეს არ არის საარჩევნო სისტემის ბრალი - გაცილებით ღრმა და სერიოზული პრობლემაა. საარჩევნო სისტემაზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ გამოსავალი ამაშიც ვერ მოიძებნება.
პარტიული პოლიტიკური სისტემის შექმნას თავისი პირობები სჭირდება და ამ მიმართულებით ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ, რადგან დღეს აბსოლუტურად სხვა ეპოქაა.
დასავლეთში პარტიები განვითარდა იმ ეპოქაში, როდესაც ინდუსტრიალიზმი იწყებოდა, არსებობდა მსხვილი საზოგადოებრივი ჯგუფები, აქცენტირებული ინტერესებით და სწორედ პარტიები გამოხატავდნენ ამ ინტერესებს. ანუ პარტიების უკან იდგა სერიოზული სოციალური ძალა.
დღეს ასე არ არის და წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისია მარტო საქართველოში კი არა - ყველგან. ძალიან ძნელია, რომ პარტიამ სტაბილური უმრავლესობის მობილიზება მოახდინოს. ჩვენში მმართველი პარტია კი ახერხებს უმრავლესობის მობოლიზებას, მაგრამ შემდეგ მისი შენარჩუნება ხდება პრობლემა - საინფორმაციო ერაა და ყველა გადაწყვეტილებას ჰყავს თავისი უმრავლესობა და უმცირესობა.
როდესაც სოციალური ბაზისი არ არსებობს, პარტიის შექმნა და განვითარება ხელოვნურად არ გამოდის.
ზვიად გამსახურდიას დროიდან მოყოლებული, საქართველოში ყოველთვის იყო ორი პარტია. ერთი - სახელისუფლებო და მეორე - ოპოზიციური. მნიშვნელობა არ აქვს, პარტიები რა სახელს დაირქმევენ.
ივანიშვილი რომ ამბობდა, შუა უნდა გაიკრიფოსო, ეს მისი ახირება კი არ იყო, რეალურად, მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიცია შეძლებდა „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას და ასეც მოხდა.
რაც შეეხება იდეოლოგიას, დღევანდელ ეპოქაში უკვე იმდენად მცირე განსხვავებაა ამ იდეოლოგიებს შორის, რომ განსხვავების აღმოჩენაც კი ჭირს ხოლმე.
საქართველოში კი მით უმეტეს, სპეციფიკური სიტუაციაა. დასავლურ პარტიებს თავისი ისტორია ჰქონდათ, მაგრამ დღეს წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისი იქაც არის - უკვე ძალიან ხშირად ისმის ხალხის ხმა, რომ პირდაპირ მიგვაღებინეთ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა და არ გვჭირდება წარმომადგენლები იმისათვის, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთო.
საქართველოსთვის არ ვიცი, შესაძლოა ეს ადრეა ან პირიქით, დაგვიანებულიცაა - პოლიტიკური სისტემის განვითარება როგორ შეიძლება მოხდეს, როდესაც ფაქტობრივად მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ? - გვყავს ხელისუფლება და ანტიხელისუფლება, ეს არ არის ხელისუფლება და ოპოზიცია, ეს არის ორი ძალაუფლებითი ცენტრი, რომელიც ერთმანეთს ვერ იტანს.
სისტემაა ისეთი, რომ ხელისუფლების დანაწილება არ ხდება და ყველა იბრძვის მთლიანი ტორტისთვის და არა ტორტის ნაწილისთვის.
სწორედ ამიტომაც გვკარნახობენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რომ საჭიროა პლურალისტური გარემო პარტიებისტვის...
- კლასიკური გამოსავალი თითქოს პარტიული სისტემის განვითარებაშია, სამი-ოთხი თუ არა, ორი-სამი ძლიერი პარტია მაინც უნდა არსებობდეს, რომ დემოკრატიული პროცესი მივიღოთ, მაგრამ ამ პოსტინდუსტრიალიზმის ერაში, ძალიან რთული წარმოსადგენია, რას უნდა დაეყრდნოს პოლიტიკური პარტია - მსხვილი საზოგადოებრივი ფენები დღეს არ არსებობენ.
თუ თვალს გადავავლებთ პოსტსაბჭოთა ისტორიას, თვითონ ხელისუფლებები შეგნებულად უშლიან ხელს მის შექმნას, სავარაუდოდ იმიტომ, რომ პოლიტიკაში ყოფნის გარანტია მუდმივად ჰქონდეთ... არსებობს ამისი მაგალითები, კონკრეტული კანონები, საგადასახადო ცვლილებები და ა.შ.
- შესაძლებელი იყო შექმნილიყო მაგალითად, საშუალო კლასი, მაგრამ არ გამოდის, პატრონალური სისტემები იქმნება და ამას ეფუძნება პოლიტიკური სისტემაც. კლასიკური პარტიული სისტემა ხომ რეალურად ასეთი არ არის...
პარტია არის მსხვილი ძალების ინტერესის გამომხატველი თუნდაც ეს ძალა იყოს პროლეტარიატი. დღეს ვის ინტერესს გამოხატავს პარტია? იმ ორი კაცის, ვინ ამ პარტიაშია გაწევრიანებული? - ეს ქმნის უკვე ბარიერს.
ტექნოლოგიურად დიდი ხანია შესაძლებელია და ერთადერთ გამოსავალს ვხედავ პირდაპირ მონაწილეობაში - რაც მეტი ადამიანი იქნება ჩართული მმართველობითი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მით უფრო სწრაფად წავალთ განვითარებისკენ.
დაახლოებით იმ აპლიკაციის მსგავს მექანიზმზეა ლაპარაკი, თბილისის ახალმა მერმა რომ შემოგვთავაზა?
- თუნდაც ეს - არსებობს სხვადასხვა ფორმები, რომ ხდებოდეს მმართველობით გადაწყვეტილებებში საზოგადოების მონაწილეობა. ელექტორატი უკვე აბსოლუტურად სხვა ფუნქციას იძენს - ის წარმომადგენლის დელეგირებას კი არ ახდენს, არამედ თვითონ, უშუალოდ მონაწილეობს პროცესში.
დღეს ყველაზე დემოკრატიული ფორმაა სოციალური ქსელები, მართალია, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ გულისხმობს თავისი არსით, მაგრამ ფორმით დემოკრატიულია.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ფორმით არ სარგებლობენ დღევანდელი პოლიტიკურტი პარტიები ან, თუ სარგებლობენ მხოლოდ ფორმალურად.
შესაძლოა არც გამოსდით?
- იმიტომ, რომ რეიტინგი არ აქვთ. შეეძლოთ, რომ ამომრჩევლის მობილიზება მოეხდინათ, მაგრამ მათ სერიოზულადაც არ აღიქვამენ - ამაშია პრობლემა. აქედან გამომდინარე, რაკი პატრონალური სისტემაა, ყველაზე მეტი ამომრჩევლის მობილიზება შეუძლია მმართველ პარტიას და ყოველგვარი გაყალბების გარეშე იგებს არჩევნებს.
რომ ამბობენ, ამომრჩევლის მობილიზება მოახდინაო, ეს დანაშაული არ არის - ვგულისხმობ, მოტივის გაჩენას, რომ არჩევნებზე მივიდეს და არა მოსყიდვას, რაც კანონის დარღვევაა. ყველა პარტია ამას ცდილობს და მეტი რესურსი რა თქმა უნდა, მმართველ პარტიას გააჩნია.
როდესაც ასეთი სიტუაციაა უნდა არსებობდეს მეორე ცენტრი, პირობითად, კონტრძალაუფლება. ახლა, თითქოს ოპოზიციაში გადანაცვლებული „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს კონტრძალაუფლება, მაგრამ ის ასეთ ცენტრს ვეღარ შექმნის, რადგან ძალიან დისკრედიტირებულია.
ხომ იყო ნიშანდობლივი, რომ თბილისში მეორე ადგილზე გავიდა უპარტიო კანდიდატი - ანუ ანტიიშტებლისმენტური ძალა, უპარტიოთა პარტია. ანუ უპარტიოებს სერიოზული ბაზისი გააჩნიათ. გამოსავალი შეიძლება გახდეს მათი პირდაპირი ჩართულობა, რადგან წარმომადგენელს არ ენდობიან, იციან, რომ ბოლოს ყველა შემთხვევაში იტყუება.
ანუ კონტრძალაუფლება რომ მივიღოთ ან უნდა იყოს რამდენიმე ფინანსური ინტერესი ან უნდა მოხდეს საზოგადოების პირდაპირი ჩართულობა?
- კი, ამბობენ, რომ ბანკირებისაა ეს პარტიაო, მაგრამ არ არის ასე - ბანკირები ყოველთვის კარგად არიან, ისინი ყველა ხელისუფლებას სჭირდება და სულ არ აინტერესებთ, ვინ იქნება ხელისუფლებაში. „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც კარგად იყვნენ, ახლაც და ხვალაც ასე იქნება. ბოლოს და ბოლოს, თუ გაუჭირდათ, ნებისმიერ ხელისუფლებას იყიდიან...
გამოსავალი პარტიული პოლიტიკური სისტემის შექმნაა, მაგრამ ამ ეპოქაში ამის მოხერხება თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მონაწილეობით დემოკრატიას უნდა მიეცეს გასაქანი, ხალხი უნდა შემოვიდეს პოლიტიკაში. პარტიული გზით ვერ შემოდის, ვერ ხედავს თვითრეალიზაციის შესაძლებლობას. ამიტომ, ვისაც აქვს ამისი სურვილი, უნდა მივცეთ საშუალება ჩაერთოს მართვაში.
ასეთ ჩართულობას ბევრი პლუსი აქვს, მათ შორის, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მომავალ არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა, მაგრამ ისიც საინტერესოა, მართვის ეს ფორმა ხელისუფლების ინტერესში რამდენად ჩაჯდება?
- თვითონ ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს ეს. კახა კალაძეს აქვს მინიშნება ამის თაობაზე, კიდევ არსებობს რამდენიმე საინტერესო პროექტი.
მმართველობით პროცესში კიდევ არის ჩართვის საშუალება, რადგან ეს არის საჯარო ინტერესების პროცესები. რაც შეეხება საკანონმდებლო პროცესებს, აქ საზოგადოებას წვდომა არ გააჩნია - პარლამენტმა უნდა გახსნას თავისი საქმის წარმოება, მაგალითად კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩართვა შეუძლებელია. კანონპროექტიც კი არ ქვეყნდება - რეგლამენტი არ ავალდებულებს საკანონმდებლო ორგანოს, რომ კანონპროექტი ინიცირებისთანავე გამოაქვეყნოს.
ანუ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა არის ჩვენი ტიპის ქვეყნის განვითარების რესურსი, რადგან პოლიტიკოსების, უფრო სწორად, პოლიტიკური გაერთიანებების ნდობის მანდატი ამოწურულია?
- განვითარების რესურსს ხალხის პოლიტიკაში შემოსვლაში ვხედავ, მაგრამ ეს ვერ მოხდება პარტიების მეშვეობით, რადგან ამ არჩევნებმაც აჩვენა, რომ ხალხი პოლიტიკაში ჩართვას ელისაშვილის მსგავსი, შემთხვევითი საპნის ბუშტების მეშვეობით ცდილობს. და ეს არის საზოგადოების სტაბილური მასა, რომელსაც აღარ შეუძლია ამ პარტიების ატანა.