მიკ ჯაგერის ახალი პროექტი

მიკ ჯაგერის ახალი პროექტი

მიმდინარე წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი “Rolling Stones”-ს ლეგენდარულმა ვოკალისტმა მიკ ჯაგერმა ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბა.

 

ამ ჯგუფის შემადგენლობაში თავად ჯაგერის გარდა, დუეტი  “Eurythmics”-ის წევრი დეივ სტიუარტი, რეგის მეფე ბობ მარლის შვილი დემონი, ბრიტანელი სოულის შემსრულებელი ჯოს სტოუნი და ინდოელი კომპოზიტორი ა. პ. რახმანი შევიდნენ. ახლადჩამოყალიბებული ჯგუფი “Super Heavy”-ის სახელით მოინათლა.

 

გუშინ ბრიტანულმა მუსიკალურმა ინტერნეტ საიტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ “Super Heavy”-ის წევრები სტუდიაში ჩაიკეტნენ და სადებიუტო ალბომზე მუშაობას შეუდგნენ. ეს ნამუშევარი დღის სინათლეს მიმდინარე წლის სექტემბერში იხილავს.

 

ალბომს აშშ-ში კომპანია “Universal Music” გამოუშვებს, მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში კი კომპანია “A & M”.

 

ამ ალბომის პირველი სინგლის სახელწოდებაა “Miracle Worker”. უახლოეს დღეებში მასზე ვიდეოკლიპის გადაღებასაც დაიწყებენ.

 

მიკ ჯაგერის ახალი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ინდოელი კომპოზიტორი ა. პ. რახმანი ცნობილია როგორც საუნდტრეკების ავტორი სურათებისათვის “127 საათი” და “მილიონერი ჯურღმულიდან”.

 

“Eurythmics”-ის ყოფილ წევრ დეივ სტიუარტსა და მიკ ჯაგერს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ. მათ რამდენიმე ერთობლივ პროექტშიც მიუღიათ მონაწილეობა.

 

1987 წელს მიკ ჯაგერის ალბომში “Primitive” შესული რამდენიმე კომპოზიციის ავტორი დეივ სტიუარტი გახლდათ. 2004 წელს მუსიკოსებმა სამი საუნდტრეკი ჩაწერეს სურათისათვის “ალფი”.

 

დეივ სტიუარტი ჯგუფი “Super Heavy”-ის მენეჯერის მოვალეობასაც ასრულებს.

 

მიკ ჯაგერის ბოლო დამოუკიდებელი სტუდიური ნამუშევარი “Goddess in the Doorway” 2001 წლით არის დათარიღებული.

 

ჯგუფი “Rolling Stones” უკანასკნელმა მუსიკალურმა ალბომმა “A Bigger Bang”-მა დღის სინათლე 2005 წელს იხილა.