გუშინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე ირლანდიური ჯგუფი “U2” წინა საუკუნის 90-იან წლებში ჩაწერილ ორ ალბომს ხელახლა გამოსცემს.
საუბარია 1991 წელს გამოშვებულ ალბომზე “Achtung Baby” და 1993 წლის სტუდიურ ნამუშევარზე “Zooropa”.
“U2”-ის მენეჯერი პოლ მაკგინესის ინფორმაციით, ამ ორ დისკთან ერთად გაყიდვაში გამოვა ის ვიდეომასალაც, რომელიც ამ ალბომების მხარდასაჭერად გამართული საგასტროლო ტურნეების დროს ჩაიწერა.
ამ ალბომების ახალ გამოცემაში შევა უკვე ნაცნობი მუსიკალური კომპოზიციების ალტერნატიული ვერსიებიც.
თავად ჯგუფი “U2” ამჟამად გლასტონბერის ფესტივალზე იმყოფება.
ახალი სტუდიური ალბომის გამოშვებას ჯგუფის წევრები 2012 წელს აპირებენ.
ჯგუფის ბოლო ალბომი “No Line on the Horizon” 2009 წლით არის დათარიღებული. ამ დისკის პრეზენტაციაზე ჯგუფის ლიდერმა ბონომ განაცხადა, რომ ალბომზე მუშაობის დასრულების შემდეგ მრავალი გამოუყენებელი მასალა დარჩათ და მომავალ წელს ახალ სტუდიურ ჩანაწერს გამოუშვებდნენ.
დაპირება დაპირებად დარჩა. ახალი დისკის გამოშვების თარიღმა თავდაპირველად 2011 წლამდე გადმოიწია, ამჟამად კი 2012 წლის დასასრულამდე გადაიდო.
“ახალ ალბომზე მუშაობას მიმდინარე წლის ივნის-ივლისში ვგეგმავდით. ამჟამად მსოფლიო ტურნეში ვიმყოფებით და ზაფხულში თავისუფალი დროის გამონახვასა და სტუდიაში ჩაკეტვას ვაპირებდით. სამწუხაროდ თითოეული ჩვენთაგანის სამუშაო გრაფიკი ისეთი დატვირთული აღმოჩნდა, რომ ამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შევძელით”- განაცხადა “U2”-ის ბასისტმა ადამ კლეიტონმა.
ჯგუფის მსოფლიო ტურნე 30 ივლისს დასრულდება.