„ერთ მეტყევეზე 3 ათასი ჰექტარი ტყის ფართობი მოდის, რასაც ბუნებრივია, იგი ვერ დაიცავს“.

„ერთ მეტყევეზე 3 ათასი ჰექტარი ტყის ფართობი მოდის, რასაც ბუნებრივია, იგი ვერ დაიცავს“.

როგორ ვებრძოლოთ ტყის ხანძრებს?! ამის შესახებ მოსაზრებებს ლიტველები გვიზიარებენ. ტყის ხანძრების პრევენციისთვის ჩვენი მთავრობა ლიტვასა და სლოვაკეთთან თანამშრომლობს, რათა ხანძრების მართვის ევროპული გამოცდილება შეიძინოს.

ლიტვის სატყეო დეპარტამენტის ტყის კულტივაციის განყოფილების ხელმძღვანელი ზბიგნევ გლაცკო ამბობს, რომ ევროკავშირის მასშტაბით წლეულს ტყის ხანძრების კუთხით ლიტვა ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. ასეთ შედეგს ქვეყანამ თანმიმდევრული პოლიტიკით და მუდმივი მონიტორინგით მიაღწია. გლაცკო ირწმუნება, რომ ლიტვის გამოცდილება შეიძლება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი იყოს. 

რაც შეეხება კონკრეტულ პრევენციულ ღონისძიებებს, რითაც ლიტვამ კარგ შედეგს მიაღწია, ისინი შემდეგში გამოიხატება:
ტყის ხანძრისგან დასაცავი ღონისძიებების გატარება ერთ კონკრეტულ ორგანოში უნდა იყოს თავმოყრილი, შესაბამისად, რეაგირებაც მალე მოხდება.

მეტყევეებს უნდა ჰყავდეთ მანქანები, სპეციალური აღჭურვილობა, უნდა ჰქონდეთ ტყესთან მუშაობის გამოცდილება. 
საჭიროა ტყეების კლასიფიკაცია იმის მიხედვით, რამდენად დიდია ხანძრის გაჩენის რისკი. ასე მაგალითად, ლიტვაში ტყეების 33% მაღალი რისკის კატეგორიაშია მოქცეული, 20% -საშუალო რისკის ტყეებს განეკუთვნება. ხანძრის საშიშროების რუკა კი ყოველდღიური განახლების რეჟიმშია, ვინაიდან აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ტყის ხანძრების რისკი მაღალია. 

ლიტველების რეკომენდაციით, აუცილებელია საქართველომაც დაიწყოს აქტიური საინფორმაციო კამპანია, რათა დაუდევრობის გამო სატყეო რისკები შემცირდეს. ტყეებში მხოლოდ ამკრძალავი ნიშნები კი არ უნდა განთავსდეს, არამედ ამ ნიშნებზე კონკრეტულად უნდა ეწეროს რეკომენდაცია, თუ როგორ მოხდეს კოცონის ჩაქრობა. 

ლიტველების აზრით, ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს მეტყევეების რაოდენობასაც. დღესდღეობით საქართველოში ტყის 565 მცველია, მაშინ, როცა ტყის მასივის ფართობი, რასაც ეროვნული სატყეო სააგენტო მართავს, 1 800 000 ჰექტარია. 

რამდენად გამოგვადგება ლიტველების გამოცდილება და რა ნაკლოვანებები გააჩნია საქართველოს სატყეო სფეროს, ამის შესახებ For.ge-ს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე ესაუბრა. 

მისი თქმით, ლიტვის გამოცდილება უდავოდ გასაზიარებელია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტყეების დაცვის კუთხით, ქართველებსაც კარგი გამოცდილება გაგვაჩნდა. სამწუხაროდ, დროის ცვლილებასთან ერთად ტყის მცველთა რაოდენობაც იკლებდა. ეს მაშინ, როცა საქართველოში ტყის ფართობები იგივე რჩებოდა, რაც თავის დროზე გვქონდა. 

„ბოლო 20 წელია, მეტყევეთა კლების პროცესი მიმდინარეობს, ანუ ტყის ერთ მცველზე 2 ან 3 ათასი ჰექტარი ტყის ფართობი მოდის. შესაბამისად, ერთი მეტყევე როგორ დაიცავს ამხელა ფართობს? სხვა საკითხია, რომ ადრე ტყის მცველს ჰყავდა ცხენი, მოტოციკლი იყო ამ სისტემაში, ჰქონდათ იარაღი, ახლა კი რეინჯერს ეძახიან, მაგრამ რეინჯერმა ვერ შეცვალა ეს სისტემა, რომელიც აშკარად შესაცვლელია. გარდა ამისა, ადრე იყო მძლავრი სატყეო მეურნეობები, სატყეო უბნები და კვარტლები. ახლა, მაგალითად, ზემო სვანეთში მხოლოდ ერთი სატყეო მეურნეობაა. თუ წინათ სპეციალური სითხით დატვირთული ვერტმფრენები იდგნენ აეროპორტში, ეს ვერტმფრენები უკვე გაყიდულია, სად წავიდა, არავინ იცის. 

ჩემი რეკომენდაციით, საჭიროა, როგორც ტყის მცველთა რიცხვის გაზრდა, ასევე, ტექნიკის შეძენა. რაც მთავარია, ზაფხულობით გვყავდა დროებითი მეხანძრეები, სათვალთვალო მოწყობილობიდან ხდებოდა ტყეების მდგომარეობაზე დაკვირვება. პირველ სტადიაზევე ქრებოდა ხანძრები და შემდგომ პერიოდს არავინ უცდიდა. ტყეში ხანძარი რომ ჩნდებოდა, ამას სახანძრო ზოლებს ვეძახდით, გარშემო ტყეს ტრაქტორით შემოვჭრიდით და გავრცელების კერებს ვამცირებდით“,-აცხადებს გივი ჯაფარიძე. 

რაც შეეხება საინფორმაციო კამპანიის წარმართვას, სპეციალისტი ამბობს, რომ ადრე ბუნების დაცვის კუთხით სკოლებში გარკვეული საგნები ისწავლებოდა, დანერგილი იყო პროექტი „ტყის მეგობარი“, ტარდებოდა ლექციები, საუბრები ამ თემაზე. დღესაც სკოლიდანვე უნდა გავაგებინოთ მოსწავლეებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ტყეს, ადამიანებმა უნდა შეიგრძნონ ტყის ფასეულობა. თუმცა პროპაგანდისტული ღონისძიებები ახლა ნაკლებად ტარდება. 

დღევანდელი გადასახედიდან გივი ჯაფარიძეს უჭირს საუბარი, მაინც რამ გამოიწვია აგვისტოს მასობრივი ხანძრები, რამაც 943 ჰექტარი ტყე გაანადგურა. მისი აზრით, ორივე ვერსია განსახილველია, როგორც მაღალი სიცხეები, ისე ხელოვნურად გაჩენილი ხანძრები. არც ისაა გამოსარიცხი, რომ შუშის ან სარკის ნატეხი, სიგარეტის ნამწვავი დარჩა ვინმეს და მაღალი სიცხეების გამო ამ საგნების აალება მოხდა. თუმცა დაუდევრობასთან ერთად შეიძლება ხანძარი ძალითაც გააჩინეს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ბოროტი ადამიანია. როგორც ვიცი, სულ ახლახანს ბორჯომში ნახანძრალი ტერიტორიის აღსადგენად 2 მილიონზე მეტი ლარი შეგროვდა. ეს ძალიან მცირე თანხაა, მაგრამ თავად ფაქტია საინტერესო, რომ ტყის გადასარჩენად სახალხო მოძრაობა დაიწყო. ტყეების მიმართ ადამიანების შინაგანი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. აქ მარტო თანხაზე არ არის საუბარი. საბედნიეროდ, ახლა ეროვნულ სატყეო სააგენტოს კარგი ხელმძღვანელი ჰყავს, თორნიკე გვაზავა. მამამისიც მეტყევე იყო, დოქტორი ლევან გვაზავა. ასე რომ, მისი შვილის იმედი გვაქვს მეტყევეებს, იქნებ, თავისი ხელი დააჩნიოს ამ საქმეს“.