რატომ არის საქართველოში წამგებიანი პარტიის ლიდერობა, 21 ოქტომბრის არჩევნებით წავიდა თუ არა ქვეყანა წინ და სცოდავენ თუ არა ისინი, ვინც მოსკოვში გადაბმულ ვოიაჟებს მართავენ? ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი ვაჟა ბერიძე ესაუბრა.
„ამ არჩევნებით ქვეყანა წინ ვერ წავიდა, ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ“,- ასეთია „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელ დავით უსუფაშვილის შეფასება. მართლაც დამარცხდა თუ არა თავისუფლება და თვითმმართველობა ამ არჩევნებით, თუ ეს არის ოპოზიციონერის მიზანმიმართული კრიტიკა ხელისუფლების მიმართ?
- ამ არჩევნებზე წინსვლა იყო თუ უკუსვლა, ძნელი სათქმელია. პირობითია ასეთი შეფასება, რამდენადაც დადგა ის შედეგი, რომელიც საზოგადოების უმრავლესობის ნებას გამოხატავს. არანაირი საპროტესტო ტალღა ამ არჩევნებს არ მოჰყოლია, რასაც რამდენიმე პოლიტიკური ძალა აანონსებდა. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები არსებითად სამართლიანად ჩატარდა. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რაც ხდება სხვაგან და საქართველოშიც. ასეც რომ არ იყოს, ტოტალური გაყალბების შესახებ პოლიტიკოსების რიტორიკა ყოველთვის გადაჭარბებული მგონია, რადგან თუნდაც ჩვენი ნაკლოვანი საარჩევნო კანონმდებლობა არჩევნების ტოტალურად გაყალბების საშუალებას არ იძლევა. თვით ძალაუფლების ზენიტში მყოფმა სააკაშვილმაც კი, როდესაც ის ყველაფერს აკონტროლებდა, დაწყებული მედიიდან, დამთავრებული ცენტრალური საარჩევნო კომისიით, ვერ მოახერხა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო რიგგარეშე არჩევნების გაყალბება. იმ პერიოდში თბილისში, ბათუმში, თელავში, ფოთში მან წააგო არჩევნები, მაგრამ რეგიონებში თავისი გავლენისა და ეთნიკურად არაქართული მოსახლეობით დასახლებული რეგიონების ხარჯზე მთლიანობაში მოიგო არჩევნები. თუმცა მთავარი ქალაქები და დედაქალაქი თბილისი წააგო.
თუნდაც დეკლარირებული დემოკრატიის პირობებში გაყალბება იოლი არ არის. თვით „შენების მოძრაობისთვისაც“ ეს არჩევნები წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან რამდენიმე საარჩევნო ოლქში დებიუტანტის კვალობაზე მათ კარგი შედეგი აჩვენეს. ამდენად, ამ არჩევნებს უკან გადადგმულ ნაბიჯად ვერ შევაფასებ. ეს არჩევნები იყო უეჭველად სამართლიანი და თავისუფალი, მაგრამ არაკონკურენტული, რასაც სხვა ფაქტორები განაპირობებს. მმართველ ძალას და მის პერსონალიებს გაცილებით უკეთესი სასტარტო პირობები ჰქონდათ, ვიდრე დანარჩენებს. იგულისხმება ფინანსური, ადმინისტრაციული რესურსი, რომლის გამოყენებაც ხდებოდა ამ არჩევნების დროსაც.
თავის დროზე თქვენ აცხადებდით, რომ 25 წლის განმავლობაში საქართველოში ვერ მოხერხდა ღირსეული პარტიების ჩამოყალიბება და ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ამ არჩევნებმაც დაადასტურა, რომ საზოგადოება მესამე ძალის მოლოდინშია. თუკი გამოჩნდებიან ასეთი ძალები, ამ მესამე ძალის იმიჯს ხომ არ მოირგებენ მედროვეები, როგორც ეს ქართულ პოლიტიკაში ხდება ხოლმე?
- პარტიების ასეთ წარუმატებლობაზე აისახა როგორც მათი ფინანსური სიდუხჭირე, ისე ადამიანური რესურსის სიმწირე. თუკი მხედველობაში არ მივიღებთ ლიდერებს, კოლორიტულ და გამოცდილ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლახანს შექმნილ „ლიდერთა საბჭოში“ არიან გაერთიანებულნი, ზოგადად, პარტიებში ნიჭიერი და უნარიანი ლიდერების, პოლიტიკოსების საოცარი ნაკლებობაა. ღვთის მადლით, ჩვენ გვყავს სამშობლოსთვის თავგადადებული პოლიტიკოსები, მაგრამ, ჯორდანო ბრუნოს მსგავსად, თავის ჯალათს რომ უთხრა, „ვიცი, რომ დედამიწა ბრუნავსო“, ჩვენი პოლიტიკოსების ძირითადი ნაწილი ამას დაამატებდა, „მეც ვიცი, რომ დედამიწა ბრუნავს, მაგრამ ოჯახი მყავს სარჩენიო“. ოჯახი ყველას სარჩენი გვყავს და პოლიტიკურ პარტიებში ვერ ჩერდებიან ნიჭიერი და უნარიანი ადამიანები, რადგან ამ პარტიების ფინანსური შესაძლებლობები ნორმალური ხელფასის ქონის საშუალებას არ იძლევა. საერთოდ, უმჯობესია, პარტიული მოღვაწე და პოლიტიკოსი იდეალისტი იყოს, მაგრამ მატერიალური საჭიროებები ყველას აქვს. ამიტომ მიდიან სხვა სფეროებში - ბიზნესში, საბანკო სფეროში, თუნდაც ადმინისტრაციულ სამსახურში, სამოხელეო აპარატში. ადამიანური და ფინანსური რესურსის სიმწირე სერიოზულად უშლის ხელს პარტიებს, ჩამოყალიბდნენ პოლიტიკის ავტორიტეტულ სუბიექტებად.
ამის მიუხედავად, ამ პატარა საქართველოში დარეგისტრირებული პარტიების ბუმია.
- საქართველოში 200-ზე მეტი პარტიაა დარეგისტრირებული, აქედან ფუნქციონირებადი და მოქმედი პარტიები მაქსიმუმ 50-ს არ აჭარბებს. არადა, საქართველოში შესაბამისი იდეოლოგიის საფუძველზე მაქსიმუმ 6 ან 7 პარტიისთვის შეიძლება იყოს სამოქმედო არეალი. თანდათან ასეც უნდა ჩამოვყალიბდეთ, მაგრამ ამ ვითარებამდე ჩვენ ვერ მივალთ „ქართული ოცნების“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის იმ სტრატეგიით, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკის დეპოლიტიზაციას. მოგეხსენებათ, პროფესიონალი პოლიტიკოსები ყოველმხრივ შევიწროებულნი არიან, რადგან ბატონი ბიძინა ანგარიშს უწევს იმას, რომ პოლიტიკოსები პოპულარობით ხალხში არ სარგებლობენ, რადგან მათ საქმიანობას განაპირობებს მათივე წარსული და ერთმანეთის მოწინააღმდეგე ძალების მარგინალიზების ქართული ჩვეულება, როდესაც ერთმანეთის ძირის გამოთხრით და შეურაცხყოფით არიან დაკავებულნი.
სწორედ დეპოლიტიზების ტაქტიკით ხომ არ არის განპირობებული უცნობი ადამიანების პოლიტიკაში შემოყვანა „ქართული ოცნების“ მხრიდან? თუმცა რეალური პოლიტიკოსების მსგავსად, ამ უჩინარმა ადამიანებმაც ვერ დაგვამახსოვრეს თავი.
- ზოგადად, დეპოლიტიზების ტაქტიკა აირჩია ბიძინა ივანიშვილმა და არენაზე გამოიყვანა ახალი სახეები, უბიოგრაფიო ადამიანები. ბევრ მათგანს შრომის ბიოგრაფიაც არ ჰქონია. ამ ადამიანებს ვაკვირდებით 4-5 წლის განმავლობაში, ისინი არც არაფერს აფუჭებენ, უმეტესი მათგანი კორუფციაშიც არ არის შემჩნეული, მაგრამ არც არაფერს აკეთებენ, ინიციატივას არ იჩენენ. უბრალოდ, თავიანთი მაღალი ხელფასით კმაყოფილნი არიან. ზოგიერთი მათგანი თავის ბიზნესს „კრიშავს“ და არიან ბედნიერად და ლაღად. როცა პოლიტიკოსმა იცის, რომ პრემიერ-მინისტრად იმუშავებს 3-4 წლის განმავლობაში, შემდეგ კარგ თანამდებობას მიიღებს და ბატონი ბიძინა არ დატოვებს უყურადღებოდ, ამის იმედად არაფერს აკეთებს. მთავარია, არაფერი დააშავონ, ქრთამი არ აიღონ, სკანდალში არ მოყვნენ. თავისთავად, ეს არ არის ურიგო სტრატეგია, მაგრამ ამით ხდება პოლიტიკის პროფანაცია, პოლიტიკა კი საქართველოში ახალი ხილია.
25 წელი არ არის დიდი დრო პოლიტიკის განსავითარებლად. ადრე პარტიული ფუნქციონერის დანიშნულება სულ სხვა იყო, ყველაფერი კრემლში წყდებოდა და ჩვენი ფუნქციონირები თუთიყუშებივით იმეორებდნენ ყველაფერს. ახლა, უკვე საჭიროა გარეშე ძალების მხარდაჭერის გამოყენება, გარკვეული მნიშვნელობა აქვს პოპულარობის და ნდობის რეიტინგებს, რომლებიც არ იზომება ჩვენს ქვეყანაში. ამ ყველაფრისგან დეპოლიტიზირებულ გარემოში პარტიებიც კოტრდებიან არა მარტო ავტორიტეტის თვალსაზრისით, არამედ ფინანსურადაც. ერთი გაერთიანების დომინირება ხდება პოლიტიკურ სივრცეში, რომელსაც პოლიტიკური პარტიის ნიშნები ნაკლებად აქვს. მოგეხსენებათ, პრაქტიკულად, ჩვენი პრემიერი მემარჯვენეა და შეიძლება, გარკვეული თვალსაზრისით, ბიზნესსა და საბანკო სფეროსაც ლობირებდეს, ხოლო პარტია, რომელსაც იგი ივანიშვილის ნებით ხელმძღვანელობს, არის მემარცხენე მიმართულების. ეს ხომ შეუსაბამობაა, მაგრამ ამაზე საქართველოში არ ფიქრობენ.
უფრო შორს აღარ წავალ და არ გავიხსენებ, თუ როგორ იყვნენ ალიანსში მემარჯვენე „რესპუბლიკელები“ და „კონსერვატორები“ , ფაქტობრივად, სოციალისტურად აღიარებულ „ქართულ ოცნებასთან“.
მაგრამ აქ ფული წყვეტდა ყველაფერს.
- ფული ერთი ფაქტორია, მაგრამ მე მიდგომები უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე ფული. ასეც არ არის, რომ ფული გამოვაცხადოთ ყველა ბოროტების სათავედ. ფული უნდა იყოს პოლიტიკაში, პოლიტიკა საქმიანობის ის სფეროა, სადაც ადამიანები თავისი კვალიფიკაციის და წესიერების შესაბამისად მაღალ ხელფასებს უნდა იღებდნენ, თავიანთ კარიერას ერთგულებდნენ, ხალხის სამსახურის დადებით მაგალითს აჩვენებდნენ. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება მარიონეტების თეატრი. მაგალითად, რომელიმე პარტიის უკან თუ დადგება სხვა ბიძინა ივანიშვილი, გამოვა სულ სხვა მარიონეტების თეატრი. აქ იქნება არა ხედვების, მიდგომების, გამოცდილების, პოლიტიკის შეჯიბრი, არამედ შეძლებული ადამიანების პაექრობა.
ბოლო დროს ხშირად ვიმეორებ, რომ კონკურენცია აღარ არსებობს ამ ქვეყანაში, საზოგადოებრივი აქტიობის არც ერთ სფეროში. კონკურენცია არ არსებობს არც ბიზნესში, არ არსებობს სახელოვნებო სფეროშიც კი. ამჟამად კულტურის მინისტრთან და მის კომპანიებთან დაახლოებული წრე დომინირებს. რა თქმა უნდა, არ არის კონკურენცია პოლიტიკაშიც, თანაბარი ძალის რამდენიმე სუბიექტი არ არსებობს. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა სტაბილური ელექტორატი 20%-ის ფარგლებში, მაგრამ, როგორც ამ არჩევნებმა აჩვენა, ისიც გაიყო „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის. პრინციპში, ეს დადებითი ფაქტია, რადგან პოლიტიკური პარტიის რეფორმისტულ-მოდერნისტული კურსი საყურადღებო უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რომ არ ხელმძღვანელობდნენ ამ ახლად წარმოშობილ „ევროპულ საქართველოს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძველი და ნაწრთობი ლიდერები, რომელთაც იმდროინდელ 9-წლიან შეცდომებში ლომის წილი მიუძღვით.
კიდევ სხვა პრობლემა მოდის წინა პლანზე, რაზეც თქვენს კითხვაში აქცენტი დასვით, რომ ყველა ხელისუფლებას უნდა ჰყავდეს რეალური ალტერნატივა.
ამ ხელისუფლებას კი რეალური ალტერნატივა არც ჰყავს და არც სჭირდება.
- ცხადია, ზედმეტი თავსატეხი არ სჭირდებათ, მაგრამ ეს ქვეყანას სჭირდება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც უნდა ფიქრობდნენ ამაზე. ვთქვათ, ერთ მშვენიერ დღეს ხალხმა გადაწყვიტა, რომ აღარ სურს „ქართული ოცნება“, ვინ არის მისი რეალური ალტერნატივა? „ნაცმოძრაობა“, რომლის ხელისუფლებაში დაბრუნებასაც საზოგადოების უმრავლესობა არ მიიღებს? „ევროპული საქართველო“, რომლის ლიდერებიც „ნაცმოძრაობის“ შეცდომებს არ გამიჯვნიან? შემდეგ მოდის „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტები“, „დემოკრატიული საქართველო“. აქედან „პატრიოტთა ალიანსს“ და „დემოკრატიულ საქართველოს“ ჩვენი დასავლეთელი პარტნიორები პრორუსულ ძალებად მიიჩნევენ, რაც, ჩემი აზრით, მცდარი შეხედულებაა.
ბევრს აეჭვებს ისიც, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ მოუხშირა რუსეთში ვიზიტებს, თავის საზიანოდ აკეთებენ ამას?
-რუსეთში ვიზიტებს „ნაციონალები“ და ხელისუფლების წარმომადგენლებიც რომ დაიწყებდნენ, კარგი იქნება, რადგან რუსეთი ჯერ არ გამქრალა დედამიწის ზურგიდან. ნიჭიერი კაცის - კახა ბენდუქიძის ჰიპერბოლა რომ წარმოვიდგინოთ, თითქოს რუსეთი არ არსებობს და მის მაგივრად არსებობს ზღვა და ოკეანე, ასეთი რამის დაჯერება ძნელია. ცხადია, რუსეთი არსებობს და ამიტომ ამ ქვეყანასთან ურთიერთობაც უნდა იყოს, ვიზიტებიც უნდა დაიწყოს. ის, რომ თურმე ვიღაცა ვიღაცას გადაიბირებს, ამის გამო რუსებს არავინ დაელაპარაკოს? ეს მრავალმილიონიანი ქვეყანა ხომ ჩვენი ეკონომიკის ნაწილის მეპატრონე და ფულადი გადმორიცხვების მიხედვით პირველ ადგილზე მყოფია. იქ ხომ 800 ათასამდე ჩვენი მოქალაქე ირჩენს თავს.
თუმცა რას ლაპარაკობენ თბილისიდან მოსალაპარაკებლად ჩასული ადამიანები რუსებთან, ნაკლებად ცნობილია. ესეც ხომ არ აეჭვებს დასავლეთს?
- რატომ უნდა ვიცოდეთ, რას ელაპარაკება რომელიღაც თავის კოლეგას პარლამენტის წევრი ადა მარშანია. დაელაპარაკოს, მას აქვს თავისი ავტორიტეტი. ხოლო, თუ ჩვენი საზოგადოება ჩათვლის, რომ ეს მცდარი ნაბიჯია, რადგან მხოლოდ ხელისუფლებას უნდა მივცეთ რუსეთთან კონტაქტის საშუალება, მაშინ სხვა საკითხია. თუმცა ეჭვი მეპარება, საზოგადოების უმეტესობა ფიქრობდეს, რომ პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, ყველას უნდა ჩამოერთვას რუსეთთან ურთიერთობის უფლება. აქ ჩამოსულ რუს მეცნიერებთან მქონია მძიმე დისკუსიები, მაგრამ ამ დისკუსიებში ჩვენი პოზიცია მართებულია. ამიტომ ასეთი დისკუსიები უნდა იყოს. 20 წელია, რუსეთში არ ვყოფილვარ და აქტიური კონტაქტები არ მაქვს რუს მოღვაწეებთან, მაგრამ საქმეს ასე არ წაადგება, დიალოგი აუცილებელია და, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია აწარმოებს მოლაპარაკებას, უნდა ავუკრძალოთ? მაშინ ხელისუფლება დაელაპარაკოს რუსეთს.
თუ ეშინიათ, რომ მოისყიდიან? აბა, რა იქნება, როცა თინეიჯერებს დანიშნავთ საგარეო პოლიტიკურ უწყებაში და იქიდან თბილისელი ბებერი მგელი ლავროვია წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ლავროვი დაჯაბნის თინეიჯერს. ამიტომ ჩავიდეს მარგველაშვილი რუსეთში, ის კულტურული, განათლებული ადამიანია, ან კიდევ, კვირიკაშვილი ჩავიდეს, დაელაპარაკოს რუსეთის პრემიერ-მინისტრს.
ოკუპირებული ტერიტორიები რეალობაა, მაგრამ მე მიყვარს ისტორიული პარალელების გავლება. გიორგი ბრწყინვალე რომ არ ჩასულიყო საილხანოში და ჩობან ნოინის მეშვეობით იქიდან არ წამოეღო ერთიანი საქართველოს მეფობის პირობა, მაშინ არც გიორგი ბრწყინვალე შედგებოდა და არც საქართველო იქნებოდა ისეთი ძლიერი. სხვათა შორის, იმის მერე არც ყოფილა საქართველო ისე ერთიანი და ძლიერი. რახან ჩვენ მხოლოდ ამერიკელებთან და ევროპელებთან ურთიერთობით მიზანს ვერ ვაღწევთ და, რაც დრო გადის, მით უფრო ვშორდებით ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებს, მოვსინჯოთ რუსეთის გზაც. თუმცა ეს უნდა გაკეთდეს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირით. არასდროს აშშ-ის არც ერთ ადმინისტრაციას ქართველი პოლიტიკოსებისა და ლიდერებისთვის არ აუკრძალავს რუსეთთან ურთიერთობა.
როგორ უნდა გადმოვიბიროთ და დავიბრუნოთ აფხაზი და ოსი ეროვნების მოქალაქეები მათთან დიალოგის გარეშე?! თუ ასეთ მიდგომას შევინარჩუნებთ, მაშინ ჩვენ უნდა დაველოდოთ რუსეთის დაშლას და განადგურებას.
დავუბრუნდეთ ისევ ქართულ არჩევნებს. საქართველოში ლიდერი ყოველთვის მეტი წონის იყო, ვიდრე პარტიები. ამ არჩევნებმაც დაადასტურა, რომ პარტიულობა უბრალო ტვირთია. ამის მიუხედავად, ალეკო ელისაშვილი პარტიის შექმნას აანონსებს. რამდენად გამოუვა მას პოლიტიკური ლიდერობა?
- ელისაშვილის წარმატება აბსოლუტურად ლოგიკურია. ეს წარმატება აჩვენებს იმას, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, ანუ პარტიული პოლიტიკის კრიზისს საქართველოში. უკმაყოფილო ელექტორატის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ამიტომაც მისცა ელისაშვილს ხმა. ეს არის ქართული პოლიტიკური კლასის გაფრთხილება, თუ ისინი გონივრულ რეაგირებას არ მოახდენენ პროცესებზე, ხალხი მათ საბოლოოდ ზურგს შეაქცევს და ისედაც ნაკლებად გავლენიანი მათი არსებობა ფორმალური გახდება. რაც შეეხება ელისაშვილის მიერ პარტიის შექმნას, მე არ ვიცი, რას აპირებს ელისაშვილი, მაგრამ მას არ ვურჩევდი პარტიის შექმნას. პირველი, მას გაუჭირდება ფინანსური რესურსის მოძიება, მეორე, გაუჭირდება იდეოლოგიური პლატფორმის პოვნა. ელისაშვილის პიროვნების ფაქტორი და მისი საქმიანობის ხიბლი უპარტიობაშია. თუმცა უპარტიო პოლიტიკის არ მწამს. მიუხედავად იმისა, რომ პარტიები არ მოგვწონს და საქართველოში ნეგატიური კონტექსტის შემცველია პარტიების საქმიანობა, მაინც ისეა მოწყობილი დემოკრატიული საზოგადოება, რომ პარტიები პოლიტიკური პროცესის სერიოზული სუბიექტები არიან. ამიტომ უპარტიო პოლიტიკა განწირულია და მას რჩება ერთადერთი ნიშა - პოპულიზმი.
ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ბრექსიტის იდეოლოგებისა და ლიდერების ბედი. მოგეხსენებათ, ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა დაიკავა არა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თავგამოდებულმა ქომაგმა, არამედ ბრექსიტის იდეის მხარდამჭერმა, ზომიერმა პოლიტიკოსმა ტერეზა მეიმ. მხოლოდ ერთადერთი, ბატონი ჯონსონი გახდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო ფარაჯი, რომელიც იყო ამ პროცესის მთავარი ფიგურა, პოლიტიკის მიღმა დარჩა. ასეთ პოპულისტურ ტალღაზე ხელისუფლებაში მოსვლა მერე უჭირთ.
ამიტომ სახალხო ლიდერებს ვურჩევ, არსებულ პარტიებთან ალიანსი ამჯობინონ ახალი პარტიის შექმნას. პარტიული ლიდერი ელისაშვილი სულ სხვა იქნება, ხოლო საზოგადოების ინტერესების დასაცავად მებრძოლი ელისაშვილი სხვა არის. პარტიის შექმნით მისი პოლიტიკური კაპიტალი წამსვე გაიფლანგება და გაიფანტება. ამ არჩევნებში ელისაშვილის წარმატების განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ პარტიების კრიზისია და კიდევ ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას არ აქვს უნარი, საზოგადოებამდე მიიტანოს პრობლემები და მათ გადასაჭრელად მის მიერვე წარმოებული საქმიანობა. წარმოიდგინეთ, როგორი სასაცილო ვითარებაა ქვეყანაში, როცა გარდა პარტიული მუშაკებისა და მათ მიერ სპიკერებად დადგენილი პირებისა, ხელისუფლების ნაბიჯებს არც ერთი არასამთავრობო, არც ერთი ექსპერტი ან ანალიტიკოსი, არც ერთი მედიასაშულება არ უჭერს მხარს. თუ არ ჩავთვლით ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფ „იმედს“. ვინც უჭერს მხარს ხელისუფლებას, ისიც სანახევროდ. ეს დამაფიქრებელი მომენტია და ხელისუფლების სისუსტემაც განაპირობა ელისაშვილის ფაქტორის წინა პლანზე წამოწევა.