ვინ არის პაიკი და ვინ მეფე ამ თამაშში უცნობია, თუმცა ყველა სვლაში და ყოველ ჯერზე მხოლოდ ერთი ფიგურა ზარალდება, ეს დეკანოზი გიორგი მამალაძეა. რატომაა დამნაშავე მხოლოდ ერთი, როცა საქმეს ბევრი მონაწილე ჰყავს? – საქმე განაჩენით, თუმცა დასასრულის გარეშე.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ „ციანიდის საქმეზე“ სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა მის ბრალეულობაში ერის და ბერის უმრავლესობას ეჭვი დღემდე ეპარება.
როგორ ფიქრობთ დამნაშევა, დეკანოზი, გიორგი მამალაძე? - ამ კითხვაზე ადამიანების უმრავლოსობას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს - არა!
საზოგადოების უფრო გავრცობილი მოსაზრება კი ასეთია; „თუ დანაშაულზე მიდგა საქმე, არა მგონია მხოლოდ დეკანოზი იყოს დამნაშავე“; „ვფიქრობ ცინიდის საქმე შეთხზულია და მანდ სხვა რაღაც მოხდა“; „არ ვიცი“; „არაა დამნაშავე“; „სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე მაგ საქმეში რა ხდება“; „არავითარ შემთხვევაში არაა დამნაშავე“; „ვფიქრობ მოწყობილია“; და ა.შ. - რატომღაც საზოგადოებისა და სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ერთმანეთს არ ემთხვევა.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე, ჯერ კიდევ სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე თვლიდა, რომ „ციაიდის საქმე“ ქართული ეკლესიის მტრების მიერ დადგმული სპექტაკლი იყო და დეკანოზ გიორგი მამალაძის დაპატიმრების გამო ატეხილი მთელი დავიდარაბა საქართველოში მართლმადიდებლობის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.
„როგორც ცნობილია, გიორგი მამალაძეს ოპერატიული სამსახურები უთვალთვალებდნენ და ფარულად უსმენდნენ, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ მის მიერ ციანიდის შესყიდვის ფაქტი ვერ დააფიქსირეს, არადა დეკანოზი არც ჯეიმს ბონდია და არც მატა ჰარი, რომ სპეცსამსახურებს შეუმჩნევლად დასხლტომოდა ხელიდან.
დიდი ხანია ვამბობ, რომ „ციანიდის საქმე“ სპექტაკლია, რადგან არც პატრიარქს კლავდნენ და არც შორენა თეთრუაშვილს. „ციანიდის საქმის“ ფონზე განვითარებული მოვლენები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება. დეკანოზი საქართველოში თუ არ გამართლდება, აუცილებლად გამართლდება სტრასბურგის სასამართლოში. არ არსებობს მყარი არგუმენტები და არ არსებობს მოწმეც, რომელიც დეკანოზ მამალაძეს ხელს დაადებს და იტყვის, რომ იგი შორენა თეთრუაშვილის მოკვლას აპირებდა“, - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თვლის, საქმეში მყარი არგუმენტები არ არსებობს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ე.წ. მატროსოვის ციხეში, 9-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.
კონკრეტულად ვის და რატომ აწყობდა დეკანოზის ციხეში უსამართლოდ გამოკეტვა, ამ კითხვას საჯაროდ და არგუმენტირებულად პასუხს არავინ სცემს. სამგიეროდ, საუბარი დაიწყო შეთქმულებაზე, რომელზეც, მეუფე დიმიტრი, 25 ოქტომბერს, დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ, ალაპარაკდა.
„მე ვთვლი, რომ ეს იყო შეთქმულება არა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ და ის, ვინც ეს დაგეგმა და ეს ყველაფერი შეთხზა, არის ძალიან ბოროტი ადამიანი. ბევრი კითხვები დამიტოვა გამოძიებამ: ჰქონდა თუ არ ჰქონდა მას ციანიდი; ვერ დადასტურდა, რომ მან ნამდვილად შეიძინა ის, მაგრამ მე ძალიან მაშფოთებს ის ჩანაწერი, სადაც არის საუბარი დოზაზე, განეიტრალებაზე და ა.შ. ის ისევ რჩება თავის აზრზე, რომ მას ეს მოუწყვეს და ეს მოუწყო ადამიანების იმ ჯგუფმა, ვისაც ასახელებდა და აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილისგან ჰქონდა შეკვეთა, რომ ციანიდი ჩამოეტანა და გადაეცა მისთვის“,- აღნიშნა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა.
იგივე მეუფე დიმიტრის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ცნობილი იყო პატრიარქისთვის და აღნიშნა, რომ პატრიარქს საქმესთან დაკავშირებით აქვს კითხვები და ილია მეორე მოხარული იქნება, თუკი აღნიშნულ საკითხზე დეკანოზი გიორგი მამალაძე უდანაშაულო აღმოჩნდება.
გარდა უპასუხოდ დარჩენილი კითხვებისა სახალხო დამცველის მონიტორინგმა ძიების პროცესში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, რომელზეც თავად უჩა ნანუაშვილი საბრობს.
„თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაუსაბუთებლად დაცვის მხარეს უფლება შეუზღუდეს მოეპოვებინა თბილისის საერთასორისო აეროპორტში ბარგის ამოღებისა და დაკავების ამსახველი ვიდეომასალა. გაუგებარია, თუ ვისი პერსონალური მონაცემების დაცვას ისახავდა მიზნად სასამართლო, როდესაც პროცესი მთლიანად იყო დახურული და ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდათ დადებული.
ასევე გაუგებარია, თუ რატომ წარმოადგენდა მოცემულ შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვა სამართლიანი სასამართლოს უფლების უპირატეს ინტერესს, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასამართლოში მონაცემთა დამუშავებაზე“, -განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ამასთან ერთად, საზოგადოებაში, დღემდე საუბარია დახურული სასამართლო პროცესიდან გავრცელებულ მოწმეების ჩვენებებზე, რაც ე.წ „ციანიდის საქმის“ რეალურობას ეჭქვეშ აყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ მოწმეების ჩვენებების მედია საშუალებებში გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და დაიკითხა დეკანოზის ადვოკატები და საქმის პროკურორები, ეს ფაქტი გამოძიებული მაინც ვერ იქნა, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არა მოწმეების ჩვენებების გამავრცელებელი, არამედ ე.წ. „ციანიდის საქმის“ რეალური მოტივი და მიზანია საინტერესო. ე.წ „ციანიდის საქმის“ რეჟისორი სცენარის დასასრულზე ფიქრობს, თუმცა ერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება.