ანტი-ირანულ პოლიტიკის ფონზე, დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება შეცვალა. აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ლტოლვილების მიღება განახლდება. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 24 ოქტომბერს ლტოლვილთა მიღების 120-დღიანი აკრძალვის ვადა ამოიწურა.
მიუხედავად ამ განკარგულებისა, განსაკუთრებული რისკის გამო 11 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გამკაცრდა მოთხოვნები. თუმცა რომელ ქვეყნებს დაუწესდება შეზღუდვები, არ კონკრეტდება. ცნობილია ის, რომ ამ ქვეყნების წარმომადგენლები აშშ-ში, მომავალი 3 თვის განმავლობაში მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში შევლენ. ასევე, დამატებითი შეზღუდვები იქნება ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომელიც 90 დღის განმავლობაში იმოქმედებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ლტოლვილთა ოჯახის წევრები დამატებით შემოწმებას გაივლიან.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში საიმიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრა, რომლის ფარგლებში ქვეყანაში შვიდი მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებს, კერძოდ - ირანი, ერაყი, იემენი და ლიბია, ოთხი თვის განმავლობაში აეკრძალათ აშშ-ში შეშვება. რაც შეეხება სირიელ ლტოლვილებს, პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ში მათი შესვლა აკრძალა. ტრამპი მაშინ ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიდა, რომ რადიკალური ისლამის ტერორისტები აშშ-ის გარეთ დარჩებოდენ. ტრამპი ამბობდა, რომ ქვეყანაში რადიკალური მუსულმანი ტერორისტების შემოდინებას არ დაუშვებს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გუნდის წევრი ჯეიმს კარაფანოსა მაშინ ამბობდა, რომ ტერორისტები ამერიკაში ლტოლვილების საფარით შემოსვლას ცდილობდნენ.
„საფრთხე, რომელიც ამერიკაში ტერორიზმის მხრივ გვაქვს, ძირითადად, უკვე ქვეყნის შიგნით მცხოვრები რადიკალიზებული ადამიანებისგან მოდის. ამ აღმასრულებელი ბრძანების მიზანი იმაში დარწმუნებაა, რომ ათობით ათას ლტოლვილში უცხოელი მებრძოლები არ შეერიონ. ჩვენ ვიცით, რომ ისინი ამერიკაში შემოპარვას ცდილობენ“, - აცხადებდა ჯეიმს კარაფანო.
სამიგრაციო პოლიტიკის გადახედვას ანტი-ირანულ პოლიტიკას უკავშირებს პოლიტოლოგი, საერთაშორისო მკვლევარი, თამარ კიკნაძე, რომლის შეფასებით, აშშ-ს სჭირდება მუსლიმურ ქვეყნებთან ურთიერთობის გამყარება. გარდა ამისა, მისი თქმით, ძალიან რთული გარემოა შექმნილი ტრამპის გარშემო და ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებას გარკვეული ძალების ზეწოლის შედეგად იღებს.
„მე ვთვლი, რომ ტრამპმა თავისი გადაწყვეტილება გარკვეული ძალების ზეწოლის შედეგად შეცვალა. იმიტომ, რომ ეს გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, აშშ-ს სჭირდება მუსლიმურ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობის გამყარება, მით უმეტეს, როდესაც ანტი-ირანულ პოლიტიკას აწარმოებს. ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ ინდივიდუალურად ააწყონ თავიანთი ურთიერთობები, მაგარმ რაც შეეხება აშშ-ს, ის არ უჭერს მხარს ირანისთვის სანქციების მოხსნას და მიაჩნია, რომ ირანი ძალაინ სახიფათო სახელმწიფოა, თუ მას ექნება ბირთვული იარაღი“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპის მხრიდან ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მით უმეტეს, რომ არ კრძალავს შეშვებას, მაგრამ მკაცრდება ამერიკაში შესვლა. მისი თქმით, ფილტრაციის მომენტი გაიზრდება, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
„თუ უარს იტყვის გარკვეული ნაწილის მიღებაზე, დაასაბუთებს, რომ ეს ადამიანები თავისი შემოსვლით საფრთხეს უქმნიან აშშ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.
ექპერტი უსაფართხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან ხისტად უდგებოდა თავის პოლიტიკას, მათ შორის იგივე მუსულმანური ქვეყნების მიმართ, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით არასწორი იყო.
„როგორც ჩანს, ტრამპი მიხვდა, რომ არაბულ სახელმწიფოებთან ასეთი ურთიერთობა შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს მისთვის. ამის დადასტურება გახლდათ ის, რომ საუდის არაბეთმა რუსეთის მიმართულებით გადაიტანა აქცენტი, რაც საინტერესო მომენტია. როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა სწორედ ამ ვითარების გამო. სურს, დაანახოს არაბულ სამყაროს და თავის სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ ამერიკა კვლავ რჩება მათ ერთგულ მეგობრად, რის ინტიკაციებს ტრამპის ადმინისტრაცია ნაკლებად იძლეოდა“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.
მისივე თქმით, როდესაც ამერიკამ აკრძალა ლტოლვილების მიღება და იზოლაციური პოლიტიკა გამოაცხადა, ძალიან ცუდ შედეგამდე მიიყვანა აშშ.
„როგორც ჩანს, ამერიკამ გააცნობიერა ის შეცდომები, რაც დაუშვა ამ პერიოდის გამნავლობაში და გადავიდა სხვა ურთიერთობის ფორმატზე. რუსეთის, ირანის გაძლიერების ფონზე, იგივე აღმოსავლეთში სპარსეთის ყურეში, ასევე ცენტრალურ აზიაში, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თვლის, რომ განკარგულება, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ლტოლვილების მიღება განახლდება, არ ნიშნავს იმას, რომ ტრამპმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალა. მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა ნახევარი ნაბიჯით უკან დაიხია, რაც ტრამპის შინაგანი მდგომარეობით არის გამოწვეული.
„ტრამპმა გადაიკიდა მთელი ამერიკა. წარმოდგენა არ მაქვს, რაში სჭირდებოდა დამატებით სპორტსმენების გადაკიდება. ჰოლივუდი გადაიკიდა, პრესა და ტელევიზია გადაიკიდა. ამიტომ, ამ საკითხში, რასაც ჰქვია საიმიგრაციო პოლიტიკა ოდნავ უკან დაიხია, შეშვების სხვა მექანიზმები და კონტროლი გაამკაცრა, ეს არის და ეს. ტრამპს თავისი გადაწყვეტილება არ გაუუქმებია და არც უარყვია. ეს იყო არა სტრატეგული, მაგრამ ტაქტიკურად სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.