„ჩვენ აგრესიული საზოგადოება ვართ და მასწავლებელი საზოგადოების შეცდომების მსხვერპლიც შეიძლება გახდეს“

„ჩვენ აგრესიული საზოგადოება ვართ და მასწავლებელი საზოგადოების შეცდომების მსხვერპლიც შეიძლება გახდეს“

ქვეყანაში არჩევნების მიუხედავად, მოსწავლეთა უფლებების საკითხი, მაინც მთავარ თემად რჩება, რადგან სწორედ მათი პიროვნული განვითარება განსაზღვრავს მომავალში ქვეყნის ბედს და არჩევანს.

მოსწავლეთა უფლებების შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის მიხედვითაც სკოლებში ძალადობა დღემდე მთავარ პრობლემად რჩება, რასაც თან მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ საკუთარი და სხვისი უფლებების არცონდაც ერთვის.

აღნიშნულ პრობლემაზე უჩა ნანუაშვილი სახელმწიფოს რეაგირებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების უკვე არსებული მექანიზმი აუცილებლად უნდა დაიხვეწოს.

ნანუაშვილის პასუხად განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ბულინგის თემაზე და სკოლებში არსებული ძალადობის ფორმების გამოვლენა-აღმოფხვრაზე სამინისტრო სისტემატურად მუშაობს. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება ყველა შემთხვევაზე, როცა დასტურდება მასწავლებლის ან სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ბავშვებზე ძალადობის ფაქტები.

„მოსწავლეებზე ძალადობის გამო, 2016 წელს სკოლებიდან 14 პედაგოგი გაათავისუფლეს, ხოლო 2017 წლის იანვრიდან დღემდე - 9. მიმდინარე სასწავლო წელს კი აღნიშნული მიზეზით 4 პედაგოგი გათავისუფლდა“, - განაცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ნანუაშვილის ანგარიშით, მონიტორინგი 98 საჯარო, 5 კერძო და 6 სკოლა-პანსიონში ჩატარდა, სადაც პრობლემა არა მხოლოდ ძალადობა, არამედ ძალადობის შესახებ ინფორმაციის არქონაცაა.

„მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას“, - ნათქვამია ომბუდსმენის კვლევაში.

როგორ ზრუნავს სახელმწიფო, მასწავლებლების ცოდნის ამაღლებასა და გადამზადებაზე, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშიებით და ვისი მოვალეობაა მოსწავლეების ინფორმირება ბავშვთა უფლებების საკითხში, ამ თემაზე For.ge თბილისის, 85-ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილს, მზია შერმაზანაშვილს, ესაუბრა.

მასწავლებელი, რომელმაც 24 წელი მოსწავლეებთან სხვადასხვა განათლების სისტემის არსებობის პირობებში გაატარა და დღესდღეობით სახელმწიფოს მხრიდან მასწავლებლებზე ზრუნვისა და ყურადღების შეფასების მეტი კომპეტენცია აქვს, აცხადებს, რომ სახელმწიფო, დღესდღეობით, ნამდვილად ზრუნავს მასწავლებლების გადამზადებასა და ცოდნის ამაღლებაზე, რაც საბოლოო ჯამში სკოლებში მოსწავლეებისთვის უკეთესი გარემოს შექმნისა და პიროვნული განვითარებისკენაა მიმართული.

„არის ტრენინგები ისეთ თემეზე, როგორიცაა კომუნიკაციის ფსიქოლოგია, ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები და სხვა, რაც უშაულოდ ბავშვთან ურთიერთიერთობას ეხება. წარმატებული მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმი ხომ ბავშვთან წარმატებული ურთიერთობაა და ეს ტრენინგებიც სწორედ მოსწავლეებთან ურთიერთობაზეა გათვლილი.

ტრენინგების მიხედვით საგაკვეთილო პროცესი არ არის ცალკე განყენებული, აქ ფსიქოლოგიური მომენტებიცაა, მაგალითად, გარემოს შექმნა, თუ როგორ გარემოში უნდა იყოს ბავშვი, ასევე როგორ შეიძლება ბავშვი წამოიყვანო შენსკენ, რომ ჩართო საგაკვეთილო პროცესში და ა.შ. ეს არის აპრობირებული თანამედროვე მიდგომების მეთოდი საგაკვეთილო პროცესისა, სადაც ცენტრში დგას მოსწავლე და თუ გაკვეთილი ამის შესაბამისადაა დაგეგმილი, მერე, დროც აღარ რჩება მოსწავლეს ისე მოიქცეს, რომ მასწავლებლისგან შენიშვნა მიიღოს, ხელით შეხებაზე, ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

რაც შეეხება ბავშვთა ძალადობას და მოსწავლეთა უფლებებს, ამისთვის არსებობს სკოლის შინაგანაწესი, რომელიც სამეურვეო საბჭოს მიერ არის დამტკიცებული და პედსაბჭოზე განიხილება. სწორედ ამ შინაგანაწესის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს მოსწავლეთა ქცევის კოდექსი, სადაც წერია რა ითვლება ძალადობად და რისი უფლებები აქვთ ბავშვებს. სასწავლო ნაწილი და კლასის დამრიგებელი ვალდებულნი არიან, სასწავლო წლის დაწყებისთანავე გააცნონ ეს უფლებები არა მარტო მოსწავლეებს, არამედ მათ მშობლებსაც.

რატომ არ ჰგონია მოსწავლეთა, ან მასწავლებელთა გარკვეულ პროცენტს ძალადობა თუნდაც ხელით შეხება არ ვიცი, თუმცა ვარაუდის დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბავშვები შესაძლოა, სხვა პირობებშიც, მაგალითად ოჯახშიც, არ თვლიდნენ, რომ ასეთი დამოკიდებულება ძალადობაა. ალბათ, ოჯახის წვლილიც დიდია ამ საკითხში“, - აცხადებს მზია შერმაზანაშვილი For.ge-სთან საუბრისას.

ფსიქოლოგი, რამაზ საყვარელიძე კი აღნიშნავს, რომ მიუხედავად სახელმიფოს მიერ გატარებული რეფორმებისა, თუ მასწავლებელი მოსწავლეებთან კანონის დარღვევით მოქმედებს, მაშინ მასწავლებლის მასწავლებლად ყოფნის საკითხია დასასმელი.

„კანონი დისკრიმინაციის შესახებ მოქმედბს და ამ შემთხვევაში ეს დისკრიმინაციაა. ბავშვთან ნორმალური მიდგომის პირობები უნდა იყოს შექმნილი სკოლაში და თუ ამას სახელმწიფო უზრუნველყოფს, მაგრამ მაინც გაგრძელდა აგრესია, მაშინ უნდა დაისაჯოს ის, ვინც აგრესიული იქნება. თუ ადამინი არ შეესაბამება სამუშაო ადგილს, უნდა წავიდეს.

თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩვენ აგრესიული საზოგადოება ვართ და მასწავლებელი, ამ შემთხვევაში, გარდა საკუთარი შეცდომისა, საზოგადოების შეცდომების მსხვერპლიც შეიძლება გახდეს. როდესაც ერთმანეთის მიმართ ადამიანები აგრესიულები ვართ, მასწავლებლებიც ამ ტალღაზე განეწყობიან და ვერც შეამჩნევს ისე აღმოჩნდება ბავშვთან აგრესიული. ამიტომ თითოეული ჩვენგანის პასუხსიმგებლობაც არის ის, რომ პიროვნება, ამ შემთხვევაში, მოსწავლე ან მასწავლებელი, აგრესიული არ იყოს.

ევროპულ ქალაქებში მცხოვრები ქართველები ხშირად ღიმილით ჰყვებიან ხოლმე- „ქუჩაში მივდიოდი. ვიღაცას შემთხვევით მხარი გავკარი და მას ვისაც მხარი გავკარი გაღიმებული სახით ბოდიში მომიხადაო“. ამიტომ მშვიდობიანობის კლიმატი რამდენადაც იქნება საზოგადოებაში, იმდენად იქნება გადამდები ყველა საზოგადოებისთვის. ასე რომ, მხოლოდ მასწავლებლისკენაც ნუ გავიშვერთ ხელს, ვინაიდან თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაც არის ის აგრესია, რაც შეიძლება მასწავლებელმა ან მოსწავლემ გამოამჟავნს საზოგადოებაში.

ბავშვის ფსიქოლოგიას რაც შეეხება, ის რაც უფრო პატარაა უფრო მეტად განიცდის უფროსის აგრესიას, ეს მშობელი იქნება თუ მასწავლებელი, რადგან უფროსები მისთვის დიდ ავტორიტეტს წარმოადგენენ და ეს დიდი ავტორიტეტი, თუ მას უჯავრდება ე.ი. თვითონ არ ვარგა და ის, როგორც პიროვნება გალახული რჩება.

დაბალ კლასებში, როდესაც ხდება ბავშვის მიმართ ძალადობა, ასეთი ბავშვები შემდეგ საზოგადოებაში ადაპტაციას ზნეობისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებებით ცდილობენ. მაღალ კლასებში კი ბავშვები აგრესიაზე აგრესიით პასუხობენ. ამიტომ ბავშვებთან ურთიერთობას თითოეული ჩვენგანი დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ“, - აღნიშნავს For.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.