ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში შესვლისას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას მხარი 477 ევროდეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 139 იყო, თავი კი 50-მა დეპუტატმა შეიკავა. ევროპარლამენტი შენგენში შესვლის წესები სასწრაფო განახლებას უსაფრთხოების სფეროში გაჩენილი პრობლემებისა და ბოლო წლებში მოგზაურთა ნაკადის გაზრდის გამო ითხოვს.
შენგენის ზონაში მოგზაურობასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების თანახმად, სამგზავრო ნებართვის აღება მოუწევთ მესამე ქვეყნის მოლაქეებს, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და სავიზო ვალდებულებისგან გათავისუფლებული არიან.
არ არის გამორცხული, რომ გარკვეულ ქვეყნები ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერებას დაექვემდებაროს. პირველ ექვს თვეში ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა და აქედან მხოლოდ 230-ს ეთქვა უარი შენგენის ზონაში შესვლაზე.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა - LIBE 19 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ახალი რეგულაციების პროექტს, რომლის თანახმადაც, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლისთვის, შესაძლოა, ავტორიზაციის გავლა მოუწიოთ.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი წინასწარი მონაცემებით, არ მოელის, რომ საქართველოს აღმოჩნდეას იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას დაექვემდებარებიან. ჰერმანმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის 6 თვის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოს შემთხვევაში წარმატებული აღმოჩნდა. რაც შეეხება გამოწვევას, ასეთად ელჩი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას ასახელებს.
„პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის წარმატებულია. იზრდება საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, ვინც შენგენის ზონაში მოგზაურობს. ეს იყო კიდეც მიზანი. რა თქმა უნდა, ასევე, გვაქვს თანმდევი გარემოებები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვალყური მივადევნოთ, რამდენი მოქალაქე რჩება შენგენის ზონაში უვიზოდ ნებადართულ დროზე მეტხანს, რამდენს აბრუნებენ საზღვრიდან, ასევე, რამდენი განაცხადია თავშესაფრის მოთხოვნაზე.
ნეგატიური რიცხვები არ იზრდება და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თავშესაფრის მსურველთა რაოდენობა არის ის საკითხი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რიცხვი არ გაზრდილა, მაგრამ ის უკვე საკმაოდ მაღალი იყო ვიზალიბერალიზაციამდე. ჩვენ ვიმედოვნებთ და ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად იმაზე, რომ ეს ინდიკატორი შემცირდეს. ჩვენ საკმაოდ კმაყოფილები ვართ პირველი შედეგებით, მაგრამ ასევე ვხედავთ იმ სფეროებს, სადაც ერთობლივი მუშაობა გვჭირდება“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
როგორც ჰერმანმა აღნიშნა, ევროკომისიის წინადადება, რომელიც ე.წ. ETIAS სისტემის შემოღებას შეეხება, ემსახურება ევროკავშირის უსაფრთხოების გაზრდას სხვა ქვეყნების დონეზე.
„ევროკომისიის წინადადება, რომელიც 2020 წლიდან ე.წ. ETIAS სისტემის შემოღებას შეეხება, ემსახურება ევროკავშირის უსაფრთხოების გაზრდას სხვა ქვეყნების დონეზე. ეს სავალდებულო გახდება მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, საქართველოს ჩათვლით, რომლებიც ევროკავშირში გაემგზავრებიან. შენგენის ზონაში გამგზავრებისთვის აუცილებელი ონლაინავტორიზაცია ხუთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში, თუმცა ეს ვიზა არ არის, ეს იქნება მარტივი, გამგზავრებისთვის საჭირო ავტორიზაცია“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი.