უკრაინაში სააკაშვილის გაძევების პროცედურა დაიწყო

უკრაინაში სააკაშვილის გაძევების პროცედურა დაიწყო

უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. სააკაშვილს აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს. უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა გადაწყვიტა ქვეყნიდან გააძევოს მიხეილ სააკაშვილის 20 ქართველი თანამებრძოლი, რომლებსაც უკრაინაში ბინადრობის უფლება აქვთ მიღებული.

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, საუბარია იმ პირებზე, ვინც უკრაინაში ბინადრობის უფლება უკანონოდ მიიღო იმ პერიოდში, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი ეკავა.

„სააკაშვილი უკრაინელი და ქართველი ექსტრემისტების ვიწრო წრეს ეყრდნობა. ოდესის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებათა საოლქო კომუნალური ცენტრი, რომელიც ოლქის ადმინისტრაციას ექვემდებარებოდა, ქართველებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებას ითხოვდა. ამასთან, ამ პირთა ნაწილი კულტურის სფეროში საქმიანობის ნაცვლად, სააკაშვილის მძღოლებად, დაცვის წევრებად და თანაშემწეებად მუშაობდა, რამდენიმეს კი ოდესის საბაჟოში სპეციფიური თანამდებობები ეკავა“, - განაცხადა იური ლუცენკომ.

უკრაინის საიმიგრაციო სამსახურში ბინადრობის უფლების მიღებაზე წარდგენას ხელს ოდესის საოლქო ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი და ოდესის საბაჟოს ყოფილი ხელმძღვანელი იულია მარუშევსკაია აწერდნენ. ამგვარად, მიხეილ სააკაშვილს და 20 ქართველს უკრაინაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ აქვთ. ისინი გაძევებულები იქნებიან, რაზეც ახლა საიმიგრაციო სამსახური მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, კობა ნაყოფიას ქვეყანაში შესვლა სამი წლის ვადით აუკრძალა. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოცემისთვის მიწერილ პასუხში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის 12 ოქტომბერს, იხელმძღვანელა რა უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებიდან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ზომებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, სამი წლით აუკრძალოს კობა ნაყოფიას ქვეყანაში შესვლა.

უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილების დამორჩილებას არ აპირებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიევში, პარლამენტის წინ გაშლილ „კარვების ქალაქში“ იცხოვრებს. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეებს სთხოვს, რომ დაიცვან უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსგან. სააკაშვილი ასევე მოუწოდებს ოპოზიციის ლიდერებს, კერძოდ, ლვოვის მერს, პარტია „სამოპომიჩის“ ლიდერს ანდრეი სადოვოის და პარტია „სამოქალაქო პოზიციის“ ლიდერს ანატოლი გრიცენკოს, მას შეუერთდნენ.

„მე მათ ყელში გავეჩხირე. მათ ჩემი დეპორტირება უნდათ. ხელისუფლებას, რომელიც ჩვენ „მაიდანით“ მოვიყვანეთ, სურს ჩემი დეპორტირება იმ საქმის გამო, რაც „მაიდანის“ დასრულების შემდეგ გახსნეს. პოროშენკო პირადადაა დაინტერესებული ჩემი ექსტრადირებით. მე ვითხოვ დაცვას კიეველებისგან, უკრაინის კეთილსინდისიერი მოქალაქეებისგან. მე თქვენ დაგიცავთ, მაგრამ მოდით, დამიცავით მეც. მე გადავწყვიტე, რომ პარლამენტის წინ, მომიტინგეებთან გადავინაცვლებ და „კარვების ქალაქში“ ვიცხოვრებ“, - განაცხადება მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გადატრიალებას ამზადებს. როგორც ლუცენკო აცხადებს, მშვიდობიანი მანიფესტაციის გამართვის უფლება არ ნიშნავს ძალისმიერი გადატრიალების მომზადების უფლებას, რომელსაც 150-200 კაცი გეგმავს.

„მე ამას არ დავუშვებ. უკრაინული სახელმწიფო უნდა იმართებოდეს კონსტიტუციის, კანონისა და ხალხის ნების მიხედვით და არა ავანტიურისტთა ჯგუფის მიერ, რომლებსაც კრემლის გასართობად გადატრიალების განხორციელება სურთ.

ამ გადატრიალებას ავანტიურისტი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, „ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები ამზადებენ. ის, რაც ხდება პარლამენტის შენობის წინ, საზღვარგარეთიდან ფინანსური დახმარების მეშვეობით ხორციელდება. თავის დროზე მე ამას დავამტკიცებ. მათი დაფინანსება საზღვარგარეთიდან ხდება, იარაღის შესყიდვით, სპეციალური სამალავების მომზადებით“, - განაცხადა იური ლუცენკომ.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას უკრაინაში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ „ეროვნული კორპუსი“, მიხეილ სააკაშვილის „ახალი ძალების მოძრაობა“, „ბატკივშინა“ და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ისინი დეპუტატის ხელშეუხლებლობის სტატუსის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასა და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ გაიმართება. მისი თქმით, უკრაინის პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ვერ შეძლებენ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას, ვინაიდან ხალხი ქაოსს არ დაუშვებს.

„არიან პოლიტიკანები, რომლებიც არა მხოლოდ დესტაბილიზაციის და ქაოსისკენ მოუწოდებენ, არამედ ცდილობენ ამის ორგანიზებას, ყველა პოზიტიური ნაბიჯის გაქარწყლებას, რასაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ხალხმა ტანჯვით მიაღწია. მაგრამ, ვიმეორებ, მათ არაფერი გამოუვათ. ხალხი არ მოგცემთ სიტუაციის დესტაბილიზირების საშუალებას. მე კარგი ამბავი მაქვს: ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.