იუნესკომ ისრაელთან ერთად ამერიკაც გაანაწყენა

იუნესკომ ისრაელთან ერთად ამერიკაც გაანაწყენა

ამერიკასა და იუნესკოს შორის დაძაბულობა სიახლე არ არის. თავის დროზე რონალდ რეიგანის ადმინისტრაციამ იუნესკო მასში გამეფებული კორუფციისა და საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ მიკერძოების მოტივით დატოვა. მოგვიანებით ამერიკა ისევ დაუბრუნდა ამ ორგანიზაციას.

თუმცა 2018 წლის 21 დეკემბრიდან შეერთებული შტატები აღარ იქნება იუნესკოს წევრი. უბრალოდ, დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსს დაიტოვებს. ამერიკა, რომელიც თავის დროზე იუნესკოს შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა, ახლა უკვე თავად გადის გაეროს ამ უწყების შემადგენლობიდან. მიზეზებს შორის სახელდება ისრაელის წინააღმდეგ იუნესკოს მიერ მიღებული „მიკერძოებული“ გადაწყვეტილება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ჰეზერ ნაუერტი აცხადებს, რომ იუნესკო რეფორმებს აყოვნებს, რომ არაფერი ვთქვათ, ისრაელის წინააღმდეგ მის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე.

ვითარებას ართულებს ისიც, რომ ვაშინგტონს იუნესკოს მიმართ სოლიდური დავალიანება დაუგროვდა. კერძოდ, წელიწადში $80 მილიონზე მეტი უნდა გაეღო ამ ორგანიზაციისთვის. თუმცა ამერიკა თანხის გადახდაზე არ შეწუხებულა 2011 წლიდან, ანუ იუნესკოს წევრად პალესტინის მიღების პერიოდიდან.

თავის მხრივ, არც იუნესკო იხევს უკან. მიმდინარე წლის ზაფხულში იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად ისე გამოაცხადა მდინარე იორდანეს დასვლეთით მდებარე ჰებრონის ისტორიული ცენტრი, რომ ჰებრონს უწოდა პალესტინის და არა ისრაელის ქალაქი. ამის შემდეგ ისრაელმა დაასკვნა, რომ იუნესკო უარყოფდა იუდაიზმის ყოველგვარ კავშირს იმ ბიბლიურ ქალაქთან, სადაც, ებრაელების გადმოცემით, პატრიარქთა საფლავი მდებარეობდა. საუბარია „მახპელად“ წოდებულ გამოქვაბულზე, სადაც, გადმოცემით, აბრაამი, იაკობი, ისაკი და მათი ცოლები - სარა, რებეკა და ლეა არიან დაკრძალულნი. აღსანიშნავია, რომ პატრიარქთა სამარხები იუდაიზმში იერიუსალიმის შემდეგ მეორე წმინდა ადგილია. ბიბლიურმა მეფე დავითმა სწორედ ჰებრონი გამოაცხადა ისრაელის დედაქალაქად.

თავისი არგუმენტი აქვთ პალესტინელებსაც. ისინი თვლიან, რომ ჰებრონი, თავისი ისტორიული მეჩეთით, სწორედ პალესტინელ ხალხს ეკუთვნის, თუმცა ის ისრაელის მიერ არის ოკუპირებული.

რაც შეეხება იუნესკოს, უფრო ადრე ისრაელი გაანაწყენა ამ ორგანიზაციის კიდევ ერთმა ქმედებამ, რომელმაც იერუსალიმში მდებარე „ტაძრის მთა“ მუსლიმანთა საკულტო ადგილად მოიხსენია და არ აღიარა ებრაელი ხალხის კავშირი ამ მთასთან.

ამერიკის მიერ იუნესკოს დატოვებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „გაბედულ“ და „მორალურ“ ნაბიჯად აღიქვამს, რადგან იუნესკო გახდა, „აბსურდის თეატრი, რომელიც ისტორიას აყალბებს“.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იუნესკო მართლაც გადაიქცა განხეთქილების ვაშლად ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტთან მიმართებით. იუნესკოსთან დაპირისპირება ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პერიოდიდან დაიწყო. ახლა კი ამას მოჰყვა დაპირისპირების ახალი ტალღა, ვინაიდან იუნესკომ ისრაელის რამდენიმე ინიციატივა დაბლოკა და ანტიისრაელური განცხადებები გააკეთა.

„ნაწილობრივ, ეს გამომდინარეობდა ბარაკ ობამას პოლიტიკიდან, რომელიც თავიდან ანტიისრაელურ სენტიმენტებს მისდევდა. მოგვიანებით ობამას დამოკიდებულება შეიცვალა და მან პროისრაელური პოლიტიკური კურსი აირჩია. დაპირისპირების ერთგვარი პიკი იყო ბიბლიური ქალაქის პალესტინისთვის მიკუთვნების საკითხი. ამიტომაც ისრაელმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა იუნესკო, რადგან თვლიდა, რომ ეს იყო არაეფექტური ორგანიზაცია, რომელიც უფრო პოლიტიკურ კურსს და პალესტინელების ინტერესს ატარებდა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და იუნესკოს დატოვების კონტექსტში ამერიკელების პოზიცია ერთგვარ სოლიდარობის გამოხატვად აღიქვა ებრაელი კოლეგების მიმართ.

მანვე გაიხსენა ის ფაქტი, რომ სწორედ იუნესკომ გააკრიტიკა ამერიკელების ქმედება ერაყსა და სირიასთან მიმართებით. შესაბამისად, ამერიკელებმა გამოიყენეს ეს ფაქტორი და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს.

ამერიკასა და იუნესკოს შორის განხეთქილების მიუხედავად, ვახტანგ მაისაია მაინც მიიჩნევს, რომ იუნესკო ქმედითი ორგანიზაციაა, თუმცა, ამ ორგანიზაციას ჰქონია პოლიტიზაციის ელემენტები. კერძოდ, საქართველოსთან მიმართებითაც იკვეთებოდა პოლიტიკური შეხედულებები. თავის დროზე ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის კულტურული ძეგლების ნუსხიდან ამოიღეს, გამოიყენეს რა ის მოტივი, რომ ამ ძეგლებზე მოხდა არათანმიმდევრული და არასწორი მოდერნიზაცია სააკაშვილის პერიოდში. ასევე, იუნესკოს ჰქონდა ცოტა თავისებური დამოკიდებულება აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართ. ასე რომ, იუნესკოს მიმართ პრობლემები დაუგროვდა რამდენიმე ქვეყანას.

„იუნესკო-ამერიკის კონფლიქტმა აჩვენა დაპირისპირების მთელი სპექტრი. ზოგიერთები თვლიან, რომ იუნესკო გადაიქცა რამდენიმე ქვეყნის პოლიტიკური ინტერესების გამომხატველ ინსტრუმენტად. რუსეთმა პირდაპირ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს ისრაელისა და ამერიკის დარწმუნებას, რათა ისინი დაბრუნდნენ ამ ორგანიზაციაში. ფაქტობრივად, რუსეთმა უარყოფითად და კრიტიკულად შეაფასა ისრაელ-ამერიკის ნაბიჯი და ამითაც ჩანს, რომელი ქვეყნის ინტერესები შეიძლება იქოქებოდეს იუნესკოდან“.

ამერიკის მიერ იუნესკოსთვის წელიწადში $80 მილიონის გადაუხდელობას ვახტანგ მაისაია მნიშვნელოვან დანაკარგად მიიჩნევს. მისი აზრით, ეს პატარა თანხები ნამდვილად არ არის, რაც უთუოდ დააკლდება იუნესკოს, მაგრამ, სავარაუდოდ, იუნესკო გარკვეული პროექტების ოპტიმიზაციას და ამ თანხების შესაბამისი კუთხით გადანაწილებას მოახერხებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ეკოლოგიის“ ხელმძღვანელი მანანა დევიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შესაძლოა, ამერიკა-იუნესკოს შორის ურთიერთობის გაწყვეტა ღრმა პოლიტიკური თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ 80 მილიონი დოლარის შენატანის გადაუხდელობა მძიმედ დააწვება იუნესკოს. ამის მიუხედავად, მანანა დევიძეს მიაჩნია, რომ იუნესკო ბოლო ხანებში მაინც არ იყო ეფექტური სტრუქტურა. ამ ორგანიზაციას უფრო კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამებზე ჰქონდა აქცენტი გადატანილი და გარემოს დაცვისთვის ზრუნვა ძალზე შენელებულად მიმდინარეობდა.

„ეს მაშინ, როცა იუნესკოს მხოლოდ ისტორიულ ძეგლებზე ზრუნვა არ ევალება, არამედ ბუნების ძეგლებზე, ლანდშაფტებზე ზრუნვაც. იუნესკო ისედაც არ იყო დიდი პროექტების დამფინანსებელი, თუმცა საიდან მოხდება $80 მილიონის შევსება, ძნელი სათქმელია. ნუთუ ევროპის ქვეყნები შეავსებენ ამ თანხას? არა მგონია. ამიტომაც, ალბათ, შემცირდება ბევრი პროექტის განხორციელება“, - აცხადებს ეკოლოგი.