რატომ ვერ დაიხსნეს კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი?!

რატომ ვერ დაიხსნეს კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი?!

15 ოქტომბერს ზემო ალვანში კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა შეკრება „ცოდვილა უპატრონოების“ სულის მოსახსენიებელ ტრადიციულ დოღის რიტუალს დაამთხვიეს და აქციაზე ცხენებით გამოცხადდნენ. თუშები მიიჩნევენ, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია და საგარეო და თავდაცვის სამინისტროები ამ ინფორმაციას მალავენ.

For.ge დაინტერესდა, ფლობს თუ არა რაიმე ინფორმაციას სოსო ოსორაულის შესახებ ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე, რომლის დაქვემდებარებაშიც ქართულ შეიარაღებულ ძალებში თავის დროზე მსახურობდა სოსო ოსორაული.

რამდენიმე თვის წინ კონგოს რესპუბლიკაში მყოფი ქართველი სამხედროების ინფორმაციაზე დაყრდნობით, თქვენ აცხადებდით, რომ სოსო ოსორაული ცოცხალი იყო. უბრალოდ, გამტაცებლებმა მას დისლოკაციის ადგილი შეუცვალეს და გაცვლაზე იყო საუბარი. ამჯერად სოსო ოსორაულის ძმა გიორგი ოსორაული მიიჩნევს, რომ საგარეო და თავდაცვის სამინისტროები არაფერს აკეთებენ მისი ძმის გამოსახსნელად.

- სოსო ოსორაულის ძმასთან, გიორგისთან ერთად მიმდინარე წლის ზაფხულში სამი გენერალი ვესტუმრეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს. იმ პერიოდში გიორგიმ განმიცხადა და საგარეოს თანამშრომლებმაც დაადასტურებს, რომ, ფაქტობრივად, გიორგი საგარეოში ცხოვრობდა. მისი საუბრიდან შევიტყვე, რომ ის მუდმივ კონტაქტში იყო ამ უწყებასთან და ყველა ინფორმაციას ეცნობოდა, რაც კეთდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით. აღნიშნული უწყების მესვეურებმა მაშინ წარმოგვიდგინეს საბუთები და ღონისძიებების მთელი კომპლექსი გაგვაცნეს, რაც განხორციელდა სოსოს მოძიებასთან დაკავშირებით. როგორც მაშინ საგარეო საქმეთ სამინისტრომ გიორგის თანდასწრებით განაცხადა, მაისში დაგეგმილი იყო ოპერაცია, რათა სოსო ოსორაული სხვადასხვა გზით სამშვიდობოს გამოეყვანათ. ზაფხულისთვის სამჯერ იყო ჯგუფი გაგზავნილი. ოპერაცია დეტალურად იყო დაგეგმილი. სასტუმროც კი იყო შეკვეთილი, რომ ამ ადამიანის რეაბილიტაცია მომხდარიყო და შემდეგ გადაეყვანათ მეზობელ სახელმწიფოში. მთელი ეს დოკუმენტაცია საგარეო სამინისტროში არსებობს, მათ შორის, მივლინებების შესახებ დოკუმენტური მასალა, ბილეთები. შესაბამისად, საფუძველი არ მაქვს, არ ვენდო საგარეოს მიერ იმ დროს მიღებულ ინფორმაციას. თუმცა სულ ბოლო მომენტში ეს ოპერაცია ჩაიშალა.

დაგეგმილი ოპერაცია რატომ ჩაიშალა?

- ამის მიზეზი არავინ იცის. ერთი მხრივ, ეს შეიძლება მოხდა ჩვენი შიდა აჟიოტაჟის მიზეზითაც. მაშინაც ვამბობდი, რომ ასეთი საქმეები ხმაურიანად არ უნდა კეთდებოდეს. ჩვენ კი გვგონია, რომ კონგოელები ჯუნგლებში არიან, მაგრამ ყველაფერს აკვირდებიან. მით უმეტეს, თუ ვინმე ჰყავთ დატყვევებული, იმ სახელმწიფოს მთელ მედიას კონტროლს უწევენ. გიორგისთან ერთად გამოვედით საგარეოდან, ჩიტაძის ქუჩა ერთად ჩამოვიარეთ და იგი კმაყოფილი საუბრობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით. თუმცა ახლახანს გავეცანი მის პრეტენზიებს სამხედროების მიმართ. მე მარტო არ ვარ და საჯარო სივრცეში ათასობით ოფიცერი და გენერალია, მაგრამ ჩემს თავზეც ვიღებ ამ პრეტენზიებს. პრეტენზიებიც არ ჰქვია, საკმაოდ შეურაცხმყოფელი წერილი დადო სოციალურ ქსელში. მესმის მისი და მთლიანად სოსოს ოჯახის ტკივილი. სხვების მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. მე უბრალო, რიგითი მოქალაქე ვარ, შესაძლოა, სხვაზე ოდნავ მეტად ცნობადი. ეს ხომ არანაირ ბერკეტებს არ მაძლევს? საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ხომ სამსახურის სათხოვნლად არ მივსულვარ? სოსო ოსორაულის ბედის გასარკვევად და საგარეო უწყების ანგარიშის მოსასმენად ვიყავი. ჩვენ ყველანი მოლოდინში ვართ. სხვა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. პერიოდულად ვკითხულობ მის ამბავს, სიახლე არაფერია. ვიცი, რომ საგარეო უწყებაც თავისი რესურსების ფარგლებში მუშაობს.

ამჯერად გიორგი ოსორაული არ ენდობა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს. უფრო მეტიც, მან პროტესტის ნიშნად თავდაცვის უწყებაც დატოვა, სადაც 10 წლის განმავლობაში მსახურობდა.

- როცა ამბობს, საგარეოს და თავდაცვის უწყებებს არ ვენდობიო, უნდა დაასაბუთოს კიდეც. მე არ ვიცი, რა შეიცვალა ზაფხულის შემდეგ, რადგან სამი გენერალი ვიყავით იქ და, თუ სამივეს არ გვენდობა, აღარ ყოფილა საქართველოს საშველი. თუ მე, დავით თევზაძე, ალეკო მჭედლიშვილი და ყველა ცრუობს, საგარეოსთან ერთად, მაშინ რაღა გვინდა ამ ქვეყანაზე?! მესმის ტკივილი და ოჯახის განცდები, მაგრამ, მე მგონი, ვერავინ დამადანაშაულებს იმაში, რომ მე ჩემს ყოფილ თანამშრომლებსა და მფრინავებზე არ ვზრუნავ. ალბათ, ერთ-ერთი ვარ, თუ ერთადერთი არა, რომელიც ყველაზე ხშირად წერს ამ პრობლემებზე.

2005 წლიდან მოყოლებული, რაც ჯარიდან წამოვედი, ყოველთვის ვსაუბრობ საკადრო პრობლემებზე. ცხადია, მძიმე შემთხვევა იყო, როცა სოსო ოსორაულის შვეულმფრენი ჩამოვარდა, ის ტყვედ ჩავარდა, შემდეგ უკვე ეს პროცესი გაგრძელდა და არ ვიცით, გარდაცვლილია თუ ცოცხალი.

თავის დროზე გავრცელებული ვიდეომიმართვა, სადაც სოსო ოჯახის წევრებს მიმართავდა, ნამდვილად ძველი იყო?

- როგორც აღმოჩნდა, ვიდეომიმართვა ძველი იყო, ანუ რამდენიმე თვის წინანდელი. ზაფხულში კი, როცა მე დავწერე, ცოცხალი არის-მეთქი, ეს ინფორმაცია იმ მომენტისთვის იმ ოფიცრებისგან მივიღე, რომლებიც დღესაც კონგოში მსახურობენ. პერიოდულად ახლაც ვეხმიანები ჩემს კოლეგებს, მაგრამ მათ სოსოს შესახებ არაფერი იციან. ნებისმიერი მიმოწერისას ვკითხულობ, ხომ არ არის სიახლე სოსოს შესახებ.

კონგოს ხელისუფლებას რატომ არ აწყობს, გაათავისუფლოს ეს პიროვნება?

- თავის დროზე, როცა თქვენი კოლეგები ტელევიზიიდან მირეკავდნენ ამ თემის შესახებ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო იძულებული ვიყავი, მეპასუხა. თუმცა მათ ჯერ ვუხსნიდი, რატომ არ შეიძლებოდა ამ თემაზე ხმაურის ატეხვა და შემდეგ ვაძლევდი ინტერვიუს. მოგეხსენებათ, „23 მარტის“ სახელწოდებით ცნობილი ეს დაჯგუფება, რომელთანაც ტყვედ ჩავარდა სოსო, ადგილობრივ ხელისუფლებას ებრძვის. მართალია, მსოფლიო მათ ტერორისტებად აღიქვამს, მაგრამ თავად ისინი აცხადებენ, რომ არ არიან ტერორისტები. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გამოსასყიდს ითხოვდნენ და უამრავი ადამიანი ჩაერთო ამ კუთხით. ასეთ დროს ვერ გაიგებ, ვინაა კეთილსინდისიერი და ვის სურს ხელი მოითბოს. მაგრამ თვითონ ამ დაჯგუფებისგან მსგავსი მოთხოვნა, ჩემი ინფორმაციით, არ დაფიქსირებულა. პირიქით, ისინი ამბობდნენ, ჩვენ არ ვართ ტერორისტები და ჩვენ სოსოს, როგორც სამხედრო ტყვეს, ისე ვეპყრობითო.

ჩიხური სიტუაცია შეიქმნა. დაჯგუფებას სურდა, ეჩვენებინა, რომ ისინი არა ტერორისტებს, არამედ შეიარაღებულ ოპოზიციას წარმოადგენდნენ, ხოლო კონგოს ხელისუფლებას სურდა, დაემტკიცებინა, რომ ესენი ტერორისტები იყვნენ. შესაბამისად, კონგოს ხელისუფლების ინტერესში არ შედიოდა სოსოს უსასყიდლოდ გადმოცემა. მე ლოგიკას მივყვები და არავის ვადანაშაულებ. ცხადია, გამოსავლის პოვნა რთული იყო და საგარეოც მუშაობდა სამშვიდობოზე მის გამოსაყვან გზებზე. ეს ოფიციალური ხელისუფლების მიღმა ხდებოდა, საქმეში ჩართული იყო წითელი ჯვარი. მოგვიანებით კონგოში დაატყვევეს თუ მოკლეს წითელი ჯვრის წარმომადგენელი და წითელმა ჯვარმა შეწყვიტა საქმიანობა კონგოში. შესაბამისად, ეს არხი, რაც წითელი ჯვრის მეშვეობით იყო, ჩაწყდა.

ჩვენებისგან ინფორმაცია მქონდა, რომ სოსოს ადგილმდებარეობა შეუცვალეს. მართლაც იყო ადგილმდებარეობა შეცვლილი. პარალელურად საგარეო მუშაობდა მის დახსნაზე და ამ მომენტში მოხდა იმ ტერიტორიის დაბომბვა, სადაც სოსო ჰყავდათ გადაყვანილი. საგარეომ მიიღო დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება სოსო ამ დაბომბვის შედეგად გარდაცვლილიყო. თუმცა, სანამ ადამიანს ვერ იპოვი ან ცოცხალს, ან გარდაცვლილს, მისი მდგომარეობის შესახებ ვერაფერს იტყვი. შესაბამისად, სამძებრო ღონისძიებებიც გრძელდება. იმ პერიოდში ისეთ ადამიანებს ვესაუბრე საგარეოში, რომელთაც უკვე წლებია, ვიცნობ. იმ ადამიანებს ვენდობი, რატომ მომატყუებდნენ? განა შეიძლება, არ ვენდო პიროვნებებს, რომელთაც დიდი ხანია, ვიცნობ, მით უმეტეს, თუ სათანადო დოკუმენტაცია წარმოგვიდგინეს?