კახა კალაძეს გამარჯვება ოპონენტებიდან მხოლოდ მეორე ადგილზე გასულმა ალექსანდრე ელისაშვილმა მიულოცა - მთლიანობაში კი ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა.
ლიდერთა საბჭო არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს - 14 ოპოზიციური პარტია, სტრატეგიის შემუშავებას და დიდ სახალხო მოძრაობაზე შეთანხმებას იწყებს. მიზეზიც ცნობილია - მათი განცხადებით, 21 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ხელისუფლების შეცვლის საარჩევნო პერსპექტივა პრაქტიკულად, გამოირიცხა.
ლიდერთა საბჭოში შემავალმა მერობის ორმა კანდიდატმა - კახა კუკავამ და გიორგი ვაშაძემ აღნიშნეს, რომ საკუთარ ძალებს, გამოცდილებას და კვალიფიკაციას გააერთიანებენ.
ვიდრე ლიდერთა საბჭო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე მოუწოდა ამომრჩეველს, საკუთარი ხმების დასაცავად გამოსულიყო, პარტიის ლიდერებმა ეს განცხადება არჩევნების დასრულებისთანავე გააკეთეს, თუმცა სად და როდის შედგება მათი პროტესტი, ჯერჯერობით უცნობია.
არჩევნების შედეგით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების რაოდენობა მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ რამდენად არის საზოგადოება მზად, გაიზიაროს ოპოზიციის პროტესტი, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
„ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს და როგორც ამ პარტიის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, ეგზიტპოლების გამოქვეყნებისთანავე განაცხადა, ვერავინ დააჯერებს, რომ თბილისში, ყოველმა მეორე ამომრჩეველმა კალაძეს მისცა ხმა. არსებობს საფუძველი, რომ ეჭვი შეგვეპაროს არჩევნების სამართლიანობაში?
- პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რა რაოდენობის ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, მაგრამ არ ვიცი, რატომ არ ენდობა „ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებს... ყოველთვის იყო ლაპარაკი ერთ ფაქტზე - მეორე ტური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოახერხებდა ამომრჩევლის მიყვანას. თუ ამომრჩეველი მივიდოდა არჩევნებზე, მაშინ, რა თქმა უნდა, მეორე ტური არ იქნებოდა. როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა შეძლო თავისი ამომრჩევლის მობილიზება, მიყვანა და შედეგიც დაიდო.
არავის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ კალაძე გაიმარჯვებდა - იქნებოდა თუ არა მეორე ტური, ეს იყო სამსჯელო თემა და რომ ჩატარებულიყო კიდეც მეორე ტური, მაინც კალაძე მოიგებდა - ეს საეჭვო და საკამათო არ არის და არც ის მგონია, რომ უდუმაშვილს რაიმე სერიოზული არგუმენტი ჰქონდეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში გაყვანილი დეპუტატების რაოდენობით მეორე ადგილზეა, თუმცა მეორე ადგილი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ალექსანდრე ელისაშვილს ერგო. ვიცით, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მეორე ადგილი საპარლამენტო არჩევნებისას, ადგილობრივი არჩევნების შემთხვევაში რა დატვირთვის მატარებელია?
- შედარებით ნაკლები მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, მაგრამ ამ არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგი იქნება გამოყენებული მომავალი საპარლამენტო არჩევნებისას. მუდმივად იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ვართ მეორე პოლიტიკური ძალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი შანსი, მოვიდეს ხელისუფლებაში ან დაამარცხოს „ქართული ოცნება“ აქვს სწორედ მას - ქვეტექსტი ეს არის.
ამის გარდა, სხვა დატვირთვა მეორე ადგილზე გასვლას არ აქვს, გარდა იმისა, რომ საკრებულოში ეყოლება ყველაზე მეტი წარმომადგენელი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით და თემა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეინარჩუნა მთავარი ოპოზიციური პარტიის ფუნქცია - ისევ იტრიალებს.
ამ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა 22 საარჩევნო სუბიექტი, მაგრამ კვლავ პარტიების ძალზე მცირე რაოდენობამ მოახერხა საარჩევნო ბარიერს მიღმა გადასვლა. თუ ვამბობთ, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი სულ უფრო მცირდება და სოციოლოგიური კვლევების შედეგებიც ამაზე მეტყველებს, ლოგიკურად, ოპოზიციას ბევრად მეტი მხარდაჭერა უნდა მიეღო, თუმცა სურათი დიდად არ განსხვავდება გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგისაგან. მოსალონელი იყო, რომ სიტუაცია თითქმის არ შეიცვლებოდა?
- მოსალოდნელი იყო, რადგან ამოვდივართ ისევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან და მას შემდეგ ოპოზიციური პარტიების რეიტინგი არ გაზრდილა.
ოპოზიციური ფლანგი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვერ ჩამოყალიბდა, ისევ ფორმირების პროცესი მიდის და ეს ადგილობრივი არჩევნების შედეგებმაც დაადასტურა.
ვერ შექმნა ოპოზიციამ ვერც საერთო სტრატეგია და უჭირს, განსაზღვროს თავისი როლი და ადგილი დღევანდელ პოლიტიკურ ველზე. ოპოზიცია ყოველთვის ჭრელი იყო, მაგრამ ახლა არა მხოლოდ ჭრელია, არამედ მასში არიან ნაციონალები, ვგულისხმობ, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ასე, „ევროპულ საქართველოს“, რომლის მიმართ ამომრჩეველთა უმრავლესობა არის ნეგატიურად განწყობილი.
ამას ვამბობ იმიტომ, რომ პერსპექტივა, ანუ მათი მხარდამჭერთა რიცხვი რომ გაიზრდება და „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს, არ აქვთ. თუმცა, მათ ჰყავთ ძალზე მყარი ამომრჩეველი.
ჯამურად ძალზე საინტერესო იქნება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ხმები შევადაროთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდებნობას. ვგულისხმობ რაოდენობას და არა - პროცენტულ მაჩვენებელს. რატომღაც, მგონია, რომ ხმების ოდენობაში 2016 და 2017 წლების არჩევნებს შორის დიდი სხვაობა არ უნდა იყოს.
ასეთი შედარება საინტერესოა იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, ამ ერთი წლის განმავლობაში ნაციონალური ამომრჩეველი გაიზარდა თუ შემცირდა - ანუ იმისათვის, რომ ვიცოდეთ, რა პერსპექტივა აქვს იმ ჯგუფს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ერქვა; თუ არის მატება, რის ხარჯზეა ეს?
დღეს ოპოზიციას ჰაერივით სჭირდება ამ მონაცემების ანალიზი იმისათვის, რომ რეალურად დაიწყოს ჩამოყალიბება „ქართული ოცნების“ ოპოზიციურმა ფლანგმა, რომელსაც პერსპექტივაში ექნება პოტენციალი, „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლოს.
ამიტომ არის საინტერესო, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდა ეს პერსპექტივა, შეიცვალა მის მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულება თუ - პირიქით.
შეიძლება ითქვას, ამ არჩევნებზეც ის შედეგი დაიდო, რაც უკვე ტრადიციად იქცა საქართველოსთვის - კვლავ დიდია პროცენტული სხვაობა მმართველი ძალისა და ოპოზიციის მიერ დადებულ შედეგებს შორის. რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია? - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი ბარიერი უნდა მოიხსნას? - თქვენ აღნიშნეთ, რომ მის მიმართ ამომრჩეველს ნეგატიური განწყობა შემორჩა. ეს განწყობა ზოგადად, ოპოზიციაზეც აისახება თუ სხვა მიზეზი არსებობს?
- ეს სურათი მაშინ შეიცვლება, როდესაც პერსპექტიული ოპოზიცია ჩამოყალიბდება. დღეს არ ვიცი ვინმე, გარდა ოპოზიციური საბჭოს ლიდერებისა, სჯეროდეს, რომ ეს ის ოპოზიციაა, რომელსაც ხელისუფლების ჩანაცვლების პერსპექტივა აქვს. ამ ფორმით, შემადგენლობითა და სტრატეგიით არანაირი შანსი ამ ოპოზიციას არ გააჩნია, რომ ხელისუფლება ჩაანაცვლოს.
შესაძლოა, ამას ამომრჩეველი აშკარად ვერ აცნობიერებს და არც არის აუცილებელი, ამომრჩეველმა პოლიტიკური სიტუაციის ანალიზი ატაროს - ინტუიციით გრძნობს ამას და შედეგი გვაქვს ისეთი, როგორიც გვაქვს.
მგონია, რომ ოპოზიციის ფორმირება ჯერ არ დასრულებულა. როდესაც 2016 წლის არჩევნების შემდეგ პარტიებმა დაშლა დაიწყეს, მაშინ ვამბობდი, რომ ეს ნაჩქარევი პროცესი იყო და აღმოჩნდა, რომ ეს მართლაც ასეა - დღემდე ჩამოუყალიბებელი დარჩა ოპოზიციური ფრთა.
სერიოზული ანალიზია ჩასატარებელი - რა განწყობა ჰქონდა ამომრჩეველს გუშინ, რა განწყობა აქვს დღეს და საით მიდის ეს პოლიტიკური პროცესი. უნდა ავიღოთ 2016 წლის და წლევანდელი არჩევნების შედეგები, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შედარებით ნაკლები ხალხი მოდის, ვიდრე საპარლამენტოზე. უნდა ვეძებოთ რა ტენდენციები იკვეთება და რა პერსპექტივა აქვს ამ ტენდენციებს.
ამ ლოგიკით უკვე შეიძლება რეალური სურათის დადება და როდესაც ამ არჩევნების საბოლოო შედეგი გამოქვეყნდება ალბათ უკვე შესაძლებელი გახდება ზუსტი ანალიზის გაკეთება.
იმედი დავიტოვით, ლიდერთა საბჭო საფუძვლიან ანალიზს გააკეთებს, მაგრამ ამ ეტაპზე ისინი აპირებენ, პერმანენტული გამოსვლებით გააპროტესტონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი. ლიდერთა საბჭოს ამ გადაწყვეტილებამდე „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მოუწოდა ამომრჩეველს ქუჩაში გამოსვლა და საკუთარი ხმების დაცვა. რეალურად არის ის მდგომარეობა, რომ სერიოზული საპროტესტო ტალღა აგორდეს?
- შეიძლება ერთჯერადი აქციები გამართონ. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, არ აქვთ მათ ის მხარდაჭერა, რომელიც საჭირო არის ხანგრძლივი, პერმანენტული და ხალხმრავალი აქციებისთვის. იმიტომაც ვუსვამ ხაზს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს საკუთარი ამომრჩეველი, ვგულისხმობ, „ევროპულ საქართველოსაც“. საპარლამენტო არჩევნების შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მთელ საქართველოში ეს არის დაახლოებით 400 000 ამომრჩეველი, ახლა მოვიდოდა გაცილებით ნაკლები, დაახლოებით 250-300 ათასი; ეს ამომრჩეველი მუდმივად უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს, მაგრამ პერსპექტივა, რომ ეს რიცხვი გაორმაგდება ან გასამმაგდება, არ არის. რაკი ასეთი პერსპექტივა არ ჩანს, ქუჩის აქციებიც აზრს კარგავს.
ქუჩა იკვებება მოსახლეობაში არსებული განწყობით. თუ მოსახლეობაში არსებობს, ხელისუფლებისადმი ნეგატიური განწყობა, ამ დროს აქციებს მართავს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც კიდევ უფრო მეტად ნეგატიური არ არის მოსახლეობისთვის, მაშინ ხდება ამ ძალის მხარდაჭერის ზრდა.
„ნაციონალური მოძრაობისადმი“ კი დღემდე ნეგატიური დამოკიდებულებაა. ამიტომ, არ ვიცი, „ქართულმა ოცნებამ“ რა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ მისმა ნეგატივმა „ნაციონალური მოძრაობის“ ნეგატივი გადაწონოს.
ხალხი ორ ცეცხლს შორისაა, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ის ვერ შეძლებს, ქუჩის აგორებას.
გარდა ამისა, ამომრჩეველი თავადაც ყოველთვის გრძნობს, არჩევნები გააყალბეს თუ არა. ამ არჩევნებზე კი თბილისში არ ჩანდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქუდზე კაცს დაუძახა და მთელი რესურსი ჩართო, რომ არჩევნები გაეყალბებინა.
არჩევნების, გაყალბების და დაძაბულობის მეტი რა გვინახავს და არ იყო დღეს ასეთი სიტუაცია. რაც არ უნდა თქვან ნაციონალებმა, თუ მოსახლეობის მხარდაჭერა არ ექნებათ, თუნდაც სახლში მჯდომი მოსახლეობის, ეს აქციები ვერ იქნება ძლიერი და მათთვის რამის მომტანი.