პედაგოგია ადამიანი?!  (მონოლოგი კოლეგა პედაგოგებთან)

პედაგოგია ადამიანი?! (მონოლოგი კოლეგა პედაგოგებთან)

დრო გადის და შენ იმაზე მეტად ბეჩავდები, ვიდრე აქამდე.

შენ გაწვალებენ, გჯიჯგნიან... ვისაც არ ეზარება, ყველას ხელწამოსაკრავი ხარ. გსურს თუ არა, ტაშს გაკვრევინებენ.

ყოველი მთავრობა შენზე ექსპერიმენტებს ატარებს. ე.წ. „შავი მუშაც“ ხარ და მსახიობიც, რეჟისორიც, ექიმიც, გუვერნანტიც... ყველაფერი შენი გასაკეთებელია. შენი მოსწავლე შენგან თუ მიაღწევს წარმატებას, შენ არავის ახსოვხარ, მის წარუმატებლობას კი შენ გაბრალებენ.

შენ სააჩევნო სამთავრობო რესურსი ხარ.

შენი ძალები იშრიტება და წინააღმდეგობის უნარი არ შეგწევს. მხოლოდ ოხვრა-წუწუნის უფლება დაგიტოვეს და ისიც ჩაკეტილ სივრცეში, საკუთარ თავთან განმარტოების დროს. შენზე შესაბრალისი აქამდე არავინ ყოფილა. სამი წლის წინ რასაც ვამბობდი, ყველაფერი აგიხდა! „პროფესიული განვითარების სქემით“ დაკაბალებამ ხომ საერთოდ კუთხეში მიგაყენა. „სქემა“ ისე აღმართულა ახლა შენ წინაშე, როგორც სავალო ქვა ანტიკური ათენელების კარ-მიდამოში. შენ კი კრიტიკა, რაა - ესეც კი ვერ გაგიბედავს საჯაროდ. არც „გომბეშოჭამია“ (ადრესატისსავე ტერმინია) მინისტრი ჯეჯელავა არ აღმოჩნდა სოლონი, ამ ქვას რომ დატაკებოდა და შენი მონური ბორკილები ოდნავ მაინც რომ შეემსუბუქებინა. ხელისუფლება არც გაგიუქმებს კაბალურ სისტემას, მას თავისუფალი არ ჭირდები, მას უნდა, რომ შენ დაშანტაჟებული იყო და პირდაპირ ან ირიბად გააპიარო ხოლმე წინასაარჩევნოდ. შენ კი თავგადაკლული დაეძებ „კრედიტ ქულებს“ და ეს ქცეულა შენ თვითმიზნად. როგორ, როგორ გჯერა, რომ ამით მართლც პროფესიულად გაიზრდები? არა, რას ვამბობ? ამის კი არა, იმის გჯერა, რომ „სავალო ქვა“ არის შენი სახელფასო ანაზღაურების ზრდის უპირობო გარანტი!

შენ მეტყვი, რომ ჩემი საქმეა საგანი ვასწავლო, დანარჩენი ჩემი საქმე არააო და სწორედ აქ ცდები. დიახ, მათემატიკა, ფიზიკა, ისტორიაც და ა.შ. უნდა ასწავლო, მაგრამ ამ და სხვა სასწავლო დისციპლინის უპირველესი დანიშნულება რა არის? ამ თავისუფალი მეცნიერების საფუძვლებს რატომ უნდა დააუფლონ შენი მოსწავლეები? იმიტომ, რომ თავისუფლება აღიზარდოს და განვითარდეს მასში. თავისუფლება არის ყველაზე მთავარი, რაც უნდა ასწავლო, მაგრამ შენ ვერ ასწავლი, შენგან უნდა ისწავლონ და თუ შენში მონას ხედავენ, ან მონას არ ხედავენ, მაგრამ თავისუფალიც არ ხარ, როგორ ისწავლონ შენგან თავისუფლება?!

უკვე წლებია, რაც აზეპირებინებ, „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“-ო? რა სიგნალი მიდის მოსწავლემდე? მხოლოდ პათეტიკა და ლიტონიზმი. შენ რომ თავისუფალი იყო, მაშინ ეს პათეტიკა კი არა, გულში მოხვედრილი იქნებოდა. მაგრამ მოსწავლე იზუთხავს, უპირობოდ იღებს, ოღონდ მერე, სწორედ რომ მონობაში დიდკაცდება. აი, რაში გემსგავსება. და რომ გადიდკაცდება, „ზემოდან“ იწყებს ყურებას. ოღონდ ზემოდან უყურებს უფრო „პატარა კაცებს“ და უფრო „დიდ კაცებთან“ ჩოქვით მუხლს იტყავებს და ლიქნით ენას. ეს შენგან ისწავლა და შენ კი, ალბათ, როგორ ეჯავრები!

სკოლის გარეთაც კი 100-დან 95-შემთხვევაში, უთუოდ შეიძლება შენი ამოცნობა ფიზიონომია, გამომეტყველება, მოძრაობა - ეს ის ნიშნებია, რაც გამოგარჩევს და თუ დაილაპარაკებ, ხომ ნათლად მისახვედრია, მასწავლებელი რომ ხარ: მედიდურობა და შიში, მბრძანებლობა და მორჩილება ერთად გაქვს შეხამებული. დიახ, დიახ ასეა: გაკვეთილზე როგორი მედიდური და მბრძანებელი ხარ! როგორ ამატებ ბავშვებს თავს! მათთან ყოველთვის მართალი ხარ, ვერაფერი ვერ უნდა გაგიბედოს მოსწავლემ, ვერც მშობელმა და თუ მაინც გამოჩნდება ვინმე გამბედავი, შენ იარაღია „ნიშნებით“, „საშემოდგომოებით“, „გარიცხვის მუქარით“ და ა.შ. მანიპულირება. ოღონდ, ეს „დიდკაცებთან“ არ ჭრის. მათ შვილებს არ ეხება. როგორც კი გაკვეთილიდან გამოდიხარ და დირექტორთან ამოყოფ თავს, იქვე მთავრდება შენი მედიდურობა და უცებ ხდები ყურმოჭრილი, თუნდაც დირექტორი ის იყოს, ვინც გუშინ შენნაირი პედაგოგი იყო. და თუ მაინც აღმოჩნდი გამბედავი, უამრავი ბერკეტი აქვს დირექტორს შენ გამოსაჭერად: შეუძლია მშობლები აგიმხედროს, შეუძლია ვინმე მოსწავლე იპოვოს და შენზე კომპრომატები ათქმევინოს, შეუძლია „საქმე შეგიკეროს“ და გაგისტუმროს, სადაც ჯერ არს.

ისიც იცი, რომ დირექტორიც ისევე დაზაფრული ყურმოჭრილია ზემდგომთან, როგორც შენ მასთან. არა, ბატონო. მონასთან შედარებაც ძნელია. ის საკვებით, საცხოვრებლით, სამოსით მაინც იყო უზრუნველყოფილი და მფლობელი მის ჯანმრთელობასაც უფრთხილდებოდა.

ალბათ, გულში მაინც გწყინს მონასთან შედარება. შენც ხშირად შეგიდარებია შენი თავი მონისთვის, მაგრამ, ესეც გწყინს. თუ გწყინს, თუ თავისუფალი ხარ, ამ საუბრის მერე მაინც გამოხვალ და შემომიერთდები. „შემოერთება“ რატომ არის თავისუფლების საზომი? სწორედ ესაა, რადგან შენი კოლეგა გთხოვს ამას.

 შეიძლება მითხრა, ყველა ჩემნაირი არაა, გამონაკლისებიც ვართო. გეთანხმები, მეტ-ნაკლებად გამონაკლისებიც არსებობენ, მაგრამ ერთი საერთო ყველას აქვს, საქართველოში არაა მასწავლებელი, რომელსაც არათუ ზოგადად ხალხის, არამედ საკუთარი კოლეგის სოლიდარობა რომ შეეძლოს. მუშა, მშენებელი, მემანქანე, მძღოლი - ყველა სოლიდარულია, მაგრამ სოლიდარულ მასწავლებელს ვერ იპოვი! და ვერც იმას იპოვი, ვინც შემედავება, რომ ვცდები.

პედაგოგო, შენი უმთავრესი დიდი ცუდი თვისება ისაა, რომ არ შეგიძლია კოლეგის გვერდში დგომა, მაშინაც კი, როდესაც ეს შენც გეხება.

სად იყავი: როდესაც წინა თუ ამ ხელისუფალთა დროს სხვადასხვა სკოლიდან კინწისკვრით ყრიდნენ პედაგოგებს?! როდესაც მე ორიოდე კაცთან ერთად სახელფასო ანაზღაურებას ვითხოვდი?! (იმედია, ხვდები, მარტო ჩემთვის რომ არ ვითხოვდი), როდესაც რესურსცენტრების უფროსებისა და დირექტორების ნეპოტისტურად ფსევდოკონკურსებით შერჩევას ვაპროტესტებდით?! როდესაც პირდაპირ ექსმინისტრ თამარ სანიკიძის დირექტივით სკოლიდან გამიშვეს?! გითხრა სად იყავი? გეტყვი: შენ შიშით ვერ გამოდიოდი გარეთ, სამსახურის დაკარგვის შიშით, განა არ გინდოდა, განა მხარს არ გვიჭერდი? როგორ არა, მაგრამ, როგორც იტყვიან „შიში ოხერია“.

ყველაფერ ამას რომ გეუბნები, ავის მსურველები კიჟინას დაგიწყებენ, ეგეც თქვენი დამცველი ფერაძეო, მაგრამ შენ ამას ვერ იტყვი. მე შენი დაცვის გამო დღემდე ჯვარს მაცვამენ შენი გაზრდილი გადიდკაცებული მონები. ესეც რომ არ იყოს, ძალიან კარგად იცი, რომ მიყვარხარ და ზიზღი არ მალაპარაკებს. იცი, რომ სიბრალული მალაპარაკებს და ვოცნებობ, რომ მონობის, დუმილის, შიშის ბორკილები გადაიგდო, რა ვქნა, ბოლომდე საკრიტიკოდ არ მემეტები, მაინც მასწავლებელი ხარ. ვაღიარებ, რომ ჩემ წინაშე დილემაა, ძალიან კარგად იცი, რომ მოყვარეს პირში უნდა უზრახო და ამას იმიტომ გეუბნები, რატომ გამხელ: ჩემიანი ხარ და იმიტომ.

ახლა მოკლედ გავიმეორებ წლების წინ პედაგოგებისთვის ნათქვამსაც. მაშინ ვფიქრობდი, შენ გაღვიძებას და გააქტიურებას იქნებ საშველი დაადგეს მეთქი. შენც არ მომიკვდე - ახლა უარესად ღრმა ძილში ხარ. ამიტომ მომინდა იმ ძველიდან ისევ შეგახსენო რაღაცები:

აი, მინისტრ ჯეჯელავასთან შეხვედრები რომ იმართება ხოლმე, რატომ და როგორ მიდიხარ? გიწვევენ და იმიტომ, ჰო? რა სასაცილოა? ყველამ ხომ კარგად იცის, როგორც გიწვევენ! სტანდარტული კომუნისტურ-საბჭოური მეთოდია: სამინისტროდან დაუკავშირდებიან რესურს ცენტრებს, რესურს ცენტრებიდან საჯარო სკოლის დირექტორებს, მათგან - პედაგოგებს. პრინციპიც ერთი მოქმედებს: „სანდო სკოლა“, „სანდო პედაგოგი“ (თუმცა, ნეტავ ვინაა „არასანდო“?). მერე შენ, როგორც „სანდო“ იღებ დავალებას, რომ როდესაც მინისტრთან დიდ შეკრებაზე ხარ, მაქსიმალურად უნდა შეიკავო თავი არასასურველი, ზედმეტი, კრიტიკული, მინისტრის გამანაწყენებელი შეკითხვებისგან. ეს არის სკოლების დირექტორების დამცავი გზა: მინისტრი არ უნდა გაღიზიანდეს და მერე არ დაერიოს ნეპოტიზმით გადირექტორებულ ქვეშევრდომებს (აბა, არანეპოტისტურად გადირექტორებულს ვინ შეუკვეთავდა „სანდოებს“?) - ეს ვინ გამოგვიგზავნეთო. თუ ყველაფერი რიგზე ჩაივლის და შენი სანდოობა გაამართლებს, დირექტორს უთუოდ დაუფასებს ამას რესურს ცენტრის „გენიოსი“ ხელმძღვანელი და რაც მთავარია – თვით ხორცშესხმული სიბრძნე – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი...

ეჰ, ჩემო პედაგოგო! რატომ ვერ ბედავ ბრძოლაში შემოერთებას?

განა არ იზიარებ ჩემ პოზიციას? როგორ არა... პირიქით, მეტ აქტიურობასაც კი მთხოვ... ზოჯერ გაბედულებასაც მიწუნებ. მაგრამ, თავად სად ხარ საქმის დროს? შიში გაჩერებს!.. შიში და როგორი (ამ შიშს სოლიდაროფობიას დავარქმევდი). სამაგიეროდ, სამინისტროდან ერთს „ჩასტვენენ“ და შენი ნების წინააღმდეგ იქ გაჩნდები... მახსოვს, ერთხელ სანიკიძემაც ასე „ჩასტვინა“ და ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი ასეთი სტალინიადური შეხვედრა გამართა, ჰოდა ისიც მახსოვს, როგორ მიიჩქაროდი, აჩქარებულმა უკანასკნელი გროშებიც კი გაიღე ტაქსისთვის, რომ არ დაგგვიანებოდა. მერე, სამინისტროსთან ისე გამიარეთ გვერდი შენ და შენნაირმა სამასმა, ზედაც არ შემოგვხედე მე და კიდევ ერთ „თანააქციონერს“, თითქოს არც ვარსებობდით. ისე დაზაფრულებმა შეათვალიერეთ სამინისტროს სახელფასო პოლიტიკის საწინააღმდეგო ლოზუნგები და „ნეპოტიზმის ლედის“ კარიკატურა, გეგონება მხოლოდ შეხედვისთვის დაგსჯიდათ ვინმე (ან, იმაზე მეტად როგორღა დაისჯები, ვიდრე ისჯები ამ უგვანო სამინისტროს უგვანო „რეფორმით“). არადა, ფარულად გული მოიფხანე ჩემი იქ ყოფნით (ოჰ, ეს ფარულობაა რომ გვღუპავს. სხვისი ხელით ნარის გლეჯვაა, რომ გვაჩანაგებს!).

ე? მე რატომ არ შემოვედი? ვინ მიმიწვია? იმ დროს მე ხომ იმ სკოლაში ვმუშაობდი, რომელსაც ნეპოტიზმით გადირექტორებული კი არა, ნეპოტიზმის მსხვერპლი დირექტორი ხელმძღვანელობდა, ხოლო რაიონს, სადაც ეს სკოლა მდებარეობს ნეპოტიზმის კლასიკური გამოვლინება რესურს ცენტრის უფროსი კურირებდა. ის ახლაც რესურსცენტრის „შეფია“.

მერე მსგავსი შეხვედრები ჯეჯელავას წესად ექცა, 2016-ს საპარლამენტო არჩევნების წინ. მეტი საქმე კი არ ქონდა. ასე მშვიდად როგორ ზიხარ მინისტრებისგან გამართულ სიცრუის შოუებზე, ამ დემაგოგიურ და უნიჭო „ჰიპნოზურ“ ფარსებზე?! როგორ, როგორ არ სვამ ერთ შეკითხვას მაინც შენ და დანარჩენ კოლეგათა სასარგებლოდ და უნიჭო საგანმანათლებლო პოლიტიკის დასამუხრუჭებლად?! დღემდე როგორ აძლევ აფრააშვებულობის საშვს ვაიმინისტრებს, საშვ, რომელშიც შენი სიჩუმე „ჩაურტყი“ ბეჭდად?

იცი რა აკეთებ? როგორ არ იცი, მაგრამ მე მაინც გაგახსენებ: რას და შენი ტაშებით და თავდაკვრებით ხელისუფლება უფრო ურცხვად ამტკიცებს, რომ ახალი „სახელფასო პოლიტიკა“ განხილული და ერთხმად მოწონებულია თავად შენ მიერ, რომ მასწავლებელი ხელფასისთვის არ დადის სკოლაში (ჯეჯელავას კონცეფცია), რომ ყველა უზომოდ კამაყოფილია ჯერ არნანახი და არგაგონილი იგავმიუწვდომელი რეფორმით.

და რატომ, ჩმო ძვირფასო?! რატომ ასეთი შიში? განა რით გემუქრებიან? განა რით გაშინებენ? და რომც გემუქრებოდნენ და გაშინებდნენ, შენ ხომ პედაგოგი ხარ? ხომ აგებინებ, ხომ გადასცემ მოსწავლეებს მამაცობას, გამბედაობას, გმირობას, უფლებებს, მოვალეობებს? და როგორ, როგორ ახერხე ამას? თან რამდენი წელია აკეთებ ამ საქმეს... რამდენ მოსწავლეს გაუვლია ენ ხელში. დარწმუნებული ვარ, უმრავლეს მათგანს ძალიან უყვარხარ. უმრავლესი მათგანის მისაბაძი ხარ. მაგრამ, თუნდაც ერთ-ერთმა რომ პირადი მაგალითი მოგთხოვოს „ნაქადაგარი“ ღირებულებებიდან, ან, რომ გაგიხსენოს, შენი ორიოდე კოლეგა შენი უფლებების დასაცავად რომ იბრძვის, შენ რატომ დგახარ განზეო, რას უპასუხებ?! ნუთუ მხოლოდ დეკლარირებულად, მხოლოდ მოვალეობის მოსახდელად „იქმ“ პედაგოგიურ საქმეს? ხომ იცი, რომ შენ ვერაფერს ასწავლი შენით, მოსწავლემ შენგან უნდა ისწავლოს.

შენ ძალიან ხშირად რწმენით, ქრისტიანობით, ღვთისნიერობითაც იწონებ თავს. ჰოდა, სახარება გვასწავლის, რომ არ შეიძლება უმოქმედობა, არ შეიძლება დუმილი მაშინ, როდესაც ეს დანაშაულია, როდესაც მხილება აუცილებელია! არ შეიძლება ძილი, როდესაც უნდა გვეღვიძოს! რომ ბევრი გაქვს მოცემული (ხელფასს რომ არ ვგულისხმობ, იცი) და ბევრი მოგეთხოვება! რომ უნდა იბრძოლო სიმართლისთვის, თუნდაც დევნის ფასად და თუ ამას არ აკეთებ, ნებსით თუ უნებლიეთ ღვთის განგებულობას ეწინააღმდეგები...