თამარ ქალდანი თუ სოფო ჯაფარიძე? - სახალხო დამცველის კანდიდატურაზე მსჯელობა არჩევნების შემდეგ დაიწყება. ახალ სახალხო დამცველს პარლამენტი უკვე ნოემბერში აირჩევს. მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება. ჯერ კიდევ მოქმედი სახალხო დამცველი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, ვის წარადგენენ სახალხო დამცველის პოსტზე. თუმცა, აქვე აცხადებს, რომ სასურვილია, სახალხო დამცველი ყოველთვის არაკომფორტული იყოს ხელისუფლებისთვის.
„სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმით, ომბუდსმენის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირი შეიძლება ზედიზედ ორჯერ აირჩეს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი უჩა ნანუაშვილის კანდიდატურის წარდგენას აღარ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, მის შემცვლელბად თამარ ქალდანი ან სოფო ჯაფარიძე მოიაზრებიან.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა და უახლოეს დღეებში დაიწყება. კანდიდატი ნოემბრისთვის დასახელდება და სავარაუდოდ, უკვე ნოემბერშივე იქნება არჩეული. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სახალხო დამცველის პოსტზე თამარ ქალდანის კანდიდატურა განიხილება, კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის, თუმცა ქალდანს დიდ პატივს სცემს და ის კარგი სახალხო დამცველი იქნებოდა.
„მე მას დიდ პატივს ვცემ, იგი იქნებოდა ძალიან კარგი სახალხო დამცველი, თუმცა ჯერ-ჯერობით კონსულტაციები ამ საკითხზე არ გვქონია მმართველ გუნდში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პროფესიით იურისტი თამარ ქალდანი ამჟამად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორია. კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. 2004-2013 წლებში იყო ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პროგრამის მენეჯერი, ასევე იყო კორძაძის საადვოკატო ბიუროს ადვოკატი, საიას გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი.
ასევე, პროფესიით სამართალმცოდნეა სოფო ჯაფარიძე. მუშაობდა ევროკავშირის პროექტის მენეჯერად, მანამდე კი ეკავა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის თანამდებობა, იყო სახალხო დამცველი მოადგილე. მას აქვს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. იყო პრემიერის თანაშემწე ადამიანის უფლებების და გენდერის საკითხებში
რაც შეეხება უჩა ნანუაშვილს, ის სახლახო დამცველის პოსტზე 4 წლით იყო არჩეული. ნანუაშვილი ამ თანამდებობას მხოლოდ ერთი ვადით იკავებდა. მოქმედი კანონი მას საშუალებას აძლევს, ხელმეორედ იქნას დასახელებული, თუმცა ის უნდა წარადგინოს პარლამენტში რომელიმე ფრაქციამ ან ფრაქციის გარეთ პარლამენტის წევრების ექვსკაციანმა ჯგუფმა. როგორც ნანუაშვილი ამბობს, მას ამ ეტაპზე მსგავსი შეთავაზება არ მიუღია.
სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატის შერჩევაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობისკენ მოუწოდებს მმართველ გუნდს საპარლამენტო ოპოზიცია. ოპოზიციამ მესამე სექტორს საკუთარი კანდიდატურის შერჩევისკენ მოუწოდებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი არასამთავრობოებს მოუწოდებს, სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატი დაასახელონ, რადგან, როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდის მიერ შერჩეული კანდიდატი ვერ ისარგებლებს იმ ნდობით, რომლითაც შესაძლებელია ისარგებლოს არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა.
„იმისთვის რომ ჩვენმა საზოგადოებამ იგრძნოს, რომ ჩვენ გვეყოლება სახალხო დამცველი, რომელიც მართლაც დაიცავს ხალხის, ამომრჩევლების და მოქალაქეების ინტერესებს, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ჩვენ სწორედ არასამთავრობო სექტორისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, მათ დაასახელონ საკუთარი კანდიდატურა.
ვფიქრობ, ნებისმიერი კანდიდატურა, რომელსაც მმართველი გუნდი დაასახელებს და შემდეგ, საკუთარი დიდი უპირატესობით, პარლამენტში დაამტკიცებს, ვერ ისარგებლებს იმ ნდობით, როგორითაც შეიძლება ისარგებლოს დამოუკიდებელმა კანდიდატმა. სწორედ ამიტომ, მე მინდა მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ განიხილონ ასეთი შესაძლებლობა, რომ დაასახელონ სწორედ საკუთარი კანდიდატი ამ პოსტზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, არასამთავრობო სექტორი არ გამორიცხავსს, რომ მათ სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მართალც წარადგინონ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ნორმა და კომპეტენცია, რომელიც ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის კანდიდატურის დასახელების პრეცედენტს, არ არსებობს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონმდებლობაში არსებობს ჩანაწერი, თუ ვინ უნდა დაასახელოს სახალხო დამცველის კანდიდატურა და შესაბამისად, კანონისთვის გვერდის ავლა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
„ჩვენ არჩევნების შემდეგ ვაპირებთ, რომ სახალხო დამცველის თემაზე გუნდის შიგნით დავილაპარაკოთ და წარვადგინოთ ღირსეული კანდიდატურა. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის მიერ კანდიდატის დასახელებას, მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში კომპეტენციები გამიჯნულია. არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დაასახელოს სახალხო დამცველის კანდიდატურა.
ამ ნორმაში არ არის საუბარი არასამთავრობო სექტორზე. შესაძლებელია გარკვეული კონსულტაციები გაიმართოს და გავითვალისწინოთ არასამთავრობო სექტორის აზრი, თუმცა ცალსახად, დღევანდელი კანონმდებლობის გვერდის ავლა არ მიმაჩნია სწორად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, რომლის განცხადებით, არსებობს საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, რაც არის ერთ-ერთი პირობა იმისთვის, რომ ამ პროცესში აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების, უფლებადამცველების აქტიური მონაწილეობა.
„ეს არის იგივე გაეროს მიერ მიღებული პრინციპების დონეზე, რომელიც მოქმედებს და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციებიც ითხოვენ, რომ ომბუდსმენის წარდგენის დროს იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა გარანტირებული სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში უზრუნველყოფილი იქნას არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, მიუღებელია იურისტი ირმა ჭკადუასთვის, რომელის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ყოველგვარი განხილვის გარეშე პირდაპირ ნიშნავდა სახალხო დამცველს.
რაც შეეხება არჩევის წესს, როგორც ირმა ჭკადუა ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი სახალხოდ არჩევასთან ასოცირდება, სახალხო დამცველი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ხალხის მიერ უნდა იქნას არჩეული. ირმა ჭკადუას, ისევე როგორც ხელისუფლებას, პრეტენზიები აქვს უჩა ნანუაშვილის მიმართ.
„უჩა ნანუაშვილის სახალხო დამცველობას დადებითად ვერ შევაფასებ. საქართველოს უნდა ჰყავდეს სახალხო დამცველი, რომელიც თითოეული მოქალაქის სახალხო დამცველი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება, კახეთის ყველაზე ბოლო სოფელში, სვანეთში, თუ აჭარის მთიან რეგიონში. სახალხო დამცველი, არა მარტო უმცირესობებისთვის, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება, არამედ ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ინგლისურის კარგად ცოდნა, სულაც არ ნიშნავს, რომ რომ კარგი ომბუდსმენი იქნები. უნდა იყო უფლებადაცველი, სამართლიანი, პასუხისმგებლიანი და ავტორიტეტული“, - ამბობს ირმა ჭკადუა.
იურისტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ლია მუხაშავრია ამბობს, რომ სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი სწორედ იმისათვის არსებობს, რომ სახალხო დამცველი სხვა კანონმდებელთან მაღალი იერარქიის იყოს. შეუქმნან საკანონმდებლო და პარაქტიკული გარანტია იმისათვის, ზედმიწვენით შეასრულოს თავისი მოვალეობები.
„ანუ, სახალხო დამცველი არის პირი, რომელიც უპირისპირდება მთავრობას იმიტომ, რომ მხოლოდ ხელისუფლებას და საჯარო მოხელეებს შეუძლიათ იმ უფლებების დარღვევა, რისთვისაც გვყავს სახალხო დამცველი. იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველის საქმიანობით ხელისუფლება კმაყოფილია, ეს მინიმუმ - საგანგაშოა, მაქსიმუმ - ნიშნავს, რომ სახალხო დამცველი თავის მოვალეობას საერთოდ ვერ ასრულებს. ხოლო, თუ ხელისუფლება უკმაყოფილოა, ეს მხოლოდ კარგია.
ჩვენი „პოლიტიკური კულტურის“ პირობებში, როცა ჩვენს პოლიტიკოსებს, მთლად ხეირიანად არ ესმით ეს ამბავი და თავიანთი შეფასებებით აშკარად საკუთარ თავს აყენებენ ზიანს, როდესაც ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებენ სახალხო დამცველს, ეს სხვა საკითხია. ეს არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს უჩა ნანუაშვილის საქმიანობას. უბრალოდ, ძალიან საწყენია, რომ ხელისუფლება დღესაც ვერ ერკვევა სახალხო დამცველის ფუნქციებში“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.
მუხაშავრიას შეფასებით, ხელისუფლების დამოკიდებულება უჩა ნანუაშვილისადმი, ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას ისეთი სახალხო დამცველი სურს, რომელიც მაამებლურად იქნება განწყობილი მის მიმართ.