თურქეთი-ნატო - განქორწინება ამერიკულად?

თურქეთი-ნატო - განქორწინება ამერიკულად?

ქურთისტანის სახით ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირების ახალი წყარო ჩნდება. ქურთისტანის რეგიონის ერაყისგან გამოყოფას უარყოფითად აფასებს აშშ-ი და გაერო. ასეთივე პოზიცია აქვს ირანის და თურქეთის ხელისუფლებას. მსოფლიო ლიდერებს მიაჩნიათ, რომ რეგიონის ერაყისგან გამოყოფა კონფლიქტს გამოიწვევს და სეპარატიზმს ხელს შეუწყობს. ანალიტიკოსების შეფასებით, საერთო ჯამში ერაყის ტერიტორიაზე ქურთისტანის ავტონომიის არსებობა რუსეთის ინტერესში შედის.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის  განცხადებით, გარკვეული ძალების გეგმების თანახმად, თურქეთის საზღვრებთან ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი უნდა შეიქმნას. თუმცა, როგორც თურქეთის ლიდერი აცხადებს, თურქეთი თავის საზღვრებთან ახალი სახელმწიფოების შექმნას არ დაუშვებს. მისი თქმით, თუ ანკარა არაფერს მოიმოქმედებს, ეს გეგმები განხორციელდება. ეროღანი ამბობს, რომ თურქეთის რეაქცია ცოტათი დაგვიანებულიც კი არის.

„ზოგიერთი ძალა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ცდილობს ზიანი მიაყენოს თურქეთს. ეს ძალები ცდილობენ თურქეთის გაკონტროლებას და ქვეყნის იმ დროში დაბრუნებას, როდესაც თურქეთი ყველაფერს ეთანხმებოდა, რასაც ეუბნებოდნენ.მათ არ შეუძლიათ ის ფაქტი მიიღონ, რომ თურქეთი ძლიერი სახელმწიფო გახდა, რომელსაც მოვლენების განვითარების თავისი ხედვა აქვს“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ თურქეთი მტკიცე ნაბიჯს დგამს ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის კუთხით, რაც მისი თქმით, სერიოზულად აშფოთებს ზოგიერთ წრეს და რომ არსებობს მასშტაბური გეგმა თურქეთის განვითარების შესაფერხებლად.

როგორც ერდოღანი აცხადებს, “ეს ბინძური გეგმა მოიცავს ეკონომიკურ საბოტაჟს, ტანკებითა და თვითმფრინავებით შეიარაღებულ პუტჩისტებს, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების შექმნის მცდელობებს”. მისი თქმით, ასევე ითვალისწინებს ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერას და სწორდ ამ კონტექსტში აშშ-ი ტერორისტებისთვის იარაღის უსასყიდლოდ მიწოდებაში დაადანაშაულა.

„როდესაც თურქეთი აშშ-ს იარაღის ყიდვის თხოვნით მიმართავს, ვაშინგტონი საბაბად კონგრესის თანხმობის საჭიროებას ასახელებს, თუმცა როდესაც საქმე ეხება ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ იარაღს უსასყიდლოდ აწვდიან. ასევე, ბრიუსელი დაპირებებს იძლევა, შემდეგ კი მათ არ ასრულებს, ვინაიდან ევროკავშირის წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერი ხალხია.

მთელი მათი ცხოვრება ერთი სიცრუეა. ჩვენ არასოდეს გვინახავს გულწრფელობა ევროკავშირის პოზიციებში. თურქეთის პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე უკანონობასთან და უსამართლობასთან ბრძოლაში გარკვეული ძალების უკმაყოფილებას იწვევს. ძლიერი თურქეთი შიშს იწვევს ანკარას მტრებში. რაც მთავარია, თურქეთი სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი და იმედი ხდება“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მაშ ასე, თურქეთი სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს უპირისპირდება და  ტერორისტებისთვის იარაღის უსასყიდლოდ მიწოდებაში ადანაშაულებს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ თურქეთის ლიდერი გულისხმობს არა ისლამურ სახალიფოს, არამედ ქურთების საკითხს, რომლებიც ერდოღანის შეფასებით ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან.

„ფაქტია, რომ ამერიკა ქურთებს აწვდის შეიარაღებას, ხოლო თურქეთი თვლის, რომ  ეს არის ტერორისტულ ორგანიზაცია. ერდოღანმა ისიც თქვა, რომ დასავლეთის მხარდაჭერით შეიქმნა ისლამური სახალიფო. ფაქტია, რომ ამერიკასა და თურქეთს შორის ვითარება დაიძაბა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, ამერიკა-თურქეთს შორის უკვე გაჩნდა სერიოზული დაპირისპირება საკმაოდ პრინციპულ თემებთან დაკავშირებით. მათ შორის ეს არის ფეთჰულა გიულენის თემა, რის საფუძველზეც დაიწყო დაპირისპირება ორ სახელმწიფოს შორის.

„ტერორისტული ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს ამერიკის საკონსულოს ორი თანამშრომელი, ამერიკის ელჩი თურქეთში, ჯონ ბასი გამოცხადდა პერსონა-ნონგრატად. ეს უკვე ადასტურებს, რომ ორი ძლიერი სახელმწიფო ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდა. შეიძლება თურქეთმა უარი თქვას ნატოს წევრობაზე და სხვა პროცესები დაიწყოს.

ნატო - ეს არის უსაფრთხოების ერთ-ერთი სტრუქტურა და ბუნებრივია, ამერიკელების გავლენა ძლიერი და უპირობოა. არ გამოვრიცხავ, რომ ვითარება ამ კონდიციამდე მივიდეს. მით უმეტეს, რომ ერდოღანმა ყოველგვარ დემოკრატიას გადაუსვა ხაზი. დღეს თურქეთში არის ავტორიტარული რეჟიმი, ამიტომ არ გამოვრიცხავ თურქეთისგან ნატოს დატოვებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, მიმდინარე მოვლენები დასტურია იმისა, რომ თურქეთის პრეზიდენტისთვის ეს პერიოდი არ არის საუკეთესო თავის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში, რადგან ერდოღანს სხვადასხვა მხრიდან უწევს ისეთი წინადადებების გაჟღერება, რომლებიც ხშირ შემთხვევებში ერთმანეთს ეწინააღმდეგება კიდეც.

„რასაკვირველია, ქურთისტანის საკითხი თურქეთისთვის ახალი თავის ტკივილის საფუძველია. მაგრამ არის სხვა პრობლემები. მაგალითად, როდესაც სტუმრად მიიღო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სრულიად მკაფიოდ აჟღერებდა კმაყოფილებას რუსეთის მიმართ. მაგრამ როდესაც რამოდენიმე კვირის წინ თავად ესტუმრა უკრაინას, სრულად კატეგორიულად განაცხადა, რომ დონბასი და ყირიმი იქნება უკრაინის შემადგენლობაში და არასოდეს იქნება რუსეთის შემადგენელი ნაწილიო.

ჩვენთვის უცნობია დახურულ კარს მიღმა ასეთი რა ეწყინა თურქეთის პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტისგან, მაგრამ ამერიკის მიმართ, მას შეუვალი პრობლემები აქვს, რომელიც საკუთარ მოსახლეობაში იბადება ამბოხებულთა წარმოჩენის სურვილით. მიუღებლობა ამერიკის პოლიტიკური მიმართულებებისა გახლავთ ის, რომ მას არ გადასცეს ადამიანი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის წარმოდგენით არის ყველაზე დიდი ბოროტება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე თვლის, რომ იმ ფონზე, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება, საკმაოდ საშიშია განცხადებები, რომელსაც ერდოღანი აკეთებს. შესაბამისად, კიკნაძე თვლის, რომ გადასახედი იქნება ნატოს როლი მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში.

„აქ ლაპარაკი არის მსოფლიო წესრიგის რადიკალურ ცვლილებებზე. იმ წესრიგს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგშეიქმნა, როდესაც ამერიკა იყო ერთდერთი ჰეგემონი ქვეყანა, აი ამ მსოფლიო წესრიგს შეექმნა სერიოზული პრობლემები. დღეს ახალი კავშირების, ინტერესების და სტრატეგიული პარტნიორების ფორმირების პროცესში ვართ“, - ამბობს თამარ კიკნაძე.

რაც შეეხება ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებს და ბრალდებებს, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორს ბრალს სდებს ტერორისტების შეიარაღებაში, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ერდოღანი პოპულისტია. შესაბამისად, მისი განცხადებები მნიშვნელოვანწილად შიდა ბაზრისთვის არის გათვლილი.

„ანუ, როგორი ძლევამოსილი ადამიანია, რომ ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანას, როგორც აშშ-ია როგორი რიტორიკით ელაპარაკება. გარდა ამისა, ის ქმედებები, რასაც ერდოღანი ახორციელებს, არ ჯდება ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში. ამიტომ, ბუნებრივია, რომ შეიძლება დაიწყოს ამერიკა-თურქეთის ურთიერთობების გადახედვის პროცესი. ერდოღანის პირობებში თურქეთი აღარ არის ისეთი პარტნიორი, როგორიც იყო ახლო წარსულში. ამიტომ, ძალთა გადანაწილების პროცესი მიდის.

არა მარტო თურქეთ-ამერიკას შორის ურთიერთობაში გაჩნდა ბზარი, არამედ დღეს განხეთქილებაა ევროპისა და ამერიკის პოლიტიკაშიც. კერძოდ, სანქციები, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის წინააღმდეგ ტარდება, როგორც აღმოჩნდა არ არის ეფექტური. ამას ადასტურებს ირანის და რუსეთის მაგალითი. თუ განვიხილავთ ევროპისა და რუსეთის ურთიერთობებს, მნიშვნელოვანწილად დაზარალდა ევროპა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.