„გოგიტა არქანიას სიცილით უთხრა აშშ-ის სპეცსამსახურის წარმომადგენელმა - არა, რუსეთში ასე არ მუშაობენო“

„გოგიტა არქანიას სიცილით უთხრა აშშ-ის სპეცსამსახურის წარმომადგენელმა - არა, რუსეთში ასე არ მუშაობენო“

მთავარი პროკურატურა ოფიციალურად ადასტურებს, რომ ტერორიზმისა და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 12 პირის საქმეებზე ხელახალი გამოძიება დაიწყო. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, დეპარტამენტში შემსულია საჩივრები, რომელთა საფუძველზეც დაიწყო ხელახალი გამოძიებები. მისი თქმით, მას შემდეგ თუ გამოძიებით დადგინდება, რომ ის განაჩენი, რომელიც თავის დროზე არის დამდგარი, ეყრდნობოდა არადამაჯერებელ ან არასწორ მტკიცებულებებს, საქმის გადახედვა მოხდება.

საქმე ეხება ადამიანთა იმ ჯგუფს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს აშშ-ის საელჩოსთან, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისთან, მუხიანში და საქართველოს რკინიგზის ობიექტებზე ტერორისტული აქტების მომზადების ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს. თავის მხრივ ოპოზიცია პროკურატურის მხრიდან საქმეებზე ხელახალი გამოძიების წარმოებას არ ეთანხმება და გამოძიების შეჩერებას ითხოვს. ასე არ ფიქრობს ამ გახმაურებული და ერთ-ერთი სკანდალური სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი, გელა ნიკოლეიშვილი, რომლის განცხადებით, ტერორიზმისთვის მსჯავრდებულებმა ჩვენება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მისცეს, რაც პროკურატურაში უკვე დაადასტურეს.

for.ge გელა ნიკოლაიშვილს ესაუბრა.

ტერორიზმისა და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 12 პირის საქმეებზე ხელახალი გამოძიება დაიწყო. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ და რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო პროკურატურამ, როდესაც საქმე ეხება ტერორიზმს და ჯაშუშობას?

გელა ნიკოლეიშვილი: სწორედ იმიტომ, რომ საქმე ეხება ტერორიზს და ჯაშუშობას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს სიმართლე. ეს იყო რეალური ტერაქტები, თუ ინსცენირებული სპეცსამსახურები მიერ. უდანაშაულო პირები არიან მსჯავრდებულები, თუ რეალური დამნაშავეები, ამის დასადგენად არის საჭირო სწორედ გამოძიება. ამ საქმეში პირველივე დღიდან ვარ ჩართული. ვიცავდი დავით კეკუტიას, რომელიც 6 წელი იხდიდა სასჯელს. ახლადგამოვლენილი გარემოებების გამო მივაღწიეთ იმას, რომ ორი წლის წინ მან გამამართლებელი განაჩენით დატოვა საპყრობილე.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აუცილებელია სიმართლის დადგენა. ვინაიდან იმ სასამართლო პროცესებზე არაერთხელ საუბრობდა მერაბ ყოლბაია, იგივე კოჭოია, რომ რაზეც ხელი მომაწერინეს არის ტყული. ამბობდა, რომ მაწამებდნენ, ცოცხლად მმარხავდნენ და ისე მოვაწერე ხელიო.

რეალურად ასეც იყო?

- რა თქმა უნდა. 8 ნაჭრილობევი აქვს ფეხზე. დამიზნებით ახლო მანძილიდან აქვს ნასროლი რბილ ნაწილებში ისე, რომ ძვალში არ მოხვედროდა. საშინელი მეთოდებით აწამებდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ ცრუ ჩვენებაზე ხელი მოეწერა.

ის, რომ მას, როგორც პატიმარს, ახლო მანძილად აქვს ნასროლი, ეს ექსპერტიზით არის დადასტურებული?

- რა თქმა უნდა, ექსპერტიზით არის დადასტურებული. ერთ-ერთი წამების დროს, რომელიც მე-8 საპყრობილეში დირექტორის კაბინეტში მიმდინარეობდა,  ყოლბაიასთან ერთად აწამებდნენ მატკავას და ქობალიას, რომ ისინიც ჩაერთოთ ამ ტერაქტებში. მაშინ ყოლბაია სიკვდილს იმით გადაურჩა, რომ მასზე წინ გარდაიცვალა ქობალია. ელექტროშოკით და სხვა საშინელი მეთოდებით ხდებოდა წამება, სიკვდილის პირას მიიყვანეს ეს ადამიანები. ქობალია წამებისგან მეორე დღეს გარდაიცვალა.

ბუნებრივია, ასეთი წამების შემდეგ აღიარებდნენ იმას, რაც რეალურად არ ჩაუდენიათ...

- თუმცა, იმავე პერიოდში სასამართლოზე და სააპელაციო სასამართლოზე არაერთხელ განაცხადა, რომ მაწამებენ და მიშველეთო. მერაბ ყოლბაია ამბობდა, რომ რაზეც ხელი მომაწერინეს, მე არ მითქვამსო. ტყუილია, მოგონილია, მიშველეთო. საპასუხოდ, იმ მოტივით, რომ პროკურორს არ ეცალა სასამართლოდან გაყავდათ, 3-4 დღის შემდეგ საშინლად ნაწამებს მოიყვანდნენ და უკვე ამბობდა, რომ ყველაფერი მე გავაკეთე, რაც წერია ყველაფერი სწორიაო.

ეს ხდებოდა დახურულ სასამართლო სხდომაზე?

- დიახ. ბოლოს სააპელაციო სასამართლო გაიხსნა, ჟურნალისტები მოიყვანეს იმ იმედით, რომ მერაბ ყოლბაია წინასწარ ჰყავდათ დამუშავებული, მაგრამ როცა ჟურნალისტები დაინახა, გაბედა და თქვა სიმართლე. შესავალ სიტყვაში დააფიქსირა, რომ არაფერი არ ჩამიდენია, მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი თბილისში, ისიც სულ სხვა საქმეზე  წამომიყვანა გოგიტა არქანიამ, რომელსაც  ქართული სპეცსამსახურების დავალებით „ლეიბორისტების“ ოფისთან ბომბი უნდა დაედო. მაშინვე დაამთავრეს სასამართლო სხდომა, პროცესი დახურეს და ჟურნალისტებს აუკრძალეს პროცესის გაშუქება. საერთოდ არ გახმაურებულა ეს ფაქტი. ამის შედეგ წამოხტა პროკურორი, რომელსაც მოსამართლე ამშვიდებდა, დაწყნარდით, ეს ხომ ჩვენება არ არის. ანუ, მტკიცებულებად არ გამოდგება მისი ნათქვამიო. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ დაეკითხათ ეს კაცი, მაგრამ არ დაკითხეს იმიტომ, რომ იცოდნენ რაც უნდა ეთქვათ.

ნადარეიშვილის განცხადებით, გადახედვა მოხდება მას შემდეგ თუ გამოძიებით დადგინდება, რომ ის განაჩენი, რომელიც თავის დროზე არის დამდგარი, ეყრდნობოდა არადამაჯერებელ ან არასწორ მტკიცებულებებს. ბატონო გელა, რეალურად რას ეყრდნობდა მაშინდელი გამოძიება?

- სწორს ამბობს ნადარეიშვილი. რა თქმა უნდა, უნდა დადგინდეს, რომ ეს განაჩენი იყო სრულიად არადამაჯერებელ მტკიცებულებებზე დამყარებული. რას ემყარებოდა - მხოლოდ და მხოლოდ არქანიას და ყოლბაიას ჩვენებებს. რეალურად, არქანიამ მართლა მოაწყო თბილისში რამდენიმე ტერაქტი. ახალი გამოძიების ფარგლებში არქანია თავის ჩვენებაში ამბობს, თუ ვისი დავალებით სად დაალაგა ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ვის ასახელებს, ვისი დავალებით მოქმედება?

- კოხტა კოდუა, მეგის ქარდავა და ა.შ. ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი იყო ჩარეული. ხელისუფლებას ეს სჭირდებოდა იმისთვის, რომ შეექმნა ილუზია, აი რუსეთი ტერაქტებს აწყობს საქართველოში და ჩვენ როგორი მაგრები ვართ, რომ ეს საქმე გავხსენითო. მოიგონეს ვიღაცა ბორისოვი, თითქოს მისი შეკვეთით მოქმედებდნენ. სინამდვილეში გოგიტა არქანია, რომელიც არის აფხაზეთიდან, სპეცრაზმელია, ერაყში და ავღანეთში იყო ნაბრძოლი, დაავალეს ერთ-ერთი მისი მეზობლის მკვლელობა. კერძოდ, საწამლავი უნდა ჩაეყარა საკვებში.

რატომ, მიზანი რა იყო?

- ის ადამიანი, რომ გარდაცვალებოდა, გასვენებაში მივიდოდა ერთ-ერთი ტერორისტი, რომელსაც შემდეგ იქ მოკლავდნენ. ვინაიდან ის მოუხელთებელი იყო - საუბარია ვლადიმერ ბუთბაზე. მაგრამ გოგიტა არქანიამ უარი თქვა მეზობლის მოკვლაზე. პირადპირ უთხრა მათ, რომ უდანაშაულო კაცს ვერ მოვკლავო. ეს ადამიანი ტელეფონით გააფრთხილა, რომ არავის არ ენდო, არავისთან არაფერი არ დალიო, შეიძლება საწამლავით მოგკლანო. ამ სატელეფონო ზარიდან ერთ საათში გოგიტა არქანია დააკავეს ზუგდიდში, უთხრეს, რომ შენ ხარ მოღალატეო და პირდაპირ გაათხრევინეს საკუთარი საფლავი.

ეს ადამიანი უმტკიცებდა, რომ არ ვარ მოღალატე საქართველოსთვის ვიბრძვი, სიცოცხლეს ვწირავო. მაშინ მეგის ქარდავამ დაურეკა თავის უფროსებს და გადასცა უფროსების ნათქვამი - „უფროსებმა მითხრეს, არ მოკლათო. ვნახოთ, თუ დაამტკიცებს იმას, რომ მოღალატე არ არის და ჩვენს დავალებებს თუ შეასრულებსო“. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დავალებების შესრულება. უნდა აეფეთქნებინა ისე, რომ არავითარი მსხვერპლი არ ყოფილიყო. მართლაც ბევრი აფეთქება მოაწყო ისე, რომ არც ერთგანს მსხვერპლი არ მოყოლია.

როდესაც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისის წინ მოხდა აფეთქება, მინები ჩაიმსხვა, ნამსხვრევები დაეცა ერთ მოხუც ქალბატონს, რომელიც გარდაიცვალა. ეს შემთხვევითი მსხვერპლი იყო. სხვაგან ისეთ ადგილებში ხდებოდა აფეთქება, სადაც მსხვერპლი არ უნდა ყოფილიყო. გოგიტა არქანიას დაკავების შემდეგ დააკავეს მისი ძმა, ძმის ცოლი, ერთი სიტყვით მთელი ოჯახი ჰყავდათ მძევლად მხოლოდ იმიტომ, რომ გოგიტას არ ეთქვა სიმართლე. დღეს ეს ადამიანები გარეთ არიან. 12 მსჯავრდებულიდან მხოლოდ 4 ადამიანი რჩება საპატიმროში.

რა მოლოდინი გაქვთ? შეიძლება პროკურატურამ თქვას, რომ ეს იყო შეკერილი საქმე, როგორც უამრავი სისხლის სამართლის საქმე და მოითხოვოს მერაბ ყოლბაიას - იგივე კოჭოიას განთავისუფლება?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს იმიტომ, რომ ეს არის რეალობა და ამის აღიარებას ველოდებით. თუ ყოლაბაიას ბრალი მოეხსნა, თავისთავად უნდა განთავისუფლეს.

საქმის მასალების მიხედვით, ყოლბაია იყო მთავარი შუამავალი ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსან ევგენის ბორისოვსა და ტერაქტების უშუალო შემსრულებლებს შორის. საქმის მასალებიდან რა ჩანს, რა მიზნით ჩართეს რუსული კვალი? დღეს ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სააკაშვილმა მაშინ რუსეთის დავალება შეასრულა...

- იმიტომ, რომ ძალიან ადვილი დასაჯერებელი იყო. როგორც საბჭოთა კავშირის დროს ყველაფერი ამერიკულ იმპერიალიზმს ბრალდებოდა, ასევე იყო საქართველოში სააკაშვილის მმართველობის დროს - ყველაფერი უნდა დაბრალებოდა რუსეთს. ძალიან მარტივია, აი რუსები ტერაქტებს აწყობენ. რუსებს რომ სდომოდათ რეალურად ტერორისტული აქტის მოწყობა, რომელ ქართველს დაინდობდნენ?!

მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები ინდობდნენ ადამიანებს და ისეთ ადგილებში აწყობდნენ აფეთქებას, სადაც მსხვერპლი გამორიცხული იყო. რატომ მოერიდებოდნენ რუსები ხალხმრავალ ადგილებში ტერაქტებს, შეეცოდებოდათ ქართველები, თუ რა? მიზანი იყო ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას მუდმივ შიშშისა და ტერორში ჰყოლოდა ხალხი. ოპოზიციას ერთი სიტყვა არ ეთქვა სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც აგერ მებრძოლ რაინდად წარმოჩინდებოდა რუსეთის ხელისუფლების წინააღმღდეგ, რეალურად კი რუსეთის საქმეს აკეთებდა შედეგის თვალსაზრისით.

იყო ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს იგეგმებოდა ამ ადამიანების გათავისუფლება, მაგრამ მაშინ მსჯავრდებულები სიიდან ამერიკის საელჩოს კატეგორიული მოთხოვნით ამოიღეს. ეს ინფორმაცია რეალურია, მართლაც აშშ-ის საელჩოს ჩარევის შემდეგ თქვა კომისიამ უარი მათ შეწყალებაზე?

- ამბობდნენ, რომ ივანიშვილი ჩაერიაო, მაგრამ მაშინ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან წამოვიდა კომისიის მიმართ ასეთი შემოთვლები, რომ ეს ადამიანები ამოეღოთ სიიდანო. მერე ვიღაცამ თქვა, რომ ალბათ ამერიკის საელჩო მოითხოვსო. გეთანხმებით, ასეთი ხმები მართლაც გავრცელდა და რაღაც ლოგიკას ექვემდებარებოდა იმიტომ, რომ ამერიკის საელჩოსთან მოხდა აფეთქება, ისიც დაარწმუნეს, რომ ამას რუსები აკეთებდნენ.

გავრცელდა ასეთი ხმები... თვითონ გოგიტა არქანიამ თქვა, როდესაც მე და ყოლბაიას, იგივე კოჭოიას ციხეში აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები გვხდებოდნენ, ადმინისტრაცია ჩამწერ აპარატურას გვიმაგრებდა, რომ შემდეგ მოესმინათ, რას ვიტყოდითო. ამბობს, რომ არ მენდობოდნენ, მაფრთხილებდნენ, თუ რამეს იტყვი, მერე ნახე, რაც დაგემართებაო.

ვეუბნებოდი იმას, რაც საქმის მასალებში იყო, მაგრამ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებს ეცინებოდათო. არაქანია ამბობს, რომ საელჩოს დაზვერვის წარმომადგენელმა მითხრა - რუსული დაზვერვა და სპეცსამსახურები ასე არ მოქმედებენ, სწორს არ მეუბნებიო. ეს ადამიანი უმტკიცებდა, რომ არა, რუსებმა დამავალესო. ასე რომ, ამერიკლებმაც ძალიან კარგად იცოდნენ და ხვდებოდნენ, რომ ეს ყველაფერი იყო დადგმული. თუ ისინი დეტალურად არ გაერკვეოდნენ საქმის მასალებში, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი იქნებოდნენ, რომ ეს ადამიანები გაეთავისუფლებინათ. მეეჭვება, რომ კუდმა და სოდმა ისინი დაარწმუნეს, რადგან თვითონ გოგიტა არქანიას სიცილით უთხრა აშშ-ის სპეცსამსახურის წარმომადგენელმა - არა, რუსეთში ასე არ მუშაობენო.