„დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ დირექტორი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე მიიჩნევს, რომ თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა არის არა ლოკალურად მომხდარი მეწყერი ან წყალდიდობა, არამედ მიწისძვრა, რომელიც მასობრივად იწვევს ქალაქის ნგრევას.
მისივ ეთქმით, 2002 წელს თბილისში მომხდარი საშუალო სიმძლავრის მიწისძვრის დროს რვა ადამიანი დაიღუპა. იმ პერიოდში არც ერთი ვარგისი სკოლა არ იყო სწავლის გასაგრძელებლად. თუმცა ერთი მაგნიტუდით მეტი სიმძლავრის მიწისძვრა რომ მომხდარიყო, ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა.
For.ge-სთან საუბარში თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ სეისმოლოგიურად ჩვენისთანა სახიფათო რეგიონში მშენებლობებზე რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია. იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობის დაწყებისას რეალური კვლევის ჩატარება ძალზე დიდ თანხებს ითხოვს, ჩვენს მშენებლებს ნებისმიერი დასკვნის მოპოვება ძალზე დაბალ ფასად შეუძლიათ. თბილისის მერიაში ნებისმიერ დასკვნას იშოვით და 100-ლარიანი დასკვნით დაიწყებთ მშენებლობას. მითუმეტეს, რომ დასკვნების რელევანტურობას მერიაში არ ამოწმებენ.
„ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა. ჩვენი ქვეყნის ძალისხმევა იქით უნდა იყოს მიმართული, რომ გაზარდოს მშენებლობის ხარისხი ამ ქვეყანაში. ამისთვის აუცილებელია, ასეთი ფორმა აღარ ჰქონდეს ნებართვების გაცემას. ყველა მშენებელია, ვისაც ორი კაპიკი უშოვინა. დღეს ეს ვიღაცისთვის სასარგებლო ბიზნესია, მაგრამ ხვალ ეს სახლები შეიძლება ჩვეულებრივ სასაკლაოდ იქცეს მოსახლეობისთვის, თუ ის კეთილსინდისიერად არ არის დაპროექტებული, თანამედროვე სტანდარტების საფუძველზე. კვლევისა და შემოწმების გარეშე ცალსახად იმის თქმა, რომ ყველა შენობა არ ვარგა, არაკორექტულია. უბრალოდ, აუცილებელია ამაზე კონსტროლის დაწესება, რადგან რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა გაყალბდა სამშენებლო პროექტებისთვის საჭირო გეოტექნიკური დასკვნები“, - გვითხრა თეა გოდოლაძემ და დასძინა, რომ სულ იმყოფ ყიფშიძის ქუჩაზე და, სეიმოლოგის პროფესიიდან გამომდინარე, დარწმუნდა ამ უბნის საგანგაშო მდგომარეობაზე.
ეს არის ვერეს ხეობა, სადაც არამყარი გრუნტებია. ჰაერი არ არის დატოვებული, ყველა ნაკვეთზე კორპუსია აშენებული. თანაც, რამდენიმე კორპუსი მიტოვებულია, ეტყობა, თანხები არ აქვს მის მშენებელს და ამ ანტისანიტარიაში ამწესთან ერთად მიუტოვებია კორპუსები. გოდოლაძის თქმით, პრესტიჟული უბნებისადმი სასაცილო მიდრეკილებით გამორჩეული ერი ვართ. თუმცა მყარი ან არამყარი გრუნტები მშენებლისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ის კეთილსინდისიერად, სწორი დაგეგმარებით აშენებს ნაგებობას.
„უნდა გვეშინოდეს იმის, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანი არამყარ გრუნტზე არასწორად აშენებს. საქართველოში მთლიანად წყალშემცველი გრუნტები გვაქვს, წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანა ვართ. ამიტომ შენობა ისე უნდა დაპროექტდეს, რომ წყალშემცველი გრუნტი ამ შენობის დამაზიანებელი არ იყოს.
რამდენიმე წლის წინ მიშენებები რომ ჩამოვარდა, იმ მიშენებებმა შენობის კონსტრუქცია დაარღვია. ეს ნიშნავს, რომ სახლებს პრობლემა შეუქმნა, ამიტომ იქ რომ რამე მოხდეს, მიწისძვრას დააბრალებენ. სინამდვილეში, პასუხი უნდა მოვთხოვოთ კონკრეტულ კომპანიასა და მშენებელს. ვერ ვიტყვით, რომ კომუნისტების დროინდელი შენობები მყარი იყო. სპიტაკის მიწისძვრას არც ერთი სახლი არ გადარჩენია. ასე რომ, საბჭოთა შენობებსაც აყალბებდნენ და დღესაც ზოგიერთები აყალბებენ. დღესაც შესამოწმებელია, როგორ სკოლებში ასწავლიან ბავშვებს. „იუსაიდის პროგრამა“ არსებობდა სკოლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტულად რა გაკეთდა და სამუშაოები ვინ შეასრულა, ჩემთვის უცნობია. მთავარია, რომ ახლანდელი კონსტრუქციები, რომლებსაც ჩვენი მშენებლები აპროექტებენ, იმ სტანდარტებს არ შეესებამება, რა სტანდარტითაც უნდა ხდებოდეს დაპროექტება სეისმურად აქტიურ ქვეყნებში“, -აცხადებს თეა გოდოლაძე და მიიჩნევს, რომ სეისმომედეგი კონსტრუქციების დარგის განვითარებისკენ უნდაწავიდეს სახელმწიფო, თორემ კავკასიის მთებს აქედან ვერ გადავიტანთ.
მშენებლობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, „თბილმშენის“ ყოფილი დირექტორი, ომარ კიკნაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თბილისის მერიის მხრიდან სამშენებლო დასკვნების ასე იოლად გაცემა მავნებლობაა და ეს არქიტექტურის სამსახურის კორუფციაში ჩახრჩობას ნიშნავს.
„ყოველ ერთ ან ორ წელიწადში მთავარი არქიტექტორი იცვლება, რადგან გაქანებული კორუფციაა, იოლად იყიდი ნებართვას. ანზორ საკანდელიძის ინიციატივით,
ჩვენ შევიტანეთ წინადადება, რომ მერიაში შეიქმნას ძალიან ძლიერი მშენებლობისა და არქიტექტურის დეპარტამენტი. მთელი საქართველოს მშენებლობის 90% თავმოყრილია თბილისში, არავითარი გეოლოგია, არავითარი გენგეგმა ან სეისმოლოგია. ბარდაგია თავიდან ბოლომდე. ყველა ყოფილ რესპუბლიკაში ან მშენებლობის სამინისტროა, ან დეპარტამენტი, რომელიც მართავს მშენებლობის პროცესებს. ასევეა ევროპაშიც. დღეს მერიაში ერთ კაცს ვერ იპოვით, ვისაც შეიძლება მშენებლობის საკითხებზე რაიმე ესმოდეს.
ამიტომაც თბილისი თბილისს აღარ ჰგავს. ჩვენ რომ თბილისს ვაშენებდით, მაშინ 7-ბალიანი მიწისძვრის კოეფიციენტის მიხედვით პროექტდებოდა შენობები. სპიტაკში მიწისძვრა რომ მოხდა, სასწრაფოდ გადავიდა თბილისი 8-ბალიან კოეფიციენტზე, ხოლო სამხრეთ საქართველო - 9-ბალიანზე“, - აცხადებს ომარ კიკნაძე.
მისივე განმარტებით, დღევანდელ სამშენებლო პროექტებში არ იცავენ 8-ბალიანობას, რადგან ეს მშენებლობას 20-25%-ით აძვირებს. ჩვენი საზოგადოება, ჭკვიანი თუ უჭკუო, ყველაფულზეა გამოდევნებული და ქვეყნის ინტერესებს არად დაგიდევს.
არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას ეეჭვება, სამშენებლო ნებართვები მერიაში ჰაერზე ას ლარად იწერებოდეს, ყოველგვარი კვლევისა თუ გეოლოგიური დასკვნის გარეშე. თუ ასე ხდება, მაშინ ეს ჩვენი დედაქალაქისთვის სახიფათო იქნება.
„სამშენებლო პროექტირებაზე გაწეული ეკონომია იგივეა, რომ საკვების მიღებაზე ეკონომია გააკეთოთ, რაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. რეალურად, პროექტირებაში შედის კვლევა, გეოდეზია, გეოლოგია, მიწის ნაკვეთის მდგრადობის შესწავლა. პროექტირების დაწყებამდე ყველა პარამეტრი ბოლომდე უნდა იყოს გამოკვლეული. ამის შემდეგ არსებობს უამრავი კონსტრუქციული შესაძლებლობა და სეისმურ ბალიანობასაც თავისი მოთხოვნები აქვს“, - აღნიშნა ვახტანგ დავითაიამ For.ge-სთან საუბარში.