„გაგეცინებათ, მაგრამ 90-იანი წლების მიწურულს პიცასაც დავატარებდი“

„გაგეცინებათ, მაგრამ 90-იანი წლების მიწურულს პიცასაც დავატარებდი“

1980 წლის ოლიმპიური თამაშების პრეს-კონფერენციაზე გერმანელმა ჟურნალისტმა ებერჰარდ ბოკმა სანეევის მიღწევები გაიხსენა: ვიქტორი არის მეხიკოს (1968), მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976)  ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. ვიქტორ სანეევს მეოთხე ოქროს მოპოვების შესაძლებლობა უბრალოდ არ მისცეს. ამისი უმთავრესი მიზეზი ის გახლდათ რომ საქართველოს სახელით ასპარეზობდა და საბჭოთა ოლიმპიურ ისტორიაში რუსებს გაუსწრებდა.

სამწუხაროდ სანეევის გარჯა საქართველოში არ დააფასეს და დიდი სპორტსმენი შორეულ ავსტრალიაში გადასახლებისთვის გაწირეს. მართალია, საბჭოთა კავშირის წლებში სანეევს ამ ქვეყნის უმაღლესი ჯილდოები გადაეცა: ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი. ის სამშობლოშიც დააფასეს და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი მიანიჭეს. ქართველმა ჟურნალისტებმა ვიქტორი მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენ ვაჟად დაასახელეს. აღიარება არ მოკლებია, მაგრამ ადამიანმა ოჯახი უნდა არჩინოს და მუდმივი სამსახური ჰქონდეს. დააფასეს სანეევი, მაგრამ ქართული სპორტის მაღალჩინოსნებმა მისი დასაქმების პრობლემა არ გადაწყვიტეს...

ჩვენი დღევანდელი წერილის მთავარი გმირი ვიქტორ სანეევი ბრძანდება, რომელიც საკუთარ სპორტულ ბიოგრაფიას თავადვე გაიხსენებს.

„ბავშვობიდანვე ძალიან მოძრავი ვიყავი, სულ დავხტოდი, დავრბოდი, ვცურავდი... ტანი რომ ავიყარე, კალათბურთის თამაშიც დავიწყე, ერთ დღეს კი ჩემმა მეგობარმა კოტე ნარმანიამ კალათბურთიდან მძლეოსნობაზე გადასვლა მირჩია - მშვენიერი მონაცემები გაქვს, შენი რა მიდის, სცადეო.

ერთ მშვენიერ დღეს სოხუმის მე-8 საშუალო სკოლის მოსწავლეები ფეხბურთს კალათბურთის მოედანზე ვთამაშობდით. კარად ფარის ძელებს ვიყენებდით. ერთ მომენტში დავარდნილ მეტოქეს გადავახტი და წამში სკოლის დირექტორის, ტაისია მალიგინას ხმა მომესმა, თავისთან მიხმობდა. მის გვერდით ტანხმელი კაცი იდგა. ქალბატონმა ტაისიამ იმ მამაკაცს ჩემზე მიუთითა და უთხრა: გაიცანით აკოფ სამველიჩ, ეს ვიქტორ სანეევია, ჩვენი ჩემპიონიო... ასე გავიცანი აკოფ კერსელიანი. მან თავის ჯგუფში მიმიწვია და ჩემი სპორტული კარიერაც დაიწყო.

ჩემი პირველი სერიოზული ნახტომი 14.90 მეტრი იყო, საუკეთესო კი 17.44 მეტრი - ეს შედეგი სოხუმში 1972 წელს ვაჩვენე და მსოფლიო რეკორდიც დავამყარე... არ გაინტერესებთ რა შედეგს ვუჩვენებდი ვარჯიშებზე? საშუალოდ 16.95 მეტრი. ეს დიდოსტატური მაჩვენებელი იყო! და როგორ ვაღწევდი ამ ყველაფერს? თითქმის 20 წელიწადი ჯოჯოხეთურად ვშრომობდი! შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მწვრთნელის უპირველესი ამოცანა ჩემი სტადიონზე სავარჯიშოდ მიყვანა კი არ იყო, არამედ სტადიონიდან, ვარჯიშიდან გაგდება! ამის გამო ცხონებული დედაჩემი მაზოხისტს მეძახდა...

1963 წელს მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადას ვოლგოგრადმა უმასპინძლა. იმ დროს უკვე საქართველოს ჩემპიონი ვიყავი და იქაც პირველი ადგილის მთავარ პრეტენდენტად ვითვლებოდი, მაგრამ მესამეზე გავედი. შეჯიბრების დასრულების შემდეგ სათადარიგო მინდორზე განვმარტოვდი და ავტირდი. არც მანამდე და არც მერე წაგების გამო არ მიტირია. ალბათ ამიტომაც დამამახსოვრდა ის წარუმატებლობა.

1967 წელს ხალხთა სპარტაკიადაზე სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდსმენ იგორ ტერ-ოვანესიანთან წავაგე და მეორე ადგილზე გავედი - 7.83 მეტრზე გადავხტი. იმ დღეს ჩვენი, სამხტომელთა შეჯიბრი დილით, 11 საათზე დასრულდა, სიგრძეზე ხტომა კი საღამოს 6 საათზე დაიწყო. სპარტაკიადას მოსკოვის „ლუჟნიკი" მასპინძლობდა, ჩვენი დელეგაცია კი სტადიონიდან ძალიან შორს ცხოვრობდა. სასტუმროში წასვლას აზრი არ ჰქონდა - გზაში დავიღლებოდი, ამიტომ იქვე, სტადიონზევე მოვძებნე სკამი და წამოვწექი, დავიძინე. სწორედ ამან შემიშალა ხელი. ტერ-ოვანესიანი კი მოსკოველი იყო, სახლში მივიდა და „ლუჟნიკზე" დასვენებული დაბრუნდა. დღემდე არ მავიწყდება - მასთან სულ 10 სანტიმეტრი წავაგე...

სპარტაკიადის შემდეგ კიევში ევროპის თასი გათამაშდა. მაშინ ნაკრებში მეორე ნომერი ვიყავი, მაგრამ მწვრთნელებმა ალექსანდრ ზოლოტარიოვის ნაცვლად მე დამაყენეს. ცოტა კი ვინერვიულე, მაგრამ გავედი და 16.67 მეტრით გავიმარჯვე. ჩემი პირველი ადგილით გუნდმაც მოიგო და ეს ორმაგად სასიხარულო იყო! კიდევ ის გამიხარდა, რომ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, პოლონელი იოზეფ შმიდტიც დავამარცხე.

კარიერის პიკი 1975-1976 წლები იყო, მაგრამ სტატისტიკურად თუ დავთვლით, ყველაზე კარგი შედეგები 1967-1972 წლებში მქონდა: ამ ხუთ წელიწადში 110 ტურნირზე გავედი და 90 მოვიგე.

ყველაზე ტკბილად 1968 წელი, მეხიკოს ოლიმპიური თამაშები მახსენდება - კარიერის განმავლობაში სამხტომელთა ბილიკზე ყველაზე დიდი ბრძოლა სწორედ იქ გადავიტანე! ეს იყო ნამდვილი სპორტული ფოიერვერკი, მარტო ის რად ღირს, რომ იმ პაექრობის დროს 5-ჯერ დამყარდა მსოფლიოს რეკორდი! ოქრო რეკორდით მოვიგე! მიუნხენსა და მოსკოვზე იგივეს ვერ ვიტყვი. ჩემთვის ოლიმპიური თამაშები ზეიმთან ასოცირდება, მიუნხენსა და მოსკოვში კი ზეიმისთვის ძალიან ბევრ პოლიციელს ვხედავდი, რაც განწყობას მიუფერულებდა.

ჩემთვის მთავარი ყოველთვის სპორტულ არენაზე გამარჯვება იყო, მაგრამ უყურადღებობის გამო გულიც ხშირად დამწყვეტია. მაგალითად, 1968 წელს, მეხიკოდან ოლიმპიური ოქროთი რომ დავბრუნდი, სოხუმში ბინა არ მომცეს - არ გვაქვს მაგის საშუალებაო... 1972 წელს, მიუნხენში მეორე ოლიმპიური ოქროს მოგების შემდეგ საქართველოს სპორტკომიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ დამიბარა და თბილისში, დიღმის მასივში ბინა გადმომცა. მართალია 14-სართულიანი კორპუსის ბოლო სართული იყო, მაგრამ იმ დროს უკვე დაოჯახებული ვიყავი და ბინა ჩემთვის დიდი შეღავათი იყო.

70-იანი წლების მიწურულს, მოსკოვის ოლიმპიადის მოსამზადებელ პერიოდში, საბჭოთა ნაკრებს ვიტოლდ კრეერი ხელმძღვანელობდა. ის ნორმალური მწვრთნელი იყო, მაგრამ ცუდი მასწავლებელი აღმოჩნდა. ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ იმიტომ დავშორდით, რომ მას ჩემი არ სჯეროდა, არადა წლების მანძილზე ვთანამშრომლობდით. პირდაპირ გეტყვით - თამაშების წინ დამაყვედრეს, რომ ოლიმპიადაზე დამიშვეს! გახსოვთ ალბათ, საოლიმპიადოდ შესარჩევ ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დავიკავე - მხოლოდ და მხოლოდ სანტიმეტრი წავაგე საკვალიფიკაციო ტურნირის მესამეადგილოსანთან. მეოთხე ადგილი ლიცენზიისთვის საკმარისი იყო, ეს კარგად ვიცოდი და ფეხებს ზედმეტად არ ვტვირთავდი. კრეერმა კი ეს ამბავი დაიხვია ხელზე... იმ დღეებში არაერთი უსიამოვნო საუბრის გადატანა მომიხდა, არ მიყვარს ხოლმე იმ დღეების გახსენება.

მოსკოვის თამაშები ჩემი მეოთხე ოლიმპიადა იყო. არავის სჯეროდა ჩემი, საბჭოთა სპორტის მესვეურები ფიქრობდნენ რომ ასაკის გამო უშანსოდ ვიყავი. სულ მარტო დამტოვეს! ისე, მაღალჩინოსნებს არც გაემტყუნებათ - 35 წლისას მეოთხე ოლიმპიურ ოქროზე რომ გქონდეს პრეტენზია, თანაც, ფაქტობრივად ხეიბარ კაცს, ამის წარმოდგენაც კი ძნელია. მითუმეტეს სამხტომში.

1980 წლის თამაშებში ჩემი მონაწილეობა დიდად განაპირობა იმანაც, რომ საქართველოს წარმოვადგენდი - რესპუბლიკის ყველა დონის ხელმძღვანელი დაინტერესებული იყო თამაშებში ჩემი მონაწილეობით. როცა ჩემი საკითხი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, სკკპ-ს ცენტრალურ კომიტეტში სპორტის მაშინდელი კურატორი, შემდგომში მინისტრი პაველ გრომოვი შემხვდა და მენტორული ტონით მითხრა, გადავწყვიტეთ თამაშებზე გამოხვიდეო. ვუთხარი, წიწილები შემოდგომით დავითვალოთ, ჩვენ ამ თემაზე კიდევ ვისაუბრებთ-მეთქი.

მოსკოვში მეორე ადგილზე გავედი. იმ თამაშებზე ჩემთვის ყველაფერი უკუღმა აეწყო - ჯერ ფეხის ტრავმა, მერე ქარი... რაც შეეხება იააკ უუდმიაეს, ვინც ოქრო მოიგო, მის მიმართ არავითარი წყენა არ მაქვს. მას ძალიან ვაფასებ! მისი რა ბრალია, რომ ვიღაც უსინდისო მოხელეებმა ნახტომის გაზომვის დროს მას რამდენიმე სანტიმეტრი აჩუქეს... ჩვენ ბოლოს 2004 წელს, ათენში შევხვდით ერთმანეთს. მაშინ ის ესტონეთის მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო... ყველაფერს რომ ხაზი გადავუსვა, იააკს მაინც დავაფასებ, რადგან სამი ვაჟის და ორი ქალიშვილის მამაა!

მე ორი თვისება აღმომაჩნდა, რომლებმაც ხელი შემიწყვეს წარმატებაში. ერთი თვისება თანდაყოლილია - გამარჯვების წყურვილი. მეორე თვისება კი წლების განმავლობაში გამომიმუშავდა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „წარმატებისგან გაუცხოება" - დაივიწყე გუშინდელი შედეგი, გვერდზე გადადე უკვე აღებული მედალი და დღეიდანვე შეუდექი ხვალინდელი შეჯიბრებისთვის მზადებას! რა თქმა უნდა, ეს არ არის რაღაც ახალი რეცეპტი, მაგრამ უკეთესი ჯერ არავის მოუგონია. ყოველ მომდევნო შეჯიბრებაზე ვცდილობდი იმ მომენტისთვის შესაძლებლის მაქსიმუმი მეჩვენებინა. თუ საჭიროება მოითხოვდა, ხანდახან შეუძლებელიც უნდა შემძლებოდა!

1988 წელს სეულში და 1992 წელს ბარსელონაში საბჭოთა სპორტის მესვეურებს ჩემი წაყვანა არც უფიქირათ, თუმცა სეულის წინ ოლიმპიური ჩირაღდნით ერთი მონაკვეთი კი მარბენინეს... ისე, არც ატლანტაში გახლდით, არადა ძალიან მაინტერესებდა საქართველოს ოლიმპიური გუნდის დებიუტი.

გაცილებაში ბედი ნამდვილად არ მაქვს - დიდი სპორტიდან არც საქართველოში გავუცილებივარ ვინმეს და არც მოსკოვში.

სპორტში მეგობრობა, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ალბათ, შეუძლებელია. სხვა რა გითხრათ? მეგობრები ჩემი კონკურენტები არასდროს ყოფილან. ისე, ძალიან თბილი ურთიერთობა მაკავშირებდა იგორ ტერ-ოვანესიანთან, საშა ავილოვთან, იური სედიხთან, რობერტ შავლაყაძესთან, ვოვა გუცაევთან...

დიდ სპორტში მხოლოდ ნიჭის ამარა ვერაფერს გახდები. მხოლოდ უმძიმესი, აუტანელი, ინტენსიური შრომით ყალიბდება კარგი სპორტსმენი. ვარჯიში არ უნდა დაგეზაროს - ის ხომ თვითდაჯერებისა და საკუთარი თავის გაწვრთნის საუკეთესო საშუალებაა. და კიდევ: მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა მძლეოსანმა საკუთარი თავისადმი ჭეშმარიტად პროფესიული დამოკიდებულება უნდა გამოიმუშაოს. ყველგან და ყველაფერში. გარკვეული თვალსაზრისით, ის ასკეტურ ცხოვრებასაც უნდა ეწეოდეს, უნდა ჰქონდეს ანალიზის უნარი, შეცდომებზე დაფიქრების სურვილი, არ უნდა დაკომპლექსდეს მარცხით.

საქართველოში რატომ არ გამიჩნდა მიმდევრები? ამაზე მეც ბევრჯერ მიფიქრია: თითქოს სამჯერ მოგებულ ოლიმპიადას ამ სახეობის ბუმი უნდა გამოეწვია, მაგრამ... იცით, ახალგაზრდებს ოფლისდაუღვრელად სურდათ მიზნის მიღწევა, ასე კი არაფერი ხდება. ალბათ ესაა ყოველივეს მიზეზი.

შემიძლია ხატზე დავიფიცო - მასტიმულირებელ საშუალებებს არ ვიღებდი. ეს ჩემი პრინციპი იყო, თუმცა იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ შემოთავაზება არ ყოფილა. რაც შეეხება ნაკრებში ჩემს კოლეგებს, მათზე ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა ვინმე იჭყიპებოდა კიდეც ანაბოლიკებით.

სპორტსმენის მზადების სისტემა საბჭოთა კავშირში, აღმოსავლეთ გერმანიაში, კუბაში, ჩინეთსა და ვთქვათ, რუმინეთში, უნიკალური იყო და მისი ხელაღებით უარყოფა, ჩემი აზრით, არ შეიძლება. ავსტრალიაზეც გეტყვით - აქ ყველაფერი აქვთ: სასმელ-საჭმელი, სპორტული ინვენტარი, დარბაზები, სამედიცინო უზრუნველყოფაც, მაგრამ სწორედ სისტემა მოიკოჭლებს. მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: სწორედ იმ საბჭოთა სისტემამ დაღუპა ძალიან ბევრი კარგი სპორტსმენი. მაგალითი გნებავთ? არ შემხვედრია უფრო დიდი ტალანტი, ვიდრე სიმაღლეზე მხტომელი ვლადიმერ იაშჩენკო იყო. მაგრამ ის უაზრო ექსპლოატაციით დაღუპეს, ტრავმირებული ტკივილგამაყუჩებლით გაჭყეპილი გაჰყავდათ ხოლმე საასპარეზოდ... ჩემს მიმართაც იგივე მეთოდით მუშაობდნენ, მაგრამ ვუძალიანდებოდი. ალბათ, ამიტომაც შემოვრჩი ბილიკს ასე დიდხანს.

მწვრთნელი ყველა დონის სპორტსმენისთვის აუცილებელია. ეს ხომ აქსიომაა?! სპორტის ნებისმიერ სახეობაში ვინც კი გაყოყოჩდა და მწვრთნელზე უარი თქვა, ყველამ კისერი წაიტეხა.

ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სრულად ჯანმრთელი და სტარტისთვის ფიზიკურად სრულფასოვანი არასდროს ვყოფილვარ. მიუხედავად ყველაფრისა, უბედნიერესი კაცი ვარ - საყვარელ სახეობაში ყველა ოცნება ავიხდინე!

ნებისმიერი შეჯიბრების წინ მკვდარივით მეძინა ხოლმე. აი შეჯიბრების შემდეგ კი, შედეგის მიუხედავად, ორი-სამი დღე თვალს ვერ ვხუჭავდი, ვბორგავდი და უაზროდ დავბორიალობდი.

ჟურნალისტებთან ყოველთვის ნორმალური დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ მათ მაინც ყოველთვის გავურბოდი. გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრებით ორი ჩემოდანი სავსე მქონდა - ცხონებული დედაჩემი აგროვებდა...

სპორტის სხვა სახეობებიდან ძალიან მიყვარს ფეხბურთი. თბილისში თუ ვიყავი, „დინამოს" მატჩებს არ ვაცდენდი. სხვათა შორის, სოხუმში ერთ გუნდში ვთამაშობდით მე და სერგეი ბაგაფში, აფხაზეთის ექს პრემიერ-მინისტრი.

ავსტრალიაში 1992 წელს კონტრაქტით წამოვედი, პრესტიჟულ კოლეჯ სენ-ჯოზეფში დავიწყე მუშაობა. ეს არაა სპორტული კოლეჯი, მაგრამ სპორტში მეცადინეობისთვის იდეალური პირობები შექნეს. საცოდაობაა, რომ იქ მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები არ იზრდებიან. მოკალი თუ გინდა - ვარჯიში არ უნდათ, ცოტაოდენით კმაყოფილდებიან... იმ კოლეჯმა ბინაც მომცა, ჩემი შვილიც კარგად მოეწყო. 5 წლის შემდეგ სიტუაცია აირია - კონტრაქტი რომ დამიმთავრდა, მომთაბარე ცხოვრებაც მაშინ დავიწყე. გაურკვევლობა თითქმის 3 წელიწადი გაგრძელდა.

ერთი პერიოდი ძალიან გამიჭირდა - უმუშევრობა გამიგრძელდა და ლამის თავის მოკვლაზე დავფიქრდი... იქამდე მივედი, რომ გაზეთში განცხადება გამოვაქვეყნე: მე, ესა და ეს პიროვნება, ჩემი ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლებს ვყიდი-მეთქი. მაგრამ უბედურება იცით რა იყო? ყველას მუქთად უნდოდა! ყველაზე მაღალი ფასი, რომელიც შემომთავაზეს, 5 ათასი დოლარი იყო. ავსტრალიაში ეს თანხა მაქსიმუმ ორი თვე გეყოს. კიდევ კარგი ოჯახის წევრებმა და აქაურმა ნაცნობებმა მედლების გაყიდვა გადამაფიქრებინეს...

გაგეცინებათ, მაგრამ 90-იანი წლების მიწურულს პიცასაც დავატარებდი. ვთქვათ, ვიღაც ლაწირაკს ან მოხუცს ნასადილევს ან ძილის წინ პიცა რომ მოუნდებოდა, დარეკავდა ჩვენთან ოფისში, შეუკვეთავდა და მე, სამი ოლიმპიადის ჩემპიონი ვიქტორ სანეევი მივდიოდი და შინ მივართმევდი პიცას... გიკვირთ? არადა იყო ასეთი დროც. თუმცა მუშაობა არასდროს მითაკილია. ვმუშაობდი, ხომ არ ვიპარავდი? იმ დროს სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა.

აქ სპორტსმენის ოჯახის შექმნას რაიმე ფორმით წინ რომ აღუდგე, შეიძლება სასამართლოშიც გიჩივლონ, სამსახურს კი ნამდვილად დაგატოვებინებენ - მოქალაქის პირად ცხოვრებაში ჩარევად ჩაგითვლიან. ჩემ დროს სხვანაირად იყო - საბჭოთა სპორტსმენები  უუფლებონი ვიყავით. თუ მწვრთნელს ან უარესი, სპორტის მაღალჩინოსანს არ დაემორჩილებოდი, სერიოზულ შეჯიბრებაზე ვერც იოცნებებდი.

ავსტრალიაში სამხტომში წარმატებული ათლეთის გაზრდა ძალიან ძნელია. აქაურები განებივრებულნი არიან, კარგად ცხოვრობენ, ყოფითი პრობლემა აქ აქვთ, მხოლოდ თავიანთი სიამოვნებისთვის ვარჯიშობენ... როგორ გითხრათ? აი, მსხვერპლის გაღება, რაც წარმატების წინაპირობაა, არ უნდათ. სპორტში ვერ ხედავენ თავიანთი პროფესიული შესაძლებლობის რეალიზაციის საშუალებას. ავსტრალიელებს ყველაფერი უნდათ, ოღონდ მცირე მიღწევაც აკმაყოფილებთ.

1995 წელს მოსკოვში ვიყავი. მითხრეს, მიდი იური ლუჟკოვთან (მოსკოვის ყოფილი მერი), ახლა ირინა როდნინას უშენებს მისივე სახელობის სპორტულ ცენტრს, შენც აგიშენებს, ამხელა სპორტსმენი ხარ, არ დაგაყვედრისო... არ მივსულვარ. არ ვარ ასეთი ამბების კაცი, ვერ „ვიჩალიჩებ". ამდენი ხანია წამოსული ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი თვალსაზრისით აწყობილ ქვეყანაში ვცხოვრობ, ელემენტარული პირობები რომ მქონდეს, საქართველოში დაუფიქრებლად დავბრუნდებოდი.

ცხოვრების მიზანი, ოცნება, თუ შეიძლება ასე ითქვას, იყო და არის აღვზარდო ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მაინც. ჯერჯერობით არაფერი გამომდის. ძალიან იმედგაცრუებული ვარ და დროის სვლასთან ერთად ნელ-ნელა პესიმისტიც ვხდები.

ვნანობ თუ არა რამეს? არა. დაუფიქრებლად გავივლიდი იგივე გზას. ამბობენ, სანეევი სპორტში „გაუმაძღარი" იყოო. პრინციპში, ეს სიმართლეა: არ ვოცნებობდი მანქანებზე, არც ბინაზე და არც სხვა რამეზე - ჩემი ცხოვრების მიზანი მხოლოდ სპორტული შედეგი იყო - მეტრები და სანტიმეტრები!

რა მომცა დიდმა სპორტმა? იცით, პირველ რიგში ალბათ მოხდა ჩემი, როგორც პიროვნების შესაძლებლობების - ფიზიკურსაც ვგულისხობ და ინტელექტუალურსაც - რეალიზაცია. ჩემი სახელი სამუდამოდ შევიდა მსოფლიო სპორტის ისტორიაში. განა ეს ცოტაა? მაგრამ დიდმა სპორტმა ურთულესი ტრავმებიც მომიტანა, აუტანელი ტკივილები და ავადმყოფობა.

ვინ მაკლია ყველაზე მეტად? დედა! ხშირად ვიხსენებ, როგორ ვერ ეგუებოდა დედაჩემი ერთადერთი ვაჟის შორეულ მგზავრობებს... მახსენდება, როგორ ზრუნავდა, რომ შინ ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო. ინსტიტუტიდან თუ სტადიონიდან დაბრუნებულს, ყველანაირად მიწყობდა ხელს, რომ კარგად დამესვენა... როგორ მიწესრიგებდა სპორტულ ფორმას - დედა ყოველდღე რეცხავდა და მიუთოვებდა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არც იყო საჭირო... მას სურდა სტადიონზე მისი შვილი არა მარტო ყველაზე ძლიერი, არამედ ყველაზე მოვლილი, ყველაზე სუფთა და ყველაზე ლამაზი ყოფილიყო! რა ენერგიას ხარჯავდა გემრიელი წვენების, ნახარშების, კომპოტების, მურაბების მომზადებაში! ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ იტანჯებოდა ჩემთან ერთად, როცა ტრავმას ვიშუშებდი. მახსენდება მისი ბალახები, ნაყენები, სველი საფენები, კომპრესები... საათზე დახედვა არ მჭირდებოდა: დედას არასდროს ავიწყდებოდა ჩემთვის სახვევის გამოცვლა, წამლის დალევა, მასაჟის გაკეთების შეხსენება... ერთ მშვენიერ დღეს დედა წავიდა. სამუდამოდ.

ნოსტალგიური კაცი ვარ: შინ ვზივარ, ვკითხულობ და ვფიქრობ. დღეს ჩემი ცხოვრება მონოტონურია. ძალიან ხშირად მოგონებებში ვიძირები. ამდენი ფიქრისა ხანდახან მეშინია კიდეც.

იცით, სპორტული კარიერის მანძილზე თითქმის ყველა პუბლიკაციაში მიწოდებდნენ „კენგურუს აფხაზეთიდან" ან „კენგურუს საქართველოდან". კენგურუს სამშობლო ავსტრალიაა და ალბათ სიმბოლურია, რომ ცხოვრების მიწურულს სწორედ ავსტრალიაში ვატარებ“.