საბა მტბევარის ფენომენი

საბა მტბევარის ფენომენი

დიდი ქართველი პატრიოტების პლეადას სამართლიანად ამშვენებს XI საუკუნის საეკლესიო მოღვაწე, ეპისკოპოსი საბა მტბევარი. მას მოღვაწეობა მოუხდა ურთულეს და უმძიმეს ვითარებაში - ეს არის ბაგრატ მეოთხის (1027-1072) მეფობის პერიოდი, როცა ერთად მოზღვავდა გარეული და შინაური მტერი და ქვეყანას ყოფნა-არყოფნის საფრთხე დაემუქრა.

გიორგი I (1014-1027) მიერ დაწყებული ომი ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II-თან (976-1025) ბასიანს გადაღმა მდებარე ტერიტორების დასაბრუნებლად მარცხით დასრულდა. გიორგი I სრულად ახალგაზრდა გადაიცვალა და ტახტზე 9 წლის ბაგრატი ავიდა, რომელსაც რეგენტად დედამისი მარიამი (სომეხთა მეფის სენაქერიმის ასული) ჰყავდა.

მეფის უსუსურობით სარგებლობდნენ შინაური და გარეული მტრები და ქვეყანა დღითი-დღე სუსტდებოდა. ჯერ ლიპარიტ ბაღვაში გადაუდგა მეფეს (თუმცა თავიდან ეს განაპირობა ბაგრატის მიერ დაშვებულმა შეცდომამ მის მიმართ), მერე ტაო-კლარჯეთის აზნაურებმა დაიწყეს მასიურად გადასვლა ბიზანტიის იმპერატორის მხარეს- მას აძლევდნენ ერთგულების ფიცს და აღიარებდნენ თავის სუვერენად.

„ერთმორწმუნე“ ბიზანტია (დღევანდელი „ერთმორწმუნე“ რუსეთივით) ყველანაირად უწყობდა ხელს ამ პროცესებს და ცდილობდა საქართველოს დასუსტებას და დაქუცმაცებას და ეს გრძელდებოდა თურქ-სელჩუკების გამოჩენამდე, რომელებმაც ხერხემალში გადატეხეს ბიზანტიის იმპერია. უმძიმესი პროცესები მიდიოდა თავად ქართულ ეკლესიაშიც, რაზედაც ცოტა მოგვიანებით დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი დაწერს, რომ „წმინდანი ეკლესიანი ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყო“-ო (ანუ ავაზაკთა ბუდედ იყოო ქცეული).

ეკლესიაში არსებული ვითარებით ხელს ითბობდნენ მეფეებიც კი და საეკლესიო თანამდებობებს ჰყიდნენ, თავად მღვდელმთავარნი კი არღვევდნენ ქრისტეს მცნებებს და სიბილწეში იმყოფებოდნენ ( რაც მოგვიანებით, 1060-იან წლებში მკაცრად ამხილა და დაგმო გიორგი მთამწმინდელმა, თუმცა უშედეგოდ).

სწორედ ამ პერიოდში მოღვაწეობდა ეპისკოპოსი საბა მტბევარი, რომელიც არა მარტო სიტყვის და დარწმუნების ძალით, არამედ ხმლითაც დადგა ქართული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე (ცნობილია, რომ ასევე ბრძოლის ველზე, მარაბდაში დაიღუპნენ ეპისკოპოსები რუსთაველი და ხარჭაშნელი 1625 წელს).
სწორედ მაშინ, როცა ტაო-კლარჯეთის აზნაურები გადადიოდნენ ბიზანტიის იმპერატორის მხარეს, „მატიანე ქართლისაი“-ს ანონიმი ავტორის ცნობით, „საბა, მტბევარმან ეპისკოპოსმან,... ააგო ციხე თავსა ზედა ტბეთისასა, დაიჭირა ქუეყანა მავშეთისა, ქმნა დიდი ერთგულობა ბაგრატ აფხაზთა მეფისათვის. პატივ-სცა ღმერთმან და ვერ წარუღეს ქუეყანა მტერთა“.

ფეოდალურ ეპოქაში ციხესიმაგრე, უპირველასად, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ძალაუფლების კონცეტრაციის ადგილი იყო და აქედან გარკვეულ ტერიტორიაზე ხორციელდებოდა პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური, სასამართლო თუ სამხედრო ხელისუფლება. ნიკო ბერძენიშვილის სამართლიანი შენიშვნით, ციხე ტერიტორიის მართვის საშუალება იყო. თუ დავაკვირდებით საბა მტბევარის ქმედებას, მან შავშეთში ციხის აგებით სწორედ მართვის მექანიზმი შექმნა (მმართველობის დეფიციტის ან ფაქტიურად არარსებობის ვითარებასა და ქაოსში) და უმთავრესად ადმინისტრირებით შეინარჩუნა ის სამეფო დომენის შემადგენლობაში. საბა ეპისკოპოსი ამით ავსებს სახელისუფლო დეფიციტს, რომელიც შავშეთში იყო წარმოქმნილი და როგორც სამეფო დომენის წარმომადგენელი იწყებს რეგიონის მართვას და შემომტკიცებას, რითაც არ აძლვს საშუალებას აქ მცხოვრებ საშუალო და წვრილ მიწათმფლობელებს, ეძებონ ახალი პატრონი ბიზანტიის სახით (სოსო მარგიშვილი). ასე შეუნარჩუნა ამ დიდმა საეკლესიო მოღვაწემ ეს უმნიშნელოვანესი რეგიონი საქართველოს სამეფოს.

საბა მტბევარმა- ამ სამაგალითო ქართველმა, ჯვრითა და ხმლით მებრძოლმა ეპისკოპოსმა შექმნა ერთგვარი ფენომენი, მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი საეკლესიო მოღვაწე განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალზე უჭირს სულიერად და ფიზიკურად ქვეყანას, როცა მძლავრობს უზნეობა მთელ ერში და უმძიმესი პრობლემებია დასაძლევი ეკლესიაში.

სწორედ ასეთ ეპისკოპოსებს და მღვდლებს წაყვება ერი მომავალში.