სტატისტიკური მონაცემების მიხედვით კერძო დაზღვევით საქართველოში მოსახლეობის 14% სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო ბაზარზე უამრავი კომპანიაა და მათ ზურგს მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებთ, საქმიანობის სფეროების გაფართოება თითქმის ვერ ხერხდება.
იმ მოქალაქეებს შორისაც კი, რომელთა შემოსავალიც თვეში 4000 ლარს აღემატება მხოლოდ 53%-ს აქვს შეძენილი კერძო დაზღვევა, ანუ დიფერენცირების ამოქმედებამდე ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე თანხას სახელმწიფო ხარჯავდა. სახელმწიფო ბიუჯეტს დღემდე უწევს ათობით ათასი იმ მოქალაქის მკურნალობის დაფინანსება, რომლთა თვიური შემოსავალი 1000-დან 3000 ლარამდეა. ასეთი შემოსავალი ქვეყანაში 200 ათასზე მეტ მოქალაქეს უფიქსირდება და მათგან კერძო დაზღვევას მხოლოდ 40% ყიდულობს. ამ ადამიანებს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, შესაძლოა, საკუთარი სახსრებით მოუწიოთ.
საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა დამსაქმებელი კომპანიებისთვის შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. როგორც იდეის ერთ-ერთი ავტორი აკაკი ზოიძე ამბობს, საკითხი მხოლოდ იდეის დონეზეა და კონკრეტული ნაბიჯები ჩამოყალიბებული და გაწერილი არ არის.
„ეს არის იდეა, რომ 1000-დან 3000 ლარამდე შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის დაზღვევა გახდეს სავალდებულო იმისთვის, რომ ყველა მოქალაქეს ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ერთიან სტანდარტულ პაკეტზე. ღარიბებისთვის გადაიხდის სახელმწიფო, შედარებით საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქებიისთვის იქნება ნაწილობრივ დაფინანსებული სახელმწიფოს ან დამსაქმებლის მიერ და შედარებით უფრო მაღალი ფენისთვის დაზღვევის ხარჯის ანაზღაურება მთლიანად საკუთარი ხარჯებით უნდა მოხდეს. სხვა ქვეყნების გამოცდილება მეტყველებს, რომ ვალდებულების ელემენტის გარეშე ამ რეფორმის განხორციელება რთულია“, - ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
დადგება თუ არა დაზღვევის სავალდებულობის საჭიროება დღის წესრიგში, ჯანდაცვის რეფორმით განხორციელებული ბოლო ცვლილებებზე დაკვირვებით გამოვლინდება.
„დავაკვირდებით საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაში განხორციელებულ პირველ ცვლილებებს და ამის მიხედვით ერთ-ერთ ალტერნატივად ვიხილავთ სავალდებულო დაზღვევას. თუმცა ამასთან დაკავშირებით არც გადაწყვეტილებაა მიღებული გუნდში და არც საარჩევნო პროგრამაში არ გვაქვს დაანონსებული. ანუ ვერ ვიტყოდი, რომ ამას ვაპირებთ, ეს არის სამუშაო ვერსია, ყველა ასპექტს შევაფასებთ, მათ შორის, რეგულირების ზემოქმედების შეფასებასაც გავაკეთებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გვინდა თუ არა“, - განუცხადა „კომერსანტს“ ზოიძემ.
მისივე თქმით, ევროპული ქვეყნების გამოცდილების მიუხედავად, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება საქართველოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით და შესაბამის სექტორებთან კონსულტაციების შემდეგ მოხდება.
ბაზარზე არა მარტო ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართ არის ცვლილება აუცილებელი, არამედ სხვა სეგმენტებიც უნდა გაძლიერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დარგის განვითარება გარკვეულ ეტაპზე გაჩერდება. „საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის“ პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით გასააქტიურებელია მუშაობა საპენსიო და ავტოდაზღვევის მიმართულებით.
„ის, ვისაც დაზღვევის სურვილი და ფული ჰქონდა, უკვე დაზღვეულია, ხოლო იმათთან, ვისაც დაზღვევის სურვილი ან ფული არ გააჩნია, მუშაობა რთულია. პირველ ყოვლისა, სასურველია, რომ ავტოტრანსპორტის მფლობელების პასუხისმგებლობის დაზღვევა მესამე პირების მიმართ სავალდებულო გახდეს. ვგულისხმობ არა მარტო იმათ, ვინც ქვეყანაში უცხოეთიდან შემოდის, არამედ ყველას, ვინც აქ ავტოტრანსპორტით გადაადგილდება.
გარდა ამისა, საერთოდ არ არის განვითარებული სიცოცხლის დაზღვევა და საპენსიო დაზღვევა. არ ვგულისხმობ იმ შემთხვევას, როდესაც ადამიანი იღებს კრედიტს, და დაზღვევა კეთდება იმ შემთხვევისთვის, თუ კრედიტის ამღები პირი გარდაიცვალა და ვიღაცას მისი დაბრუნება მოუწევს. საუბარია გრძელვადიან კლასიკურ დაზღვევაზე, როდესაც სახსრები ათეულობით წლების განმავლობაში გროვდება, მერე კი დაზღვეულ პირს უბრუნდება. ეს მიმართულებები აუცილებლად გასააქტიურებელია“, - აცხადებს გიგოლაშვილი.