„უფრო უსაფრთხოდ მაშინ ვართ, როდესაც ჩვენი მეზობლები სტაბილურად არიან“

„უფრო უსაფრთხოდ მაშინ ვართ, როდესაც ჩვენი მეზობლები სტაბილურად არიან“

„უფრო უსაფრთხოდ მაშინ ვართ, როდესაც ჩვენი მეზობლები სტაბილურად არიან“, - ეს განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე - „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“ განაცხადა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სესიას მოდერატორობა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმა გაუწია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი დასავლეთშია, სწორედ ამას ადასტურებს საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მაღალი დონის ვიზიტიც.

„ვარშავის სამიტის შემდეგ“ ნატოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ნურეთინ ჯანიკლიმ, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურმა, გენერალ ჯონ ნიკოლსონმა, ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიტაუტას უმბრასმა და უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ტამას ვარგამ იმსჯელეს.

პანელის ყველა მომხსენებელი შეთანხმდა, რომ „ვარშავის სამიტის შემდეგ“ შეკავების პოლიტიკა და მდგრადობის უზრუნველყოფა ნატოს დღის წესრიგში დგას და, რომ ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები უკვე სახეზეა. კონფერენციის მონაწილეებმა ერთხმად განაცხადეს, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი და სოლიდარობა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეკავების პოლიტიკის კუთხით მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურამ, რომლის განცხადებით, ამ მხრივ მიღებული გადაწყვეტილებები უკვე სახეზეა პოლონეთსა და ბალტიის ზღვის ქვეყნებში, აქტიურადაა ჩართული რუმინეთიც.

„ვფიქრობ, რომ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ მეზობელ ქვეყნებთან, რადგან მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა ნიშნავს სტაბილურობას ნატოს წევრი ქვეყნებისთვის. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ჩვენს პარტნიორებთან, ბალტიის ზღვაში და შავ ზღვაში. ეს მოიცავს ინფორმაციის გაცვლას, წვრთნებს. ბალტიის ზღვის რეგიონში აღნიშნული პროცესი უფრო განვითარებულია, ვინაიდან იქ ეს პროცესი ადრე დავიწყეთ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უფრო უსაფრთხოდ მაშინ ვართ, როდესაც ჩვენი მეზობლები სტაბილურად არიან.

საქართველომ თავდაცვის ფუნდამენტური რეფორმა ჩაატარა. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველოს მხარი დავუჭიროთ. ასევე გვაქვს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი და წვრთნები. ეს ის არის, რაზეც ვმუშაობთ. მე ყოველთვის ვამბობ - „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში“. საქართველოში ყოველი ვიზიტისას ეს უფრო და უფრო შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ევროკავშირსა და ნატოს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ნურეთინ ჯანიკლიმ, რომლის განცხადებით, თურქეთი ტერორიზმის საფრთხის წინაშე იმყოფება და ამ კუთხით მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის.

„საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების პოლიტიკა არის სწორი გზა და ის აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა“, - აღნიშნა ნურეთინ ჯანიკლიმ.

აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონდ ვილსონი დარწმუნებულია, რომ ერთ დღეს საქართველო ალიანსის წევრი გახდება, ეს არის ამოცანა.

„ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია. ყოველ წელს აქ საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხალხი იკრიბება. ეს არ არის უბრალოდ დისკუსიები, მაგრამ რეალური მუშაობა მიდის რიგ საკითხებზე. ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი დასავლეთშია.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებით რუსეთმა თავის თავს პრობლემები შეუქმნა. დროთა განმავლობაში რუსეთი ამ გადაწყვეტილების შედეგებს იგრძნობს. რა თქმა უნდა, ეს უცებ არ მოხდება, მაგრამ საქართველო მომზადებული უნდა იყოს - ძლიერი ეკონომიკით, დემოკრატიული ინსტიტუტებით, კანონის უზენაესობით. როდესაც შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა გაიღება, საქართველო მზად უნდა იყოს“, - აცხადებს დეიმონდ ვილსონი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას შეფასებით, ყველა იმ გეგმას, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით არის გათვალისწინებული, ქვეყანა გეგმაზომიერად ასრულებს და მომავალშიც უფრო დიდი წარმატებით განხორციელებება. მინისტრის განცხადებით, ნატო-ს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება იმისთვის, რომ ღია კარის პოლიტიკა იყოს საქართველოსთვის რეალისტური და აქტუალური თემა.

„გენერალური მდივნის თანაშემწემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ უდიდესი წვლილი შეგვაქვს, როგორც რეგიონალურ, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში. ჩვენი ჯარისკაცების, ოფიცრების და ჩვენი პარტნიორობის თანამშრომლობის დამსახურებაა ის, რომ საქართველო დღეს არის აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი.

ამ თანამშრომლობით, ამ ინტეგრაციით ჩვენს მომავალს ვხედავთ ევროპულ ოჯახში, ნატო-ში და ჯეიმს აპატურაის, როგორც ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის მხრიდან და ზოგადად ნატო-ს მხრიდან ჩვენ გვაქვს ამ პროცესში მაქსიმალური მხარდაჭერა“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონფერენციაზე იმ გამოწვევებზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანალიძემ, რაც საქართველოსა და ევროატლანტიკურ სივრცეს აქვს. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველო ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს წარმატებით იყენებს, რომელიც აახლოებს მიზანთან, გახდეს ნატო-ს წევრი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაში მაღალი დონის დელეგატები მონაწილეობდნენ. საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ - მინისტრი საუბრობდნენ იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ევროატლანტიკურ სივრცეს აქვს. ჩვენ წელს ამ კონფერენციას კიდევ უფრო მეტად ძლიერები ვხვდებით. სიძლიერე გამოიხატება კიდევ უფრო მეტ დემოკრატიულ რეფორმაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროში განხორციელდა“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძე.