აშშ-მა შესაძლოა თურქეთიდან ელჩი გამოიწვიოს

აშშ-მა შესაძლოა თურქეთიდან ელჩი გამოიწვიოს

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა სტამბოლში აშშ-ს გენერალური საკონსულოს თანამშრომელი დააკავეს, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. აშშ-ის საკონსულოს დაკავებულ თანამშრომელს ჯაშუშობაში, კონსტიტუციური წყობის დარღვევასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაყენების მცდელობის გამო წაუყენეს ბრალი. თუქრული გამოძიების თანახმად, მეთინ თოფუზი პოლიციის ხელმძღვანელებს უკავშირდებოდა, რომლებიც ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციაზე მუშაობდნენ.

მეთინ თოფუზის პარალელურად, თურქეთის შესაბამისმა უწყებებმა სტამბოლში აშშ-ს გენერალური საკონსულოს კიდევ ერთი თანამშრომლის დაკავებაზე ორდერი გასცეს. თურქული გაზეთის „Sabah“-ს ინფორმაციით, საკონსულოს თანამშრომლი ეჭვმიტანილია ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია აშშ-ს გენერალური საკონსულოს თანამშრომელზე, რომელიც თურქეთის მოქალაქეა. ორდერი მის დაკავებაზე სტამბულის პროკურატურამ გასცა. ეჭვმიტანილი აშშ-ს გენერალური საკონსულოს ტერიტორიას არ ტოვებს, რათა დაკავება თავიდან აიცილოს. როგორც ცნობილია, თურქეთმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ფეთჰულაჰ გიულენს დასდო ბრალი, რომელიც 1999 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს და, რომლის ექსტრადირებაზე აშშ-მა თურქეთს უარი უთხრა.

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, აშშ-ს გენერალური საკონსულოს თანამშრომელის დაკავებასთან დაკავშირებით, უკვე მოჰყვა რეაქცია აშშ-ის მხრიდან. ვაშინგტონმა თურქეთში არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა, რათა შეემცირებინათ ვიზიტორების რაოდენობა. საელჩოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედება ძირს უთხრის თურქეთთან ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებს.

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აიძულა შეერთებული შტატების ხელისუფლება, გადახედოს თურქეთის ხელისუფლების ვალდებულებების საკითხს, აშშ-ის დიპლომატიური მისიებისა და მისი პერსონალის უსაფრთხოებასთან მიმართებით. იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ სტუმრების სია ჩვენს საელჩოებსა და საკონსულოებში, ვაჩერებთ ყველა არასაიმიგრაციო სავიზო მომსახურებას“, - აღნიშნულია თურქეთში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ს გადაწყვეტილებას ანალოგიურად უპასუხა თურქეთის მთავრობამ. ანკარამ აშშ-ში დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თურქეთის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. თურქეთი გადაწყვეტილებას თურქეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით ხსნის. თუმცა, ოფიციალური ანკარა აშშ-სგან არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას ელოდება. როგორც თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამით გიულმა განაცხადა, დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს პრეროგატივაა, მთავრობა აღნიშნულ საკითხში ვერ ჩაერევა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „A Haber“-ის ეთერში უარყო თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სტამბულის პროკურატურამ აშშ-ს გენერალური საკონსულოს კიდევ ერთ თანამშრომელზე დაკავების ორდერი გასცა.

„ჩვენი მონაცემებით, მეორე დაკავებაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას ვიზების გაცემის შეჩერების თაობაზე. დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს პრეროგატივაა, მთავრობა აღნიშნულ საკითხში ვერ ჩაერევა“, - განაცხადა აბდულჰამით გიულმა.

ფეთჰულაჰ გიულენის მხარდაჭერისთვის ევროკავშირი გააკრიტიკა თუქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომლის განმარტებით, ამიერიდან ანკარას პოზიცია შესაბამისი იქნება.

„თუ ევროკავშირის ქვეყნებისგან რომელიმე პირის გაცემის მოთხოვნას მივიღებთ, თურქეთი მათ შეახსენებს, თუ რა პასუხი მივიღეთ ჩვენს მოთხოვნებზე. თურქეთის უარყოფითი რეაქციის საპასუხოდ ევროპელები აცხადებენ, რომ გიულენის მხარდაჭერებმა თავშესაფარი მიიღეს. რა თავშესაფარზე მიდის საუბარი?! ეს ხომ მოღალატეები, მკვლელები და ტერორისტები არიან! თურქეთის სასამართლომ მათ განაჩენი გამოუტანა“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ოფიციალური ანკარას გადაწყვეტილებას აშშ-ის ხელისუფლების შეურაცხყოფად აფასებს, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, რომლის განცხადებით, ერდოღანი წითელ ხაზს გადავიდა. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ დაკავებულია გენერალური საკონსულოს თანამშრომელი, ამერიკის მოქალაქე, ამ გადაწყვეტილებით ერდოღანმა ფაქტიურად ამერიკა ისლამური სახალიფოსა და ალქაიდას დაფინანსებაში დაადანაშაულა.

„ერდოღანმა თავისი ქმედებით კიდევ უფრო დაამძიმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. არ გამოვრიცხავ, რომ აშშ-მა ელჩი გამოიწვიოს თურქეთიდან. როგორც ჩანს, თურქეთი თანდათანობით უპირისპირდება ამერიკას, ეს ეხება ქურთების საკითხს. ამერიკელების მხარდაჭერას თურქეთი მიიჩნევს მისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფის ფაქტად. ანუ, არა მარტო გეოპოლიტიკური, არამედ პირადი ფსიქოლიგიური შეუთავსებლობაა ორი ქვეყნის ლიდერს ტრამპსა და ერდოღანს შორის.

თურქეთმა საკმაოდ ახლო ურთიერთობა დაამყარა ამერიკის გეპოლიტიკურ მტერთან - ირანთან და გააფორმა ორმხრივი ურთიერთობები. გარდა ამისა, თურქეთი დაუახლოვდა რუსეთის ფედერაციას, რომელიც ასევე ამერიკელების აღქმით ამერიკის მტერია. ქურთების საკითხი, ირანის თემა, რუსეთთან დაახლოვება - აშკარაა, რომ ამერიკასა და თურქეთს შორის რადიკალურად დაიძაბა სიტუაცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე ამბობს, რომ თურქეთის ლიდერმა თურქეთი ავტორიტარიზმისკენ წაიყვანა. შესაბამისად, ის ღირებულებები, რასაც დასავლეთი და აშშ აღიარებს, ვერ ჯდება ამ კონტექსტში. პოლიტოლოგი, რომელიც კარგად იცნობს გულიენთან დაკავშირებულ მოვლენებს, აცხადებს, რომ ეს რელიგიური მოძრაობა და მასში გაერთიანებული ადამიანები რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ერდოღანისთვის.

„მე ამ ხალხთან შეხვედრილი ვარ. მათზე არაფერი არ მოქმედებს. გიულენი მათთვის ძალიან დიდი ავტორიტეტია, რომელიც დღეს ერდოღანის მთავარი ოპონენტია. უნდა იცოდეთ მათი რწმენა და დამოკიდებულება. ამ ადამიანების მოსყიდვა, ან მათი ღირებულებების შეცვლა შეუძლებელია. ერთადერთი, ეს არის მათი ფიზიკური განადგურება და ის რეპრესიები, რასაც ახორციელებს ერდოღანი. ერდოღანის მოთხოვნით ძალიან ბევრი სკოლა დაიხურა, მათ შორის საქართველოში“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.

როგორ პოლიტოლოგი აცხადებს, დღეს მსოფლიოში რადიკალური ცვლილებები მიმდინარეობს და ჩვენ შეიძლება სტრატეგიული პარტნიორების გადანაწილების წინაშე ავღმოჩნდეთ.

„ერდოღანს ავტორიტარული გეგმა აქვს, რასაც დასავლეთი და აშშ ვერ ეგურება. ამბობს, რომ არ უნდა ევროკავშირში და მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს რუსეთთან. სრულიად ახალი მსოფლიო წესრიგის დალაგების პროცესში ვართ. მთავარია, ამ რთულ ლაბირინთებში საქართველო რა გზას გამონახავს. ერთი მხრივ ის არის ნატოს, ევროკავშირის და აშშ-ის ერთგული პარტნიორი და მეორე მხრივ, თურქეთი არის უახლოესი მეზობელი და საჭიროა მასთანაც კარგი ურთიერთობის არსებობა. ამიტომ, აქ არის დილემა, როგორ მოიქცევა საქართველო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.