„ისტორია ასე მარტივად კატალონიელთა სასარგებლოდ არ არის“

„ისტორია ასე მარტივად კატალონიელთა სასარგებლოდ არ არის“

ევროპარლამენტმა კატალონიის ე.წ. რეფერენდუმი ისევე გააკრიტიკა, როგორც ესპანური პოლიციის მოქმედება. თუკი მხარეები ესკალაციის შეჩერებას ვერ მოახერხებენ, ესპანეთს „ფატალურ გაყოფას“ უწინასწარმეტყველებენ. აქამდე ეგონათ, რომ კატალონიელთა რადიკალიური ნაბიჯები ნაწილობრივ გამოწვეული იყო მათი ავტონომიური მთავრობის კორუფციული სკანდალებით, რომელთა დაფარვაც კატალონიელებს ცენტრალური მთავრობის მხრიდან დათმობებზე წასვლით სურდათ. თუმცა არც ასე მარტივადაა საქმე და კატალონიელებს რეფერენდუმისკენ უბიძგა შოტლანდიაში დაგეგმილმა რეფერენდუმმა, ასევე - ყირიმში განვითარებულმა მოვლენებმა, რომ არაფერი ვთქვათ, კოსოვოს პრეცედენტზე.

პარალელურად, სოხუმსა და ცხინვალში კატალონიის გამოყოფაზე დიდ იმედს ამყარებენ, თუმცა რა უხარიათ დე ფაქტო რეგიონებს, გაუგებარია. მით უმეტეს, რომ კატალონიაში რეფერენდუმი ისე ჩატარდა, იქიდან დევნილები არ გამოუყრიათ, განსხვავებით, აფხაზეთისა და ცხინვალისგან.

როგორ აისახება კატალონიის მომავალი მსოფლიოს ცხელ კერებზე, ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

ევროპას არ აწყობს კატალონიის დამოუკიდებლობა. ევროპელები აცნობიერებენ, თუკი კატალონიის .. დამოუკიდებლობა პრეცედენტული გახდება, მაშინ დომინოს პრინციპი ამოქმედდება და სხვა რეგიონებიც მოითხოვენ გამოყოფას. თუმცა ევროპარლამენტმა მაინც გააკრიტიკა ესპანური პოლიციის გადამეტებული მოქმედება, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას აღასრულებდა. საინტერესოა, რა შუალედური გადაწყვეტილება უნდა მიეღო ოფიციალურ მადრიდს, რომ არც ევროპარლამენტის კრიტიკა დაემსახურებინა და არც კატალონიელების სეპარატიზმი დაეტოვებინა რეაგირების გარეშე?

- საერთოდ, ევროპელების სტანდარტული ნაბიჯია, ყველას შესთავაზონ მოლაპარაკება, უფრო ზუსტად, დაუსრულებელი მოლაპარაკება. ჩვენც მაგას გვთავაზობდნენ. თავის დროზე, 90-იან წლებში მე სპეციალურად მივატოვე რამდენიმე დელეგაცია, რადგან, როდესაც ვეუბნებოდით ევროპელებს, რომ ოსებსა და აფხაზებს არ უნდოდათ მოლაპარაკება, არავითარ კომპრომისზე არ მოდიოდნენ, ევროპელები მაინც ჯიუტად იმეორებდნენ, მოელაპარაკეთო. ეს მათი სტილია. აი, ჟენევაში მოლაპარაკების უკვე მერამდენე რაუნდი გაიმართა, შედეგი კი ნულია. კატალონიაში ცოტა სხვაგვარადაა საქმე. ერთი შეხედვით, კატალონია ძალზე მდიდარია, მაგრამ ამ დამოუკიდებლობის გადამკიდე დიდი სირთულეები ელის. თვითონ ესპანეთს საგარეო ვალი რაც აქვს, იმის ნაწილის გადახდა სწორედ კატალონიას მოუწევს. გარდა ამისა, კატალონიას 500 მილიარდ ევრომდე აქვს მადრიდის ვალი, ანუ რეგიონს ცენტრის ვალი აქვს.

რატომ აიღო ამდენი ვალი, კატალონია ხომ მდიდარი რეგიონია? როგორც ამბობენ, დიდწილად სწორედ კატალონია ინახავს ესპანეთს და კატალონიელი ნაცისტების საყვარელი გამოთქმააესპანეთი ჩვენგან იპარავს“.

- მანდ ტრანსფერებია, უფრო მეტი თანხები მიდის ბიუჯეტში, მაგრამ უკან მხოლოდ ნაწილი ბრუნდება. ახლაც, საბანკო კრიზისისას, მადრიდი დაეხმარა კატალონიას. რატომღაც კატალონიელები არ ფიქრობენ ამაზე. კარგით, რიგითმა მოქალაქემ შეიძლება არ იფიქროს, მაგრამ კარლეს პუჩდემონმა ხომ უნდა იფიქროს, რა დაუჯდება კატალონიას საბაჟოს შექმნა, არმიის, სამინისტროების ჩამოყალიბება? სახელმწიფოს ბევრი ინსტიტუტი ესაჭიროება, რასაც დღეს მადრიდი ფარავს. ეს არის მთელი საგარეო პოლიტიკა, საელჩოები. კატალონიამ მარტო ას ქვეყანაში საელჩო რომ გახსნას, რამდენი ფინანსებია საჭირო?! გარდა ამისა, კატალონიის ექსპორტის ¾ ევროკავშირზე მოდის.

სწორედ ევროკავშირმა შეუთვალა კატალონიას, რომ ესპანეთის შემადგენლობიდან გამოსვლის შემთხვევაში, მის შიდა ბაზარს დაემშვიდობება.

- რასაკვირველია, და მაშინ ევროკავშირის ყოველ სახელმწიფოსთან კატალონიამ ცალ-ცალკე ხელშეკრულება უნდა დადოს. ამ პროცესში ევროკავშირის წევრად რჩება მადრიდი, რომელსაც ხმის უფლება აქვს. თუნდაც უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, მადრიდს თავისი სიტყვის თქმის უფლება აქვს, რასაც ევროკავშირის ყველა წევრი უნდა დათანხმდეს. ვეტოს უფლება აქვს ყველას, მათ შორის, მადრიდსაც. ასე ადვილი არ არის სეპარატისტების იდეა, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ესპანეთს ვინახავთო.

იგივე პროცესი იწყება ახლა ვენეციაში. ვენეციის თვითმმართველობა აცხადებს, ჩვენ 70 მილიარდს ვუხდით წელიწადში რომს და უკან მხოლოდ 27 მილიარდს ვღებულობთო. ვენეცია დამოუკიდებელი რომ გახდეს, მასაც თავისი საზღვრების, საბაჟოს, ცენტრალური ბანკის, სამინისტროების, საელჩოების მოწყობა, სიმბოლური არმიის შექმნა სჭირდება. ეს თანხები სად არის?

სოხუმსა და ცხინვალშიც ზეიმობენ და დიდ იმედს ამყარებენ კატალონიის დამოუკიდებლობაზე.

- ზეიმობენ, მაგრამ საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ეს გამორიცხულია. კატალონიელებს ისევე, როგორც ოსებს და აფხაზებს ავიწყდებათ მნიშვნელოვანი რამ - ყველა დოკუმენტი, მათ შორის, გასული საუკუნის 70 წლის გაეროს დეკლარაცია, ერთა თვითგამორკვევა, შემდეგ 48 წლის ვენის დეკლარაცია და 73 წლის ვენის მეორე დეკლარაცია, კომპრომისების შედეგია. მათი პირველი მუხლი ასეთია, „ყველა ხალხს უფლება აქვს, იცხოვროს იმ რეჟიმში, რომელიც მას სურს და თვითონ განაგოს თავისი პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური წყობა“. სეპარატისტები რატომღაც აქ ამთავრებენ ციტირებას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა დოკუმენტში მეორე პუნქტიც არსებობს, რომელიც ასეთნაირად იწყება: „ზემოთქმული არ შეიძლება იქნეს გამოყენებული სახელმწიფოს ტერიტორიული საზღვრების საწინააღმდეგოდ“.

ასე რომ, სეპარატისტებს შერჩევითი პუნქტები აქვთ ამოკრებილი ისევე, როგორც თავის დროზე გამოიყენეს ტალიავინის დოკუმენტი. ტალიავინი იწყებდა იმით, რომ ომი დაიწყო საქართველომ და მავანნი აქვე ამთავრებდნენ ციტირებას. სხვათა შორის, ზოგიერთები საქართველოშიც ამასვე იმეორებდნენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო. არადა, ტალიავინის დასკვნა ათასგვერდიანი დოკუმენტია, რომელიც, მე მგონი, არავის წაუკითხავს. თორემ ნახავდნენ, პირველი ფურცლების შემდეგ ამ დოკუმენტში აღწერილი იყო ომის წინაპირობები, თუ რამ მიგვიყვანა ომამდე, რა უძღოდა ამას წინ. ამიტომ ეს უკვე ტექნოლოგიის საკითხია და, ვისაც როგორ უნდა, ამ დოკუმენტებს ისე წაიკითხავს. იგივეა ვენეციის კომისიის დასკვნა. ორივე მხარე იძახის, ჩვენს სასარგებლოდ არისო, ე.ი. მხოლოდ ნახევარს კითხულობენ.

რაც შეეხება კატალონიას, უცხოელი ანალიტიკოსები პრობლემის გადაწყვეტის სამ სავარაუდო სცენარს განიხილავენ - ოფიციალურ მადრიდთან მოლაპარაკების დაწყება, დაძაბულობა ან სასამართლო. რომელ გზას აირჩევს კატალონია?

- როგორც ჩანს, კატალონია გამოაცხადებს დამოუკიდებლობას, რადგან უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ დღევანდელი ლიდერი კარლეს პუჩდემონი და მისი გარემოცვა უკან ვეღარ დაიხევს. თვითონ კატალონიელებიც აღტაცებულნი არიან, მაგრამ, თუ ისტორიას ჩავწვდებით, ისტორია არ არის ასე მარტივად კატალონიელთა სასარგებლოდ. კატალონია შეიქმნა საგვარეულო ქორწინების შედეგად, როდესაც კასტილიის დედოფალი იზაბელა ითხოვა არაგონის მეფე ფერდინანდმა. ეს კოლუმბის ეპოქაა. თვითონ ქალაქი ბარსელონა განა კატალონიელებმა დააარსეს? ბარსელონა დააარსა ჰანიბალის მამამ, კართაგენელმა ჰამილკარ ბარკამ ძველი რომის დროს. ამიტომ კატალონიის ტერიტორიაზე იყვნენ არაბები, გოთები, იბერები, ფრანგები. ვისაც არ ეზარებოდა, ყველანი იქ იყვნენ.

მართალია, კატალონიელებს თავისი ენა აქვთ, თავისი ძლიერი მრეწველობა გააჩნიათ, მაგრამ ეს ყველაფერი, მათ შორის, მათი მრეწველობაც ესპანური სახელმწიფოს კანონმდელობითაა დაცული, ესპანეთის სახელმწიფოს საგარეო სავაჭრო ბერკეტებით. დამოუკიდებლები რომ დარჩებიან, მერე როგორ იქნება? სად გაყიდიან თავიანთ საქონელს? დღეს ესპანეთს, როგორც ევროკავშირის წევრს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს. ეს რეჟიმი ავტომატურად არ გავრცელდება ცალკე მდგომ კატალონიაზე.

ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ ბრექსიტის მიღებამდე ინგლისელებიც ეიფორიაში იყვნენ, მაგრამ სამი დღის წინ ჩატარდა კონსერვატორთა ყრილობა და ტერეზა მეის უსტვინეს. „გარდიანი“ და სხვა ცნობილი გაზეთები უკვე ითხოვენ მეის გადაყენებას და ქალბატონი პრემიერიც, ალბათ, გადადგება, გადაყვება ბრექსიტს. ათი ათასობით ადამიანი გამოდის ინგლისში და ითხოვს ბრექსიტის გაუქმებას, მაგრამ ახლა უკვე ევროპელებს აღარ უნდათ გაუქმება. ევროპელები ამბობენ, ევროკავშირში არ გინდოდათ? - მორჩა, წავიდა ეს მატარებელი. ახლა მოდით, ვილაპარაკოთ და გავიყოთ ვალდებულებები, ვის ვისი რამდენი მართებს და ვინ ვის ინახავდა.

რაც შეეხება კატალონიას, ისიც არ არის გადაწყვეტილი, ესპანეთის მთავრობა თანახმა იქნება თუ არა, პირველ ლიგაში ათამაშოს „ბარსელონა“, ანუ მესის გუნდი. სად ითამაშებს მერე „ბარსელონა“? ხომ არ ელის „ბარსელონას“ ის, რაც ჩვენს თბილისის „დინამოს“ დაემართა? როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, თენგიზ სიგუა მიიჩნევდა, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ფეხბურთში არ უნდა დაშლილიყო და დარჩენილიყო. თბილისის „დინამოს“ მაშინდელი მწვრთვნელი, ახალკაცი კი იძახდა, საქართველოში ფეხბურთის ბუმი იქნებაო. რომელი ბუმი იქნება? მე ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ 11 წლის ასაკიდან, მოსკოვსა და კიევში დავყვებოდი თბილისის „დინამოს“ თამაშების საყურებლად, მაგრამ დღეს იმის აჩრდილიც აღარ არის, რაც იყო. დღეს „დინამოს“ ნაცვლად მივიღეთ ფეხბურთის ფედერაციის გაზულუქებული პრეზიდენტები, რომლებიც მილიონერები ხდებიან.

გულისხმობთ იმას, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის ინიციატორი ფეხბურთის გუნდბარსელონასმეპატრონეა, რომელსაც თქვენ პირველ სეპარატისტად მოიხსენიებთ?

- დიახ, „ბარსელონას“ მესაკუთრეა პირველი სეპარატისტი. თუმცა აცხადებს, არა, ჩვენ პოლიტიკაში არ ვართ, რადგან ჩვენ მაინც უნდა დავრჩეთ პირველ ლიგაში, ე.ი. ესპანეთის გუნდებშიო. იქ „რეალ-მადრიდია“, სწორედ „რეალ-მადრიდთან“ თამაშში ჩანს მესის ოსტატობა. თორემ კატალონიაშიც არის ორი-სამი გუნდი, მცხეთის, ზესტაფონისა და ქუთაისის გუნდების მსგავსი.

ქართველი ექსპერტები გვაიმედებენ, კატალონია რომც გამოეყოს ესპანეთს, ევროპული ერების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეიცვლება, რადგან ჩვენ რუსეთის მიერ ვართ ოკუპირებულნი. ამაზე შეიძლება დაიმედება?

- ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება ჩვენს მთავარ კოზირად იქცა. ეთნიკურ წმენდას ვგულისხმობ. ბარსელონაში ჩატარებული რეფერენდუმის მსგავსი რომ ჩატარებულიყო აფხაზეთში ომამდე, ან ცხინვალის რეგიონში, რა სურათს მივიღებდით? ეს ხომ ის პერიოდია, სანამ იქიდან დევნილებს გამოყრიდნენ? ამიტომ ეთნიკური წმენდის შემდეგ ჩატარებულ რეფერენდუმს მსოფლიოში აფრიკის სახელმწიფოც არ აღიარებს და კატალონიის მაგალითიც უარყოფითად არ აისახება საქართველოზე. მადრიდი შეცდა, პოლიციას ამხელა უფლებები რომ მიანიჭა, რადგან, თუ მანამდე გამოკითხულთა მხოლოდ 42% უჭერდა მხარს კატალონიის გამოყოფას, პოლიციის ქმედებების შემდეგ კატალონიის გამოყოფის მოწინააღმდეგეებიც მომხრეებად იქცნენ. მთლიანობაში, კატალონიის მოსახლეობის 42%-მა მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა, ანუ ნახევარზე ნაკლებმა. ე.ი. 57% ამის წინააღმდეგ გამოდიოდა. ასე რომ, საბოლოოდ კატალონია გამოეყოფა ესპანეთს, მაგრამ დაიწყება დაძაბული მოლაპარაკებები. შეიძლება, წლობით გასტანოს ამ მოლაპარაკებებმა, რის შემდეგაც, ალბათ, „მოდუს ვივენდის“ მოძებნიან.