„ის არ ითვლება პანაშვიდად 3%-იანი ბარიერით რომ შემთხვევითი ხალხი აღმოჩნდება პოლიტიკაში?!“

„ის არ ითვლება პანაშვიდად 3%-იანი ბარიერით რომ შემთხვევითი ხალხი აღმოჩნდება პოლიტიკაში?!“

საკონსტიტუციო პროცესი კვლავ ვნებათაღელვის ფონზე გრძელდება - უმრავლესობა დროდადრო გარკვეულ კომპრომისებზე მიდის; ოპოზიცია ცდილობს, რომ ერთხელ დაფიქსირებულ პოზიციას არ უღალატოს; ვენეციის კომისიამ საკუთარი საბოლოო დასკვნა დადო და კვლავ უმრავლესობის დაპირებების მოლოდინშია.

უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ცნობით, შესაძლებელია, ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ორ ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს ბონუსის სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების დატოვებას, კიდევ ერთი ცვლილება დაემატოს. აღნიშნული ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო ნორმების გასაჩივრებას ეხება. დღევანდელი რეგულაციით, თუ საარჩევნო ნორმა არ არის მიღებული არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მისი გაუქმება არ შეუძლია. ახლა შეიძლება შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვით, ერთწლიანი ვადა 6 თვემდე მცირდება. კიდევ ერთი ცვლილება შესაძლოა, რელიგიის თავისუფლების თემატიკას დაუკავშირდეს.

გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს, უმრავლესობა შეეცდება, კონსტიტუციაში მის მიერ თავდაპირველად ინიცირებული ცვლილებების გარდა სხვა შესწორებებიც შეიტანოს, რომელიც ვენეციის კომისიასთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.

საკონსტიტიციო პროცესზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

თუ ახლადმიღებულ კონსტიტუციაში იმ ორი, თავიდანვე გაცხადებული ცვლილების გარდა სხვა შესწორებებიც იქნებოდა შესატანი, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ იჩქარა ხელისუფლებამ, ხომ შეიძლებოდა სათანადოდ მომზადებულიყო დოკუმენტი და ახლადმიღებულ კონსტიტუციაში მეორე დღესვე კიდევ რამდენიმე ცვლილების შეტანა არ გამხდარიყო საჭირო?

- აჩქარებაზე კითხვა ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ ისიც არ მესმის, წინასაარჩევნოდ რატომ გამოიტანეს კონსტიტუცია სამსჯავროზე, რადგან სწორედ ამ პერიოდში ეს წამგებიანი თემაა. განსაკუთრებით, არჩევნების წინ პოლიტიკოსები ობიექტურები არ არიან და დაინტერესებულები არიან თავი წარმოაჩინონ ისე, როგორც საარჩევნო კამპანია კარნახობს. ამიტომ არჩევნების წინ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როდესაც პოლიტიკოსების მხრიდან ფიქრი, მსჯელობა და კონსენსუსია საჭირო, არ გამოაქვთ ხოლმე.

„ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად არჩევნების წინ მოინდომა და გამოიტანა ეს თემა სამსჯავროზე და, რა თქმა უნდა, მოჰყვებოდა ის აურზაური, რაც მოჰყვა.

რატომ იჩქარეს, არ ვიცი, ისე, როგორც ეს კითხვაა მართებული - თუ რამე შესასწორებელი იყო, შეესწორებინათ და მერე მიეღოთ გადაწყვეტილება. ისეთი განცდა, მაქვს, რომ ზოგოერთი პოლიტიკოსი თვითონ უმრავლესობაში, ცდილობს, თავი წარმოაჩინოს, როგორც ოპერატიულმა და ენერგიულმა პოლიტიკოსმა - ამ მოტივით თუ ავხსნი, თორემ სხვა ახსნა ამ სიჩქარეს არ აქვს.

ანუ შეიძლება უმრავლესობას თავის წარმოსაჩენად დასჭირდა არჩევნების წინ?

- შეიძლება, მაგრამ, მეორე მხრივ, ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაშიც, „კონსტიტუცია რა ჩქარა მოვასწარითო“, ეს თემა არ ფიგურირებს. ამიტომ, ლოგიკური ახსნა მათი საქციელის ცოტა ძნელია.

სამაგიეროდ, ოპოზიცია გაააქტიურა ამ თემამ. მათ შორის, არასაპარლამენტოც და ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩიხიდან იხსნას. დღევანდელ სიტუაციას რამდენად შეიძლება ეწოდოს საკონსტიტუციო ჩიხი?

- რომ არ გეკითხათ, ალბათ, მე თვითონაც გავაპროტესტებდი ასეთ შეფასებას - საკონსტიტუციო ჩიხი იქნებოდა მაშინ, თუ იქნებოდა ისეთი რაოდენობა პარტიებისა, რომ საერთოდ ვერ მიეღწიათ კონსენსუსისთვის. მმართველმა პარტიამ თავის პარტნიორ პარტიებთან ერთად მიაღწია კონსენსუსს, ანუ პროცესი არ შეჩერდა, გაგრძელდა.

ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ ეს ჩიხია - მე არ ვჩქარობ ამ პოზიციის გაზიარებას იმიტომ, რომ თავად ეს პარტიები არიან დაინტერესებულები, სიტუაცია წარმოადგინონ ჩიხად.

დაინტერესებული არიან ერთი მხრივ იმით, რომ სახელისუფლებო პარტია წარმოადგინონ მონსტრად, რომელიც არავის ანგარიშს არ უწევს. მეორე მხრივ, კი ისეთი სიტუაცია დახატონ, რომ მათ არ უწევენ ანგარიშს და ეს წინასაარჩევნოდ გამოიყენონ - ორმაგი ინტერესი აქვთ - ხელისუფლების დისკრედიტაციის და საარჩევნო სისტემის საკუთარ ინტერესებზე მორგების.

რაშიც ხელისუფლებას სდებენ ბრალს, იგივე ბრალდება ოპოზიციურ პარტიებსაც შეიძლება წაუყენო - 3%-იან ბარიერს რომ ითხოვ, ეს რა არის თუ არა კონსტიტუციის მორგება?!

ვენეციის კომისიაც არ აფასებს ამ სიტუაციას, როგორც საკონსტიტუციო ჩიხს, თუმცა რამდენად არის ეს კომისია ობიექტური, ესეც სხვა საკითხია.

პარლამენტის თავმჯდომარის ვენეციის კომისიაზე დასწრებამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ მათ შორის უფრო ღია კომუნიკაცია შედგა. შესაძლოა, ეს ასე არ იყო, მაგრამ აქამდე რჩებოდა განცდა, რომ თითქოს, ვენეციის კომისია ოპოზიციის მხარეს იჭერდა...

- შესაძლოა, კომუნიკაციაც შედგა და შედეგად ვენეციის კომისია უფრო მეტი გაგებითაც მოეკიდა იმას, რაც ხდება. აშკარად შეიმჩნეოდა, რომ კომისიას კარგად არ ესმოდა, რას ნიშნავს მაჟორიტარების აჯანყება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერ ერთი, პროცედურულად გადაწყვეტილება ვეღარ მიიღება და მეორე - ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მაჟორიტარებს საკუთარი ამომრჩევლის კონტროლი შეუძლიათ და საკმაოდ დიდი ძალა იქნება, თუკი მაჟორიტარები დაუპირისპირდნენ პოლიტიკურ კურსსა თუ პოლიტიკურ ჯგუფს, მათ შორის, მმართველ პარტიას.

ვენეციის კომისიის თავმჯდომარის მხრიდან ამ თემის ვერგაგება, მაშინ, როდესაც იტალიაში მსგავსი დაპირისპირებები უამრავი იყო და 50 წლის განმავლობაში იტალიამ ვერ შეძლო კონსენსუსის მიღწევა გაუგებარია, თითქოს ეს უნიკალური მოვლენა ყოფილიყო.

ამიტომ რჩებოდა ის შთაბეჭდილება, რომ შეიძლება, ვენეციის კომისია არ არის ტენდენციური, მაგრამ რაღაცას ხედავს და რაღაცას - ვერა. მაგრამ კომუნიკაციის გაძლიერებამ შესაძლოა, უფრო გასაგები გახადა ეს პრობლემა.

თუმცა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგშენების მოძრაობისლიდერმა, დავით უსუფაშვილმა კონსტიტიციური პროცესის პანაშვიდი უწოდა შექმნილ ვითარებას...

- ამ შემთხვევაშიც ისე, როგორც ბურჯანაძის შემთხვევაში, გავიმეორებ, რომ დაინტერესებული მხარის შეფასებები არ არის ისეთი სანდო, როგორც ტირაჟირდება - სასამართლოში მეუღლის ჩვენებას ანგარიშს არ უწევენ, რადგან ის დაინტერესებულ მხარედ ითვლება.

რაკი დაინტერესებულები არიან, რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ კრიზისია, პანაშვიდია, ჩიხია - თავისი ინტერესების შესაბამის დასკვნებს გააკეთებენ - არა იმიტომ, რომ ბოროტი განზრახვა აქვთ, არამედ ეს ინტერესები ცვლის განწყობებს ისე, რომ შეიძლება, ადამიანმა საკუთარი ტენდენციურობაც ვერ შენიშნოს.

ამ, „ჩიხურიკონსტიტუციით მშვიდად შევლენ პარლამენტში, 3%-იან ბარიერს თუ დაძლევენ?

- რა თქმა უნდა, ის არ ითვლება ჩიხად და პანაშვიდად 3%-იანი ბარიერით რომ გაცილებით მეტი შემთხვევითი ხალხი აღმოჩნდება პოლიტიკაში?!  ეს ხომ ამას ნიშნავს - ასე იცის პარტიულმა ობიექტურობამ.

არაპარტიულ პრეზიდენტს რა ინტერესი აქვს? ბოლო დროს, განსაკუთრებით, თითქოს ოპოზიციასთან შეთანხმების მძევალია - ვიდრე პრეზიდენტი პოზიციას გამოხატავს, ჯერ ოპოზიცია აკეთებს მწვავე შეფასებებს და პრეზიდენტს თითქოს ამ შეთანხმებას ახსენებს... საკმაოდ რთული სიტუაციის შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ყველაფერი. თუმცა მეორე მხრივ, თითქოს პრეზიდენტს ოპოზიციის გამაერთიანებლის როლიც ხიბლავს...

- პრეზიდენტის როლი ადვილი არ არის ბევრი მიზეზის გამო. უფრო რთულ მდგომარეობაშია პრეზიდენტი, ვიდრე სხვა, ნებისმიერი პოლიტიკოსი.

პრეზიდენტი უპარტიო არ იყო, ერთმა კონკრეტულმა პარტიამ დააყენა მისი კანდიდატურა და გაამარჯვებინა. შემდეგ, იმისთვის, რომ ნეიტრალური ფიგურის პოზიცია მოეპოვებინა და გაემყარებინა, მან ამ პარტიისგან დისტანცირება სცადა.

ეს ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც გასაგები მოტივია, ოღონდ, როცა ერთი პოლუსიდან დაშორება გსურს, ძალზე ძნელია, რეალური შუა წერტილი მოძებნო, ისე, რომ არ გადაიხარო მეორე პოლუსისკენ.

როგორც ჩანს, პრეზიდენტსაც ოპოზიციისკენ გადახრა მოუხდა - ეს ამ შუა წერტილის ძებნის პროცესი მეჩვენება და არა ის, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფს მიაკუთვნებს პრეზიდენტი საკუთარ თავს.

რაც შეეხება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას, ოპოზიცია ამბობს, რომ არაპირდაპირი წესით პრეზიდენტი ორპალატიანმა პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემიდან გამომდინარე, უცნობია, როდის შევძლებთ ორპალატიანი პარლამენტის შექმნას და ისე, როგორც პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა გაურკვეველ მომავალში გადაინაცვლებს. ოპოზიცია ასე რატომ არის დაინტერესებული პრეზიდენტის პირდაპირი არჩევით, მასში მოკავშირეს ეძებს?

- არის ქვეყნები, სადაც ასეთი ტრადიციაა, რომ პირდაპირი წესით ირჩევენ პრეზიდენტს და ამ ტრადიციის გავლენა მგონია ოპოზიციის მოთხოვნა, სხვა, ლოგიკურ მიზეზს ვერ ვხედავ.

ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ შეიძლება პრეზიდენტი გადახრილი იყოს ოპოზიციის და არა ხელისუფლების მხარეს და ეს შანსი მას ესახება, ოპოზიციის გაძლიერების ერთ-ერთ ფაქტორად.

ამ თვალსაზრისში რამდენიმე ხარვეზია - პირველი ის, რომ ოპოზიცია მთელი ცხოვრება ოპოზიციაში ყოფნას აპირებს და გამარჯვების იმედი არ აქვს. ამ დამოკიდებულებით პოლიტიკურ პარტიას პერსპერქტივა არ გააჩნია. თუკი რომელიმე მათგანი ოდესმე გაიმარჯვებს, მაშინ, ამ თვალსაზრისით არჩეული პრეზიდენტი მას დაუპირისპირდება და რა განსხვავებაა?!

გარდა ამისა, ეს, დღევანდელი პრეზიდენტია ახალგაზრდა და ენერგიული კაცი, რომელიც ეძებს იმ შუა წერტილს, რომელზეც ვისაუბრეთ. მომავალ არჩევნევბში თუნდაც სახალხოში, იქნებ პოლიტიკისგან დაღლილი ადამიანი აირჩიონ, რომელსაც არაფერი დააინტერესებს, გარდა იმისა, რომ მშვიდობიანად ჩაამთავროს თავისი ვადა, მაშინ ოპოზიციის ინტერესები ხომ არ იქნება დაკმაყოფილებული?!

ანუ ამ შემთხვევაში ოპოზიცია შორსმჭვრეტელი ვერ აღმოჩნდა?

- მარტო ამ შემთხვევაში? ბევრ სხვა შემთხვევაშიც - მაჟორიტარულ სისტემაზე უარს რომ ამბობენ, მაჟორიტარებად უფრო შეძლებენ თავიანთი ხალხის გაყვანას ურეიტინგო პარტიები, მაგრამ მაინც აპელირებენ, რომ პროპორციული წესით სურთ არჩევნები.

რამდენადაც ცნობილია, ისინი ითვალისწინებენ წინა საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ხელისუფლებამ პროპორციული წესით 50%-იანი ზღვარი ვერ გადალახა და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა სწორედ მაჟორიტარების ხარჯზე...

- დიდი ეჭვი მაქვს, რომ თუ მხოლოდ პროპორციული წესი იქნებოდა, მმართველი პარტია გაცილებით მეტ პროცენტს დააგროვებდა, რადგან თუკი არ იქნებოდა ალტერნატივა, მმართველ პარტიას მისცემდნენ ხმას.

გარდა ამისა, მაჟორიტარულ ოლქებშიც მმართველი პარტია ლიდერობდა - რატომ არ აჩვენა თავისი ძალა ოპოზიციამ და რატომ არ წაართვა ეს მაჟორიტარული ადგილები მმართველ პარტიას?!

ახლა სურთ, რომ ხალხის თვალში დაბალი რეიტინგის კომპენსაცია მოახდინონ საარჩევნო კოდექსით და ესაა გულდასაწყვეტი. რომ მიიღონ ხელშემწყობი პირობები და ალბათ, მიიღებენ კიდეც, საარჩევნო კანონმდებლობით, ეს კიდევ უფრო განუვითარებელს დატოვებს პარტიების ხალხთან ურთიერთობის თემას და ისევ ისე, ხალხისგან იზოლირებული პარტიები გვეყოლება, როგორც იყო აქამდე.