ზუსტად 30 წლის წინ, ოფიციალურმა ანკარამ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე განაცხადი გააკეთა. 1995 წელს შეიქმნა საბაჟო კავშირი ევროკავშირსა და თურქეთს შორის. ლუქსემბურგის სამიტზე თურქეთი ცნეს ვარგისად გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. მოგვიანებით ჰელსინკის საბჭომ თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატად აღიარა. 2001 წელს მიღებულ იქნა ევროკავშირის კანონი, რომელის თანახმად მოცემული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს აპლიკანტმა სახელმწიფომ.
თურქეთმა მხოლოდ ნაწილი შეასრულა. არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, განსაკუთრებით პრობლემური გახდა თურქეთში ადამიანის უფლებების საკითხები და კანონის უზენაესობა, რაც თურქეთსა და ევროკავშირს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. თურქეთის ხელისუფლებამ მასიურად დაიწყო ოპონენტების დაკავება იმ მოტივით, რომ ისინი კავშირში არიან ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ეს პროცესი გრძელდება დღემდე. შესაბამისად, ევროკავშირმა თურქეთს კარი დაუხურა.
ევროკომისიის ხემლძღვანელის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, 2019 დან 2024 წლებამდე, მას შემდეგ, რაც ევროკაშირს დიდი ბრიტანეთი დატოვებს, ევროკავშირის გაფართოებაა მოსალოდნელი. ამ დროისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური კანდიდატები არიან ალბანეთი, მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი და თურქეთი.
თუმცა, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, თურქეთი ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე მას პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მართავს. მისივე შეფასებით, თურქეთის მთავრობა ერდოღანის მმართველობისას ევროპისგან საპირისპირო მხარეს მიემართება.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირისგან გადაწყვეტილების მიღებას კატეგორიულად ითხოვდა, რეჯეფ თაიფ ერდორანი აცხადებს, რომ თურქეთს აღარ სურს ევროკავშირში გაწევრიანება.
„თურქეთს აღარ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ თუ ევროკავშირს მართლაც სურს რეალურ წინსვლას მიაღწიოს, მან უნდა მისცეს თურქეთს წევრობა, რადგან სწორედ ამ გზით შეიძლება ევროკავშირმა ეკონომიკურ და კულტურულ გაფართოებას მიაღწიოს“, - განაცხადა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.
ანალიტიკოსების შეფასებით, თურქეთი აცნობიერებს, რომ მომდევნო 5-10 წელი ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ამიტომ, თავად ამბობს უარს ევროკავშირის წევრობაზე.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საკმაოდ გრძელი და ამავე დროს ბიოკრატიული პროცესია. მისი თქმით, არის მნიშვნელოვანი თავები, რომელსაც ევროკავშირი ქმნის პოტენციურ წევრებთან მოლაპარაკებისთვის და ეს თავები ეხება როგორც ეკონომიკურ საკითხებს, ასევე ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის საკითხებს და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან თემატიკას, რომელთა დაკავშირებითაც უნდა მოხდეს მომავალში წვერი ქვეყნის კანონმდებლის ჰარმონიზაცია.
„ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევა უნდა გაწიოს კანდიდატმა ქვეყანამ და დახუროს ე.წ. თავები. სინქრონიზაცია გაუკეთოს თავის კანონმდებლობას ევროკავშირთან და დააკმაყოფილოს ის კრიტერიუმები, მათ შორის ადამიანის უფლებები, რომელიც ევროკავშირის სტანდარტს წარმოადგენს. ამ კუთხით ასპირანტ და კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის თურქეთსაც, საკმაოდ მნიშვნელოვანი მუშაობა აქვს გასაწევი.
ასე ავტომატურად, მხოლოდ სურვილის შესაბამისად არ ხდება გაწევრიანება. მოგეხსენებათ, რომ კანდიდატი ქვეყანა არის თურქეთი, საქართველოს ჯერჯერობით არ მიუღია ეს სტატუსი, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმიდან გამომდინარე, ჩვენი ევროკავშირთან ურთიერთობის პროცესი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, საკმაოდ წინ წავიდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.
პოლიტოლოგის, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარის, თამარ კიკნაძის შეფასებით, ის კურსი, რომელიც ერდოღანმა აიღო, ძალიან შორის არის ევროკავშირის სახელმწიფოების კანონმდებლობასთან და ცხოვრების წესიდან. მისი თქმით, ერდოღანს, რომელსაც სურს შეინარჩუნოს ხელისუფლება, არავითარ შემთხვევაში არ აწყობს ევროკავშირის წვერობა.
„თუმცა, ის არის საბაჟო კავშირის ასოცირებული წევრი. შესაბამისად, იგი სარგებლობს საბაჟო წესების პრეფერენციებით. რაც შეეხება ერდოღანის ამ განცხადებს და ევროკავშირის დამოკიდებულებას თურქეთისადმი, ჩვენ ვხედავთ, რომ თურქეთი, რომელიც არის ნატოს წვერი ქვეყანა, რუსეთისგან ყიდულობს C-400-ს. აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან სანქციების ქვეშ მყოფ რუსეთთან თურქეთი იწყებს დაახლოებას, რაც არა მგონია, რომ მისაღები იყოს ევროპისთვის“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.
მისი თქმით, 60-იანი წლებიდან ევროკავშირი პირდება თურქეთს, რომ გახდება ევროკავშირის წევრი. თურქეთი წავიდა ყველა ზომებზე, ევროკავშირის მოთხოვნის მიხედვით, მოახდინა გარკვეული კანონმდებლობის შეცვლა, მაგრამ ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივა მაინც არ ჩანდა.
„რას ლაპარაკობს ერდოღანი? - ამბობს, რომ ეს არის სატყურა. შესაბამისად, მისი ხელისუფლება ხელს არ უწყობს თურქეთის დასავლეთთან დაახლოებას. იმიტომ, რომ ხელისუფლების შენარჩუნების მოტივით, მას ურჩევნია იყოს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა არის.
მჭიდრო კავშირი რუსეთთან, სადაც მთელი რიგი პროექტები დაისახა. საუბარია ისეთ ენერგოპროექტებზე, რაც მისაღებია როგორც თურქეთისთვის, ასევე რუსეთვის, მაგრამ მიუღებელია ევროპისთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.
„ანალიტიკური საბჭოს“ მკვლევარი ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ რუსეთისგან იარაღის შესყიდვა, არ არის დამაბრკოლებელი ფაქტორი, რატომაც ევროკავშირი უარს ამბობს თურქეთის გაწევრიანებაზე. მისი თქმით, სანამ ერდოღანი გახდებოდა რადაიკალური, მანამდეც სათუო იყო თურქეთის ევროკავშირში გაწვრიანება.
„ამას თავისი მიზეზები აქვს, მაგალითად მიგრაცია. თურქეთი არის ძალიან დიდი მოსახლეობის პატრონი. გაწევრიანების შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდებოდა ევროპის საკითხებში. ამიტომ, აქ კონკურენციის საკითხიც არის საფრანგეთის და გერმანიის მთავრობის მხრიდან. ასე რომ, ბევრი ფაქტორები იყო მანამდეც, სანამ ერდოღანი ასეთ პოლიტიკას დაიწყებდა.
ე.წ. სამხედრო ამბოხმა და ერდოღანის გადაწყვეტილებებმა, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივამ კი, უფრო შორს გადაიწია და პარქტიკულად, ამ ეტაპისთვის შეუძლებელია. ერდოღანის პოზიცია გასაგებია. მართლა დაინახა, რომ თურქეთი ახლო მომავალში ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ამიტომ გააკეთა ეს განცხადება. სრულიად ლოგიკურია ეს ყველაფერი. ევროკავშირის გაფართოების სიაში თურქეთი საერთოდ არ არის და სხვა რა გამოსავალი ჰქონდა თურქეთს?“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.