ესპანეთის არსებობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს, თუკი მასში შემავალი 17 ავტონომიური ერთეული კატალონიის მაგალითს მიბაძავს და დამოუკიდებლობის მიზნით უკანონო რეფერენდუმს ჩაატარებს.
კატალონიაში რეფერენდუმმა პოლიციასთან შეტაკების ფონზე ჩაიარა. პოლიციელებმა საარჩევნო უბნებიდან კატალონიელების ძალით გაყვანა დაიწყეს. ამით პოლიციელებმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულეს, რომელმაც კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული თვითნებური გადაწყვეტილება რეფერენდუმის გამართვის თაობაზე შეაჩერა. რას მიაღწევენ კატალონიელები? ამის შესახებ For.ge ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში, ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.
თუკი ამ უკანონო რეფერენდუმით კატალონიელები გამოყოფას მოახერხებენ, ხომ არ დადგება ბასკეთის ჯერი, რასაც ესპანეთის სხვა ავტონომიური ერთეულებიც მიბაძავენ? უფრო მეტიც, ევროპაში არაერთი რეგიონია, რომლისთვისაც კატალონიის მაგალითი შეიძლება გადამდები აღმოჩნდეს.
- ესპანეთის ხელისუფლება არ დაუშვებს, ეს რეფერენდუმი კანონიერად ცნოს. ასეთ შემთხვევაში, ძალიან დიდი საფრთხე შეექმნება ესპანურ რეგიონალიზმს. ბასკების სეპარატიზმი ცნობილია და კატალონიას იმ წუთას მიბაძავს ბასკეთი, რომელიც წკიპზეა. რასაკვირველია, ამით ესპანეთი დაშლის საფრთხის წინაშე დადგება. გასაგებია, რომ კატალონიაში სამოქალაქო მღელვარება იქნება, მაგრამ ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს. ესპანეთის კონსტიტუციით, რეგიონალურ სახელმწიფოს საკმაოდ ფართო ავტონომია ენიჭება. ეს ეხება კატალონიასაც, ბასკეთსაც, მაგრამ სეცესიის უფლება მათ არ აქვთ. აქედან გამომდინარე, რეფერენდუმი იმთავითვე არაკონსტიტუციურია. ზუსტად ასევე შეაფასა იგი ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომაც.
სეცესიის, ანუ გამოყოფის უფლებას კატალონია სამართლებრივი გზით ვერ მოიპოვებს, მაგრამ რჩება სხვა გზა?
- სამართლებრივად ეს ვერ მოხდება, მაგრამ იქ უკვე კონფლიქტია. კატალონიის ხელისუფლება იძახის, რომ მას აქვს სეცესიის უფლება, ხოლო ესპანეთის კონსტიტუცია და ესპანეთის ხელისუფლება უარყოფს ამ უფლებას. ამ შემთხვევაში, სამართლებრივი თვალსაზრისით, ესპანეთის კონსტიტუცია მოქმედებს. შესაძლოა, რაღაც მოძრაობა დაიწყოს, მაგრამ არაკონსტიტუციური იქნება და მერე უკვე საკმაოდ სერიოზული კონფლიქტი დაიწყება. რით დასრულდება ეს კონფლიქტი, ჯერ არ ჩანს. არა მგონია, შეთანხმებით გადაწყდეს და ესპანეთის ხელისუფლებამ დაუშვას კატალონიის გასვლა ესპანეთის შემადგენლობიდან. თანაც, მარტო კატალონია ხომ არ არის? თუ ასეთი პრეცედენტი დაუშვეს, ამას დომინოს პრინციპით მოჰყვება სხვა შემთხვევებიც.
დიდი ბრიტანეთიდან შოტლანდიელებიც ცდილობენ გამოყოფას, ბელგიაშიც იგივე პროცესებია, ასევეა ჩრდილოეთ იტალიის პროვინციაში. შესაძლოა, ჩრდილოეთ საფრანგეთში ბრეტანმაც მოითხოვოს დამოუკიდებლობა.
- ცხადია, დიდი არეულობა დაიწყება. რა თქმა უნდა, ერების თვითგამორკვევის უფლება არსებობს, მაგრამ ეს არსებობს მოქმედი კონსტიტუციებისა და ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში. ფართო ავტონომია მისაღებია, როცა ასიმეტრიული, სხვადასხვა უფლებები აქვთ ამ სუბიექტებს. მაგალითად, კატალონიას გაცილებით მეტი უფლება აქვს, ვიდრე, ვთქვათ, ანდალუსიას. თავის დროზე, როცა რეგიონულ მოწყობაზე გადავიდა ესპანეთი, ამით სწორედ სეპარატიზმის განეიტრალებას ცდილობდა და ფიქრობდა, რომ ფართო უფლებების მიცემით გამოყოფის პროცესს შეაკავებდა იმ სუბიექტებში, ვისაც მაინცდამაინც ესპანეთში ყოფნის დიდი სურვილი არ ჰქონდა. გარკვეული პერიოდი, ესპანეთმა შეაკავა კიდეც ეს პროცესი, მაგრამ მერე უკვე ეს საშიშად უკან შემოტრიალდა. სხვათა შორის, ეს ჩვენთვისაც გასათვალისწინებელია. ჩვენთანაც არიან ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ ე.წ. რეგიონულ თვითმმართველობას. სინამდვილეში, ეს საფრთხილო რამაა. ისეთმა ძლიერმა, მდიდარმა, ყოველმხრივ დაცულმა ქვეყანამ, როგორიც ესპანეთია და, რომელიც ევროპის სამხრეთ-დასავლეთ ფლანგზე მდებარეობს, ვერ მოახერხა ამ პროცესის შეკავება. არადა, ესპანეთს არაფერი ემუქრება, მას მტრული გარემოცვა არ ჰყავს. ამ დროს წარმოიდგინეთ საქართველოს სიტუაცია, როცა ლამის ყველა მეზობელი კბილებს ილესავს, რომ რამეს გამოგვრჩეს.
კატალონიის მთავრობას, ალბათ, უფრო გაუადვილდებოდა მიზნის მიღწევა, საქმეში რომ არ იყოს ჩართული მესამე მოთამაშე-ევროკავშირის სახით, რომელშიც ესპანეთი მჭიდროდაა ინტეგრირებული.
- რასაკვირველია, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული წევრია ესპანეთი და, ცხადია, ევროკავშირი არ დაუშვებს სეპარატიზმის წახალისებას. ბევრ ქვეყანაშია ეს პრობლემა, თუნდაც ბელგიაში. სიტუაციის გამწვავება არავის უნდა. ევროპაც და მთელი მსოფლიოც გაფაციცებით უყურებს, რა მოხდება კატალონიაში. ამიტომ ვითომც ჩატარდება ეს რეფერენდუმი, ამას მოჰყვება სამართლებრივი შეფასებები, ესპანეთი კი რეფერენდუმის შედეგებს არ ცნობს. ისეც არ არის საქმე, რომ ყველა კატალონიელი ესპანეთიდან გასვლის მომხრეა. შესაძლოა, უმრავლესობა გასვლის მომხრე იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მაინც ვერაფერს შეცვლის. ამის შემდეგ სიმტკიცეზე შემოწმებას გაივლის ესპანეთის კონსტიტუცია. თუ მოხდება გამოსავლის პოვნა კატალონიის ხელისუფლებასა და ესპანეთს შორის, ხომ კარგი, თუ არადა, კატალონიის ხელისუფლება დამარცხდება.
მსოფლიო აზრი იქითკენ ხომ არ იცვლება, რომ ამერიკელების მიერ დაშვებული შეცდომა სანანებელი ხდება? ვგულისხმობ კოსოვოსთან მიმართებით დაშვებულ პრეცედენტს.
- შესაძლოა, კოსოვოსთან მიმართებით რაღაცის წახალისება მოხდა, მაგრამ კოსოვო სრულიად გამორჩეული შემთხვევაა. ეს ბალკანეთის კრიზისის საკითხია. რა თქმა უნდა, კოსოვოსთან მიმართებით ცუდი რამ დაუშვეს, გარკვეულწილად, ეს სეპარატიზმის მხარდაჭერად შეიძლება აღვიქვათ, შეიძლება, ნანობენ კიდეც ამას ამერიკელები, მაგრამ ყოველთვის, როცა კოსოვოზეა საუბარი, ამერიკელები ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს მიჩნეული პრეცედენტად. თუმცა კოსოვოს შემთხვევა ჩვენთვისაც ძალზე ცუდი იყო და რუსეთმა კოსოვოს პრეცედენტი გამოიყენა.
მართალია, ამერიკელები და ევროპელები გვამშვიდებენ, რომ კოსოვო არ არის პრეცედენტი, მაგრამ რუსეთმა ჩათვალა ისე, რომ, თუ იმათთვის შეიძლებოდა, მათთვისაც დასაშვები იყო. ესპანეთში კი რაც ხდება, სრულიად სხვა შემთხვევაა. ესპანეთს ეს პრობლემა დიდი ხანია უდგას და ძალიან ღრმა ფესვები აქვს. გაიხსენეთ ესპანეთის სამოქალაქო ომი, სწორედაც კატალონია იყო ფალანგისტების ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე. შემდეგ უკვე, ფრანკოს ბოლო წლებში, როცა ესპანეთი ახალ კონსტიტუციას იღებდა და, როცა მონარქია აღდგა, რეგიონული მოწყობა აირჩიეს, რადგან ეგონათ, რეგიონალიზმი გააჩერებდა სეპარატისტულ ტენდენციებს. მაშინ უფრო მწვავე იყო ბასკეთის პრობლემა, ბასკური ექსტრემიზმი და ბასკი ტერორისტები. მაგრამ ბასკეთი, ასე თუ ისე, გაჩერდა, ბასკებს რეგიონალიზმმა „მოუარა“, რადგან ძალზე ფართო უფლებები მისცეს.
შემიძლია გითხრათ - ბასკეთს რომ უფლებები აქვს ახლა, ევროპის არც ერთ ფედერაციაში ამდენი უფლებები არავის აქვს. კატალონიასაც ძალზე ფართო უფლებები აქვს. ამაზე მეტი უფლებები წარმოუდგენელია და მაინც ითხოვენ გასვლას.
ეს იმითაც ხომ არ აიხსნება, რომ კატალონია ყველაზე მდიდარია და კატალონიელებს არ სურთ, შეინახონ დანარჩენი ესპანეთი?!
- ესეც არის, მათ არ უნდათ, შემოსავლის მიცემა სხვებისთვის.
მაგრამ ფრანსისკო ფრანკომდე კატალონიელები დამოუკიდებლობაზე ფიქრს ვერ ბედავდნენ, ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ კი ავტონომია მოიპოვეს.
- კი ბატონო, ფრანკოს რეჟიმი რეპრესიული იყო და სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ ერთი-ერთი ყველაზე მკაცრი ხელი სწორედ კატალონიაში იგრძნობოდა. კატალონია იყო რევოლუციონერების, მემარცხენე ძალების დასაყრდენი. მძიმე დღეები გაიარა მაშინ კატალონიამ, მაგრამ შურისძიების წყურვილი გაჩნდა, ანტიფრანკისტული სამოქალაქო აქტიობები არსებობდა, რესპუბლიკური სული კატალონიაში ყოველთვის ძლიერი იყო. მონარქია რომ აღდგა, ესეც ვერ აიტანეს კატალონიელებმა. მოგეხსენებათ, ესპანეთი მონარქიული სახელმწიფოა, კატალონია თუ გავა, ის აპირებს, რესპუბლიკა იყოს. ამიტომ რეგიონალიზაციასთან დაკავშირებით ფრთხილი მიდგომაა საჭირო. მით უმეტეს, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
კატალონიის კრიზისის გამწვავებაში ესპანური მედია წლების განმავლობაში რუსულ კვალს ხედავდა. თქვენ თუ ხედავთ ამ კვალს, თუ მოდად იქცა მსოფლიოს ნებისმიერ მოვლენაში რუსული ზრახვების დანახვა?
- ახლა ყველაფერში რუსულ კვალს ხედავენ. ისე კი, კატალონიაშიც იქნება რუსული ინტერესები. რუსეთი ისე არ გაჩერდება, თავისი კვალი არ დააჩნიოს მოვლენებს. თუმცა რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა მეეჭვება.
ესპანეთის ხელისუფლების სისუსტითაც ხომ არ ისარგებლეს კატალონიელებმა?
- ესპანეთი დემოკრატიული სახელმწიფოა, თანაც, ძალზე განვითარებული სახელმწიფო. ესპანეთის ხელისუფლების სისუსტეს პირდაპირ ვერ ვიტყვი, უბრალოდ, დემოკრატიამ და კარგმა ცხოვრებამ მოიტანა ის, რომ რეგიონალიზმიც არ ყოფილა გამოსავალი სეპარატისტული განწყობის მოსათოკად. ზოგადად, რეგიონალიზმი აჩერებს სეპარატისტულ განწყობას, მაგრამ, როცა კარგი ცხოვრება დგება, სეპარატისტული განწყობა წარმოიშობა. ასე რომ, სეპარატიზმს წარმოშობს ან შიმშილი, ან ძალიან დიდი სიმდიდრე. თუმცა ეს მაინც ევროპაა და იმედია, ამას პოლიტიკური გამწვავება არ მოჰყვება. ვგულისხმობ სამოქალაქო ომებს და უბედურებას, რაც თავის დროზე გადაიტანა ევროპამ. თუმცა მეტი რა უფლებები უნდა გაუფართოვონ კატალონიელებს, როცა ლამის ყველა უფლება მისცეს? კატალონიის დამოუკიდებლობას აფხაზეთი თუ ცნობს და რუსეთი, სხვა არავინ.