ახალქალაქის რაიონში, სოფელ კუმურდოში, მეათე საუკუნის უმიშვნელოვანეს ქართულ ხურუთმოძღვრების ძეგლთან შექმნილი დაძაბული ვითარება განიმუხტა. შესაბამისად, ტაძარზე სარესტავრაციო სამუშაოებიც განახლდა, თუმცა პროვოკაციის საფრთხე ისევ არსებობს.
დაპირისპირება სოფელ კუმურდოს მოსახლეობასა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივებმა სოფლის ეკლესიაში შესვლა და მონოფიზიტური ქვაჯვარის დადგმა სცადეს, რაც ხელს უშლიდა სარესტავრაციო სამუშაოებს. ადგილზე ჩასული იყო შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. დაპირისპირების შედეგად ოთხი პოლიციელი დაშავდა.
„თუ არ მოგვცემენ ჯვრის დადგმის საშუალებას, აქ მოხდება ომი. რესტავრატორებმა ტომრებში ჩაყარეს ჩვენი ბაბუების და მამების ძვლები. საქართველოს მთავრობა არ გვაძლევს მემორიალის დადგმის უფლებას“, - ამბობდნენ იქაური მაცხოვრებლები.
დაძაბულობას წინ უძღოდა კიდევ ერთი პროვოკაციული ფაქტი, როცა კუმურდოს ტაძრის შესახვევთან სომხეთის სახელმწიფო დროშა აფრიალდა. გარკვეულწილად, ეს იყო იმის ნიშანი, რომ ქართულ ეკლესიაზე სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებას ვიღაც ეწინააღმდეგებოდა.
„ვინ გითხრათ, რომ ეს ქართული ტაძარია? ეს არც სომხურია და არც ქართული. აქ შეიძლება ბერძნები ან ასურელები ცხოვრობდნენ. არავინ იცის, ათასი წლის წინ ვისი იყო ეს მიწა“, - ასეთი შეფასებები ისმოდა კუმურდოს ტაძრის ეზოდან. ეს მაშინ, როცა კუმურდოს ტაძარზე ნათლად იკითხება მეათე საუკუნის ქართული მრგვლოვანი წარწერები.
უპასუხოდ რჩება კითხვა, ეს იყო სეპარატიზმის გაღვივების მცდელობა, თუ ადგილობრივ მოსახლეობაში ცოდნის ნაკლებობა, რომ კუმურდოს ეკლესია ქართულია და წარწერებიც ასომთავრული?
კუმურდოში მომხდარ დაპირისპირებაში პროვინციულ სულისკვეთებას ხედავს „მშობლიური მესხეთის დარბაზის“ თავმჯდომარე თამარ სამსონიძე, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ამ ყველაფრის მიღმა სეპარატისტული ზრახვები იმალება. For.ge-სთან საუბარში თამარ სამსონიძე აცხადებს, რომ ეს შეიძლება ჩავთვალოთ ერთი ხეპრეს ნაბიჯად, მაგრამ ამ ნაბიჯს ჰქონდა დიდი სეპარატისტული მცდელობა და სეპარატისტული საფუძველი.
„ამ ხალხს ქართული სამოციქულო ეკლესიის უძველესი კულტურის ძეგლზე ჰქონდა პრეტენზია, რომ ამ ძეგლის ეზოში რაღაც დაედგათ. ვინ არიან ეს ადამიანები? - არც სასულიერო პირები არიან, არც არავის წარმოადგენენ. ჩვენ ყოველთვის ვფრთხილობთ ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან ეს ჩვენი სამშობლოა, არც ამ მიწის სიყვარულს ვამადლით ვინმეს. კი ბატონო, უკვე მეორე საუკუნეა, შევიფარეთ და აქ ცხოვრობენ ეს ადამიანები, მაგრამ ჩვენი მიწის სიყვარულზე ნუ გადაგვაბიჯებინებენ. ჩვენს მიწას ვერ დავუთმობთ ვერავის. ეს იყო უმწვავესი სეპარატისტული განწყობილება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მომხდარის უკან იდგნენ ბნელი ძალები.
ალბათ, სამუელ პეტროსიანი, სიცილით კვდება, ის ხომ უმწვავესი სეპარატისტია. ეს ადამიანი ირმა ინაშვილმა დაასახელა კანდიდატად. ძალიან კარგად მახსოვს, 90-იან წლებში სწორედ სამუელ პეტროსიანმა როგორ აიყვანა ახალქალაქელი ქართველები მძევლებად. იმ დროს ხელისუფლებამ მიგვატოვა, შეეშინდათ, მაგრამ ისევ ახალციხელებმა ივაჟკაცეს. ამჯერად კუმურდოს მოვლენებში ხელს ვერ დავადებ პეტროსიანს, მაგრამ მის პერსონას არ გამოვრიცხავ. იქ მარტო პეტროსიანი არ არის, ბევრია ეგეთი, თუმცა ეგ ყველაზე მწვავე სეპარატისტია“, - აღნიშნა თამარ სამსონიძემ და ხელისუფლების მიმართ მადლიერება გამოხატა - „ეს ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და წინამორბედი ხელისუფლებებისგან განსხვავებით, ერთ დღეში ამოწურა კუმურდოში დაძაბული ინციდენტი“.
თამარ სამსონიძე კუმურდოში სომხების წინაპრების შესაძლო დაკრძალვის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი ვერანაირად ვერ იქნებოდნენ კუმურდოს ტაძრის ეზოში დაკრძალულნი, რადგან მე-10 საუკუნის ძეგლში ვერ იქნებოდა სომეხთა ისტორიული წინაპარი. თუმცა ორი საუკუნის წინ საქართველოში ჩამოსახლებულ ჩვენს სამხრეთელ მეზობლებს, შესაძლოა, ვინმე მართლაც გარდაეცვალათ და დაკრძალეს იმ ადგილებში.
„გახსოვთ, ალბათ, როგორი მძიმე მდგომარეობა ჰქონდა მაშინ საქართველოს. მიცვალებულის დამარხვას ვინმეს დაუშლიდა ჩვენი ხალხი? თუმცა, ვფიქრობ, ეს პროვოკაცია მოფიქრებულია სულ სხვაგან და სხვა დონეზე. რამდენიც უნდა განვუმარტოთ, რომ ეს ქართული ტაძარია, ქართული წარწერებით, ისინი მაინც საპირისპიროდ არიან მომართულნი. თქვენი საშუალებით მინდა მივმართო მოსკოვში „ჯავახკის“ დიასპორის ხელმძღვანელს აღასი არაბიანს. ჩემო აღას, საქართველოში დაბადებულო და გაზრდილო ახალციხელო ბიჭო, რას ფიქრობ ამ ყველაფერზე?! როგორც მეგობარს, ისე მოგმართავ, ვიცი, მოგივა ინფორმაცია“.
ახალციხის მკვიდრი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი გურამ კუტალაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კუმურდოს ტაძარი ქართული ეკლესიაა, ქართული წარწერებით და ის ქართული კულტურის ნაწილია. თუმცა ჩვენი სამხრეთელი მეზობლების ჩამოსახლების შემდეგ ისეთი პროცესები დაიწყო, რომ მავანნი ფიქრობენ ქართული ძეგლების მისაკუთრებას, წარწერების გადაკეთებას, ამოფხეკას. როგორც ჩანს, ასეთი სიტუაციით აქტიურად სარგებლობენ სეპარატისტული ჯგუფები.
„დასამალი არ არის, ჯავახეთში მოქმედებს ადამიანთა ორგანიზებული წრე, რომელიც ამ პროცესებს ხელს უწყობს, ახალისებს. აქტიური მუშაობაა საჭირო, რათა არაქართული ეთნოსები - აზერბაიჯანელები, სომხები და სხვები პოლიტიკურად ქართველები გავხადოთ. ამისთვის საჭიროა განათლების შეტანა, ქართული ენის გავრცელება, სახელმწიფოებრივი ენის ფუნქციების გაზრდა, საქართველოს ისტორიის სწავლება. მოკლედ, ყველას განათლება სჭირდება. ადრე შემუშავებული იყო ქართული ენის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პრაქტიკულად ჩავარდა. რასაკვირველია, აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებში შედის შესაბამისი განათლება, მათ სკოლებში ისწავლება ქართული, მაგრამ, როგორც მეორე ენა კი არა, ეს უნდა იყოს მათი სახელმწიფოებრივი ენა და ამ მიმართულებით სწავლება გაძლიერდეს. ამას სათანადო ფინანსები სჭირდება. თორემ ყოველთვის იოლია იმ ადამიანებით მანიპულირება, რომლებიც გაუცნობიერებლები არიან გარკვეულ საკითხებში“, - აღნიშნა გურამ კუტალაძემ.
მისივე განმარტებით, ამ ადამიანებს აქვთ განწყობა, თითქოს ჯავახეთი მათი საკუთრებაა. აგერ უკვე საუკუნეზე მეტია, ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე და ასე ჰგონიათ, მით უმეტეს, რომ ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ ამ რეგიონში, სადაც არასდროს ყოფილა სახელმწიფო ინტერესები ბოლომდე დაცული.
ისტორიკოსი იმასაც შენიშნავს, რომ ბოლო დროს ჯავახეთში მცხოვრებ ქართველებს ქალაქისკენ მიგრაცია ახასიათებთ, ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებას ცდილობენ. ამ დროს კი, სომხებს გაცილებით მეტი რესურსი აქვთ. ახალციხელი სომეხი მამაკაცების უმრავლესობა სეზონურად მიემგზავრება რუსეთში და იქ შოულობს ფულს. ამავე დროს, მიწაზე შრომასაც არ ერიდებიან და, ძირითადად, კარტოფილის მოყვანას, მესაქონლეობას მისდევენ.